ლოცვა არის ყველაზე მტკივნეული შრომა, ამიტომაც მოგვიწოდებს პავლე: ”ლოცვას აგანეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით”. ეს არის შრომა გონებისა. ცნობისმოყვარეობისა და მიმოფანტულობას შეჩვეულ მოხეტიალე გონებას შეზღუდვა და ”დილეგში” გამომწყვდევა არ მოსწონს. ასეა მანამ, სანამ მადლი ღმრთის შეგრძნების კარს არ გახსნის და როცა ეს მოხდება, გონება უკვე აღარასდროს მოისურვებს ღმერთთან ერთობის სიტკბოს განეშოროს. იმ სიტკბოს, რომელშიც არის ანგელოზთა ნეტარება და საზრდო, მართალთა დიდება და სიხარული და მარადიული ცხოვრების გემოსხილვა.
ლოცვას ვერ აღწერ, მაგრამ ვინც იგი სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეიგრძნო, მის გამოუთქმელ სიდიადეს შინაგანად განიცდის. ლოცვა შეგაძლებინებთ, სრულიად იხილოთ ბუნების გამოუთქმელი მშვენიერება – იგი თქვენთან ისაუბრებს და გაგიღიმებთ. ბუნება კი არ შეიცვლება, არამედ ძველებურად ხან მკაცრი იქნება, ხან მყუდრო, თუმცა თქვენს სულს ეს ყველაფერი თვალწარმტაც სილამაზედ მოეჩვენება; როგორ ხდება ეს – ამის ახსნა შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია – როდესაც თქვენი სული ლოცვით განიწმინდება, მაშინ იხილავთ ენით უთქმელი სიხარულით მოცულ ბუნებას. თუ ლოცვის წყალობით ამაღლდებით, ბუნებას შეიცნობთ უფრო აღმატებული სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბუნება ილოცებს თქვენთან ერთად.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ