დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. დაკნინდა ღმრთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. ისინი განაწყენდებიან ხოლმე, თუ ადვილი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერად უცქერდნენ, სწორედ ეს გაახარებდათ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.
დღეს ყველა – მოხუციცა და ახალგაზრდაც – ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ, ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად. ახალგაზრდები გამოცდების ჩასაბარებლად არ ემზადებიან და კაფეებიდან გამოუსვლელად იღებენ დიპლომებს. და იმის შესაძლებლობა რომ იყოს, კაფედან დარეკონ უნივერსიტეტში და ისე შეიტყონ გამოცდების შედეგები, ძალიან ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. დიახ, დიახ, უკვე აქამდეც მივიდნენ! ბევრი ყმაწვილი მოდის ჩემთან, სენაკში და მეუბნება: „ილოცე, რომ უნივერსიტეტში მოვეწყო!“ გამოცდებისთვის არ ემზადებიან და ამასთან ამბობენ: „ღმერთი დამეხმარება!“. მე ვპასუხობ „მოემზადე და ღმერთს დახმარება ლოცვით შესთხოვე“. „რატომ, – უკვირთ, – განა ღმერთს არ შეუძლია მოუმზადებლად დამეხმაროს?“ მერე რა გამოვა, ღმერთი შენს სიზარმაცეს აკურთხებს? ღმერთი იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ყმაწვილი ცდილობს, კითხულობს, მაგრამ წაკითხულის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. ზოგიერთს იმის დამახსოვრება და გაგება არ შეუძლია, რაც წაიკითხა, მაგრამ მაინც შრომობს. ასეთ მშრომელებს ღმერთი შეეწევა, რომ ბევრის მცოდნენი გახდნენ.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ