IMG 2861 2

მეზვერის ლოცვა – იესუს ლოცვის წინასახე- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

დღეს აღმოკითხულ მეზვერისა და ფარისევლის იგავში წარმოჩენილია მეზვერის ლოცვა, რომელმაც ღმრთის წყალობა მიიზიდა. ეს ლოცვა სულ რაღაც რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა: ,,ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას’’ (ლკ.18:13). აღსანიშნავია, რომ ღმერთმა სწორედ ასეთი მოკლე, გულიდან ამოხეთქილი ლოცვა შეისმინა, რომელიც ტაძარში, საზოგადო ღმრთისმსახურებისას აღევლინა. სახარებამ ეს ლოცვა მაგალითად დაგვიწესა და ჩვენი წმინდა მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი სიღრმისეულად განვიხილოთ.

საინტერესოა, რატომ აირჩია მეზვერემ ღმრთის წინაშე საკუთარი გულის გადასაშლელად ეს მოკლე ლოცვა და არა ფსალმუნის რომელიმე დიდებული მონაკვეთი? რატომ იმეორებდა მოუკლებლად ამ ლოცვას მაინცდამაინც ღმრთისმსახურების დროს? ამ ყველაფერზე პასუხს წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით გავცემთ. როდესაც სულში ჭეშმარიტი სინანული გამოკრთება, მას მოჰყვება სიმდაბლე და სულის შემუსვრილება, რომელსაც ადამიანის სულიერი თვალების წინაშე გადაშლილი დაცემულობის და ცოდვილობის სანახაობა იწვევს. ამ დროს ასეთი ადამიანისთვის მრავალსიტყვაობა რაღაც არაბუნებრივი და შეუძლებელი ხდება. საკუთარ გულში და იქ გამეფებულ სავალალო მდგომარეობაზე კონცენტრირებული, ის ღმრთის წინაშე ერთი მოკლე ლოცვით იწყებს სულის სიღრმიდან გლოვას.

ხატი წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი
წმინდა ეგნატე ბრანჩანინოვი

დაცემულობის ეს საზარელი სანახაობა, რაც ადამიანს ღმრთის მიერ ეცხადება, ვერ გამოიხატება მრავალსიტყვაობითა და მაღალფარდოვნებით. ამ დროს ადამიანს ყველაზე უბრალო და მოკლე სიტყვები სჭირდება, რათა მასში ჩაატიოს თავისი სულის ამოოხრება და ღაღადისი. სწორედ უკიდურესი ყურადღებით, კრძალვითა და მოუკლებლად მოხმობილი მოკლე ლოცვა გვეხმარება, რომ საკუთარ თავში სინანულის ღრმა განცდა ავაღორძინოთ. მრავალსიტყვაობის დატევება, როგორ წმინდა სიტყებსაც არ უნდა წარმოვთქვამდეთ, გონებას ეხმარება, რომ გაფანტულობისგან გათავისუფლდეს და მთელი ძალებით თვითჩაღრმავებისკენ წარიმართოს. წმ. იოანე სინელმა თქვა: ,,ლოცვისას არ მისცე საკუთარ თავს მრავალსიტყვაობის უფლება, რათა სიტყვების სიმრავლემ გონების გაფანტვა და მეოცნებეობა არ გამოიწვიოს. ხოლო მოკლე ლოცვა კი, პირიქით, გონების მოკრებაში გვეხმარება’’.

რადგანაც მოკლე, ყურადღებიან ლოცვას უდიდესი სარგებელი მოაქვს, ჩვენი დედა ეკლესია თავის შვილებს ამცნებს, რომელიმე მოკლე ლოცვით ივარჯიშონ ლოცვაში. ვინც ასეთი ლოცვით განისწავლება, მგზავრობს, ზის, ჭამს, ხელსაქმობს, ადამიანთა საზოგადოებაში, თუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, მუდამ შეუძლია, რომ ქრისტეს ფარულად ესაუბროს. თუ ამ გარემო პირობების გამო არ შეუძლია ბაგეებით ლოცვა, მაშინ შეუძლია გონებით ილოცოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოკლე ლოცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ნათელია.

ღმრთისმსახურების დროსაც კი სასარგებლოა სულის საუნჯეში (გულში) მოკლე ლოცვის მოუკლებელი მოხმობა.

მრავალსიტყვიან ლოცვაში ადვილად გვეფანტება გონება, ადვილად ვკარგავთ სიტყვების აზრს, ხოლო მოკლე ლოცვისას ამის შანსი ნაკლებია. თუ რაღაც დროის განმავლობაში გონება გაგვეფანტა, ან ლოცვა მივატოვეთ, მარტივად შეგვიძლია, რომ კვლავ მივუბრუნდეთ მას. ღმრთისმსახურების დროსაც კი სასარგებლოა სულის საუნჯეში (გულში) მოკლე ლოცვის მოუკლებელი მოხმობა. ის არა მხოლოდ არ გვიშლის ხელს, რომ მსახურებისას აღმოკითხულ სიტყვებს ან გალობებს ჩავუღრმავდეთ, არამედ კიდევ უფრო მეტად ამახვილებს ჩვენს ყურადღებას და გონებას გაფანტულობისგან იცავს. თუკი გონება მოკლე ლოცვის მეშვეობით თვითჩაღრმავებისკენ არ წარიმართა, რაც სინანულის შეგრძნებას ბადებს, მაშინ ის მარტივად გაიფანტება, მსახურებისას კი საეკლესიო საკითხავებსა გალობებს უყურადღებოდ დავტოვებთ და ამაო ფიქრებსა და ოცნებებში ჩავიძირებით. სწორედ ეს დაემართა ზემოხსენებულ ფარისეველს, რომელიც ზედაპირულად ისმენდა ღმრთისმსახურებას და ამაო ფიქრებით იყო გატაცებული. ამ ყველაფერმა არა მხოლოდ გააუფასურა მისი ისედაც სუსტი ლოცვა, არამედ გაკიცხვის მიზეზადაც კი ექცა. ფარისევლის ლოცვა უარყო ღმერთმა. ის ტაძრიდან ისეთ მდგომარეობაში მყოფი გამოვიდა, რომ ვერც კი განიცდიდა საკუთარ სულიერ უბედურებას, რადგანაც მისი გული მკვდარი იყო სინანულისთვის და თვითკმაყოფილებითა და საკუთარი თავის განდიდებით იყო აღსავსე. როდესაც მოუკლებლად მოხმობილი მოკლე ლოცვა ჩვევად იქცევა, მაშინ ის ადამიანის ბუნების ნაწილი ხდება. ამიტომაც, მოკლე ლოცვის ჩვევით ჩვენ გამოვხატავთ ყურადღებასა და თანაგრძნობას ჩვენ მიერ მოსმენილი ლოცვის მიმართ.

მთელი დიდმარხვის განმავლობაში ყველა მსახურებისას ყველასთვის გასაგონად, ხშირად მეორდება სიტყვები: ღმერთო! განმწმინდე მე ცოდვილი. რისთვისაა საჭირო ამ ლოცვის ასეთი ხშირი გამეორება? იმისათვის, რომ მივეჩვიოთ მოკლე ლოცვის მოუკლებელ მოხმობას. სწორედ ამიტომ გვესმის მსახურებისას სიტყვები: უფალო, შეგვიწყალენ.

მეზვერის ლოცვის გამმართლებელმა სამყაროს მხსნელმა, შემდგომში უკვე მისი უწმინდესი სახელით ლოცვის მცნება მოგვცა. ლოცვა, რომელიც ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელს შეიცვავს, მის მიერაა დაწესებული და ეწოდება იესუს ლოცვა. ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი იმ ღმერთს მიმართავდა, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა. ხოლო ახალი აღთქმის პერიოდში ადამიანი უკვე ღმერთკაცს მიმართავს, როგორც ერთგვარ მეოხს ღმერთსა და ადამიანს, ისეთ მეოხს, რომელშიც ღმრთეება და კაცებაა შეერთებული, ისეთ მეოხს, რომელმაც გამოთქვა, თუ ვინ არის ღმერთი იმდენად, რამდენად ამას ადამიანი დაიტევდა.

ძველაღთქმისეული ლოცვის: ,,ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას’’, ახალაღთქმისეული ფორმაა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი’’. ძველაღთქმისეული ღმრთისმსახურები პირველ ლოცვას იყენებდნენ, ხოლო ახალ აღთქმაში პირველსაც ვიყენებთ და გაცილებით უფრო მეტად მეორეს, რადგან ღმერთკაცმა ისათნოვა, რომ მისი ადამიანური სახელი თავისი განსაკუთრებული სასწაულმოქმედი ძალით განემდიდრებინა.

ღმრთის წყალობა სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენ, ცოდვილებმა მოუკლებლად უნდა გამოვითხოვოთ ღმრთისაგან.

ამ ლოცვებში რა დატვირთვა აქვს სიტყვებს: ,,შემიწყალე მე’’ და ,,მილხინე მე’’. ეს არის ადამიანის მიერ თავისი სავალალო, დამღუპველი მდგომარეობის გაცნობიერება. ეს არის უარყოფა საკუთარი თავისა, ეს არის ღმრთის წყალობის თხოვნა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაღუპვის პირას მყოფი ადამიანის გადარჩენა. ღმრთის წყალობა სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენ, ცოდვილებმა მოუკლებლად უნდა გამოვითხოვოთ ღმრთისაგან.

ზოგიერთი იესუს ლოცვას ძალიან სწრაფად წარმოთქვამს და მხოლოდ რაოდენობაზე ზრუნავს. ამით ისინი ლოცვას არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ გულში შეიჭრას და იქ შესაბამისი შეგრძნებები აღძრას. სამართლიანად აღნიშნეს წმინდა მამებმა, რომ ასეთი მლოცველი სინამდვილეში ჰაერში ფანტავს სიტყვებს და ღმერთს არ ესაუბრება. რატომ მოგვიცავს ხოლმე მსახურებისას მოწყენილობა? იმის გამო, რომ ლოცვის მოქმედებას ვერ ვგრძნობთ. რატომ მივიჩქარით მადისაღმძვრელი სადილისკენ? იმიტომ, რომ გამოცდილებით ვიცით ნივთიერი საკვების გემო და მნიშვნელობა. მაშ რატომ არ მივიჩქარით ტაძარში და ვცდილობთ მოგვიანებით მივიდეთ, როდესაც მსახურების დიდი ნაწილი უკვე აღსრულდა? იმიტომ, რომ გამოცდილებისეულად არ ვიცით ლოცვის მნიშვნელობა, რომელიც სულის საკვებია და სულიერ ძალას ანიჭებს მას. იმიტომ, რომ ვლოცულობთ აჩქარებულად, ზედაპირულად და უყურადღებოდ. ხანგრძლივი, მაგრამ უყურადღებო ლოცვის მოქმედება ისეთივეა, როგორიც თავსხმა წვიმის მოქმედება რკინის სახურავზე, რომელსაც რამდენი წყალიც არ უნდა დაასხა, ყველაფერი ძირს ჩამოდის და სახურავზეც ვერანაირად ვერ მოქმედებს. ამის საპირისპიროდ, ყურადღებიანი ლოცვა გვაგონებს იმ წვიმას, რომელიც დათესილ ნიადაგს რწყავს და იქაურობას ნაყოფიერი მოსავლისთვის ამზადებს.

ლოცვისას გონების ყურადღება გულში ნეტარ მწუხარებას აღძრავს ცოდვის გამო, რაც ღმრთის მიერ ნამცნები სინანულია.

წმინდა მამები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს დიდი ზიანის მომტანი შეცდომა, რომელიც მოღვაწეს სრულიად ართმევს ლოცვის ნაყოფებს, აღკვეთონ, გვასწავლიან, რომ ნებისმიერი ლოცვისას ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად და სიტყვებისადმი მაქსიმალური ყურადღებით წარმოვთქვავთ. აუჩქარებელი ლოცვის შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი ყურადღების მოხვეჭა. აჩქარებული ლოცვისას ყურადღების ადგილი აღარ რჩება, ხოლო ყურადღებას მოკლებული ლოცვა კარგავს თავის არსს და მაცოცხლებელ ძალას. შედეგად ის ემსგავსება უსულო სხეულს. მოკლებულია სიმდაბლის კეთილსურნელებას და ვერ აღწევს ცოცხალ ღმერთამდე. გაფანტულობით სიცოცხლეს მოკლებული ლოცვის სიტყვები აღირევა მიწიერ, ხრწნილ საგნებში და ამ დროს, მლოცველიც შინაგანად ცივდება. ლოცვისას გონების ყურადღება გულში ნეტარ მწუხარებას აღძრავს ცოდვის გამო, რაც ღმრთის მიერ ნამცნები სინანულია. როდესაც გული სინანულის განცდით აღივსება, მაშინ ის, თავის მხრივ, გონებას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს. ყურადღებასთან და ლმობიერებასთან ერთად სულში სულიწმიდის მადლი მკვიდრდება და ადამიანი ცოცხალი ღმერთის ტაძრად იქცევა.

დაე, მივანიჭოთ ჩვენს ლოცვას ეს ორი ღირსება: ყურადღება და სინანული. მათ მიერ, როგორც ორი ფრთით, ისე აღიწევა ზეცად ჩვენი სული, წარსდგება ღმრთის წინაშე და გამოითხოვს მისგან წყალობას. სწორედ ეს ორი რამ ჰქონდა ნეტარი მეზვერის ლოცვას. ის საკუთარი ცოდვილობის განცდით იყო მოცული და თავისი საქმეების წყალობით გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდა. ამ იმედს მხლოდ ღმრთის მოწყალებაზე ამყარებდა, რომელიც ყველა ცოდვილს სინანულისკენ მოუწოდებს და მხოლოდ სინანულის გამოც კი გამოიხსნის მას. როგორც არანაირი სიკეთის მქონე ცოდვილმა, მეზვერემ, ტაძარში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. როგორც უღირსმა ცოდვილმა, თვალებიც კი ვერ აღაპყრო ზეცისკენ. არამედ მიწისკენ მიმართა და სინანულით თავის გაქვავებულ გულში იცემდა და მისი სიღრმეებიდან, მთელი სულით აღმოთქვამდა აღმსარებლობასთან შეერთებულ ლოცვას: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.

მისი ლოცვა იმდენად ძლიერი და მოქმედი იყო, რომ ტაძრიდან ის ღმრთის წინაშე გამართლებული გამოვიდა.

წყარო: https://svtihon.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©