ლუკა ყირიმელი

წმ. ლუკა ყირიმელი(მკურნალი) – იესუს ლოცვა გარდაქმნის ადამიანს

არის ასეთი ლოცვა, რომელსაც – იესუს ლოცვას უწოდებენ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ ლოცვად ითვლება ყველა ქრისტიანისთვის.

”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”
ეს ლოცვა ნამდვილად ახდენს სასწაულებს ადამიანის გულში და ამიტომაც ითვლება იგი ყველაზე მნიშვნელოვნად. ამ ლოცვით დაიწყეთ სულიერი ცხოვრება. განისწავლეთ ამ ლოცვაში შემდეგნაირად: დახურეთ თქვენი ოთახის კარები, თუ გნებავთ იდექით, ან დაჯექით, ან მუხლებზე დადექით. დახარეთ თავი, ისე, რომ ნიკაპი მკერდს ეხებოდეს, ყურადღება გულში გაამახვილეთ და სანამ ლოცვას დაიწყებდეთ იფიქრეთ თქვენს ცოდვებზე, უძლურებებზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებს თქვენს გულს.

იმ უძლურებაზე და ცოდვაზე იფიქრეთ, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ, დახარეთ თავი და ევედრეთ უფალ იესუ ქრისტეს, როგორც მხსნელს, რომ დაგიხსნათ ამ უძურებისგან. ილოცეთ იესუს ლოცვა, აიღეთ სკვნილი და იმეორეთ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, საკუთარი უძლურების და დაცემულობის განცდით და გააზრებით. დასაწყისისთვის, არანაკლებ ასი ლოცვა წარმოთქვით და თქვენს ყველაზე მძიმე ცოდვაზე გაამახვილეთ ყურადღება, დროთა განმავლობაში, უკეთესად დაინახავთ თქვენს დაცემულ ბუნებას და სხვადასხვა უძლურებებს.

სწორედ ეს ლოცვა მოახდენს თქვენს სულში სასწაულს, თქვენში გაჩნდება მწველი სურვილი გათავისუფლდეთ ამ ცოდვისგან, დღითიდღე, ნელნელა გათავისუფლდებით ამისგან და თქვენი სული დაიწყებს ფერისცვალებას. შეამჩნევთ, თუ როგორ იცვლება თქვენი ურთიერთობები ადამიანებთან, შეაჩნევთ, რომ მეტად ფაქიზი, მომთმენი, მშვიდი და მდაბალი ხდებით. ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდებით ადამიანებს, ყველანაირად ეცდებით, რომ არავის აწყენინოთ. იესუს ლოცვა უხილავად გარდაქმნის თქვენს გულს სულიწმიდის მადლით.


ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ