ქრისტე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა. ქრისტე ყველაფერია. ის გვიხმობს: ”თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, არ გესმით? ჩვენ ძმები ვართ. მე არ გემუქრებით, მიყვარხართ!.” როდესაც ქრისტესთან ხარ, არ გაქვს სევდა, ტკივილი, არც მრავალი ამაო ფიქრი გტანჯავს. ქრისტე ახალი სიცოცხლეა! ის ადამიანს მხიარულს ხდის, ბედნიერებისგან აღაფრთოვანებს, აჩვენებს ყველას და ყველაფერს, ადამიანს ყველას მიმართ თანაგრძნობის უნარს აძლევს, უჩენს სურვილს რომ ყველა ქრისტესთან იყოს. როდესაც ქრისტიანი გაიცნობს ქრისტეს, როდესაც ქრისტე მის სულში დამკვიდრდება და განიცდის მის მყოფობას, მას უნდა, რომ იყვიროს და ყველას უთხრას, მას უნდა ყველას ქრისტეზე ელაპარაკოს, თუ როგორია იგი. გიყვარდეთ ქრისტე და მის სიყვარულზე წინ არაფერი დააყენოთ, ქრისტე ყველაფერია, ის სიცოცხლის წყაროა, უმაღლესი მოთხოვნილებაა. ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი ქრისტეშია. ქრისტესგან შორს სევდა, მწუხარება, ნერვული დაძაბულობა, ცხოვრებისაგან მიღებული ტკივილებისაგან წნეხია. სიცოცხლე ქრისტეს გარეშე არ არის სიცოცხლე! ასეა!
ყველა ზეიმისა და სიხარულის ცენტრი – ეს ქრისტეს პიროვნებაა, რომელიც არ შეგვიძლია მთელი სიღრმით გავისიგრძეგანოთ, რამეთუ ღმერთი უსასრულობაა, ამიტომ ეს საიდუმლოებაა, მდუმარებაა. ღმერთი ძალიან დაფარულია, მაგრამ ის ყველგანაა. ჩვენ ვცოცხლობთ უფლით, ვსუნთქავთ მისით, მაგრამ მისი სიდიადისა და განგებულების სრულიად წარმოდგენა არ შეგვიძლია. ის ხშირად შეფარულად ავლენს თავის განგებულებას, მაგრამ როგორც კი წმიდა თვინიერებას მოვიპოვებთ, მაშინვე გვეხსნება სულიერი მხედველობა, ვიწყებთ უფალში სიცოცხლეს და რეალურად შევიგრძნობთ მის საიდუმლოებებს. მაშინ ვიწყებთ მის სიყვარულს. და ეს სწორედ ის არის, რასაც ის ეძებს ჩვენში. მთავარი მისი მისწრაფება – ეს ჩვენიბ ედნიერებაა, როგორც ამბობს თავად: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.” (მთ. 22, 37-38).
ასეთი სიყვარული აქვთ წმიდანებს. ისინი ეღირსნენ უაღრესად სასურველს. სასურველიდან უზენაესისკენ, უკიდურესი სურვილისკენ ამაღლდნენ. უკიდურესი სურვილი – ღმერთია: მამა, ძე და სულიწმიდა. სამივე ერთიანი, ერთმანეთში და ეკლესიაში. ქრისტე, შენ ჩემი სიყვარული ხარ! მე არ ვფიქრობ სიკვდილზე. დე, იყოს ნება შენი! მე მსურს მხოლოდ შენზე ვიფიქრო. თქვენც გაშალეთ ხელები და ჩაეხუტეთ ქრისტეს. მაშინ ის თქვენში დაიწყებს ცხოვრებას და თქვენ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისად გიყვართ და მეტად დაახლოების სურვილი გაგიჩნდებათ, მასში სრული გაერთიანების მისწრაფება შეგიპყრობთ. შეიძულეთ მიწიერი ვნებანი, ნუ თანამშრომლობთ სატანათან! მიმართეთ თქვენი გულები ქრისტესკენ. მაშინ ის მთელი ღმრთიური სინაზით ჩაგეხუტებათ და თქვენ იგრძნობთ საოცარ სულიერ სიხარულს, რაც ნიშნავს – მოვიდა ღმრთიური მადლი, უძლურთა და დავრდომილთა აღმადგინებელი.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი