წმინდა მამები ამბობენ, ჩვენი ხორცი მიწისგან შეიქმნა და თავისი თვისებებითაც ჰგავს მას. მასაც სჭირდება დამუშავება. ისევე, როგორც ნიადაგზე დათესილი თესლი სამეურნეო იარაღებით დამუშავების გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს, ასევე ჩვენი ლოცვაც უნაყოფოა, თუკი მისთვის სხეული და გული მარხვით არ არის მომზადებული. ნაყროვანი ადამიანის ლოცვას ახშობს გულის სისასტიკე, სიცივე, ამაო და ვნებიანი ოცნებები. ასევე პირიქით, თუკი ადამიანი მხოლოდ გარეგნული ღვაწლით კმაყოფილდება და შინაგანს ყურადღებას არ აქცევს, ანუ არ ცდილობს ჰქონდეს შინაგანი სულიერი საქმიანობა – გონიერი ლოცვა, მაშინ მისი გულის ნიადაგზე საკუთარი თავის განდიდებისა და სიამაყის სარეველები აღმოცენდება. უგუნურად მმარხველ ადამიანში, ეს ორი მანკიერება მჭიდრო კავშირშია სხვა ადამიანების დამცირებასა და განკითხვასთან. მარხვა ძლიერი იარაღია, როდესაც მას თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს, ხოლო როდესაც ამ იარაღს თვითმიზნად და საკუთარი თავის განდიდების საშუალებად ვაქცევთ, მაშინ მოღვაწისთვის აუცილებლად თვითმკვლელობის იარაღად იქცევა.
ზუსტად ასე მარხულობდნენ ფარისევლები და სულ უფრო და უფრო აზიანებდნენ საკუთარ თავს.(მთ.9:14). ‘’ განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას’’(ეს. 58:5-9) წინასწარმეტყველი ესაია ამ სიტყვებით გვასწავლის, რომ მარხვას წინ უნდა უძღოდეს მოწყალება და მოყვასის მსახურება. ის გვეუბნება, რომ ასეთი მოღვაწის ლოცვა მყისვე შეისმინება და საკუთარ გულში ცოცხალ ღმერთს შეხვდება.
სულიწმიდა მრავალგზის გვამცნებს ლოცვისა და მარხვის ურთიერთდაკავშირების შესახებ. ‘’ ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.(იოველი. 2:12-15) ლოცვისა და მარხვის ძალის გამოცდილება მონანულმა ნინეველებაც გვიჩვენეს. მათთვის წინასწარმეტყველ იონას პირით განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. იონამაც დატოვა ქალაქი, შორიდან შეჰყურებდა და ყოველწამიერად ელოდებოდა თავისი წინასწარმეტყველების აღსრულებას. მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა: ნინეველემაც მიატოვეს ბოროტი საქმეები, მათში გაცოცხლდა გულმხურვალე სინანული, რაც გულმოდგინე მარხვასა და ცეცხლოვან ლოცვაში გამოიხატა. ახალ აღთქმაში ქრისტემ პირდაპირ გვითხრა, რომ მარხვა მისი მოწაფეების საერთო ღვაწლი გახდებოდა, როგორც კი მათგან ზეციური სიძე ამაღლდებოდა(ლკ.5:35). როგორ არ იღვაწონ, როგორ არ იშრომონ, იმარხულონ, ცრემლი ღვარონ ქრისტეს მოწაფეებმა, როდესაც მათი ერთადერთი საგანძური, მათი სიცოცხლის ერთადერთი საზრისი მათგან შორსაა, როდესაც მისკენ(ქრისტესკენ) მავალი გზა დიდი სირთულეებითაა აღსავსე და მასზე საშინელი და უბოროტესი სულიერი ავაზაკები დათარეშობენ!
ყველა წმინდანმა თავისი სიცოცხლე ლოცვასა და მარხვაში გაატარა. როგორც სახარებაში ვკითხულობთ, წმინდა წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, არ განეშორებოდა ტაძარს და მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს დღე და ღამე(ლკ.2:37). ივდითის შესახებ გვაუწყებს წმინდა წერილი, რომ მან თავისი ქვრივობის წლები მარხვაში გაატარა და საკუთარი გულის გამოცდილებით შეიგრძნო ლოცვა და ლოცვით ღმერთთან ცოცხალ პიროვნულ ურთიერთობას მიაღწია.(ივდითი. 8). წმ. წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: ‘’ დავიმდაბლე მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს’’. (ფს.34:13) და ასევე: ‘’ დავიფარე მარხვითა სული ჩემი’’.(ფს. 68:11). მარხვის დახმარებით გულში ლოცვა ცოცხლდება, ხოლო მის გარეშე, ის გონების გაფანტულობის საბრალო მსხვერპლი ხდება, რომლის დედაც ნაყროვანებაა! როდესაც წმ. მოციქული პავლე ჭეშმარიტ ღმრთისმსახურთა ნიშნებს ჩამოთვლის, მათ შორის ახსენებს ლოცვას და მარხვას. (2. კორ. 5:5; რომ.12:12). საკუთარ თავზე კი მოწმობს იმას, რომ თავისი სიცოცხლე მოუკლებელ ღვაწლში, დანაკლისსა და მწუხარებაში გაატარა. ის ახსენებს წყურვილს, შიმშილს, რომლის დათმენაც სხვადასხვა გარემოებების გამო უხდებოდა და მოუკლებელ მარხვას, რომლის მიერაც მუდამ ცდილობდა საკუთარ ხორცზე გაბატონებას(2.კორ.11:27; 1.კორ. 9:27). როდესაც მახარებელი ლუკა, ქრისტეს ამაღლების შემდგომ, ‘’ საქმე მოციქულთაში’’ წმინდა მოციქულების, ყოვლადწმიდა ქალწულისა და მენელსაცხებლე დედების იერუსალიმში მკვიდრობას აღწერს, ამბობს: ‘’ ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით’’. (საქმ.1:14). ეს სიტყვები მოწმობს იმას, რომ მათი ლოცვა მოუკლებელი იყო, რაც მარხვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ასე ცხოვრობდნენ მოციქულები! ასე ცხოვრობდნენ მოწამეები! ასე ცხოვრობდნენ ღირსი მამები! სწორი სულიერი ცხოვრების პრაქტიკა მუდამ იყო, არის და იქნება მოუკლებელი გონიერი ლოცვისა და მოუკლებელი სულიერი მარხვის თანხვედრა. ისინი ქრისტეს დაემსგავსნენ და მათი სიყვარული და მოწყალება, როგორც მოყვასის, ისე მოძულეების მიმართ, ზებუნებრივი გახდა. ისინი არამხოლოდ თანაუგრძნობდნენ ადამიანებს თავიანთ სულიერ და ხორციელ ტკივილებში, არამხოლოდ პატიობდნენ საშინელ შეურაცხყოფებს და დამცირებებს, არამედ სიხარულითაც კი გაწირავდნენ საკუთარ თავს მოყვასისა და მტრების სულის გადასარჩენად.
ცხოვრებისეული სირთულეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების წინ, წმინდა მამები კიდევ უფრო აქტიურდებოდნენ სულიერ ცხოვრებაში, კიდევ უფრო უმატებდნენ შრომას და მარხვასა და ლოცვაში კიდევ უფრო გულმოდგინენი ხდებოდნენ. ამ ყველაფრის მაგალითი თავად ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ გვიჩვენა. სანამ მისიონერულ საქმიანობას დაიწყებდა, ქრისტე უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი დღის და ორმოცი ღამის განმავლობაში მარხულობდა. როგორც წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: ‘’ის საკუთარი ნებით მარხულობდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ მარხვა განსაცდელებისა და ეშმაკის წინააღმდეგ უდიდესი იარაღია. ისევე, როგორც უზომო საკვებია საწყისი დაცემისა, ასევე თავშეკავებაა საწყისი სათნოებებისა’’. სულიერი ბრძოლისა და ღვაწლის მასწავლებელი და წინამძღვარი თავად სულიწმიდაა. სანამ თორმეტ მოციქულს გამოარჩევდა, რომლებიც უნდა მომზადებულიყვნენ იმისათვის, რომ მთელს სამყაროში ქრისტეს ნათელი მოეფინათ, უფალი მთაზე განმარტოვდება და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს(ლკ. 6:12). ლაზარეს აღდგინების წინ კი ქრისტე მადლიერებით მიმართავს ზეცურ მამას: ‘’ ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე’’(ინ.11:42). ზუსტად ასე არ სჭირდებოდა ქრისტეს ლოცვა მოციქულების გამორჩევის წინ, მაგრამ ამით მან მაგალითი გვიჩვენა და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, რითიც, წმინდა მამების თანახმად ის გვითხრა, რომ როდესაც წინ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაშინ ძალიან სასარგებლოა ხანგრძილივი და გულმოდგინე ლოცვა. ჯვარცმის წინ, რომელიც ქრისტემ ჩვენს გადასარჩენად იტვირთა, ის გეთსიმანიის ბაღში მივიდა. იმ ადგილას მივიდა, სადაც უნდა გაეცათ და ამით გვიჩვენა ის, რომ საკუთარი ნებით გაიღო ეს მსხვერპლი და რომ მისი ნება და მამის ნება ერთი იყო. ეს ჩვენთვის მაგალითიცაა იმისა, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოსული ნებისმიერი ტკივილი თუ განსაცდელი საკუთარი თავის უარყოფით, ღმრთის ნებისადმი მორჩილებითა და იმ ყოვლისშემძლე ღმერთზე მინდობით მივიღოთ, რომელიც დაუძინებლად გვგუშაგობს და გვიფარავს და რომელსაც ჩვენი თმის ყოველი ღერი დათვლილი აქვს.
ქრისტემ გვიჩვენა ის პრაქტიკული სულიერი საშუალებები, რომლის დახმარებითაც ჩვენი უძლური ადამიანური ბუნების განმტკიცებას შევძლებთ. ის გულმოდგინე ლოცვაში იძირება. ძილისგან დამარცხებულ მოწაფეებს კი ამცნო: ‘’იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვდეთ განსაცდელსა’’(მთ.26:41). იმისათვის, რომ განსაცდელმა არ გატეხოს და დათრგუნოს ადამიანი, აუცილებელია ლოცვა. მძიმე განსაცდელის დროს გამარჯვებისთვის აუცილებელია ის საღმრთო და შეურყეველი მშვიდობა, რომლის წყაროც ლოცვაა. სწორედ ლოცვაა საჭირო იმისათვის, რომ არ შეირყეს ჩვენი რწმენა მაშინ, როდესაც ეშმაკი მწუხარებისა და სასოწარკვეთილების გულისსიტყვების მიერ ცდილობს ჩვენს დაღუპვას. ლოცვა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ მწუხარების დროს ჩვენმა გულმა განიცადოს ის სიხარული, რომლის განცდაც წმ. იაკობ მოციქულმა გვამცნო(იაკ.1:2) ლოცვისას მადლისმიერ ნუგეშს მიიღებს ის, რომელიც მარხვის მიერ განწმენდას ცდილობს.
ქრისტეს მაგალითს მისდევენ მისი ჭეშმარიტი მოწაფეები. იმ სულიერი მდგომარეობის მიერ, რომელიც ჩვენში გონიერი ლოცვისა და მარხვის მიერ იქმნება, ჩვენ გვეძლევა უნარი საღმრთო გამოცხადებების აღქმისა. სწორედ ლოცვის, მოწყალებისა და მარხვის მიერ მოიპოვა კორნილიუს ასისთავმა უდიდესი სიკეთე: ქრისტესთან შეხვედრა და მისი შეცნობა.
უამრავი მტკიცებულება და მაგალითია იმისა, რომ სულიერი ადამიანები, საღრმთო გამოცხადებების გამოცდილებას მხოლოდ გონიერი ლოცვითა და მარხვის მიერ თავშეკავების ღვაწლით იღებდნენ. ლოცვისას მათი გონება თავისუფალი იყო ყოველგვარი წარმოსახვისა და ოცნებისაგან და ღრმა კრძალვითა და მყუდროებით წარსდგებოდნენ უხილავ ქრისტესთან სასაუბროდ.
საყვარელო ძმებო და დებო! როდესაც უკვე გავიგეთ ამ სულიერი იარაღების: გონიერი ლოცვის, მარხვისა და მოწყალების შესახებ, ვიჩქაროთ, რომ რაც შეიძლება მალე შევიარაღდეთ. დაე ქრისტეს მსგავსი გულმოწყალება იყოს ჩვენი მთავარი თვისება!არამხოლოდ მარხვის პერიოდში ვეცადოთ, რომ დავამდაბლოთ ჩვენი სხეული საკვებში ზომიერი თავშეკავებით, არამედ სხვა დროსაც საჭიროებისამებრ, ზომიერად და გონივრულად მივიღოთ ჩვენი სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად საკვები. მარხვის მიერ სული გავაბატონოთ სხეულზე და ლოცვით ფრთა შევასხათ. დაე ჩვენმა სულმა შეიძინოს ქრისტესთან მოუკლებელი საუბრის კურთხეული ჩვევა. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ქრისტე გახდება ჩვენი თანაშემწე და ჩვენი ცხოვრების წარმმართველი. ლოცვაში ხშირი შრომის შედეგად, თანდათანობით განვიწმინდებით ყოველგვარი ვნებისაგან. ის, ვინც მეფის წინაშე სათხოვარითაა წარმდგარი, განა არ ეცდება, რომ თავისი თხოვნაც მეფური ღირსებისა და იმ საღმრთო მზერის შესაბამისი იყოს, რომელიც ჩვენი გულის დაფარულ სიღრმეებს წვდება და რომელიც ყველაფერს, ხილულსაც და უხილავსაც ნათლად ხედავს? ‘’ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა’’.(1.ინ.5:14). ის, ვინც მოუკლებლად ცდილობს, რომ ქრისტე ეძებოს, განა არ მოიხვეჭს იმ განცდას, რომ ის ცოცხალი ღმერთის მზერის წინაშე ცხოვრობს? რომ მის ნებისმიერ საქმეს და მისი სულის ნებისმიერ მოძრაობას ხედავს ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი? ასეთი განცდა აუცილებლად განაპირობებს ქრისტიანის სულიერ ზრდას. დაე მოგვმადლოს ჩვენმა კეთილმა ღმერთმა ეს სულიერი სიკეთეები მისი სახელის სადიდებლად და ჩვენი სულის გადასარჩენად. ამინ.
წყარო: http://pravoslavie.ru
მთავარი ფოტო: წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)