ღმერთი ჭეშმარიტად ადამიანად იშვა დედამიწაზე! რატომ? – „ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდშობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ’’(1.ინ. 4:9), რადგან ღმერთკაც იესუ ქრისტეს გარეშე ადამიანის სიცოცხლე ერთი დიდი და სრული ამაოებაა. სიკვდილი ყველაზე აშკარა, საშინელი უაზრობაა უაზრობათა და ამაოებათა შორის. მისი გააზრება სიცოცხლის მთელი სისავსით, სიღრმით, სიმაღლითა და უსასრულობით გააზრებას ნიშნავს. ამის საშუალებას მხოლოდ ყოვლადკაცთმოყვარე უფალი გვაძლევს, რომელიც თავისი უსაზღვრო სიყვარულით ადამიანი გახდა და მარადიულად ღმერთკაცად რჩება. ადამიანის სიცოცხლის საზრისი მხოლოდ ქრისტეა. ჩვენს ცხოვრებას აზრს მხოლოდ ღმერთში, ქრისტეში, სიცოცხლე აძლევს. ღმერთის მიღმა, მისგან შორს მყოფობა ყველაზე დიდი ამაოება, უაზრობა და მწუხარებაა.
შენი ცხოვრება, ადამიანო, მხოლოდ ღმერთში იძენს ერთადერთ გონივრულ, ლოგოსურ და ლოგიკურ საზრისს. შენი ადამიანური აზრებიც მხოლოდ ქრისტეში იღებს თავის საღმრთო და უკვდავ მნიშვნელობას. შენი აზრი მხოლოდ ღმერთკაც იესუ ქრისტეში ხდება საღმრთო. შენი გრძნობებიც, ადამიანო, მხოლოდ ღმერთში იმკვიდრებს უკვდავებას. ამის გარეშე ისინი, ეს უმოწყალო ტირანები, იმ მარადიულ ჯვარზე გაგაკრავენ, რომელსაც აღდგომა არ მოჰყვება. სინდისი? საიდან არის ჩვენში, ადამიანებში, ეს გამწარებული უცნობი? ის მხოლოდ ქრისტეში ხდება საღმრთო და მასში იძენს მარადიულ ღირებულებას. ამის გარეშე ადამიანის სინდისი გამხეცებული და სასტიკი უაზრობაა. ჩემი და შენი, ყველა ადამიანის სიკვდილიც განა უსასტიკესი წამება არ არის მთელი სამყაროსა და კონკრეტული პიროვნებისთვის? დიახ, ეს ჭეშმარიტად ასეა. მაგრამ ისიც თავის მარადიულ არსს მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეს აღდგომით იძენს, რადგან სიკვდილი მხოლოდ მისით და მის მიერ მარცხდება და გაიაზრება. როგორც ყველაფერი ამქვეყნიური, მთლიანად ადამიანი თავისი ურიცხვი უსასრულობით მხოლოდ ღმერთკაც იესუ ქრისტეს განღმრთობილ და ცხოველსმყოფელ სხეულში, ეკლესიაში, იძენს თავის საღმრთო და მარადიულ საზრისს.
თავისი განკაცებითა და ადამიანად მოსვლით ღმერთი ჩვენი არსების ბირთვში, ცენტრსა და გულში შევიდა. ადამიანის მიერ ცოდვის არჩევით ამ სამყაროდან, სხეულიდან და სულიდან ღმერთი „განიდევნა“, ხოლო თავისი განკაცებით ის სამყაროში, ადამიანის სხეულსა და სულში დაბრუნდა, სრულ ადამიანად იქცა და განკაცებულმა ჩვენთვის იშრომა. ამქვეყნად ქმნილებათა შორის დამკვიდრდა, ფიქრობდა ჩვენზე, ქმნილებაზე. მან განწმინდა, გამოიხსნა, გარდაქმნა და განაღმრთო მთელი ქმნილება. ღმერთის განკაცება – ეს ყველაზე გამაოგნებელი და შემძვრელი მოვლენაა მთელი სამყაროსთვის, მიწისა და ზეცისთვის. ეს არის სასწაულთა შორის სასწაული. თუ აქამდე ყველაზე დიდი სასწაული სამყაროს არაფრისგან შექმნა იყო, ახლა, უეჭველია, რომ ღმერთის განკაცება ყველა სასწაულს უსასრულოდ აღემატა! თუკი სამყაროს შექმნისას ღვთის სიტყვამ მატერია გააჩინა, ახლა ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, განკაცებით თავად ღმერთმა შეიმოსა ხორცი. ამიტომაც ღმერთის განკაცება მთელი სამყაროსთვის, თითოეული პიროვნებისთვის, თითოეული არსებისა და ქმნილებისთვის უდიადესი მოვლენაა.
შენ კი, ადამიანო, იცხოვრე მისით, ღმერთკაც იესუ ქრისტეთი და ყოველგვარი ვნების, ცოდვისა და სიკვდილისაგან განიკურნები! დაე, შენი სიცოცხლე საღმრთო სიცოცხლედ იქცეს! სწორედ ამაშია შენი ყოფიერების საიდუმლო, ადამიანო. როგორც კი ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულის წევრი გახდები, შენი სიცოცხლე სწორედ მაშინ გადაიქცევა საღმრთო სიცოცხლედ. როგორ ვიცხოვროთ ქრისტეს ეკლესიაში? – ეკლესიის საიდუმლოებებით, უმთავრესად ევქარისტიით და წმინდა სათნოებებში ღვაწლით. სწორედ ამიტომ, შობას წინ მარხვა უძღვის. მარხვას კი მუდამ თან ახლავს ლოცვა. ამ ორ ძირეულ სათნოებას ადამიანი ქრისტესთან მიჰყავს და ასწავლის მას, თუ როგორ იცხოვროს ქრისტეთი და ქრისტეში. რა მოვუხერხოთ ღვთისგან მონიჭებულ ჩვენს სხეულს? – განვწმინდოთ, გავათავისუფლოთ ყოველგვარი უწმინდურობისგან, ვნებისა და ბოროტებისაგან. რას ნიშნავს ეს? ეს ყოველგვარი უკეთურებისგან მის განწმენდას ნიშნავს, რადგან თითოეული ცოდვის უკან ეშმაკი იმალება. შენც, მეც – ზოგადად ადამიანს მიეცა ეშმაკის, ყველა ვნების, ცოდვისა და ამა სოფლის სულის დამარცხების საშუალებები. პირველ რიგში, ესენია ლოცვა და მარხვა. სწორედ ყოვლადჭეშმარიტი უფლის, იესუ ქრისტეს, ყოვლადმართალმა ბაგეებმა გამოთქვა ეს ცხოველსმყოფელი ჭეშმარიტება: ‘’ ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა’’(მთ.17:21).
ძმებო და დებო, ქრისტე ყველა ჩვენგანისთვის იშვა. ღმერთი დაიბადა, როგორც ადამიანი, რათა მის მიერ სიცოცხლე მიგვეღო და მისთვის გული გაგვეხსნა. ამ ყველაფერს ძირითადად ლოცვითა და მარხვით ვაღწევთ. ისინი განწმენდენ და ღვთის მადლით ანათლებენ სულსაც და სხეულსაც, რათა მათში სიხარულით დამკვიდრდეს, იშვას ჩვენი ყველაზე ტკბილი უფალი იესუ ქრისტე და მთელი ჩვენი არსება მადლით აღავსოს. ამას გვასწავლის სიმდაბლით განმსჭვალული, გულშემუსვრილი ლოცვა და მარხვა, – ეს ორი წმინდა და სახარებისეული სათნოება. დაე, ეს ისინი მუდამ ჩვენი თანამგზავრები იყვნენ და აღვგძრან ჩვენ და თითოეული ადამიანი მთელს სამყაროში, რათა დაუდუმებელად განვავრცოთ ეს ყოვლადგამომხსნელი და უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი, კეთილი უწყება: ქრისტე იშვა!
წყარო: http://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©