უფალთან ზიარება, მისი სისხლისა და ხორცის მეშვეობით, განსაზღვრულ დროს შეიძლება, იმის მიხედვით, ვინ როგორ გულმოდგინეობს და ვის როგორ შეუძლია, ოღონდ დღეში ერთ ჯერზე მეტად არა. შინაგანად კი ყოველწამიერად შეგვიძლია ვეზიარებოდეთ, ანუ ღმრთის მადლით უფალთან განუწყვეტლივ ერთობაში ვიყოთ და როდესაც უფალი ინებებს, გულით შევიგრძნობდეთ ამ ურთიერთობას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მაზიარებელი, უფლისავე აღთქმის თანახმად, ღმრთისა და მისი მადლისმიერი ნიჭების მატარებელია და გულიც შეიგრძნობს ამას. ვინც ჭეშმარიტად ეზიარება, მისი მადლისმიერი მდგომარეობა საგრძნობია. ამ დროს გული სულიერად იგემებს ხოლმე ღმერთს.
მაგრამ რამდენადაც სხეული გვბოჭავს, გარს გარეგნული ურთიერთობები და საქმეები გვარტყია და უამრავი მოვალეობა გვაკისრია, ჩვენი ყურადღებისა და გრძნობის გაორების გამო, უფალთან სულიერი ერთობა დღითიდღე სუსტდება, იჩრდილება და ქრება. უფალთან ზიარების შეგრძნება იკარგება, მაგრამ არ წყდება მასთნ ურთიერთობა, თუ ჩვენდა საუბედუროდ, რაიმე შეცოდება არ დაარღვევს მადლისმიერ მდგომარეობას. უფალთან ზიარების სიტკბოებას ვერაფერი შეედრება. ამიტომ, როგორც კი მოშურნე ამ მდგომარეობის დაკნინებას იგრძნობს, მაშინვე ცდილობს, აღიდგინოს და შემდეგ თითქოსდა ხელახლა იგემებს უფალს. ეს ღმერთთან სულიერი ზიარების მაუწყებელია.
მაშასადამე, სულიერი ზიარება წმიდა ზიარებებს შორისაა. ის შეიძლება მუდმივად მკვიდრობდეს მასში, ვინც წმინდად ინახავს გულს და გრძნობა და გულისყური განუწყვეტლივ ღმრთისკენ აქვს მიპყრობილი. ასეთი მდგომარეობა მადლის ზემოქმედების შედეგია და მხოლოდ გულმოდგინე და საკუთარი თავის მიმართ დაუნდობელ მოსაგრეებს მიეცემათ.
წიგნიდან “უხილავი ბრძოლა”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©