ვინც რჯულის შესაბამისად, სათანადოდ ეწევა მორჩილებას, ასეთებს, როგორც მამები ამბობენ, შემდეგი რამ ახასიათებთ: დამწყებთა შორის სიმდაბლის დღითი დღე აღორძინება, მრისხანების შემცირება, გონებრივი სიბნელის გაუჩინარება, ვნებებისგან ხსნა, სიძულვილისგან გათავისუფლება, მხილებითა და ყვედრებით გულისთქმების აღხოცვა, მოწყენილობის უცოდინარობა, გულმოდგინების გამრავლება, წყალობის გაცემის სიყვარული, ამპარტავნებისგან გაუცხოება; რასაც ყველა უნდა ეძიებდეს, მაგრამ ცოტა აღწევს.
ვინც წესისამებრ ცხოვრობს, ის ყოველ საქმეს, სიტყვას, გულის ზრახვასა და ქმედებას უფლის ნებას უქვემდებარებს. ყველაფერს სულიერი გულისხმისყოფით უფლისთვის და უფლის წინაშე აკეთებს. და თუ მაინც ცდება, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ცხოვრობს წესისამებრ.
წინასწარმეტყველი ამბობს: „აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი“ (ფსალმ. 48; 4). მე კი ვიტყოდი: ლოცვით ვაუწყო უფალს ჩემი ნება და მისგან მივიღო დამოწმება.
რწმენა ლოცვის ფრთებია. თუ ლოცვას ეს ფრთები არ ექნა, მაშინ „წიაღვე ჩუენდა მოიქცეს“.
რწმენა ის არის, როცა სული შეუორგულებელად დგას და არ ირყევა ნებისმიერ ქართა ქროლვისას.
რწმენა უიმედო საქმესაც შესაძლებელს ხდის. ამისი მაგალითია ავაზაკი.
თუ მოთმინების კვერთხს მოიპოვებ, მოწყენილობის ძაღლები გაგეცლებიან.
მოთმინება სულის ძარღვი და ძალაა, რომელსაც ჭირი და ბრძოლები ვერ დასცემს.
მომთმენი მუშაკი არ ეცემა; მაგრამ თუ დაეცა, დაცემითაც გაიმარჯვებს.
მოთმინება განსაცდელების მუდმივი მოლოდინია.
მოთმინება თავის გამამართლებელი მიზეზების მოკვეთაა და საკუთარი თავის მიმართ სიფრთხილეა.
ღამით უმეტესი დრო ლოცვას დაუთმე, ხოლო მცირედი – ფსალმუნებას; დღისით კი ძალისაებრ შენისა მოიქეცი.
წიგნის კითხვა მცირედით კი არ უწყობს ხელს გონების მოკრებასა და განათლებას. ის სულიწმინდის სიტყვებია და მკითხველს განამტკიცებს.
სათნოებათა და ვნებათა შესახებ დაწერილი წიგნები იკითხე, იკითხე წიგნები, რომლების ცხონებას გასწავლიან, რათა გონება განათლდეს.
ცხონების სიტყვები, უპირველეს ყოვლისა, შრომით, და არა წიგნის კითხვით ეძიე.
მთელი შენი ძალ-ღონით ებრძოლე სიამაყეს, რადგან მასზე მეტად ვერაფერი ღუპავს გონებას.
სენაკიდან გასვლის ჟამს უფრთხილდი ენას. ენა ბევრ ნაშრომს სწრაფად განაბნევს.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ