არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ – ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე – საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა – საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით – „უთხარ კრებულსა“ და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან – ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს – უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას.
ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიაში ხდება, არ შეიძლება საუბარი და აშკარა პოზიციის გამოხატვა. უბრალოდ უნდა გადავიტანოთ ყველაფერი, მოვითმინოთ – მაგრამ ეს ერთია, მეორე საქმეა ყოველივე ამის ისე გამართლება – როგორც ამართლებენ!.. იმ შემთხვევაში, როცა რაღაცის თქმა ხდება საჭირო, პატივისცემითა და ვაჟკაცობით უნდა გააკეთო ეს ისე, რომ სიფიცხისაგან დორბლებს არ ყრიდე და პრობლემა საყოველთაო განხილვის საგნად არ გახადო. რაც საჭიროა, პირისპირ უნდა უთხრათ იმ პირს, ვისაც საქმე ეხება. უთხრათ სიყვარულით, ტკივილით, რომ ის მეტად ყურადღებიანი იყოს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. წრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც „სიმართლეს პირდაპირ მიახლის“, ის, ვინც ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ იგი, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს, გონივრულადა მბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა – იმ ჟამისათვის შესაფერისი და აუცილებელი. ის, ვინც განუსჯელად ამხელს სხვებს, სულიერად დაბნელებულია და ადამიანები ჩირადაც არ უღირს.
უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. უკიდურესობის საშუალებით პრობლემები არ გადაიჭრება. უკიდურესობებისაგან ყოველთვის იტანჯება დედა-ეკლესია.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ