აუცილებელია, ისეთივე სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიჩინო, როგორც სხვა ცოდნის შეძენისას იჩენდი. ამ საქმეში განსაკუთრებით გვებრძვის ეშმაკი, რათა წინ აღუდგეს ჩვენს წინსვლას. საჭიროა სიმტკიცე, გულმოდგინება, თავის იძულება. იაკობ მოციქული თავისი უბრალოებით გვასწავლის: ”წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან”.
რამდენი რამ შევიძინე მე ამ სკვნილისა და მოუკლებელი ლოცვის წყალობით! რამდენ საცდურსა და განსაცდელს გავექეცი, რომელთა დაყოლაც შეიძლება ცხონების ფასად დამჯდომოდა! დაბნელებულ გონებას, რომელიც ვნებებით და უმოქმედობით არის დატყვევებული, არ სურს, ქრისტეს მოუხმოს საშველად. ამიტომ იძულებით უნდა ვაკეთებინოთ საქმე, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რადგან უფალი ბრძანებს: ”თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი”.
იესუს ლოცვის შესახებ სიტყვა გამიგრძელდა, რადგან გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მაცხოვრის ყოვლადწმიდა სახელის გამუდმებული მოხმობის გარეშე, მარტო ჩვენი თავის ამარა, ვერ შევძლებთ უხილავ ბრძოლაში ბნელეთის ძალების დამარცხებას. ნუ დაკარგავთ სიმხნევეს – იარეთ ვიწრო და ძნელი გზით, რადგან შეუცდუმლად მხოლოდ ის მიგვიყვანს ცხონებამდე. როდესაც გონებას სიზანტეს შეამჩნევთ, ისევ და ისევ მოუხმეთ ლოცვას და ნუ შეასუსტებთ მცდელობას და ”ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას”. რათა უხვად დაასაჩუქროს ისინი, ვინც ხსნას ტკივილითა და უდიდესი მოთმინებით ევედრება.
ლოცვა იწყება სიტყვებით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” – ეს პირველი ეტაპია; მომდევნო ეტაპზე სული თავს ანებებს მრავალსიტყვაობას, რათა ყურადღების მოკრება შეძლოს. როდესაც გულმოდგინების წყალობით ეს ყოველივე ჩვევად იქცევა, მაშინ მადლი ქრისტესადმი სიყვარულის გრძნობით ვლინდება. ადამიანი აღარ თხოულობს, არამედ ხარობს და უწინდელი მცდელობის და ბრძოლის ნაყოფის გემოსხილვით ნეტარებს. როდესაც ადამიანში ლოცვის მადლი გამეფდება, მაშინ იწყება მისი განახლება და ”ძველი კაცი” თავისი ჩვევებითა და ვნებებით განქარდება. ადამიანი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, არ არის ამა სოფლის გრძნობათა ტყვე. მას არ იზიდავს ის, რაც სოფლისთვის მშვენიერი და მიმზიდველია, და რჩება ოდენ ყოველივეს აღმავსებელი სურვილი – გიყვარდეს ქრისტე!..
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ