სულიერ ცხოვრებას ყველაზე დიდ ზიანს მოწყენილობა და უიმედობა აყენებს. უიმედობა არასდროსაა ღვთისგან, ის ყოველთვის ბოროტისგანაა. ის განსაკუთრებით მტრულადაა განწყობილი იესუს ლოცვის მიმართ და სწორედ მისი ამ წინააღმდეგობის საშუალებით ვხედავთ, თუ რამდენად ნაყოფიერია ეს ლოცვა. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის, თუ რამდენად დიდი სარგებლის მიღება შეგვიძლია მისგან და სწორედ ამიტომ არ გვაქვს მოშურნეობა და მოთმინება ლოცვაში.
სანამ ლოცვას დავიწყებთ, კარგია თუ ორი სამი წუთით გონების მზერას ჩვენს ცოდვებს, ვნებებსა და უძლურებებს მოვავლებთ და გავიაზრებთ, რომ ღმერთის გარეშე არაფერი შეგვიძლია. ასე ემზადება სული რამდენიმე წუთით, რადგან ლოცვის დასაწყისში შესაბამისი სულიერი იმპულსი და განწყობა გვქონდეს. თუ ამას მივეჩვევით, ჩვენი გონება მეტად ყურადღებიანი გახდება. ამგვარი გააზრებითა და მომზადებით გონებას შინაგან სამყაროში ჩაღრმავებისკენ ვიზიდავთ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ”უხილავ ბრძოლაში” წერს, რომ იესუს ლოცვის სიჩქარე და ტემპი ისეთივე უნდა იყოს, როგორი საუბრის ტემპიც ნებისმიერ თანამოსაუბრესთან გვაქვს. ლოცვის სიტყვები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას დაუკავშირე. გონების ყურადღება გულის იმ ადგილას მიამსჭვალე, სადაც ჩასუნთქული ჰაერი ჩერდება და წარმოთქვი ლოცვა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
მოიშორე ნებისმიერი აზრი, რაოდენ ლამაზი, წმინდა და სულიერიც არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ბოროტის ხრიკებია, რათა ლოცვა შეაჩეროს. არ მიაქციო ყურადღება არც მზაკვარ, სამარცხვინო და ბილწ აზრებს. არ ინერვიულო, ისინი შენი არაა და არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთმა იცის ვისგანაც მოდიან ისინი. არ იზარმაცო, ნუ გეშინია და არ შეაჩერო შენი გონება ამ აზრებზე! როგორც კი მიხვდები, რომ გონება გაგეფანტა, დააბრუნე უკან. თუკი კვლავ გაგექცა, ისევ დააბრუნე რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ეს. ქრისტე დაინახავს შენს შრომას და სურვილს და დროთა განმავლობაში განამტკიცებს შენს გონებას.
ლოცვისთვის გამოყოფილ საათებში, ვეცადოთ, რომ ყურადღება გულში გვქონდეს, გავექცეთ ოცნებებსა და ფანტაზიებს და მოვაქციოთ ლოცვის სიტყვებში:”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყა მე”. დაე გუშაგად დავაყენოთ ჩვენი გონება, რათა თვალყური ადევნოს ლოცვის სიტყვებს და არ მიიღოს არანაირი წარმოსახვა.
გამოკრებილია წიგნიდან : ”О трезвении и молитве”
ლინკი: https://azbyka.ru/…/Efrem_Svyatogorec/o-trezvenii-i-molitve/
(ამონარიდში გამოყენებული ფოტომასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)