ქრისტე თავად მოვა და ჩასახლდება ჩვენს სულში, თუკი იქ იპოვის მისთვის სასურველსა და სასიამოვნო კეთილ ნებას, თვინიერებასა და სიყვარულს. ამის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. სიყვარული და თვინიერება სულს მთლიანად მიმართავს უფლისკენ, სულს ესმის მისი ხმა, ღებულობს მისგან ძალასა და მადლს, განიცდის ფერიცვალებას, გრძნობს გულის აჩუყებას. მისი ღმერთთან ურთიერთობა ადვილი და ძალდაუტანებელია, მაგრამ თუ თვინიერება და სიყვარული ნაკლებია, ან საერთოდ არ არის, მაშინ ღმერთთან ურთიერთობა თითქმის შეუძლებელია, რამეთუ თუკი სული აღსავსეა ვნებით, სიძულვილით, მტრობით, მას ამაღლება არ შეუძლია. ლოცვის დროს, როცა ვუხმობთ: უფალო იესო ქრისტე, ის რომ სულში გამოგვეცხადოს, ჩვენი გული წმიდა უნდა იყოს, თავისუფალი ყოველგვარი დაბრკოლების, სიძულვილის, ეგოიზმისა და გაბოროტებისგან. აუცილებელია, ჩვენ ის გვიყვარდეს და მას კი – ჩვენ.
მაგრამ თუ ჩვენში თუნდაც მცირეოდენი სიავეა, უნდა მივმართოთ საიდუმლოებას. საიდუმლოება კი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გულშემუსვრილობით მოვინანიოთ ცოდვა და სულიერ მოძღვარს ჩავაბაროთ აღსარება. ამისთვის კი, როგორც ვთქვით, საჭიროა თვინიერება. თუ ღმრთის მცნებებს ვასრულებთ და სინდისის ქენჯნა არ გვაწუხებს, თუ სულში სიმშვიდეა და კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, მაშინ ადვილად შევდივართ ლოცვით მდგომარეობაში და მშვიდად ველოდებით მადლის მოქმედების დაწყებას.
რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ყოველთვის საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, მორჩილად ვილოცოთ და არ ვიმართლოთ თავი. თუ მოწინააღმდეგე მხარე მაინც გვექიშპება და გვმტრობს, ვილოცოთ მისთვის სიყვარულით, მის სიძულვილს სიყვარულით ვუპასუხოთ. თუ ჩვენზე ლანძღვა და ცრუ ბრალდება გვესმის, ისევ ვილოცოთ. იცოდეთ, “გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.” (სიბრძნ. 1, 10). მოყვასზე მცირეოდენი დრტვინვაც კი მოქმედებს სულის მდგომარეობაზე და სულს უკვე აღარშე უძლია ლოცვა. როცა სულიწმიდა ხედავს აღშფოთებულ სულს, ვერ ეკარება მას.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ