თუ გსურს, იოლად განთავისუფლდე შეცდომილებისა და ვნებებისგან, სატანის ბადესა და მზაკვრობას განერიდო, უფალს შეუერთდე და ღვთაებრივი ნათელი და ჭეშმარიტება იხილო, მამაცურად შეებრძოლე საკუთარ წარმოსახვას. მთელი ძალით ებრძოლე, რათა გონება ნებისმიერი სახის, ფერის, კონტურის და ზოგადად, გრძნობადი საგნების ხსოვნისა და წარმოდგენებისაგან განძარცვო, ავი იქნება ისინი თუ კარგი. რადგან ეს ყველაფერი გონების სიწმინდისა და სინათლის დაბნელება და დასვრაა, მისი უნივთობის განივთებაა და გონებას ვნებიანს ხდის. არცერთ სულიერ თუ ხორციელ ვნებას არ ძალუძს სხვაგვარად მიუდგეს გონებას, თუ არა შესაბამისი გრძნობადი საგნების წარმოსახვით. იღვაწე, რომ გონება ისეთი სუფთა, უფერო, უსახო და შეურყვნელი შეინარჩუნო, როგორადაც ღმერთმა შექმნა.
მაგრამ ამის მიღწევას სხვაგვარად ვერ შეძლებ, თუ გონებას შიგნით არ დააბრუნებ და გულის სიღრმეში, შინაგან ადამიანში არ ჩაკეტავ. და როდესაც გონებას მუდმივად შიგნით, ფარულ ლოცვაში მყოფობას შეასწავლი, შინაგანი სიტყვებით აღმოთქვი: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. განსაჯე და შეიცან საკუთარი თავი, მეტწილად კი ღმრთის ჭვრეტას მიეცი და მასში განისვენე. როგორადაც გველი ძველი ტყავის გასაძრობად იძულებით ძვრება ვიწრო გასასვლელში, ასევე გონება, გულის ვიწროებისა და შინაგანი ლოცვის მეშვეობით, ნელ-ნელა განიმოსება გრძნობადი წარმოსახვებისა და უკეთური გრძნობადი შთაბეჭდილებებისგან და წმინდა, ნათელი და უფალთან ერთობისთვის მზად მყოფი ხდება, რათა ამ გზით ღმერთს მიემსგავსოს. როგორადაც წყლის დაქანება და დინების სისწრაფეი ზრდება ვიწრო გასასვლელებში, ასევე გონება, რაც მეტად განისწავლება ყურადღებითა და გულში დაფარული მოძღვრებით, მით უფრო ძლიერი და ფაქიზი ხდება; უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და ნებისმიერი ვნების, გულისსიტყვის, გრძნობადი თუ აზრობრივი საგნისთვის მიუწვდომელია, რადგან ისინი გარეთ რჩებიან და შიგნით შეღწევა აღარ შეუძლიათ. სხვა, უფრო შესაფერის შედარებასაც მოვიტან: ჰაერში გაფანტული და ერთმანეთს განშორებული მზის სხივები იმდენად ნათელი და თბილი არ არის, მინის მეშვეობით ერთ წერტილში თავმოყრილი კი დამაბრმავებელ სინათლეს და მწველ სითბოს გამოსცემს. ასევე გონება – საკუთარი თავის მიმართ ყურადღებისა და ფარული მოძღვრების საშუალებით გულის გულში მოკრებილი – ნათლის მატარებელი და მწველი ხდება. ასეთი გონება ნივთიერ ვნებიან სიბნელეს ფანტავს და მსგავს სახეებსა და მოძრაობებსაც აცამტვერებს და ანადგურებს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ