ძაგება სიძულვილის ნაშიერია. ის წვრილი სნეულებაა, რომლითაც ადამიანი შეუმჩნევლად ავადდება. ის წურბელაა, სიყვარულის სისხლის მწოველი და გამანადგურებელი. ის გულის ორპირობაა, რომელსაც სიბილწე და სიმძიმე მოაქვს და რომელიც სიწმინდეს ანადგურებს.
ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ. გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტების მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე: “თავი დაანებეთ ასეთ სასტიკსა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები: “რომელი იტყჳნ იდუმალ მოყუასისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვდევნი” (ფსალმ. 100. 5).
თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს.
მინახავს ადამიანები, ცხადად რომ შეუცოდავთ, მაგრამ ფარულად შეუნანიათ. რომლებიც მეძაობისთვის განმიკითხავს, განწმენდილან რა სინანულით, წმიდა აღმოჩენილან ღმრთის წინაშე.
არ მოგერიდოს და ვინც შენთან ძმას აძაგებს, უთხრი: “გაჩუმდი, ძმაო! მე უარესს ვაკეთებ ყოველდღე და აბა, როგორ განვიკითხო ის?!” ამგვარი საქციელით ორ სასარგებლო საქმეს გააკეთებ: საკუთარ სულსაც არგებ და მოყვასსაც განკურნავ.
მოყვასის განუსჯელობა ცხონებისკენ მიმავალი ერთ-ერთი უმოკლესი გზაა. უფალი ამბობს: “ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ” (ლუკა 6. 37). ამიტომ შევეცადოთ, ძმებო, არ განვიკითხოთ ჩვენი ძმები, რაგვარ ცოდვაშიც უნდა ვნახოთ ისინი.
რამდენადაც წყალი ვერ უთავსდება ცეცხლს, იმდენად განკითხვა – მოყვასის სიყვარულს.
რომც იხილო, ვინმე სიკვდილის წინ სცოდავდეს, არ განიკითხო, რადგან ადამიანისთვის უცნობია ღვთის განაჩენი.
ვისაც სხვისი ცოდვების განკითხვა ეჩქარება, იმიტომ ვარდება ამ ვნებაში, რომ არ ახსოვს და ნამდილად არ ზრუნავს თავის ცოდვებზე. თუ ადამიანი თავმოყვარეობის საბურველს ჩამოიშორებს და სათანადოდ დაინახავს საკუთარ ბოროტებას, მაშინ ის ამ ქვეყნად აღარაფერზე იზრუნებს, და იფიქრებს, რომ მთელი ცხოვრებაც არ ეყოფა საკუთარი ცოდვების გამოსაგლოვად, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მდინარე იორდანესავით სდიოდეს თვალებიდან ცრემლები.
განკითხვა მხოლოდშობილი ძის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია.
რამდენადაც ამპარტავნებას სხვა ვნების გარეშეც შეუძლია ჩვენი წარწყმედა, იმდენად შესაძლებელია სულის სრული წარწყმედა მხოლოდ მოყვასის განკითხვით, ისევე, როგორც ერთადერთმა, განკითხვამ, დასაჯა და წარწყმიდა ფარისეველი.
ბრძენი მევენახე მწიფე მარცვალს ჭამს და მჟავეს – ტოვებს. ასევე ბრძენი და მეცნიერი ადამიანი, იხილავს რა ვინმეს სათნოებებს, გულში დაიმარხავს, ხოლო ნაკლს ყურადღებას არ მიაქცევს. უგუნური ადამიანი კი მხოლოდ მოყვასის ნაკლსა და შეცდომებს დარაჯობს. ასეთზე ნათქვამია: “გამოიძიეს უშჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა” (ფსალმ. 63. 6). შენ კი, ძმაო, საკუთარი თვალითაც რომ იხილო ძმის ცოდვა, არ განიკითხო, რადგან თვალიც შემცდარა ხშირად, არამედ უგალობე უფალს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”