14 ივნისს, ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივითა და პორტალ “Pemptousia”-ს ორგანიზებით, გაიმართა დისტანციური შეხვედრა ინგლისიდან წმ.სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) სულიერ მემკვიდრესთან, არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუსთან თემაზე ,,ღმრთის შვილობა – ლოცვა მთელი კაცობრიობისთვის”. გთავაზობთ მამა ზაქარიას სიტყვას:
„ღმერთს ვმადლობ იმისათვის, რომ დღეს ქართველ მართლმადიდებელ ძმებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. წმინდა სოფრონის საუბრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა იყო – პიროვნული საწყისის საკითხი ადამიანში. ეკლესიის ეს მოძღვრება (პიროვნების შესახებ), წმინდა ბერისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან მას სურდა პიროვნების შესახებ ეკლესიის სწავლების გადაცემა თავისი თაობის ადამიანებისთვის.
დღევანდელ დღეს, მრავალ დარგში ცდილობენ ახსნან რას ნიშნავს პიროვნება, რას ნიშნავს ჰიპოსტასი. ეს ეხება ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას და მეცნიერების თითქმის ყველა დარგს. წმინდა ბერი თვლიდა, რომ თუ ეკლესია მთელს მსოფლიოს გადასცემს სწავლებას პიროვნების შესახებ, ამით დადასტურდება მართლმადიდებლობის უნიკალურობა და ჭეშმარიტება. მისთვის პიროვნების შესახებ სწავლების სწორად ჩამოყალიბება და გავრცელება – მახარებლობის საქმიანობა იყო. ყოველივე ამას წმინდა ბერი სახარების ქადაგებად მიიჩნევდა.
წმინდა სოფრონის სწავლებაში მრავალი თავისებურებაა, მაგრამ დღევანდელ საღამოს მხოლოდ პიროვნება – ჰიპოსტასისა და ჰიპოსტასური ლოცვის შესახებ ვისაუბრებ. მამა სოფრონისთვის ეს თემა სულიერი ცხოვრების საფუძველი იყო. მხოლოდ ჰიპოსტასის ფონზე შეიძლება იმის გაცნობიერება, თუ როგორ მიდის ადამიანი სრულყოფილებისა და ღმერთის მსგავსებისაკენ. მამა სოფრონი ამ ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ გულში ინახავდა, როგორც ძვირფას საუნჯეს და ცდილობდა თავისი ძმებისთვის გადაეცა, რადგან სწამდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უნიკალურობას და თანამედროვე ადამიანის გამოუვალ მდგომარეობას ამ სწავლების სწორი ჩამოყალიბება წარმოაჩენდა და მრავალ პრობლემას გადაჭრიდა.
პიროვნებაზე საუბრისას მამა სოფრონი ფილოსოფიურ თეორიებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ ამ საკითხს ძალიან ხელშესახებად განიხილავდა. ეს კი იმიტომ, რომ ერთი მხრივ თავისი მოძღვრის – წმინდა სილუანის სულიერ პორტრეტს ხატავდა, ხოლო მეორე მხრივ – მას საკუთარ გულში ჰქონდა დაუნჯებული იესუ ქრისტეს შემეცნების გამოცდილება, რომელიც მაშინ შეიძინა, როდესაც საღმრთო ნათელი უხვად გამობრწყინდა მის გულში და მოედინებოდა ზოგჯერ როგორც ფართო მდინარე, ზოგჯერ როგორც ჩანჩქერი, ზოგჯერ კი როგორც ცოცხალი წყალი.
ტერმინი „ჰიპოსტასური საწყისი“ ნიშნავს იმ უნარს, რომელიც ღმერთმა ადამიანის ბუნებაში ჩადო და რომლის ძალითაც მას შეუძლია შეიცნოს ღმერთი, მიიღოს მადლის სისავსე და სრულიად განიწმინდოს.
წმინდა სილუანი, რომელიც უფრო უბრალო სიტყვებით გამოხატავდა თავის აზრს, ჰიპოსტასურ საწყისს უწოდებს „სულს“ და გულისხმობს ადამიანის შინაგან დინამიურ თვისებას, რომელიც საღმრთო სულთან შეერთებისკენ ისწრაფვის. სიტყვა „პიროვნება“ გამოიყენება სიტყვა „ატომის“ საწინააღმდეგოდ. ატომი – პიროვნება, ანუ მასის შემადგენელი ერთი ნაწილი, არის შეზღუდული დროსა და სივრცეში და ექვემდებარება ხრწნასა და სიკვდილს. ამის საპირისპიროდ, „ადამიანის პიროვნება“ ხატია ღმრთისა, უფრო კონკრეტულად კი – ქრისტეს პიროვნებისა. ქრისტე, როგორც ღმერთი არის უსასრულო და საკუთარ თავში ღმრთეების სისავსეს ატარებს და ამასთან, როგორც ადამიანი მთელ ადამს მოიცავს. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ამ ჰიპოსტასურ საწყისს აამოქმედებს, უსასრულო საღმრთო განზომილებაში განივრცობა.
წმინდა სოფრონის სწავლება ჰიპოსტასის შესახებ შეიძლება ოთხ პუნქტად დავყოთ. მან ისინი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ჩამოაყალიბა. პირველი: ჭეშმარიტი და სრული პიროვნება არის ქრისტე, რომელიც ჯერ კიდევ მოსეს გამოეცხადა სიტყვებით: ,, მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ’’(გამ.3:14). შემდეგ სახარებაშიც იგივეს იმეორებს: ,,პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ’’(ინ.8:58). სხვა ადგილას ამბობს: ,,მე ცხოველ ვარ და თქუენცა ცხოველ იყვნეთ’’(ინ.14:19). მეორე: ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ქრისტე არის ცოცხალი ღმერთი, რომლის თვისებაცაა ადამიანის ბოლომდე სიყვარული, რაც მან ჯვარზე სიკვდილით, ჯოჯოხეთში ჩასვლითა და აღდგომით დაამოწმა. მესამე: ადამიანი არის პოტენციური პიროვნება, რადგან ქრისტეს ჰიპოსტასის ხატადაა შექმნილი. მეოთხე: ადამიანი მაშინ რეალიზდება, როდესაც პიროვნებად იქცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას მთელი არსებით უყვარს ღმერთი. ჰიპოსტასური ლოცვა ახასიათებს მხოლოდ პიროვნებად ქცეულ ადამიანს, რომელიც ღრმად გულში განიცდის თითოეული ადამიანის თანაარსებობას. ამ ლოცვისას თავად ღმერთი ლოცულობს ადამიანის გულში და თავისი სიცოცხლის თანაზიარად ხდის მას.
წმინდა სოფრონი ჰიპოსტასურ ლოცვას ძირითადად ლოცვის სამ სახეობას უწოდებდა. პირველი – ეს არის იესუ ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში; მეორე – ეს არის ლიტურგიკული ლოცვა; და მესამე – ეს არის წმინდანთა მსოფლიო მასშტაბის სინანული, რომლის გვირგვინიც ხდება მთელი სამყაროს ცხონებისთვის ლოცვა, განსაკუთრებით კი მტრებისთვის. წმინდა ბერი ხაზგასმით საუბრობდა სუფთა ლოცვაზე, რამეთუ ყოველ თაობაში ძალიან ცოტანი თუ არიან ისინი, რომელნიც ღმერთს ამ წმინდა ძღვენს მიართმევენ და მასთან არსობრივ კავშირში მყოფობა შეუძლიათ. ჰიპოსტასური ლოცვის ამ სახეობას შეგვიძლია დავუმატოთ მადლიერების ლოცვა, რომელიც იმ ნიჭებისა და საჩუქრებისთვის აღევლინება, რასაც უფალი ყოველი ადამიანისა და წმინდანებისთვის გაიღებს.
როგორ იბადება ადამიანში ჰიპოსტასური საწყისი? ღმერთი არის სამპიროვანი: მამა, ძე და სულიწმინდა. მათ აქვთ საერთო ბუნება, ხოლო ადამიანი მის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. შესაბამისად, ადამიანებს აქვთ ერთი ბუნება (ადამიანური), მაგრამ მრავალჰიპოსტასური.
წმინდა სოფრონი ძალიან კარგი მაგალითით წარმოაჩენდა ამ ჭეშმარიტებას. იგი კაცობრიობას ადარებდა უზარმაზარ ხეს, რომელზეც თითოეული ადამიანი ერთი პატარა ფოთოლია. ამ ხისა და თითოეული ფოთლის ცხოვრება საერთოა. თუ ხე ჯანმრთელია – ფოთლებიც ჰყვავის. თუ ხეს სიკვდილი შეეპარა, ფოთლებიც ჭკნება და ნელ-ნელა კვდება. როგორ შეუძლია დაცემული ბუნების მქონე ადამიანს გახდეს პიროვნება – ჰიპოსტასი? უმთავრესი საშუალება, რომლითაც ადამიანში ჰიპოსტასური საწყისი ამოქმედდება, არის გზა, რომელიც წარმოაჩინა და გაიარა ბოლომდე უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ. ქრისტე ჯერ უფსკრულში ჩავიდა და შემდეგ ზეცად ამაღლდა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: როდესაც ადამიანი საკუთარ გულში წმინდათა წმინდას შეხებას იგრძნობს და მის სულში საღმრთო მადლის ცეცხლი აღინთება, მაშინ პირველ რიგში იგი ქრისტესადმი უბიწო სიყვარულით მიიზიდება, შემდეგ კი უკვე ამ სიყვარულის ნათლის მიერ საკუთარ შინაგან დაცემულობას ხედავს. ეს ყველაფერი მის გულში ,,უნუგეშო’’ სინანულს ბადებს.
პიროვნების გამოცდილება ადამიანში მაშინ იშვება, როდესაც იგი ძალიან დიდი სულიერი სიმძაფრით ლოცულობს – იმდენით, რამდენის გაძლებაც მის ბუნებას შეუძლია, რადგან სწორედ ასეთი მძაფრი, ღრმა სინანული და უკანდაუხეველი ლოცვა აძლიერებს მასში ქრისტესადმი სიყვარულს.
ამასთან ერთად იზრდება შეგრძნება იმისა, თუ რაოდენ განშორებულია ადამიანი საღმრთო სიყვარულს. თავის მხრივ, ეს მდგომარეობა მასში საკუთარი დაცემული ბუნებისადმი სიძულვილს შობს. ამ ლოცვის სიმძაფრე იმდენად ძლიერია, რომ იგი ადამიანს ყველა ამქვეყნიურ სურვილსა და მიჯაჭვულობას აშორებს.
წმინდა ბერი სოფრონი ამბობდა, რომ საკუთარი დაცემული ბუნების სიძულვილის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია პირველქმნილი ადამის მემკვიდრე დემონური დაცემის შედეგებისგან გათავისუფლდეს. როდესაც ადამიანი თავის მრავალ შეუფერებელ სურვილს და მიდრეკილებას ტოვებს, სწორედ მაშინ იძენს საღმრთო მდგომარეობას. სხვა სიტყვებით ასე შეგვიძლია ვთქვათ, – როდესაც ადამიანი საკუთარ სინანულში ქმნილი ბუნების ზღვარს აღწევს, ეს ღმერთს ,,არწმუნებს’’ , რომ ის უკვე სრულიად ეკუთვნის უფალს და ადამიანის ასეთ განწყობას შემდეგი სიტყვებით ეხმაურება: ,,ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ”(ფს.2:7). მაშინ ეს პიროვნება თითქოს მეორე ადამი ხდება მთელი თავისი ღმერთკაცობრივი სისავსით; ადის ერთი დიდი და წმინდა საღმრთო ნების დონეზე, უყვარს საღმრთო ნება, შეიწყნარებს მას, როგორც თავისი არსებობის ერთადერთ კანონს; ღმრთის ნება კი ფაქტობრივად ერთია – ეს არის მთელი მსოფლიოს გადარჩენა. ამ ნებას და ამ მიზანს ემსახურებიან ზეცაში ანგელოზები და დედამიწაზე ქრისტეს რჩეული წმინდანები.
ამგვარად, როდესაც ადამიანი ღმერთის კეთილ, სათნო და სრულყოფილ ნებას შეიწყნარებს, მაშინ მთელი სამყაროს ხსნისთვის ლოცვას ბუნებრივად იწყებს, -როგორც ამას წმინდა სილუანი ამბობდა.
ცხადია, რომ ადამიანში ჰიპოსტასური საწყისია ასამოქმედებლად საჭიროა სამი რამ: პირველი – ძალიან დიდი სიმძაფრის სინანული, მეორე – უბიწო მსხვერპლი (წმინდა ლოცვა) და მესამე – ღმრთის ნებისადმი სრული მორჩილება. ეს თვისებები ჰიპოსტასური ლოცვის სხვადასხვა სახეობას ახასიათებს.
რა თქმა უნდა პირველსახე და საუკეთესო მაგალითი ამგვარი ლოცვისა არის იესუ ქრისტეს ლოცვა გეთსემანიის ბაღში. უფალ იესუს უნდოდა, სიკვდილამდე სწყუროდა მსოფლიოს გადარჩენა. მას თითოეული ადამიანისათვის საკუთარ სისხლში ნათელღება ეწადა, რათა გადაერჩინა ყველა, ვინც მანამდე მოვიდა დედამიწაზე და ვინც სამყაროს აღსასრულემდე მოვიდოდა.ქრისტეს სული მწუხარე იყო სიკვდილამდე, როგორც ამას თავად ამბობს გეთსემანიის ბაღში, თუმცა არა იმიტომ, რომ სიკვდილის ეშინოდა! არა, პირიქით! ეს ლოცვა, რომელსაც სისხლიანი ოფლი ახლდა, მიგვანიშნებს მისი სიკვდილის ზებუნებრიობაზე ისევე, როგორც ქალწულ მარიამისაგან უფლის უთესლოდ შობა. ქრისტე სრულიად უცოდველი იყო, შესაბამისად არ სჭირდებოდა პირადი სინანული! როგორც თავად ბრძანებს: ,,მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ’’(ინ.14:30).
მიუხედავად ამისა, ხორცში ყოფნის დროს – განსაკუთრებით ღალატის ღამეს, ზეციურ მამას სინანულის ლოცვა ძლიერი ღაღადისითა და ცრემლით შესწირა ყოველი ადამიანისათვის, რომლებიც ბოლომდე შეიყვარა. იმ ტრაგიკული ღამეს ქრისტეს სურდა, რომ მის ლოცვას მთელი სამყარო, დრო და სივრცე მოეცვა.
მისი ლოცვის შინაარსი და განუზომელი ტკივილის მიზეზი ჩანს იმ სიტყვებში, რომლებიც საიდუმლო სერობის შემდეგ თავის სამღვდემლთავრო ლოცვაში წარმოთქვა: ,,მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე’’(ინ.17:25).
გეთსემანიის ბაღის ზებუნებრივი ლოცვა იყო მღვდელმოქმედება სრულყოფილი, უბიწო და შეუგინებელი კრავისა, რომელმაც თავისი მსხვერპლი გოლგოთაზე წმინდა სისხლის დაღვრით დაბეჭდა.
გეთსემანიის ლოცვა, ამავდროულად, ღმრთის ნებისადმი სრული მინდობის გამომხატველიც იყო. როგორც ქრისტე ამბობს: ,,მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ’’(მთ.26:39).
ჰიპოსტასური ლოცვის მეორე სახეობა, რომელიც ქრისტიანებისთვის უფრო ახლობელია – ლიტურგიკული ლოცვაა. იგი მთელს კაცობრიობასთან ერთად, თითოეული ადამიანის გასაჭირსა და მოთხოვნილებას მოიცავს.ამ საღმრთო შეკრების დროს, ყველა თავის შინაგან სამყაროს ხსნის. ეს შეიძლება იყოს პირადი სინანული, ქრისტესთან ზიარების შინაგანი მოლოდინი, გულისტკივილი ან/და ყველაფერი, რაც ადამიანს აღელვებს.
ქრისტიანს მთელი თავისი ცხოვრება ტაძარში მოაქვს და მღვდლის პირით ამბობს: ,,შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის”. მას სწადია მოისმინოს ის ნეტარი ხმა დაუსაბამო მამისგან, რომელიც ისევ იმავე მღვდლის პირით ეტყვის: ,,წმინდაა წმინდათა” (სიწმინდე არის წმინდანებისთვის)!
თუ ადამიანი შეძლებს და თავის წარმავალ, მიწიერ და უაზრო ცხოვრებას ქრისტესთან მარადიულ მყოფობას ამჯობინებს, მაშინ იგი მადლით ზეციური მამის ნამდვილი შვილი ხდება. ამის შემდეგ ადამიანი ღმერთთან პირისპირ საუბარს იწყებს, როგორც პიროვნება პიროვნებასთან.
ჰიპოსტასური ლოცვის მესამე სახეობაა – წმინდანთა მეოხება. ქრისტეს სიყვარულზე დიდი სიყვარული არც არსებობს და არც ოდესმე იარსებებს, ამიტომაც ადამიანი, რომელიც ამგვარ ლოცვაში ირჯება (მსოფლიოს გადარჩენისთვის და მათ შორის, მტრებისთვისაც ლოცულობს), ხდება სრული მიმბაძველი ჩვენი სარწმუნოების წინამძღვრისა და სრულმყოფელის – იესუ ქრისტესი.
ქრისტეს მტრები არ იყვნენ რომაელები, მწიგნობრები და ფარისევლები; არც ის ჯარისკაცები, რომლებმაც ჯვარს აცვეს, არამედ ცოდვაში მაცხოვრებელი ადამიანები, – რამეთუ ცოდვა ღმერთის მტრობაა.
როდესაც ადამიანი საკუთარი მტრებისთვის ლოცულობს, ზოგჯერ ეს მდგომარეობა მთელი მსოფლიოსთვის ლოცვად იქცევა. ეს სამყარო კი ბოროტსა შინა ძევს და თავისი ცოდვებით საღმრთო სულს განუწყვეტლად ამწუხრებს.
მტრებისთვის ლოცვა ხდება მსგავსი ქრისტეს ჰიპოსტასური ლოცვისა, რომელიც მან ჯვარზე წარმოთქვა: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან’’(ლკ.23:34). ასეთი ლოცვა სრულყოფილების ნიშანია, რადგან ადამიანს ამგვარი ღვაწლის ტვირთვა საკუთარი ძალებით არ შეუძლია.
ამგვარად, მტრებისთვის ლოცვა ამოწმებს იმას, რომ მლოცველს სულიწმიდა შეუწყნარებია და უფალ იესუ ქრისტეს მსგავსი ჭეშმარიტი პიროვნება გამხდარა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ეკლესიის წიაღში არსებობენ ადამიანები, ვინც მთელი სამყაროსთვის და თავიანთი მტრების ცხონებისთვისაც ლოცულობენ, ცოცხალ მოწმობას წარმოადგენს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია.
წმინდანები სისხლის დაღვრამდე ლოცულობენ მთელი კაცობრიობის გადარჩენისთვის, მაგრამ მსოფლიო უფრო და უფრო მეტად ეშვება უდებების სიღრმეში. ისე ჩანს, თითქოს ასეთი ლოცვა უმოქმედოდ რჩება, რამეთუ მსოფლიო მას არ იღებს. მართლაც, როდესაც ლოცვა ადამიანის თავისუფალ ნებას ეჯახება და ისინიც თავიანთი ნებით ემორჩილებიან ბოროტებას, მაშინ ჰიპოსტასურ ლოცვას მსოფლიოსთვის უშუალო ნაყოფები არ მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოცვას ადამიანები არ შეიწყნარებენ, მისი (ლოცვის) ძალა დიდი სიმძაფრით უბრუნდება მლოცველს. წმინდა სოფრონი ამბობდა ხოლმე, – ამგვარი ლოცვა ადამიანს წმინდა ჭრილობას აყენებს და განწმენდსო.
იმის მიუხედავად, რომ ეს ასე ჩანს, გულისტკივილიანი ლოცვა მსოფლიოსათვის მაინც არ არის ამაო, რადგან სწორედ უცნობი წმინდანების მადლით იცვლება ისტორიულ მოვლენათა მდინარება. წმინდანები არიან მარილნი ამა სოფლისა და ამ სამყაროს არსებობას აძლევენ აზრს. შესაბამისად, წმინდანის ჰიპოსტასური ლოცვა ქრისტეს გეთსემანიური ლოცვის მიერ იქცევა იმ ძალად, რომლის მეშვეობითაც ეს სამყარო არსებობს.
ჰიპოსტასური ლოცვის მეოთხე სახეობა არის სუფთა ლოცვა. წმინდა სოფრონის სწავლების მიხედვით, სუფთა ლოცვისას მლოცველმა აღარ იცის სხეულში იმყოფება თუ სხეულს გარეთ. მხოლოდ ის იცის, რომ მთელი მისი არსება სულიწმიდაშია ჩაძირული. ამგვარი სახის ლოცვა არის სუფთა ქარიზმატული მდგომარეობა. იგი ეძლევა იმ ადამიანს, რომელიც სრულადაა მიცემული სინანულს და ქრისტეს წინაშე ყოველი ადამიანის ცხონებისათვის ღაღადებს.
წმინდა სილუანის სწავლების თანახმად, სუფთა ლოცვა მსოფლიოს ცხონებისათვის ლოცვას ენაცვლება. იმ წუთებში, როდესაც ადამიანის სული ღმერთის სულშია ჩაძირული, მლოცველს დედამიწა ავიწყდება და არამიწიერ ნეტარებას შეიგრძნობს. გაიგებს რა ადამიანის ზებუნებრივ მოწოდებას, თავის ჩვეულ გარემოში დაბრუნებული ატყობს, რომ კაცობრიობის უმეტესობა შორსაა ამ დანიშნულებისგან და მათი ასეთი განწყობის გამო, ფაქტობრივად შეუძლებელიცაა ამ მიზნის მიღწევა.
ჰიპოსტატური ლოცვის შემდეგი სახეობაა – მადლიერება. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება შესაძლებელია არა მხოლოდ მძაფრი სინანულის მეშვეობით, არამედ დადებითი გზითაც, – ქრისტესადმი განუწყვეტელი და სრული მადლიერებით, მისი აურაცხელი და გამოუთქმელი ქველისმოქმედებების გამო, რომელსაც ყოველი ჩვენგანისადმი მოიღებს.
ისევე, როგორც არსებობს პირადი და მსოფლიო მასშტაბის სინანული, არსებობს პირადი და მსოფლიო მადლიერებაც. ამგვარი დადებითი ასკეზის სახეობა ნებისმიერი ადამიანისთვისაა მისაღწევი, როგორი სულიერი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი მადლიერებისა და კეთილშობილების გრძნობას ეფუძნება.
პირველ ეტაპზე, ეს მადლიერება ყოველი სიკეთის მომცემელი უფლის მიმართ, მისი ხილული და უხილავი სიკეთეების გამო აღევლინება. როდესაც ადამიანი ამგვარ მადლიერებაზე მუშაობს, მაშინ უფრო და უფრო მეტად ეხილება თვალი ახალი საღმრთო საიდუმლოებების დასანახად. ადამიანში იბადება დაუოკებელი წადილი, რათა მოუკლებლად მადლობდეს ისეთ ღმერთს, როგორიც ქრისტეა! მადლობდეს ღირსეულად და ბოლომდე, მაგრამ ამავე დროს ხვდება, რომ ამგვარი მადლიერება ადამიანს არ შეუძლია და სინანულის მდგომარეობაში ვარდება. ეს არის სინანული მადლიერების გამო და ასეთ მადლიერებიან სინანულს ბოლო არ აქვს, რადგან საღმრთო სიკეთეებიც უსასრულოა.
როგორც ცოცხალი რწმენის მეშვეობით იმკვიდრებს ქრისტე ჩვენს გულში, აგრეთვე იგი მადლიერების ღვაწლითაც შემოდის ჩვენში. ჰიპოსტასური ლოცვის ეს სახეობა იმას წარმოაჩენს, რომ ადამიანი გამხდარა ,,ორმაგი’’, ანუ მის გულში მკვიდრობს და მოქმედებს ქრისტე, რომელიც თავადაა სრული, ჭეშმარიტი და სუფთა მადლიერება ზეციური მამის მიმართ.
,,სათნოებათმოყვარეობის’’ მამები ხაზს უსვამენ: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აყვედრის იმას, რომ არ უყვარს ქრისტე ისე, როგორც უნდა უყვარდეს და არ მადლობს მას, როგორც უნდა მადლობდეს, მისი ამგვარი განწყობის გამო, ღმერთი წადილს უსრულებს და გაიხარებს უფლის დღის ხილვით, როგორც თქვა წინასწარმეტყველურად: ,,აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა’’(ინ.8:56).
ღმრთისადმი მადლიერების შესახებ კიდევ ამას ვიტყოდი: ის, რისთვისაც ღმერთს განუწყვეტლად ვმადლობთ, ჩვენს მარადიულ საკუთრებად იქცევა. ამაში მდგომარეობს ევქარისტიის ძალაც. ლიტურგიის დროს ჩვენ ღმერთს ვმადლობთ იმისთვისაც, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვივლინა, რათა ჩვენი გადარჩენისთვის მომკვდარიყო; ამიტომ, როდესაც ღმერთს ყველა სიკეთისა და ზოგადად, ჩვენი გადარჩენისთვის ვმადლობთ, მაშინ ესეც ჩვენს მარადიულ კუთვნილებად იქცევა.
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©