ზოგი ამტკიცებს, რომ იესუს ლოცვაში ვარჯიშს ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის მოაქვს ხიბლი და კრძალავენ კიდეც ამ ლოცვას. ამ აზრისა და აკრძალვის მიღება და გათავისება საშინელი მკრეხელობაა, ხიბლია, რომელიც მხოლოდ სიბრალულს იწვევს. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჩვენი ხსნის ერთადერთი წყაროა. მისმა ადამიანურმა სახელმა, მისივე საღმრთო ბუნებიდან მიიღო უსაზღვრო, ყოვლადწმინდა ძალა ჩვენი გადარჩენისა. როგორ შეიძლება, რომ დამღუპველი აღოჩნდეს ჩვენთვის, ეს ერთადერთი გამომხსნელი და გადამრჩენელი ძალა? ეს არის მკრეხელური და სულის დამღუპველი აზრი! ის, ვინც ამგვარად ფიქრობს სატანის მიერ მოტყუებულია და დემონურ ხიბლში იმყოფება.
გადახედე მთელ წმინდა წერილს და აღმოაჩენ, რომ ყველგან განდიდებულია უფლის სახელი და მისი გადამრჩენელი ძალა. გადახედე მამათა ნაშრომებს და მანდაც აღმოაჩენ, რომ უკლებლივ ყველა მათგანი გვირჩევს და გვამცნებს, რომ იესუს ლოცვაში ვივარჯიშოთ, ვიმეცადინოთ. უწოდებენ მას იარაღს, რომლის მსგავსი არც ზეცაშია და არც მიწაზე, ღვთის მიერ მოცემულ უხრწნელ მემკვიდრეობას, ღმერთკაცის ერთ-ერთ უმაღლეს მცნებასა და სულის დამატკბობელს. და ბოლოს, გადახედე მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობას და ნახავ, რომ ეკლესია თავისი წერა-კითხვის უცოდინარი შვილებისთვის, მონაზვნებისთვისაც და ერისკაცებისთვისას, აწესებს, რომ ჩაანაცვლონ ფსალმუნები და სხვადასხვა ლოცვის ტექსტები იესუს ლოცვით. ამიტომაც, არაფერს ნიშნავს, ზოგიერთი დაბრმავებულის სწავლება, წმინდა წერილის, წმინდა მამებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის ერთხმოვანი მოწმობის წინაშე.