შენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში, ყველაზე დიდ სარგებელს იესუს ლოცვისგან მიიღებ, შენი ძალების შესაბამისად იშრომე ამ ლოცვაში და ქრისტეს სახელის ხშირი მოხმობით, ღმრთის მადლით მოუკლებელ ლოცვას შეიძენ. სინანულითა და სიმდაბლით განმსჭვალული მოუკლებელი იესუს ლოცვა ყველაზე ძლიერი საშუალებაა ადამიანის სულის ქრისტესთან შეერთებისა. ამასთან ერთად, იესუს ლოცვა სულიერი მახვილიცაა, რომელიც ჩვენში არსებულ ცოდვას ანადგურებს.
იესუს ლოცვა ბნელი ძალების საშინელი შემოტევებისგან გვიცავს. არასდროს თხოვო ქრისტეს რაიმე მიწიერი, რადგან მან უკეთ იცის რაც გვჭირდება. ილოცეთ ასე: ,,უფალო, შენს წმინდა ნებას მივანდობ ჩემს შვილებს, ჩემს ნათესავებს და ჩემი ოჯახის წევრებს’’.
აუცილებლად ილოცე მტრებისთვისაც! თუ შენ მათთვის არ ლოცულობ, ამით ცეცხლზე ნავთს ასხამ და ეს ცეცხლიც უფრო და უფრო დიდი ხდება!
მუდამ ყველაფრისთვის, სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც მადლობდე ჩვენს ყოვლადწმინდა დედა ღმრთისმშობელს.
გახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთი მართავს ამ სამყაროს და ყველაფერი, რაც მასში ხდება ან მისი წყალობით ან მისი დაშვებითაა. მისი გზები კი ჩვენთვის შეუცნობელი და მიუწვდომელია. მხოლოდ ასეთ ხედვას შემოაქვს ჩვენს გულში სიმშვიდე და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინთქათ უკიდურეს მწუხარებაში. ეს მდგომარეობა ჩვენს გონებას მარადიული სიცოცხლისკენ მიაპრყობს და ტკივილებში მოთმინებას გვანიჭებს. ამ დროს, ეს მწუხარებებიც ძალიან ხანმოკლე, წვრილმანი და არარაობა გვეჩვენება.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ