ჩვენი გული გამოუკვლეველი სიმდიდრის საუნჯეა. ამასთან ერთად, ეს საუნჯე შეიძლება იყოს ან საღმრთო, ანდაც დემონური. ჩვენ ხომ წმინდა წერილიდან ვიცით, რომ გულია წყარო ბოროტი გულისსიტყვებისა(მკ. 7:21)
ჩვენი გული არამხოლოდ ამაო და წარმავალი აზრებისა და ოცნებების გროვის ქვეშაა დამარხული, არამედ სეიფის მსგავსად საიმედოდაა ჩაკეტილი. სწორედ გულში მიდის უხილავი სამუშაოები, რომელზეც გავლენას ახდენს ჩვენი აზრების მოძრაობები და სულის მიდრეკილებები. თუ არ მოვთოკეთ ჩვენი გონება და სული თავიანთ სურვილებში, მაშინ ჩვენი გული მალე ბოროტების გენერატორი გახდება. თუკი გონება თავისუფალი ნებით ემორჩილება სულს, მაშინ იწყება ბრძოლა გულის დაუფლებისთვის.
ერთის მხრივ, დემონები ცდილობენ, რომ ცოდვის სიტკბოებით მოიპოვონ ძალაუფლება გულზე, ხოლო მეორეს მხრივ კი ქრისტე მოქმედებს ადამიანის სულის მიერ. სული კი ლოცვისა და მარხვის მეშვეობით გულისკენ მიმავალ პირდაპირ გზას ეძებს. ეს პირდაპირი გზა უამრავი კარითაა ჩაკეტილი და საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა, დრო და შეუპოვრობა, რომ როგორმე გავაღოთ ისინი.
წმინდა მამათა ეს აურაცხელი ნაშრომებიც სწორედ გულის დაუფლების მეცნიერებაა. ლოცვით გულში ჩასვლა სხვა არაფერია თუ არა, ჩვენში დახშული გულის კარების გახსნა და მასში შესვლა. ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის და მყისვე ამოქმედებას იწყებენ ამ შეღწევის საწინააღმდეგო თავდაცვითი მექანიზმები.
აზრი აქეთ იქით ხეტიალს იწყებს და არ სურს, რომ ლოცვის სივიწროვეში გაჩერდეს. მოუკლებლად გვახსენდება დაუმთავრებელი საქმეები და საზრუნავები და გვეჩვენება, რომ გადაუდებლად უნდა დავამთავროთ ისინი. დემონები წარმოსახვებისა და შეგრძნებების მიერ იწყებენ ჩვენთან თამაშს, რათა როგორმე სინანულის განწყობა დააკარგვინოს მლოცველს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ლოცვას უნაყოფოს ხდის.
წმინდა მამებმა ეს პრობლემები საკუთარ თავზე შეისწავლეს, გამოსცადეს და გადალახეს კიდეც. ამიტომაც გვირჩევდნენ, რომ არ ჩავიციკლოთ სხვადასხვა ლოცვითი ტექსტების, კანონებისა და დაუჯდომლების კითხვით. სწორედ ამას გვასწავლის ნაწილობრივ მათეს სახარების ცნობილი ადგილი: ,, რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი’’(მთ.6:7). წმინდა თეოფანე დაყუდებული თავის წერილებში ხშირად წერს და გვირჩევს, რომ არ ვიყოთ კანონის მონები:
,,ყველანაირად ვეცადოთ, რომ ლოცვისას ფორმალობას გავექცეთ. დაე ეს იყოს ჩვენი მხრიდან კარგად გააზრებული, თავისუფალი გადაწყვეტილება და გრძნობითა და გაცნობიერებით აღვასრულოთ. ზოგჯერ შეიძლება კანონის შემცირებაც მოგიწიოთ. განა ოჯახურ გარემოში ცოტა რამ შეიძლება მოხდეს? შეიძლება ნაწილი წავიკითხოთ, ან ისეც მოხდეს, რომ ვერაფერი წავიკითხოთ, მაგრამ რამდენიმე მუხლდრეკა გავაკეთოთ და მთელი გულით ვესაუბროთ ქრისტეს. კანონს სრული თავისუფლებით უნდა მოეკიდოთ. იყავით თქვენი ლოცვითი კანონის ბატონები და არა მონები. მონა მხოლოდ ქრისტესი უნდა იყო და შენი ცხოვრების ყოველი წამი მის სათნოყოფას მიუძღვნა’’.
მიაქციეთ ყურადღება: წმინდა თეოფანე ლოცვაში ანარქიულობისკენ კი არ მოუწოდებს თავისი წერილის ადრესატს, არამედ ცდილობს, რომ როგორმე მექანიკური ლოცვის ტყვეობიდან გაათავისუფლოს. ამ ტყვეობაში დროდადრო ყველანი ვართ ხოლმე! რას ნიშნავს ,, შენი ცხოვრების ყოველი წამი’’? იმას ნიშნავს, რომ ლოცვა დილისა და საღამოს კანონით არ შემოისაზღვრება, არამედ ის ქრისტიანის მთელ დღეს და ცხოვრებასაც მოიცავს.
წმინდა ასკეტი ამის შესახებ სხვადახვა ადამიანებს დაუღალავად უმტკიცებს და ასწავლის, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მოუკლებლად მიედინება გულში. ეს ყველაფერი კი უპირველესად მდგომარეობაა და არა მხოლოდ ლოცვის სიტყვები. ლოცვა არის ყველაფერი, რაც ჩვენში ქრისტეს ხსოვნას კვებავს. არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ეს მხოლოდ წმინდანებისა და მონაზვნების საქმეა. სულაც არა!
ჭურჭელს რეცხავ – იფიქრე: ,,უფალო, როგორც მე ამ ჭურჭელს ვწმენდ, ისე განწმინდე ჩემი გულის სიბილწე’’. ასე ილოცე და შენში რაღაც დროის შემდეგ, ლმობიერება, ყურადღება და სინანულის განწყობა გაღვივდება.
თუ ექიმთან ხარ მიღებაზე, რამდენიმეჯერ მაინც წარმოთქვი გონებაში: ,, უფალო, განკურნე ჩემი სულიერი და ხორციელი ვნებები’’ – ამით მადლს მოიზიდავ შენში.
მასწავლებელი ხარ და გაკვეთილზე ხარ? ილოცე ასე: ,,უფალო, მასწავლე მეც როგორ ვცხონდე!’’
საჭესთან ზიხარ? განაწყვე საკუთარი თავი: ,, უფალო, შენი სასუფევლისკენ წარმართე ჩემი გზა’’.
ნებისმიერი საქმიანობისას ასეთი მცდელობებით შეიძლება მიწიერი საგნებიდან ზეციურის ჭვრეტამდე ამაღლდე, ილოცო და საკუთარ თავში ქრისტეს ხსოვნა აღზარდო. აი, სწორედ ამას გვასწავლიან წმინდა თეოფანე დაყუდებული და სხვა წმინდა მამები. მაშინ დილისა და საღამოს კანონი, საწყისი და ფინალური აკორდები გახდება ჩვენთვის, ხოლო ძირითადი სიმფონია კი მათ შორის აღესრულება. ჩვენ კი სამწუხაროდ, ლოცვაში მხოლოდ ეს საწყისი და ფინალური აკორდები დავტოვეთ და მთელი სიმფონია ამოვიღეთ. რა თქმა უნდა, თუ მთელი დღე ქრისტეს ესაუბრები და დღის ბოლოს დაღლილობისგან კანონის სრულად შესრულება ვერ მოახერხე, ეს არც ისე დიდი პრობლემაა. ჩვენ კი დღის განმავლობაში არხეინად ვცხოვრობთ და ლოცვა ჩვენთვის სულიერ ფორმალობად იქცა.
ასეთი ფორმალური დამოკიდებულების წინააღმდეგ ილაშქრებს წმინდა თეოფანე:
,, ლოცვანიდან ლოცვის კითხვა ჩვენს გონებას განაბნევს’’ და ასევე: ,, ქრისტეს არც ჩვენი მუხლდრეკები სჭირდება, არც ჩვენი მრავალსიტყვიანი ლოცვები, არამედ გულიდან ამომავალი მოკლე და ძლიერი ღაღადისი, აი რას ითხოვს ის ჩვენგან!…’’
აი, ასე: ,,მოკლე და ძლიერი ღაღადისი!’’. ვისაც ოდესმე ბურღი გამოუყენებია, იცის, რომ პატარა ნახვრეტის გახვრეტა უფრო მარტივია, ვიდრე დიდის. ამიტომაც, როდესაც მყარ მასალაზე დიდი დიამეტრის ნახვრეტის გახვრეტაა საჭირო, თავიდან პატარა ბურღს იყენებენ, რათა პატარა ნახვრეტი მაინც გააკეთოს და შემდეგ აფართოვებენ საჭირო ზომაზე.
ამ მაგალითის მიხედვით ლოცვითი შრომა შეიძლება დურგლის საქმიანობას შევადაროთ. ნამდვილად უფრო მარტივია ჩვენი გულის სქელი ზედაპირის პატარა ლოცვით გახვრეტა. როდესაც მოუკლებლად იმეორებ მოკლე ლოცვას, გონება ერთ წერტილში მალევე იკრიბება, ნამდვილ ,,ბურღად’’ იქცევა და გულის სიღრმეში აღწევს.
ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივი ხდება იმ აზრობრივი გამოსახულებებისა და წარმოსახვების თავიდან აცილება, რომელსაც მტერი ჩვენს გონებაში გვიხატავს.
ყველაზე მარტივი და ეფექტური მაინც იესუს ლოცვაა: ,, უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ეს არის სწორედ ის ,,ბურღი’’, რომელიც ჩვენი გულის ზედაპირს გახვრეტს და შიგნით შეაღწევს.
მას შემდეგ, რაც ჩვენი გული იესუს ლოცვით გაფაქიზდება, სულ სხვა გემო ექნება ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ დილისა და საღამოს ლოცვებს.
მთავარია არ დაგვავიწყდეს ნებისმიერი ლოცვისთვის აუცილებელი წინაპირობა: სინანულისა და საკუთარი უღირსების შეგრძნება. ნებისმიერი ლოცვა თხოვნაა შეწყალებისა. შეწყალებას კი მსჯავრდებული დამნაშავეები ითხოვენ და სწორედ ასეთები ვართ ჩვენ ქრისტეს წინაშე.
თუ რამდენად სწორად ვილოცეთ, ამას მარტივად გავიგებთ ლოცვის ბოლოს, რადგან მისი ნაყოფებია: გონების სიჩუმე, სიმშვიდე, სიყვარული და სხვა დანარჩენი, რასაც პავლე მოციქული ჩამოთვლის. მაგრამ მთავარი ინდიკატორი ერთია და ამის შესახებ ხაზგასმით ამბობს წმინდა თეოფანე:
,, ღმრთის შიში, გულის სიმდაბლე და შემუსვრილება ნამდვილი შინაგანი ლოცვის უმთავრესი თვისებებია და სწორედ მათ მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სწორად მიდის თუ არა ჩვენი ლოცვა’’.
,, სინანულის განცდის გარეშე ლოცვა არ არსებობს’’.
და ბოლოს, ყველაზე ძვირფასი:
,, თუ ვინმე ლოცვის შემდეგ საკუთარ თავს უფლისგან ნებისემიერი სასჯელის ღირსად არ მიიჩნევს, მაშინ ასეთი ადამიანი ფარისევლად იქცევა’’.
სწორი ლოცვის შემდეგ, თითოეული მცირე ცოდვაც კი ძლიერად მოქმედებს ჩვენს სინდისზე. სული ქრისტესთან საიდუმლოებრივ კავშირს ამყარებს და ამიტომაც ნებისმიერი დაუფიქრებელი სიტყვა თუ საქციელი ჩვენს გულს აზიანებს.
თუ აქამდე ჩვეულებრივ დღეებში გვეზარებოდა ამ ლოცვითი გზის გავლა, მაშინ დიდი მარხვის პერიოდში მაინც დავდგეთ ამ ბილიკზე. აი ნახეთ, მარხვის შვიდი კვირის განმავლობაში ისე გამოვიწვრთნებით, რომ აღდგომის შემდეგაც არსად წავა ეს კეთილი ჩვევა. თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ძალები აღარ გვეყოფა, მაშინ ჩვეულებრივი კანონის ნაცვლად, რამდენიმე მუხლდრეკა აღვასრულოთ და სულ ცოტა ხნით მაინც ვესაუბროთ გულით ქრისტეს, როგორც ამას წმინდა თეოფანე გვირჩევს. მთავარია, რომ მთელი დღის განმავლობაში გვქონდეს ქრისტეს ხსოვნა და ვეცადოთ, რომ შინაგანი ლოცვით დავკავდეთ. მაშინ ლოცვა თავისთავად გამოათავისუფლებს თავისთვის დროს დილასაც და საღამოსაც.
მლოცველი უფრო სიღრმისეულად და ყურადღებით იწყებს საკუთარი თავისა და მის ირგვლივ მყოფი საცდურების ხედვას. არავისთვის საიდუმლო არ არის ის, რომ ეშმაკები დაუსრულებლად გვესხმიან თავს. ისინი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცბიერი არსებები და ნამდვილი ფსიქოლოგები არიან. ისინი ადამიანური ბუნების ამ ცოდნას ბოროტებაში იყენებენ და ყველაზე მარტივია მისთვის ჩვენს სუსტ წერტილებზე თავდასხმა. რაღატო გამოიგონოს რაიმე, როდესაც უმარტივესად შეუძლია, რომ მრისხანე გაღიზიანებაში ჩააგდოს, ამაყი – პატივმოყვარეობაში, გემოთმოყვარე კი ნაყროვანებაში. მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ფხიზლობს და ლოცვით შეიარაღებული იბრძვის ამ საცდურების წინააღმდეგ, მაშინ ეშმაკი უკვე ყველა სხვა შესაძლო ხრიკებს მიმართავს. ხშირად განსაცდელი შეიძლება იქედან მოვიდეს, საიდანაც საერთოდ არ ელოდებოდი. მაგალითად, შეიძლება გემოთმოყვარე მამაცურად ებრძვის თავის ძირითად ვნებას, მაგრამ უეცრად, თითქოს არსაიდან ის მოწყენილობაში ვარდება, ამას მოყვება სულით დაცემა და ერთი კარგი გამოძღომაც! ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც გვეჩვენება, რომ თითქოს რაღაც წარმატებას მივაღწიეთ და სათნოებებისა და ვნებების ,,მენეჯერები’’ გავხდით. ამ დროს, უფალი უშვებს, რომ პირდაპირ წუმპეში აღმოვჩნდეთ, რათა ჩვენში სიმდაბლე აღზარდოს. ამიტომაც, ჩვენი გულის თვალები მუდამ ფხიზლად უნდა იყოს მიმართული ყველა მხარეს, რადგან ჩვენი მტერი ჩვენს შესაჭმელად მრისხანე ლომივით დაძრწის. (1.პეტ. 5:8).
როდესაც მარხვაში გულმოდგინე ლოცვით ღვაწლს იწყებ, მაშინ ჩვენი გულის მრავალი დახშული კარები თანდათანობით იღება. იქ კი რას ვნახავთ? ამ დროს, თითქოს კომბოსტოს ფურცლებს ვაცლით და შიგნით თეთრი და ნორჩი გულის ნაცვლად, შეიძლება მატლიანი დამპალი მასა აღმოჩნდეს.
ასეთი ხილვის გამოცდილების გარეშე შეუძლებელია სინანულის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს დიდმარხვისეული ექსკურსია, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ის. ასე რომ, შევუდგეთ შრომას! ეს არ იქნება ადვილი საქმე, რადგან ჩვენი გულის ჯავშანი ფოლადზე უმტკიცესია, მაგრამ ის ინსტრუმენტიც, რომელსაც წმინდა თეოფანე და სხვა წმინდა მამები გვთავაზობენ, კიდევ უფრო მტკიცეა. მთავარია დავიწყოთ და ვიშრომოთ ქრისტესთვის!
წყარო: https://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©