Img 2

ქრისტე მუდამ ჩვენს გულშია – არქიმანდრიტი ათანასე მიტილინეოსი

ღმრთის ხსოვნა ის სათნოება იყო, რომელმაც უმძიმესი ცოდვისგან იხსნა იოსები, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, სრულიად მარტო იმყოფებოდა ეგვიპტეში. ქვეყანაში, რომელიც ცნობილი იყო თავისი უზნეო ცხოვრების წესითა და კერპთაყვანისმცემლობით. (გამ.39:1-20)

რა არის ღმრთის ხსნოვნა? ეს არის ის, რაზეც წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობდა: “ღმრთის ხსნოვნა ჩვენთვის სუნთქვაზე მნიშვნელოვანია”. სანამ ცოცხლები ვართ და ვსუნთქავთ, მუდამ უნდა ვვარჯიშობდეთ და ვშრომობდეთ, რომ ღმრთის ხსოვნა მუდამ ჩვენს გულებში იყოს ჩანერგილი.

ღმრთის ხსნოვნა სუნთქვაზე მნიშვნელოვანია

ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ: როგორაა ეს შესაძლებელი? ყოველდღე ვმუშაობთ, სკოლაში დავდივართ, ვსწავლობთ, პრობლემებს ვწყვეტთ, ვსაუბრობთ, ვისმენთ, ვმოძრაობთ, მანქანას ვმართავთ და ვზრუნავთ ოჯახის წევრებზე. ამ ყველაფერთან ერთად სულ როგორ გვახსოვდეს ღმერთი?

154035441 209221907555604 973554511533821920 n
არქიმანდრიტი ათანასე მიტილინეოსი

საქმე იმაშია, რომ ღმრთის ხსოვნა ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენი სულის სიღრმეში უნდა ინახებოდეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სულ ღმერთზე ვკითხულობდეთ და ვსაუბრობდეთ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი ყოველდღური საქმე და ამავდროულად, ჩვენი გული მუდამ ლოცვით მდგომარეობაში მყოფი, ქრისტეს არსებობას უნდა გრძნობდეს.

აი, მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ თქვენს მამას სხვა ოთახში სძინავს და ფრთხილობთ, რომ არ გააღვიძოთ. ჩურჩულებთ, ნელა გადაადგილდებით და არ გჭირდებათ ყოველ წამს იმის შეხსენება, რომ მამას სძინავს. ეს უბრალოდ სულის სიღრმეში გახსოვთ.

მეორე მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომ ბანაკში ორსართულიან ვიწრო საწოლზე გძინავთ. თუკი თქვენს საკუთარ საწოლში ხშირად იცვლით გვერდს, აქ ფრთხილობთ იმიტომ, რომ თქვენში რაღაც ფხიზლობს. ძილის დროსაც კი გახსოვთ, რომ მაღალ ადგილას გძინავთ და თავისუფლად ვერ იცვლით გვერდს, რომ არ გადმოვარდეთ.

ასევე, ღმრთის ხსოვნა ერთგვარი გრძნობაა, რომელიც მუდამ უნდა იყოს ჩვენს სულში, რაც ლოცვაში გულმოდგინე შრომით ისწავლება.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ ქრისტე ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს გულშია, გვიყურებს, ზრუნავს ჩვენზე, გვიცავს და ნებისმიერ წამს მზადაა ჩვენს დასახმარებლად. ეს მდგომარეობა იქცევა ჩვენს ფარად და ციხესიმაგრედ ნებისმიერი განსაცდელის დროს.

ღმრთის ხსოვნა ერთგვარი გრძნობაა, რომელიც მუდამ უნდა იყოს ჩვენს სულში

როდესაც იოსების ცდუნება უნდოდათ ყველაზე პროვოკაციული გზით, მან ყველგანმყოფი ღმერთის ხსოვნით და მისი განცდით დაიცვა თავი. “როგორ შევცდოდო ასე, როდესაც ღმერთი მხედავს?” – თქვა მან. ასე გადაურჩა იოსები უმძიმეს ცოდვას.

ღმრთის დავიწყება ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა, რომელიც შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ერთ-ერთისგან – სულიერი სიზარმაცისგან იღებს სათავეს. სიზარმაცე შობს გულმავიწყობასა და გულგრილობას. ღმრთის ხსოვნა სასუფევლისკენ მიმავალი გზის კომპასია, ხოლო დავიწყება მრავალი ცოდვისა და დანაშაულის წინაპირობა. ეს ხსნოვნა ჩვენში სულიერ ცხოვრებასა და ღმრთისადმი სიყვარულს ზრდის.

ამ შინაგანი, გულისმიერი ხსოვნის მეშვეობით ვსწავლოთ გარესამყაროს დაფასებას და ყოველდღიურად უდიდესი სიხარული განიცდება ჩვენს გულში. როდესაც ლამაზ ყვავილს დავინახავთ, ეგრევე გავიფიქრებთ: “რა ლამაზი ყვავილი შეუქმნია ღმერთს!” როდესაც კარგ ამინდში ვტკბებით სუფთა ცის მშვენიერებით, ან ჩუმად მოფარფატე თოვლის ფიფქებს ვხედავთ, იმ წამსვე ამ სილამაზის შემოქმედის დიდების სურვილი გვიჩნდება.

გარდა ამისა, ღმრთის ხსოვნა ჩვენში მასთან შეხვედრის, ანუ საკუთარი გულის თვალებით მისი ხილვის სურვილს აღძრავს ჩვენში და ამით ჩვენი სურვილები მიწიერიდან ზეციერისკენ ინაცვლებს. აღარ ვეჯაჭვებით ხრწნადსა და წარმავალს, რაც დაავადებაა მრავალი თანამედროვე კულტურისა და ცივილიზაციისა. ეს კი თავის მხრივ, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის გაწყვეტის ნაყოფია.

ვისი გულიც მუდამ გრძნობს ღმერთს და ახსოვს ის, თავისუფლდება მიწიერი საგნების კერპებისგან. აღარ ამკაყოფილებს მიწიერი სიამოვნებები. მისი სხეული მიწაზე დააბიჯებს, მაგრამ მისი გული მუდამ ქრისტეზე ფიქრობს და მას ეძებს.

კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ღმრთის განცდა და მისი ხსოვნა მარტოობის, გაუცხოებისა და იზოლაციის წამალია. სწორედ ათეიზმია დღეს ფართოდ გავრცელებულ ფსიქოემოციური დაავადებებზე პასუხისმგებელი. თუკი არ გვახსოვს ღმერთი, არ ვიცნობთ მას და არ მივისწრაფვით ამ ყველაფრისკენ, მაშინ ჩვენი ცხოვრება სრულიად უაზროა, რადგანაც ქრისტეა სიცოცხლის ჭეშმარიტი საზრისი.

ვისი გულიც მუდამ გრძნობს ღმერთს და ახსოვს ის, თავისუფლდება მიწიერი საგნების კერპებისგან

თუკი არ გვწამს ცათა სასუფევლის, მაშინ რისი იმედი გვაქვს? ამ ნეტარი იმედის გარეშე რა არის სიცოცხლე? რატომ ვარსებობთ? განა ჩვენ ქარისგან მოტანილი მტვრის ნაწილაკები ვართ? მარტოობა და იზოლაცია ეგზისტენციალიზმისა და ნიჰილიზმის უდიდესი ჭირია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას წვიმის წვეთს ადარებს, რომელიც ოკეანეში ჩავარდნისას სამუდამოდ ქრება. რა თქმა უნდა, რწმენისა და ღმრთის ხსოვნის დეფიციტი დეპრესიის, მოწყენილობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, თვითმკვლელობისა და სხვა მრავალი უბედურების მიზეზია.

თუკი ვიშრომებთ, რომ ლოცვის მეშვეობით მუდამ გვახსოვდეს ღმერთი, მაშინ ჩვენს გულში ზეციური მამის სიყვარულსა და ზრუნვას ვიგრძნობთ, რომელიც იმედის, სიხარულისა და ნეტარების წყაროა. ეს გვეხმარება, რომ დავინახოთ ღმრთის განგებულება ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე რთულ, წყვდიადით მოცულ მომენტებში, როდესაც ყველაფერი ცუდისკენ მიდის, გვაფიქრებინებს: “განა ღმერთი არ არსებობს? ის ყოველთვის ჩემთანაა!”. ნეტავ ყველამ იცოდეს, თუ როგორ გვეხმარება ეს აზრები სასოწარკვეთილების წუთებში!

ერთ ისტორიას გაგიზიარებთ. ერთმა ახალგაზრდა ქალმა ქმარი დაკარგა. რამდენიმე კვირა ტიროდა და სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაძირული, მუდამ იმეორებდა: “რა გვეშველება?!”. ერთხელაც, მისი ხუთი წლის ვაჟი მიუტრიალდა და ჰკითხა: “დედა, მამა რომ წავიდა ანუ ღმერთიც მოკვდა?”. ამ დროს, დედა უეცრად გონს მოეგო და საკუთარ თავში ცხოვრების გაგრძელების ძალა გამონახა. ასე, რომ ღმრთის ხსოვნა განამტკიცებს ჩვენს რწმენას და გვაძლევს ძალას, რომ მივენდოთ მის განგებულებას.

ამრიგად, ღმრთის ხსოვნა ჭეშმარიტი სულიერი, არამიწიერი სიხარულით აღგვავსებს. სიხარული ღმრთის საჩუქარია, რომელიც ეძლევა მათ, ვინც მოუკლებელ ლოცვაში შრომობს. ამ სიხარულს არანაირი საერთო არ აქვს ხანმოკლე მიწიერ სიამოვნებებთან, როგორიცაა: ახალი მანქანის, საათის, დიპლომისა და თანამდებობის შეძენა. ეს სხვა, სულიერი სიხარულია, რომელიც იმ ადამიანის თანამგზავრია, რომელიც დაუღლელად ეძებს ღმერთს. მოდით ყველამ ვილოცოთ. მოხუცებმაც და ახალგაზრდებმაც, რომ ჩვენც გავიხაროთ იმ უსაზღვრო საღმრთო სიხარულით, რომელსაც ღმრთის ხსოვნა ბადებს.

ღმრთის ხსოვნა განამტკიცებს ჩვენს რწმენას და გვაძლევს ძალას, რომ მივენდოთ მის განგებულებას

თუკი ღმრთის ხსოვნის გარეშე ვიცხოვრებთ, საშინელება იქნება ქრისტესგან ამ სიტყვების მოსმენა: ”არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი”(ლუკ.13:27)

წყარო: https://www.pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©