წმ. ანტონი დიდის მონასტერი 1

წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერი სონორას უდაბნოში (არიზონის შტატი, აშშ) (ნაწილი 1)

ბერდიაკონი ნიკონი(გოროხოვი)

“ყოველგვარი მოქმედება სათავეს რაღაც სურვილიდან და აზრიდან იღებს“- ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა შორეულ ამერიკაში, სადაც წასვლის სურვილი არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის წიგნმა – “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”, გამიღვივა. ეს წიგნი ჩვენი დროის მონაზვნური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი და ჭეშმარიტი საგანძურია. მასში ცოცხლადაა აღწერილი ათონური მონაზვნური ცხოვრების სულიერი ტრადიცია და გამოცდილება. იგი ყველა ქრისტიანისა და ერში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდი სულიერი სარგებლის მომტანია. განსაკუთრებით კი, საინტერესოა, მათთვის, რომლებიც მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომიან.
ჩემი აზრით, ეს წიგნი ღირებულია იმიტომ, რომ მასში იმ პატარა, მონაზვნური საძმოს, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებაა წარმოჩენილი, რომელსაც ღმერთშემოსილი მოძღვარი, წმინდა იოსებ ისიქასტი, ედგა სათავეში. იგი აღწერს სწორი სულიერი აღზრდის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია უსიტყვო მორჩილებაზე და გულისხმობს მოძღვრის სრულ ნდობას, მისი დარიგებების ზედმიწევნით აღსრულებასა და საკუთარი ნების უარყოფას, ეს კი მორჩილისთვის ძალიან დიდ სულიერი წარმატების მომტანია.

წიგნი დაწერილია არქიმანდრიტ ეფრემის (არიზონელის) მოგონებების მიხედვით, იგი იოსებ ისიქასტის ერთ-ერთი უახლოესი სულიერი შვილი იყო.
როგორც ვიცით, უფლის გზები შეუცნობელია, და სწორედ ამ სულიერი სარგებელის მოპოვებისა და ათონური მონაზვნური სულის ატმოსფეროში ჩაძირვის მიზნით, გავემართე ამერიკაში, არც თუ ისე მარტივ მოგზაურობაში, რათა ცოტა ხნით მეცხოვრა იოსებ ისიქასტის სკოლის ერთ-ერთ უდიდეს მონასტერში.

მცირე ისტორია

ვისაც ეს წიგნი წაკითხული აქვს, ალბათ, ემახსოვრება, თუ როგორ უწინასწარმეტყველა წმინდა იოსებმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმონაზონ ეფრემს, რომ რაღაც დროის შემდეგ, ის მრავალი მონასტრისა და მონაზვნის სულიერი წინამძღოლი გახდებოდა. ეს წინასწარმეტყველება მამა იოსების გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში აღსრულდა. 1973 წელს, მღვდელმონაზონი ეფრემი ათონის წმინდა მთის ერთ-ერთი უძველესი მონასტრის – ფილოთეოსის წინამძღვრად გამოარჩიეს. მან საძმოში თავიდანვე დანერგა იოსებ ისიქასტის პრაქტიკა და დღის განრიგი, რომელიც სხვა ათონური მონასტრების განრიგისგან განსხვავდებოდა. ამიტომაც ამ ტიპიკონის მიმღებ მონასტრებს “ფილოთეურებს’’ უწოდებენენ, ასეთებია: ფილოთეოსის, ქსიროპოტამის, კონსტამონიტისა და კარაკალის მონასტრები, რომელთა წინაძღვრები მამა ეფრემის სულიერი შვილები და წმინდა იოსებ ისიქასტის მემკვიდრეები არიან. უშუალოდ, საბერძნეთში მამა ეფრემის სულიერ ხელმძღვანელობას ექვემდებარება ექვსი მონასტერი, მათ შორისაა დედათა მონასტრებიც. ყველაზე უჩვეულო ის ფაქტია, რომ მამა ეფრემმა კანადაში ერთი, ხოლო ამერიკაში თვრამეტი (შვიდი მამათა და თერთმეტი დედათა) მონასტერი დააარსა.

ასევე საკვირველია, რომ, სირთულეების მიუხედავად, ეს მონასტრები სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, ერთმანეთის მიყოლებით აშენდა და ამერიკის კონტინენტზე, სწორედ იქ, სადაც ასეთი სულიერი ზრდის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, მართლმადიდებლობის შუქურად იქცა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

1979 წელს მამა ეფრემს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. კანადაში მცხოვრება მისმა სულიერმა შვილებმა, კანადელმა ბერძნებმა, ოპერაციის კანადაში ჩატარება შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ მამა ეფრემი ამერიკაში გადავიდა და თვეზე მეტი გაჩერდა. იგი ხვდებოდა, მოძღვრავდა და ესაუბრებოდა ბერძნული დიასპორის წარმომადგენლებს. მალევე დარწმუნდა, რომ ბერძნულ ემიგრაციულ სივრცეში სულიერი ცხოვრება საკმაოდ დაკნინებული იყო. ისინი დიდი ხნით, აღსარებისა და ზიარების გარეშე მყოფები, მძიმე ცოდვებში ჩაფლულიყვნენ და სულიერ ცხოვრებას გაუცხოებულები, ივიწყებდნენ ბერძნულ, ეროვნულ ტრადიციებს. ამაო ვნებებს მიცემულნი გავდნენ ცხვრებს, რომლებსაც მწყემსი არ ჰყავდათ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ და საით წასულიყვნენ.

მამა ეფრემი

ამერიკელმა და კანადელმა ბერძნებმა მამა ეფრემისგან საკმაოდ დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს და მისი ათონზე დაბრუნების შემდეგ თბილ წერილებს სწერდნენ, ცრემლებით ევედრებოდნენ მათთან კიდევ ჩასულიყო და არ მიეტოვებინა ისინი. ამის გამო, მამა ეფრემი მათთან ხშირად ჩადიოდა. თავდაპირველად ის კანადში ეწვია ტორონტოს, ვანკუვერსა და მონრეალს. შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიიწვიეს. საბოლოოდ, წმინდა მთის პროტატმა გააფრთხილა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და უნდა აერჩია ან ათონი ან ამერიკა. მამა ეფრემმა ილოცა და უფალმაც გამოუცხადა, რომ მისი ადგილი ამერიკაში იყო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ აშშ-ში გადასულიყო და თავისი სამწყსო სულიერად გამოეკვება.

თავდაპირველად მას კოსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკული საარქიეპისკოპოსო სინოდი არ იღებდა და იძულებული გახდა, მიემართა ემიგრაციული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიითვის, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსგან გახლდათ გამოყოფილი. “იქ ძალიან დიდი სიყვარულით მიმიღეს’’, – ასე იხსენებს თავად მამა ეფრემი. იგი ამ ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ წელიწადზე მეტხანს იმყოფებოდა. შემდეგ კი დიდი ათონელი მამა თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავისი პირადი მფარველობის ქვეშ აიყვანა. აი, ასე დაბრუნდა იგი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წიაღში და მიენიჭა უფლება, რომ აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე მონასტრები დაეარსებინა.

პირველი დედათა მონასტერი პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგთან ახლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო, შემდეგ კი, აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე თანდათანობით მომრავლდა სავანეები. არიზონის შტატის სონორას უდაბნოში, თავად მამა ეფრემის უშუალო მონაწილეობით აშენდა წმინდა ანტონი დიდის სახელობის მთავარი მონასტერი, რომელიც აღნიშნულ სავანეთა შორის ერთ-ერთი პირველი დაარსდა და არქიმანდრიტი ეფრემის მუდმივ საცხოვრებლად იქცა.

ოაზისი უდაბნოში

არიზონის შტატის ქალაქ ტუსონში მამა ეფრემის ერთი ნაცნობი მღვდელი, მამა ანტონი, ცხოვრობდა. ერთხელაც მამა ეფრემი მასთან ერთად არიზონის უდაბნოში გაემართა, რომ მონასტრის ასაშენებლად შესაბამისი ადგილი ენახა. დღესაც შეხვდებით გზაზე გამოტანილ ბანერებს წარწერით “Sale’’ და მფლობელის ტელეფონის ნომრით. უდაბნოს გზაზე უეცრად მამა ანტონის მკვეთრად მოესმა საეკლესიო ზარების ხმა და წამოიყვირა: “მამაო, გესმის? ზარების ხმაა!’’. გასაოცარია ის, რომ ირგვლივ არანაირი ნაგებობა არ ჩანდა და მამა ეფრემმაც ეს მოვლენა ღვთის ნიშნად ჩათვალა. ისინი მალევე გაემართნენ ადგილიდან 15 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ფლორენსში, რათა გაეგოთ, იყიდებოდა თუ არა მიწის ის ნაკვეთი, სადაც ზარების ხმა შემოესმათ. აღმოჩნდა, რომ, მართლაც, იყიდებოდა. მფლობელმა ფასი ორმაგად დაუკლო, როცა გაიგო თუ რისთვის უნდოდათ ნაკვეთი. 1995 წელს, ხუთი ათონელი მონაზონი, მამა ეფრემთან ერთად “დესანტად’’ გადმოსახლდა ამ მშრალ, ველურ ადგილას და მშენებლობას შეუდგა.

წმ. ანტონი დიდის მონასტერი 3

თავდაპირველად მატერიალურად ძალიან უჭირდათ. არ ჰქონდათ ელექტროენერგია, წყალი და სამშენებლო მასალები, მაგრამ მამა ეფრემს სირთულეები არ აშინებდა და ძმებს არწმუნებდა, რომ ღმერთს მინდობოდნენ. ის ამბობდა: “აქ იმისთვის მოვედით, რომ მონასტერი დავაარსოთ და უფალიც აუცილებლად აკურთხებს ჩვენს შრომას’’, ასეც მოხდა – მალე დიდი რაოდენობით თანხა და სამშენებლო მასალები შესწირეს.

მამებმა რამდენიმე ვაგონიდან ერთში ტაძარი მოაწყვეს, მეორეში სატრაპეზო, ხოლო დანარჩენებში თავიანთი საძინებელი. დღეში თხუთმეტ საათს შრომობდნენ, თანაც ღამე ლოცვაც არ უნდა ჩაეგდოთ. რთული იყო, მაგრამ უფალი მათ ძალასა და სიმტკიცეს ჰმატებდა. მალევე აშენდა წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ნექტარიოს ეგინელის სახელობის ტაძრები, სატრაპეზო, ძმებისა და მომლოცველების საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები. აღსანიშნავია, რომ ტაძარი რეკორდულ დროში – სულ რაღაც ოთხ თვეში ააშენეს და მისი კურთხევა ზუსტად წმინდა ანტონი დიდის ხსენების დღეს დაემთხვა. მონასტრის თითქმის ყველა ნაგებობა საძმოს ხელით აშენდა.მამა ეფრემის კურთხევით, ციტრუსისა და ზეთისხილის პლანტაციები გააშენეს და ეს მზისგან გამომწვარი, უდაბური ადგილი, ნამდვილ სამოთხისეულ ოაზისად აქციეს. ასეთი შემოქმედებითი სასწაული შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მონასტერმა მალევე მიიქცია მრავალი ტურისტისა და მომლოცველის ყურადღება. წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000-მდე ადამიანი სტუმრობს ამ დიდებულ სავანეს და არიზონის შტატში, მნახველების რაოდენობრივი სტატისტიკის მიხედვით, იგი მესამე ადგილზეა. აშშ-ში გამგზავრება არც ისე ადვილი საქმეა და მას მრავალი საზრუნავი და დაბრკოლება ახლავს თან. მეც მოვამზადე ყველაფერი, ბილეთი ჯიბეში მქონდა, განწყობაც შესანიშნავი, მაგრამ ოდნავ მაინც ვღელავდი, ვფიქრობდი, – “როგორ შემხვდებიან? ვნახავ კი მამა ეფრემს? შევძლებ შეკითხვის დასმას?’’….

არიზონის დედაქალაქის – ფენიქსის აეროპორტში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. უეცრად დავინახე მონაზონი, რომელსაც სკუფიაზე წითელი ჯვარი ჰქონდა ამოქარგული და ვიფიქრე, აეროპორტიდან მონასტერში წასაყვანად ვინმეს ელოდებოდა. მივედი, მივესალმე და ვკითხე. მართლაც, აღმოჩნდა, რომ ის საბერძნეთიდან ჩამოსულ მონაზონს უცდიდა, იგი მალევე გამოჩნდა და მონასტრისკენ ერთად გავემართეთ.

როგორც ნათქვამია, “ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო’’. მამა ეფრემსა და მის მონასტრებზე მთელი მსოფლიოს ქრისტიანულ სივრცეში ბევრს საუბრობენ, ყველამ ვიცით, რომ ის ღირსი იოსებ ისიქასტის მოწაფე და ჭეშმარიტი ათონური მონაზვნური ტრადიციის გამგრძელებელია და რომ ამერიკაში 18 მონატერი დააარსა, სადაც მრავალი ადგილობრივი ამერიკელიც აღიკვეცა. დადის მრავალი ჭორიც, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, თუ რითი განსხვავდება მისი მონასტრები ჩვენი მონასტრებისგან, რაზე კეთდება აქცენტები, როგორი პირობები აქვთ, როგორი სულიერი ცხოვრება, როგორი ტიპიკონები და ა.შ. სწორედ ამ ყველაფრის გაგება მინდოდა. აქვე ვიტყვი, რომ ნანახმა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც კი მთავარი კარიბჭის გავლით მონასტრის ეზოში შევედი, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს სამოთხეში შევაბიჯე. ყველგან სიმწვანე, შადრევნები, ყვავილები, ფრინველები, ფერადი პეპლები იყვნენ, ისინი ისე გართულიყვნენ კეთილსურნელოვანი ყვავილებიდან ნექტრის შეგროვებით, რომ მათ მოფერებასაც კი შეძლებდით. რადგანაც ჩემი რეისი საღამოს ჩამოფრინდა, მონასტერში მისვლისას, უკვე ყველა თავის კელიაში დასასვენებლად შესულიყო. მამა ეფრემის მონასტრებში, მამები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ, 3-3 საათით იძინებენ. მიმიყვანეს ოთახთან, სადაც უნდა მოვთავსებულიყავი და გამაფრთხილეს, რომ მონასტრის მთავარ ტაძარში მსახურება შუაღამიდან ერთ საათში დაიწყებოდა. ოთახი იყო ორ ადამიანზე გათვლილი და საკმაოდ უბრალოდ გამოიყურებოდა. მთელი იქ ყოფნის პერიოდი მარტო ვიყავი. ოთახში იდგა ორი საწოლი, ორი მაგიდა, ტუმბო და კარადა, სადაც ტანსაცმლისთვის განკუთვნილი ბევრი საკიდი ეკიდა, სრულიად კმაყოფილი ვიყავი. სავანის ტერიტორიის დათვალიერება აღარ დამიწყია და მალევე დავწექი დასაძინებლად, სამ საათში უკვე მსახურებაზე უნდა ვყოფილიყავი.

არქიტექტურა

მონასტრის ყველა შენობა: ტაძრები, საძმოს საცხოვრებელი კორპუსები, მომლოცველებისთვის განკუთვნილი სასტუმრო ნაგებობები სხვადასხვა არქიტექტურულ სტილშია აშენებული და, ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ არის.

წმ. ანტონი დიდის მონასტერი 4

მართლმადიდებლობის უნივერსალიზმი თავის თავში აერთიანებს მისი აღმსარებელი ერების სტილებისა და განსაკუთრებულობის მრავალფეროვნებას, რომელიც მხოლოდ ერთი, ადგილობრივი ეკლესიის პრაქტიკით თავისთავად ვერ ამოიწურება. წმინდა ანტონი დიდის მონასტერში სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს ვხვდებით. მაგალითად, წმინდა ანტონის სახელობისა და წმინდა ნექტარიოს ეგინელის ტაძრები ბერძნულ ბაზილიკას გვაგონებენ; წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ტაძარი – სერბულ სტილშია, წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი – რუმინულში, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი კი რუსულ ელემენტებითაა გაფორმებული. სავანეში არის ასევე წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკვდერიც, რომლის არქიტექტურაშიც ვხვდებით რუსულ ელემენტებს. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ეს ტაძრები მთლიანად რუსულ სტილშია, რადგანაც მონასტრის მთელი არქიტექტურა ერთგვარი ეკლექტიკაა, რომელიც სხვადასხვა სტილითაა აშენებული. ისინი ერთმანეთში თანაბრადაა შერწყმული ისე, რომ რომელიმე მათგანი არ დომინირებს.

მონასტრისგან ოდნავ მოშორებით, შუა უდაბნოში, ქვიან, შემაღლებულ ადგილზე, აღმართულია წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირული ბერძნული სტილით სუფთა, თეთრი კედლებითა და ცისფერი გუმბათით არის ნაგები.

მონასტრის ტერიტორიაზე ქვითმოკირწყლული ბილიკები დახვეწილადაა განტოტვილი. სავანეს გარს ერტყმის სიმბოლური ღობე, რომელიც ამ უმშვენიერეს ოაზისს ველური უდაბნოსგან გამოყოფს. ღობესთან ახლოს დიდი სიყვარულითა და გემოვნებით შერჩეული ხეები, ბუჩქები და ყვავილებია დარგული. მონასტრის ბაღს კი შადრევნები ამშვენებენ, რომლებიც ესპანურ სტილშია შესრულებული.

შუაგულ უდაბნოში ეს ყველაფერი დიდებულ სანახაობას წარმოადგენს და “იმედის კუნძულის’’ მსგავს განცდას ბადებს.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©