ლოცვა – ქრისტიანის სამკაულია. ის, ვინც არ ლოცულობს, არ გააჩნია სულსა და გონებაში მშვენიერება. რას ნიშნავს გონების მშვენიერება? ის შეიცნობა მაშინ, როდესაც გონება მღვიძარებისას და სინანულით აღვლენილი ლოცვისას ქრისტეში” გადასახლდება”. იმ სულიერ სამყაროში, რომელსაც ამ მატერიალურთან არანაირი საერთო არ გააჩნია. როდესაც სულიწმიდის მადლი მოდის, ეს ”გადასახლება” მყისიერად ხდება, გონება ჭვრეტს საღმრთო ნათელს, რომლითაც იკვებება, მშვენდება და ნათლდება ადამიანი. ეს ყველაფერი ლოცვის ნაყოფია! რომელიც ყველაფრის საწყისი და ათვლის წერტილია. რა არის შეუძებელი ლოცვისთვის? არაფერი! მას ყველაფრის დალაგება და გამოსწორება შეუძლია.
ლოცვისთვის ყველაზე სასურველი დრო ღამეა: ირგვლივ სიჩუმე და მყუდროებაა. ადამიანი ისვენებს საზრუნავებისგან, გონება გაფანტულობისა და მრავალსიტყვაობისგან და ამით უფრო მარტივად და სწრაფად ახდენს კონცენტრირებას ლოცვისთვის.
ერთი ძმა მოუკლებლად იმეორებდა იესუს ლოცვას და ერთხელაც მას სულიწმიდის მადლი ეწვია. ადრეც ჰქონდა განცდილი შინაგანად მისი შეხება, მაგრამ არა ასე ცხადად. ქრისტეს სახელის ხანგრძლივი მოხმობის შემდეგ(უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) მისი სულიერი და ხორციელი თვალები განათლდნენ ისე, რომ სრულიად სხვაგვარად აღიქვა გარესამყარო. როგორ? ამის ახსნა შეუძლებელია. მაგრამ, თითქმის ყველაფერი რასაც ხედავდა და ესმოდა ეკუთვნოდა ზებუნებრივ სამყაროს. ჩიტების გალობა, ყვავილები, ხეების არომატი, მზე – ყველაფერი ღმერთს ადიდებდა! ის თითქოს სამოთხეში იმყოფებოდა. ეს იყო გამოცხადება საიდუმლოებისა, რომელიც დაფარულია ჩვენგან, რომლებსაც არ გვაქვს სულიერი ხედვა. ”ყოველი სული აქებდით უფალსა”. ცხოველთა და მცენარეთა სამყარო ქადაგებდა ღვთის დიდებისა და მშვენიერების შესახებ! მლოცველი ბერი გაიყინა, დადუმდა, ვეღარაფერს ამბობდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა, არა სინანულის, არამედ სიხარულისა და სიტკბოებისა, რომელიც საღმრთო მშვენიერების ჭვრეტას მოჰქონდა!
თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვას მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრინდები, ქრისტე დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება,სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული. გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება ღვთის დაშვებით ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციური მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
”ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა” – შენიშნავს წმიდა იოანე ოქროპირი, – ”რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ : ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე.
წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©