ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღმრთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს.
რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება, იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შემუსვრილი ხდება, რის შემდეგაც ბუნებრივი სახით ეწვევა მას მადლი ღმრთისა და განათლება ღმრთისმიერი, და იგი უფრო გონიერი ხდება.
დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმოებასა და უსამართლობას განიცდის, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარულის შეგრძნება აქვს, რამეთუ შეძლო ამაო წუთისოფელი უგულებელეყო.
ზეციურ დიდებისმეტყველებაში მყოფი მოშურნე ადამიანები სიხარულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამისთვის ღმერთს ადიდებენ – ისევე, როგორც მონიჭებული კეთილდღეობისათვის. ისინი მუდამ ღმრთის კურთხევას იღებენ და შემდეგ, ღმრთისადმი მადლიერების გრძნობით, შინაგანად ნეტარებენ; ისინი ამ გრძნობას ყველა შესაძლებლობით ამჟღავნებენ, როგორც ღმრთის შვილები.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი