SKM C25820092612130 scaled

წმინდა იოანე სინელი – უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გულისწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას

ურისხველობა არის საკუთარ ბუნებაზე გამარჯვება და შეურაცხყოფისადმი უგრძნობელობა, რომელიც დიდი ოფლითა და შრომით მოიპოვება.
სიმშვიდე თვისებაა აუღელვებელი სულისა, რომელიც ერთნაირად ღებულობს ლანძღვასა და ქებას.
ურისხველობის დასაწყისი ბაგეთა დუმილია, როცა გულში არ არის მღელვარება; შუა გზა აზრთა დუმილია, როცა სული ოდნავ შფოთავს; ხოლო დასასრული უშფოთველი სიწყნარეა არაწმინდა ქართა ქროლვისას.

როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გულისწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას.

მონანულისთვის არაფერია გულისწყრომაზე საშინელი. სინანულს დიდი თავმდაბლობა სჭირდება, გულისწყრომა კი ამპარტავნების ნიშანია.
უდიდესი სიმშვიდე ისაა, როცა განმანაწყენებლის გვერდით ყოფნისას გული დაწყნარებულია და ამ უკანასკნელისდამი სიყვარული არ უმცირდებათ; ხოლო გულისწყრომის ყველაზე დიდი უკეთურება ის არის, როცა მარტო ყოფნის დროსაც კი ბორგავენ და განმანაწყენებელს ებრძვიან.

თავმდაბალი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, ხოლო თავხედური შეპასუხებით გულისწყრომა იზრდება. ამიტომ ყველაფერში თავმდაბლობა გვმართებს.

ავხორცი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს, უკიდურეს შემთხვევაში, კიდევ ერთს _ თავის თანამზრახველს – ვნებს; მრისხანე ადამიანი კი, მგლის მსგავსად, ხშირად მთელ სამწყსოს აღაშფოთებს და მრავალ თავმდაბალ სულს ჰკლავს.
საშინელებაა სულიერი თვალის გულისწყრომით დაბნელება. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: “განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი” (ფსალმ. 6. 7). ამაზე უარესია, როცა სულიერ მრისხანებას ბაგეებიც წარმოაჩენს. ხელით შეხება კი მტერია და სრულიად უცხოა მონაზვნური ცხოვრებისთვის.

საცოდავი სანახაობა ვიხილე მრისხანე ადამიანებთან, რაც მათ დაფარული ამპარტავნებისგან ემართებოდათ: როცა განრისხდებოდნენ, შემდეგ იმაზე ბრაზობდნენ, რომ განრისხდნენ. გაკვირვებული ვიყავი, ვხედავდი რა, დაცემას კვლავ დაცემით რომ სჯიდნენ, ცოდვაზე ისევ ცოდვით იძიებდნენ შურს, და შემებრალა ისინი. გამაოცა ეშმაკის ამგვარმა მზაკვრობამ და ლამის თავის გადარჩენის იმედი დამეკარგა.

ვნახე მავანთა მიერ ერთდროულად გალანძღული სამი მონაზონი. ერთი ლანძღვამ გაანაწყენა, მაგრამ ხმა არ ამოუღია; მეორეს გაუხარდა, რომ გალანძღეს, მაგრამ იმაზე შეწუხდა, შეურაცხმყოფელი რომ დაზარალდა; ხოლო მესამემ წარმოიდგინა, თუ რამდენად ევნო მოყვასს და მწარედ ატირდა. ამ სამში დაინახავდით შიშის, სასყიდლისა და სიყვარულის მუშაკებს.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©