გაყინულები ცეცხლის ირგვლივ, ხოლო მშივრები ტრაპეზის ირგვლივ იკრიბებიან; ხანგრძლივი ღამის წყვდიადით გაწამებულნი კი მზის ამოსვლით ხარობენ; უმძიმესი ბრძოლისგან გათანგულნი მოულოდნელი გამარჯვების ყიჟინას სცემენ. ჰოი, მკვდრეთით აღმდგარი უფალი! შენი აღდგომით ყველასთვის ყველაფერი გახდი! ჰოი უმდიდრესო მეფეო, რომელმაც შენი ერთი ძღვენით ზეცისკენ აღპყრობილი ყველა ცარიელი ხელი აღავსე! იხარებს ზეცა, იხარებს სამყარო. იხარებს ზეცა, როგორც საკუთარი მშიერი შვილების გამომკვები დედა; იხარებს დედამიწა, როგორც საკუთარი დედის ხელიდან საზრდელის მიმღები ბავშვი.
ქრისტეს გამარჯვება ერთადერთი გამარჯვებაა, რომლითაც პირველქმნილი ადამიანიდან უკანასკნელის ჩათვლით, მთელი კაცობრიობა ხარობს. ყველა სხვა მიწიერი გამარჯვება მუდამ განყოფდა და განყოფს ადამიანებს. როდესაც ერთი მიწიერი მეფე მეორეს დაამარცხებს, გამარჯვებული ხარობს, ხოლო დამარცხებული მწუხარებს. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაამარცხებს, ერთის ჭერქვეშ სიმღერაა, ხოლო მეორის – ტირილი. არ არსებობს დედამიწაზე ისეთი გამარჯვების სიხარული, რომელიც ბოროტების შხამით არ არის მოწამლული: მიწიერი გამარჯვებული ხარობს დამარცხებული მოწინააღმდეგის ცრემლებით და ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ ანახევრებს ეს ბოროტება მის სიხარულს.
ქრისტეს გამარჯვება ერთადერთი გამარჯვებაა, რომლითაც პირველქმნილი ადამიანიდან უკანასკნელის ჩათვლით, მთელი კაცობრიობა ხარობს.
როდესაც თამერლანმა სულთანი ბაიაზიდი დაამარცხა, მან ეს უკანასკნელი რკინის გალიაში ჩასვა და მის წინ გრანდიოზული ნადიმი მოაწყო. მთელი მისი სიხარული აქედან მომდინარეობდა. მისივე ბოროტება კვებავდა მის ამ მხიარულებას. ჰოი, ძმანო, როგორი ხანმოკლეა ასეთი სიხარული! როგორი შხამიანი საჭმელია ამგვარი მხიარულება! როდესაც მეფე სტეფანმა ბულგარეთის მეფე დაამარცხა, მან არ მოისურვა მის მიწაზე შეჭრა და ბულგარელი ხალხის დატყვევება, არამედ ბრძოლის ველიდან კელიაში განმარტოვდა, რათა ეს დრო მოუკლებელ ლოცვასა და ღვაწლში გაეტარებინა. ასეთი გამარჯვებული გაცილებით კეთილშობილია ვიდრე ზემოთხსენებული; მაგრამ ამ გამარჯვებაშიც არის შხამიანი ნესტარი. ყველაზე კეთილშობილური ადამიანური გამარჯვებაც კი ისეთ მზეს ჰგავს, რომელიც ერთი ნახევრით ნათელ სხივებს გამოანათებდა, ხოლო მეორე ნახევრით – ბნელს. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვებაა ის მზე, რომლის სხივებიც უკლებლივ ყველას ეფინება. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვება აღავსებს ყველა ადამიანის გულს ჭეშმარიტი სიხარულის სისავსით. მხოლოდ ისაა ერთადერთი გამარჯვება, რომელშიც ბოროტების ნატამალიც კი არ არის შერეული.
თქვენ იტყვით, რომ ეს “საიდუმლოებრივი გამარჯვებაა”? დიახ, მაგრამ ამავდროულად ეს მთელი კაცობრიობის წინაშე გაცხადებული გამარჯვებაა და მას ცოცხალნიც და გარდაცვლილნიც ზეიმობენ.
თქვენ იტყვით, რომ ეს ,,სულგრძელი გამარჯვებაა’’? დიახ და უფრო მეტიც. განა დედა ხომ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სულგრძელი, როდესაც თავისი შვილი მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ კი არ დაიცვა გველისგან, არამედ მამაცურად გაემართა გველის ბუდეში, რათა ცეცხლით სამუდამოდ ამოეწყვიტა ისინი?
თქვენ იტყვით, რომ ეს ,,მაკურნებელი გამარჯვებაა?’’ დიახ, მაკურნებელიცაა და მარადიულად გადამრჩენელიც. ეს უბოროტო გამარჯვება ყველა ადამიანს გამოიხსნის ყოველგვარი ბოროტებისგან და უკვდავებად და უცოდველებად გარდაქმნის მათ. რადგან უცოდველობის გარეშე უკვდავება მხოლოდ ბოროტების გახანგრძლივება იქნებოდა. ხოლო უკვდავება უცოდველობასთან ერთად, შობს მიუაჩრდილებელ სიხარულს და ადამიანებს ღმრთის ანგელოზთა და-ძმებად აქცევს.
ვინ არ გაიხარებს ჩველი უფლის, იესუ ქრისტეს გამარჯვებით? მან ხომ საკუთარი თავისთვის კი არ გაიმარჯვა, არამედ ჩვენთვის. ამ გამარჯვებამ ის უფრო დიდებული, უფრო ცოცხალი და უფრო მდიდარი ხომ არ გახადა. არამედ ჩვენ განგვადიდა, გაგვაცოცხლა და გაგვამდიდრა! მისი გამარჯვება – საკუთარი თავის სიყვარულიდან კი არ მომდინარეობდა, რადგან სიყვარული ხომ ძღვენია, რომელსაც გასცემ. მიწიერი გამარჯვებულები გამარჯვებას იტაცებენ. ქრისტე კი ერთადერთია, ვინც გასცემს მას. არც ერთი მიწიერი მეფე, ან მხედართმთავარი არ მოისურვებს, რომ გამარჯვება ვინმეს გაუყოს ან სხვას მიაწეროს; მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ორივე გაშლილი ხელით გამოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს თავის გამარჯვებას და კი არ ბრაზობს, არამედ უხარია, როდესაც მისი გამარჯვებით ჩვენც გამარჯვებულებად გვაქცევს, ანუ უფრო დიდებულებად, უფრო ცოცხლებად, უფრო მდიდრებად, ვიდრე იქამდე ვიყავით.
თუკი შორიდან შევხედავთ, მიწიერი გამარჯვებები ლამაზად გამოიყურებიან, ხოლო თუ კარგად ჩავუღრმავდებით, სინამდვილეში ისინი მოწამლულები და მახინჯები არიან. ქრისტეს გამარჯვება კი შორიდანაც და ახლოდანაც უმშვენიერესია. შორიდან რომ შეხედო, ჩვენში აღტაცებას იწვევს, რადგან ის ერთადერთია თავისი ბრწყინვალებით, მშვენიერებით, სიწმინდითა და მაცხოვნებლობით. თუ ახლოდან შევხედავთ და კარგად ჩავუღრმავდებით, კვლავ აღტაცებული ვიქნებით, თუ როგორი საზარელი მტრები დაამარცხა და რამდენი ტყვე გაათავისუფლა. წელიწადის ამ დღეს, ჩვენ ქრისტეს გამარჯვება ვზეიმობთ და საჭიროა კარგად ჩავუღრმავდეთ მას, რათა უკეთ დავინახოთ და უფრო მეტად გავიხაროთ.
თავისი მკვდრეთით აღდგომით, ქრისტემ კაცობრიობის ორი უბოროტესი მტერი დაამარცხა: სიკვდილი და ცოდვა
მივეახლოთ ჩვენს მკვდრეთით აღმდგარ და ძლევაშემოსილ უფალს და საკუთარ თავს ვკითხოთ: ვინ დაამარცხა მან საკუთარი აღდგომით? ვინ გაათავისულა თავისი გამარჯვებით?
თავისი მკვდრეთით აღდგომით, ქრისტემ კაცობრიობის ორი უბოროტესი მტერი დაამარცხა: სიკვდილი და ცოდვა. ეს ორი მტერი მაშინ დაიბადა, როდესაც პირველმა ადამიანმა ზეციური მამის მორჩილების მცნება დააარღვია და ამით მასთან კავშირი გაწყვიტა. სამოთხეში ადამიანმა არ იცოდა არც სიკვდილი, არც ცოდვა, არც შიში, არც სირცხვილი, რადგან ცოცხალ ღმერთთან ამგვარ უმჭიდროვეს კავშირში მყოფ ადამიანს, შეუძლებელია სიკვდილი სცოდნოდა და მის სრულყოფილ მორჩილებაში მყოფსაც არ შეეძლო შეეცოდა. სადაც არ არის სიკვდილი, იქ არც შიშია; ხოლო სადაც არ არის ცოდვა, იქ არც ცოდვისგან გამოწვეული სირცხვილია. როგორც კი ადამიანმა შესცოდა და შემოქმედის მაცხოვნებელი მორჩილებიდან გამოვიდა, შიში და სირცხვილი შევიდა მასში; მან ზეციური მამისგან უსასრულოდ შორს იგრძნო თავი. ამიტომაც, როდესაც ღმერთმა ადამს მოუხმო და ჰკითხა, ადამ სადა ხარო, ადამმა უპასუხა, შენი ხმა მესმა, შემეშინდა და დავიმალე, რადგან შიშველი ვარო (დაბ.3:9-10). იქამდე, ცოცხალი ღმერთის ხმა ადამს განამტკიცებდა, სიხარულს ანიჭებდა და აცოცხლებდა; ჩადენილი ცოდვის შემდეგ კი იმავე ღმერთის ხმა მას ასუსტებს, აშინებს და კლავს. იქამდე ადამი საკუთარ თავს უკვდავების ანგელოზებრივი სამოსელით შემოსილს ხედავდა; ცოდვის შემდეგ კი ცოდვისგან განშიშვლებულად, განძრცვულად და პირუტყვივით დამცირებულად იგრძნო თავი. ასეთი საზარელია, ძმებო და დებო, ზეციური მამის ურჩობის უმცირესი ცოდვაც კი. შეშინებული ადამი ხეებს შორის დაიმალა, როგორც გაველურებული სახლის კატა, რომელიც ტყეში გარბის და თავის გამომკვებ პატრონს ემალება. თავისი ზეციური მცველის გარეშე მოუწია ადამს საკუთარი თავის დაცვა ცხოველთან სამყაროსგან, რომლის ბატონიც და მბრძანებელიც თავად იყო. ერთმა ცოდვამ ელვისებური სისწრაფით გამოიწვია მეორე, მესამე, მეასე, მეათასე ცოდვა, სანამ ადამიანი საბოლოოდ არ გაპირუტყვდა და სულითა და სხეულით გამიწიერდა. ცოდვისმიერი გზა, რომელზე სვლაც ადამმა დაიწყო, მას მიწისკენ მიუძღოდა. ამიტომაც შემოქმედის სიტყვა: “პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი”(დაბ. 3:19) – არამხოლოდ მის მსჯავრს გამოხატავს, არამედ ადამიანის დაცემისა და გამიწიერების სწრაფად განვითარებად პროცესს.
ადამის შთამომავლობა, თაობიდან თაობამდე, მიწიერდებოდა და ეცემოდა, სირცხვილით სცოდავდა და შიშით კვდებოდა. ადამიანები თავის შემოქმედს ხეებს, ქვებს, ოქროს და ფერფლს შორის ემალებოდნენ; რაც უფრო მეტად იმალებოდნენ, უფრო მეტად განშორდებოდნენ ზეციურ მამას და ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდნენ. ის ბუნება, რომელიც ოდესღაც ადამიანის ფერხთით იყო მოქცეული, თანდათანობით თავში მოიექცა და ადამიანისთვის ღმერთის ადგილი დაიკავა. ადამიანმა ბუნების გაღმერთება დაიწყო, მას დაემორჩილა, მისი მიხედვით განსაზღვრავდა საკუთარ ქმედებებს, მის წინაშე ლოცულობდა და მას სწირავდა მსხვერპლს.
მაგრამ გაღმერთებულ ბუნებას არ შეეძლო სიკვდილისა და ხრწნილებისაგან არც საკუთარი თავის და არც ადამიანის გადარჩენა. ეს საზარელი გზა, რომელზეც კაცობრიობა შედგომილიყო, ცოდვის გზას წარმოადგენდა. ეს გზაც კი მას სიკვდილის სამფლობელოსკენ უცდომელად მიუძღვოდა. მეფეები ბატონობდნენ ადამიანებზე, ხოლო ცოდვა და სიკვდილი ადამიანებზეც და მეფეებზეც მბრძანებლობდნენ. ჩვენი ზეციური მეფის გამოჩენამდე ადამიანთა მოდგმა უკიდურეს სასოწარკვეთილებაში იმყოფებოდა.
ეს ზეციური მეფე – უფალი ჩვენი იესუ ქრისტე იყო. მარადიულად უცოდველი და მარადიულად უკვდავი, რომელიც კაცობრიობის გახრწნილ სასაფლაოზე მოვიდა და ირგვლივ უკვდავების ყვავილები მიმოაბნია. მას გაურბოდა ცოდვის სიმყრალე და მისი სიტყვებით მკვდრები ცოცხლდებოდნენ. თავისი სიკეთითა და კაცთმოყვარებით, შეიმოსა ადამიანური სხეული და საკუთარ თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვა. თუმცა, ეს ცოდვა იმდენად მძიმე და საშინელი იყო, რომ ისიც საფლავში უნდა დადებულიყო. ასგზის ნეტარია ის საფლავი, რომლისგანაც გამოდინდა მარადიული სიცოცხლის წყარო! ამ საფლავის მიერ, ზეციური გოლიათი ჯოჯოხეთში ჩავიდა, სადაც დაამხო სატანის საყდარი და გაანადგურა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი ბოროტების ბუდე. საფლავიდან ის უმაღლეს ზეციურ სამყოფელში ზეაღიწია და მთელ კაცობრიობას ამით ახალი გზა გაუკვალა. თავისი საღმრთო ძალით ჯოჯოხეთი განაქარვა, თავისი სხეული განადიდა და მამისა და სულიწმიდისაგან განუყოფელი თავისი ძალითვე აღდგა საფლავისაგან. სიმდაბლით წავიდა სიკვიდილზე და ტკივილზე ჩვენი უფალი და როგორც ღმერთმა, სიკვდილი დაამარცხა. მისი აღდგომა ჭეშმარიტი მოვლენაა და ამავდროულად, ჩვენი საკუთარი აღდგომის წინასწარმეტყველებაც და წინასახეც.
ვინც ქრისტეში კვდება, მისთვის სიკვდილი ბნელი უფსკრული აღარ არის, არამედ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და ახალ სიცოცხლეში შემავალი კარია
ვიღაც იკითხავს, როგორ დაამარცხა ქრისტემ სიკვდილი, თუ დღემდე კვდებიან ადამიანებიო? ყველა, ვინც დედის წიაღიდან ამ სამყაროში შემოდის, სიკვდილითა და საფლავით გადის ამ სამყაროდან. ასეთია წესი. მაგრამ ვინც ქრისტეში კვდება, მისთვის სიკვდილი ბნელი უფსკრული აღარ არის, არამედ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და ახალ სიცოცხლეში შემავალი კარია. საფლავი ჩვენთვის მარადიული წყვდიადი კი აღარ არის, არამედ კარიბჭე, რომლის იქითაც ღმრთის ნათელშემოსილი ანგელოზები გველოდებიან.
ყველასთვის, ვისაც უმშვენიერესი და კაცთმოყვარე ქრისტე უყვარს, საფლავი უკანასკნელ წინაღობად იქცა, რომლის გავლის შემდეგაც ქრისტეს შეხვდება. სწორედ ამიტომაც აღმოთქვამს პავლე მოციქული: “ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ”(ფილიპ. 1:21). როგორ ვერ დაამარცხა ქრისტემ სიკვდილი, როდესაც ის სრულიად ჩრდილავს მას? საფლავი უღრმესი უფსკრული აღარ არის, რადგან ქრისტემ ის საკუთარი თავით აღმოავსო; საფლავი აღარ არის ბნელი, რადგან ქრისტემ თავისი ნათელი შეიტანა მასში, საფლავი აღარ არის საშიში და საზარელი, რადგან ის ახალი სიცოცხლის დასაწყისია; საფლავი ჩვენი მარადიული სამშობლო აღარ არის, არამედ ჩვენს ზეციურ სამშობლოში შემავალი კარი. ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი საშინელ ხანძარს ჰგავდა, აღდგომის შემდეგ კი სანთლის ფაქიზ ალს დაემსგავსა.
ზოგი იმასაც კი იკითხავს, როგორ ამბობენ, რომ მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ ცოდვა დაამარცხა, როდესაც ყველა ადამიანი დღემდე სცოდავსო? ქრისტემ ჭეშმარიტად დაამარცხა ცოდვა. მან თავისი შობით, წმინდა და უცოდველი ცხოვრებით და ჯვარზე სიკვდილით დაამარცხა ის. ბოლოს კი, ეს ყველაფერი თავისი ბრწყინვალე აღდგომით დააგვირგვინა, რომლითაც ის ცოდვის საწინააღმდეგო წამლად იქცა. ამიტომაც, ცოდვით მოწყლული მხოლოდ ქრისტეთი იკურნება და მას ვისაც სურს, რომ აღარ სცოდოს, ამ სურვილის განხორციელიების ერთადერთი საშუალება ქრისტეა. როდესაც ადამიანებმა ოსპის საწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს ამბობდნენ: ,, ჩვენ დავამარცხეთ ეს სნეულება!’’ ზუსტად ასე ამბობდნენ ნებისმიერი სხვა დაავადების წამლის შექმნისას. მაშასადამე, წამლის შექმნა, ნიშნავს ამ დაავადების დამარცხებასაც. ქრისტე კი კაცობრიობის ისტორიაში შეუდარებელი და უდიდესი ექიმია, რადგან მან სნეულებათა სნეულების, ანუ ცოდვის საწინააღმდეგო წამალი მოგვცა. რადგან სწორედ ცოდვაა წყარო ყოველგვარი სულიერი თუ ხორციელი დაავადებისა. ეს წამალი – თავად ისაა – მკვდრეთით აღმდგარი, ცოცხალი ქრისტე. ის არის ერთადერთი საიმედო წამალი ცოდვისა. თუკი ადამიანები დღემდე სცოდავენ და ცოდვებში იღუპებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს ცოდვა არ დაუმარცხებია, არამედ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ მიმართავენ ამ სასიკვდილო სნეულებგან საკურნებელ ერთადერთ წამალს; ანუ მათთვის ქრისტე, როგორც წამალი, არ არის საკმარისად შეცნობილი. ან თუ რაღაც დოზით შეიცნეს, რაღაც გაურკვეველი მიზეზებით არ იღებენ მას. მაგრამ ისტორიაში ათასობით და ათასობით მოწმობაა: მათ, ვინც ეს წამალი საკუთარ სულზე გამოიყენეს, განიკურნენ! იცოდა რა ჩვენი ბუნების უძლურება, ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ ინება, რომ პურისა და ღვინის ხილული სახით მიგვეღო ის, როგორც საჭმელი და სასმელი. კაცთმოყვარე უფალმა ადამიანებისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე ასე იმიტომ ინება, რომ ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელ და ცოდვისაგან მაკურნებელ წამალთან მიახლება გაემარტივებინა. ,, რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ’’(ინ.6:56-57). ის, ვინც ცოდვაში ცხოვრობს ცოდვითვე იკვებება და ამგვარი ცხოვრებით, მათში სიცოცხლე თანდათანობით ქრება. ხოლო ვინც ცოცხალ ქრიტეს იღებს, სიცოცხლით იკვებება, ეს სიცოცხლე მასში თანდათანობით იზრდება და სიკვდილი ქრება. რამდენადაც იზრდება სიცოცხლე, მით უფრო საზიზღარი ხდება მისთვის ცოდვა. ცოდვის წარმავალი და უბადრუკი სიტკბოება ძლევაშემოსილი და სიცოცხლის მომნიშებელი ქრისტეს მხიარული სიტკბოებით იცვლება. ნეტარნი არიან ამ საიდუმლოების გამოსმხილველნი. მათ შეიძლება ნათლის შვილები ვუწოდოთ.
ქრისტე კაცობრიობის ისტორიაში შეუდარებელი და უდიდესი ექიმია, რადგან მან სნეულებათა სნეულების, ანუ ცოდვის საწინააღმდეგო წამალი მოგვცა
კიდევ ასეთი კითხვა ჩნდება: მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ ვინ გაათავისუფლა ცოდვისა და სიკვდილისაგან? მხოლოდ ერთი ეროვნების, რასის, ან საზოგადოებრივი მდგომარეობის ადამიანები? არანაირად. მსგავსი რამ მხოლოდ მიწიერ გამარჯვევებში ხდება. ქრისტეს არ ეწოდება არც ებრაელთმოყვარე, არც ელინთმოყვარე, არც ღარიბთმოყვარე და არც არისტოკრატთმოყვარე; არამედ კაცთმოყვარე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, მან თავისი გამარჯვება ყველა ადამიანისთვის განსაზღვრა. მან გაიმარჯვა ყველა დაბადებულისთვის და ამ გამარჯვების ნაყოფებიც ყველას შესთავაზა. მათ კი, ვინც ეს გამარჯვება შეიწყნარა და გაითავისა, მარადიული სიცოცხლე და ღმრთის სასუფევლის თანემემკვიდრეობა შესთავაზა. რაც არ უნდა ძვირფასი რამ იყოს, ის არავის არაფერს ახვევს თავს და აიძულებს. ის მუდამ გვაძლევს თავისუფლებას: მივიღოთ ან არ მივიღოთ ის. როგორც სამოთხეში გააკეთა ადამიანმა თავისუფალი არჩევანი და ეშმაკის ხელიდან სიკვდილი და ცოდვა მიიღო, ახლაც თავისუფლად უნდა აირჩიოს, უნდა თუ არა გამარჯვებული ქრისტეს ხელიდან მიღებული სიცოცხლე. ქრისტეს გამარჯვება ყველა ადამიანისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი მალამოა.
ეს მალამო სნეულებს კურნავს, ხოლო ჯანმრთელებს კიდევ უფრო ჯანმრთელად აქცევს.
ქრისტეს გამარჯვება ყველა ადამიანისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი მალამოა
ეს მალამო მკვდრებს აცოცხლებს, ხოლო ცოცხლებში სიცოცხლეს კიდევ უფრო აღორძინებს.
ეს მალამო სიბრძნის წყაროა. ის განაღმრთობს, ასგზის და ათასგზის აძლიერებს ადამიანს და მის ღირსებას ქმნილ ბუნებაზე მეტად, ღმრთის ანგელოზთა სიმაღლემდე აღამაღლებს.
ჰოი, საკვირველო და სიცოცხლის მომნიჭებელო! რომელი ხელი არ მიგიღებს შენ! რომელი გული არ გიცხებს შენ თავის ჭრილობებზე! რომელ ბაგეებს ძალუძთ შენი განდიდება! რომელი კალამი აღწერს შენს სასწაულმოქმედ ძალას! ვინ აღრიცხავს დღემდე შენს მიერ განკურნებულთა და მკვდრეთით აღმდგართა რაოდეობას! ვის აქვს საკმარისი ცრემლი, რათა გმადლობდეს შენ!
ძმებო, სიკვდილის შიშით აღვსილნო, მიდით ქრისტესთან, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან და ის გაგათავისუფლებთ სიკვდილისა და მისი შიშისგან.
მიდით მასთან, ვინც აშკარა და დაფარული ცოდვების სირცხვილში ცხოვრობთ, ახლოს მიდით ცოცხალ წყაროსთან, რომელიც განბანს, განწმენდს და უშავეს ჭურჭელსაც კი თოვლზე თეთრად აქცევს.
მიდით მასთან, ვინც ჯანმრთელობას, ძალას, მშვენიერებასა და სიხარულს ეძებთ. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ამ ყველაფრის დაულევნელი წყაროა. ის თანაგრძნობითა და მონატრებით გველოდება უკლებლივ ყველას და ამ ყველაფრის მიღმა ერთი ადამიანის დატოვებაც კი არ სურს.
თაყვანი ეცით მას სხეულითა და სულით. შეუერთდით მას მთელი თქვენი გონებით და გულში ჩაიკარით. თაყვანი ეცით არა დამმონებელს, არამედ გამათავისუფლებელს; შეუერთდით არა დამღუპველს, არამედ მაცხოვნებელს. გულში ჩაიკარით არა უცხო, არამედ ყველაზე ახლო და საყვარელი ზეციური მეგობარი.
მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე – სასწაულთა სასწაულია; სწორედ ისაა ჩვენი ჭეშმარიტი, პირველქმნილი, ადამის სამოთხისეული ბუნება. ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება არ შეიძლება, რომ გარემომცველი, უსიტყვო ბუნების ტყვეობაში იყოს, არამედ მოწოდებულია, რომ მასზე იმეფოს. ჭეშმარიტი ადამიანური ბუნებისთვის უცხოა სნეულება, მოკვდავობა, ცოდვილობა, არამედ ის ჩაფიქრებულია, რომ იყოს დიდებული, ჯანმრთელი, უკვდავი და უცოდველი.
მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი ადამიანი სიდიადესა და მშვენიერებას ფარდა ახადა. არავის შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი ადამიანის შეცნობა მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესუ ქრისტეს გარეშე.
ქრისტე აღდგა, ძმებო და დებო!
წყარო: https://www.paskha.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©