მოციქულებმა იხილეს სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით გარდამომავალი, ჩვენ კი ვგრძნობთ მას ჩვენში: იგი ყველაფერ მიწიერზე უფრო ტკბილია. იგი შეიგრძნეს წინასწარმეტყველებმა და ეუბნებოდნენ ხალხს, ხალხიც ისმენდა. წმინდა მოციქულებმა მიიღეს სულიწმიდა და უქადაგებდნენ ადამიანებს; არაფრის არ ეშინოდათ, რამეთუ სული ღმრთისა ამტკიცებდა მათ.
მოციქულმა ანდრიამ უთხრა იგემონს, რომელიც აშინებდა მას, ემუქრებოდა ჯვარცმით თუ კვლავ იქადაგებდა: ”მე რომ ჯვარცმის მეშინოდეს, არც ვიქადაგებდი მას”. ასევე სხვა მოციქულებიც, შემდეგ მოწამენი, წმინდა მოღვაწენი სიხარულით მიდიოდნენ ტანჯვაზე და წამებაზე. ყველაფერი ეს ხდებოდა და ხდება იმიტომ. რომ სულიწმიდა კეთილია და ტკბილი, იზიდავს სულს ქრისტეს სიყვარულისკენ და სულიწმიდის სიტკბოებისგან სულს არ ეშინია ტანჯვის.
უფალი არის სიყვარული; ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას; მაგრამ უფალს ყველა ეცოდება და ვისაც სურს იყოს უფალთან, მას უნდა უყვარდეს მტრები. ვინც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით, ის ქრისტეს ემსგავსება, როგორც იოანე ღმრთისმეტყველმა თქვა: ”რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს”. (1. ინ. 3:2)
მთავარი ფოტო: წმინდა სილუან ათონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)