ჭეშმარიტი მონაზვნობა არის წარუტაცებელი სულიერი თვალი და ძლიერი ნდომა ღვთისა.
მონაზონი ის არის, ვისაც ბრძოლის დაწყება ისევე ახარებს, როგორც მონადირეს – ნადირის პოვნა, და მის გამოსაწვევად განგებ გარბის.
მონაზონი ის არის, ვისი გონებაც სიცოცხლის ბოლომდე დღემუდამ ღმერთითაა აღტაცებული და გამუდმებით ამა ცხოვრებისათვის წუხს.
მონაზონი ის არის, ვისაც ისე სწყურია სათნოებანი, როგორც ავხორცს – გულისთქმანი.
მონაზონი ის არის, ვისი სულიერი თვალიც დაუჩრდილავი და ნათელია.
მონაზონი ის არის, ვისაც სული თავმდაბლობის უფსკრულად უქცევია, სადაც ყოველგვარ ვნებას დანთქავს და აშთობს.
ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან თავად არის საკუთარი თავის მტერი და მოწინააღმდეგე.
რამდენადაც სინათლისთვის უცხოა სიბნელე, იმდენად ამპარტავანი მონაზვნისთვის უცხოა ყოველგვარი სათნოება.
ამპარტავნის სულში გმობის სიტყვები იშვება, ხოლო თავმდაბლის სულში – ზეციური ხილვები.
ქურდს მზე სძულს, ხოლო ამპარტავანს – სიმშვიდე და თავმდაბლობა.
ვინც ამგვარ საპყრობილეშია ჩავარდნილი, მან სიბნელისგან დასახსნელად ტირილით ბევრი უნდა ევედროს ღმერთს, რადგან ასეთს ადამიანი ვეღარ უშველის და მხოლოდ ღმერთი თუ შეეწევა.
ერთხელ ეს უთავო ვნება, რომელიც დედამისის მხრებზე შემდგარიყო, ჩემს გულში აღმოვაჩინე. ორივე მორჩილების ხაფანგით მოვინადირე, თავმდაბლობით ვტანჯე და ვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. ტანჯვის შემდგომ მიპასუხეს: “ჩვენ არც დასაბამი გვაქვს და არც შობა, რადგან თავად ვართ ყოველგვარი ვნების დასაბამი და მშობელი. გვებრძვის მორჩილებისგან ნაშობი გულშემუსვრილება. ჩვენ არავის ვემორჩილებით. სწორედ ამიტომ, ურჩობის გამო, გადმოვცვივდით ზეციდან ზეცაში მთავრებად დაბადებულნი. მოკლედ ვიტყვით: ჩვენ ვართ ყველაფერი იმის მშობელნი, რაც თავმდაბლობას წინ აღუდგება. ჩვენი მოწინააღმდეგეა ყოველივე, რაც თავმდაბლობას შეეწევა. ჩვენ ზეცაშიც კი შფოთი შევქმენით და შენ როგორღა დაგვაღწევ თავს?! კაცთა გულში ხშირად შევდივართ მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფას დაითმენენ, მორჩილებას, ურისხველობას გამოიჩენენ, სხვის ძვირს აღარ გაიხსენებენ და იმოღვაწებენ. ჩვენ ვშობთ: სულიერ დაცემებს, რისხვას, გულღრძოობას, გულისწყრომას, გმობას, ყვირილს, ორგულობას, სიძულვილს, შურს, თავისმართლებას, თავნებობასა და ურჩობას.
მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვამარცხებთ და გეტყვით, თუ რა არის ეს. თუ ღვთის წინაშე ყოველთვის გულწრფელად დაიდანაშაულებ თავს, იცოდე, რომ ობობას ქსელივით დავდნებით შენს წინაშე”. როგორც ხედავ, ამპარტავნების ცხენი პატივმოყვარეობაა. ჭეშმარიტი თავმდაბლობა და თავის დადანაშაულება ცხენსაც შეარცხვენს და მხედარსაც. ისინი ტკბილად უგალობებენ უფალს გამარჯვების საგალობელს: “უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა” (გამოსვლა 15. 1) და თავმდაბლობის უფსკრულში, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ