ადამიანი ორგვარია: ის შედგება გარეგნულისა და შინაგანისაგან, სხეულისა და სულისაგან. ის იმოსება გარეგნულად და შინაგანადაც. იკვებება როგორც ნივთიერი, ასევე სულიერი საკვებით. თუ ადამიანი არ შეიცვლება შინაგანად, მისი გარეგნული მხარე – არაფერია. ამაოა სასმისის ზედაპირის განწმენდა, თუ ის შინაგანად დაბინძურებულია. განიწმინდე შენი შინაგანი მხარე, მოაწესრიგე შინაგანი სამყარო, გულისსიტყვები და ყველაფერი დანარჩენი და ნახავ, რომ შენი გარეგნული ქმედებაც სწორი იქნება.
როდესაც ადამიანი გულმოდგინედ შეუდგება ლოცვით ღვაწლს და ცოტათი წარემატება კიდეც, თავდაპირველად ქრისტეს სახელის ბაგისმიერი მოწოდებით, მაშინ გონება თანდათანობით თავისუფლდება ყოველმხრივი გაფანტულობისგან, რადგანაც ბაგისმიერი მოწოდებით ის ლოცვის სიტკბოს შეიგრძნობს. გონება ამ მდგომარეობაში იწყებს ქრისტეს სახელის შეთვისებას. რამდენადაც იკლებს გაფანტულობა, იმდენად ხდება ლოცვა გონების საკუთრება. როდესაც გონება მთლიანად შეითვისებს ლოცვას, მაშინ გულიც გაიხსნება და ლოცვა მასშიც იწყებს ჩაღვრას.
მრავალწლიანი, საკუთარ თავზე ყოვლისმომცველი ძალდატანებისა და იძულებითი ასკეტური ღვაწლისა, გული მთლიანად შეიტკბობს ლოცვას, რომელიც მოუკლებლად დაიწყებს მასში (გულში) მოქმედებას. მაშინ ჩნდება განსაკუთრებული გულისმიერი მდგომარეობა: გული დაეუფლება ლოცვას და გაბატონდება ვნებებზე. გულში სიმშვიდე დაისადგურებს და ყველაფერი ქრისტეს დაემორჩილება, რომელიც გამეფდება მისი ღმრთაებრივი სახელის მეშვეობით.
შინაგანი ლოცვის გარდა, ყველა სხვა ლოცვა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუკუღმართდეს. მაშინ იკარგება სიწრფოება და ადამიანი იწყებს თავმოწონებას. შინაგანი ლოცვა კი, ორჭოფობას არ უშვებს და არ შეიძლება, რომ მისგან ხიბლი წარმოიშვას. რადგან გულში მუდმივად წარმოითქმება ქრისტეს სახელი და იგი განგვწმენდს ბნელისაგან და წარგვიმართავს ნათლისაკენ.
მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)