ცოდვილ სულს უფალმა სინანულად მოუწოდა, ისიც მოიქცა უფლისკენ. მან მოწყალედ მიიღო იგი და თავი გამოუცხადა.
და სულმა კაცისამ შეიმეცნა ღმერთი, ღმერთი მოწყალე და უხვი და უტკბესი, და შეიყვარა იგი, და სიყვარულის მხურვალებისგან ხარბად, გულმოდგინედ ისწრაფვის და არ შეუძლია დაივიწყოს იგი, რამეთუ ეს სიმხურვალე ღმრთისადმი სიყვარულისა არ აძლევს სულს ღმრთის დავიწყების ნებას, არც ღამით, არც დღისით, არც ერთი წამით.
და თუ შემცირდება სულში მადლი, მაშინ არ ვიცი, რას მიემსგავსება მწუხარება სულისა: ჰოი, როგორ სთხოვს იგი ღმერთს კვლავ იმავე მადლს, რომელიც იგემა.
მიკვირს, რომ უფალმა არ დამივიწყა მე, დაცემული ქმნილება. ზოგიერთს სასო წარუკვეთია და ფიქრობს, უფალი ცოდვებს არ მაპატიებსო. მტრისგანაა ასეთი ფიქრი. უფალი იმდენად მოწყალეა, რომ ჩვენ მისი მიწვდომა არ შეგვიძლია. ვისი სულიც ღმრთისა და სულიწმინდის სიყვარულით აივსო, იცის, როგორ უყვარს უფალს ადამიანი. და როცა სული დაკარგავს ამ სიყვარულს, მაშინ წუხს და მოწყენილია, გონებას არ შეუძლია რაიმეზე შეჩერდეს – მხოლოდ ღმერთს ეძებს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ