მამა იოსებ ვატოპედელი 1 1

გულმოდგინება გონიერ ლოცვაში და სულიერი ცხოვრების შვიდი პრაქტიკული საშუალება – ბერი იოსებ ვატოპედელი

როდესაც ადამიანში საღმრთო მოშურნეობა ქმედითად ვლინდება და ქრისტეს მცნებების დაცვა მისთვის გარდაუვალი ვალდებულება ხდება, შედეგად მის გულში სიმდაბლის კეთილსურნელება ვრცელდება, რომელიც როგორც ერთგვარი სულიერი მარილი, მოღვაწის საქმეებსა და გულისსიტყვებს დაზიანებისგან იცავს. შემდეგ მოდის ჭეშმარიტი შემეცნება საღმრთო სიკეთისა, რომელიც იმაში ვლინდება, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და მთელ ქმნილებაზე, განსაკუთრებით კი ადამიანზე, მამობრივად ზრუნავს.

მოღვაწეობის ერთ-ერთი გზა, რომელიც წმინდა მყუდროებას უკავშირდება, ეს არის ჯვრისმტვირთველობის გზა. პირველი და უმთავრესი საფუძველი ამ გზისა არის მარხვა, მღვიძარება და ძალების შესაბამისი განშორება ამასოფლის სულისგან, სიტყვებისგან და საქმეებისაგან. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უპირველესია გონიერი ლოცვა, რომელშიც იმდენად უნდა დავიხარჯოთ, რამდენადაც შეგვიძლია. პავლე მოციქული ტყუილად არ მოითხოვს მოუკლებელ ლოცვას. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგანაც ის მარადისობაში ღმერთის მიერ შექმნილ გონიერ არსებათა მთავარი მონაპოვარი იქნება.

წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ლოცვის საქმეში საჭიროა დიდი გულმოდგინება, რადგანაც ამ უდიდეს სათნოებას ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამიტომაც ვართ მოწოდებულნი, რომ ,,ვითხოვდეთ…, ვეძებდეთ…, ვირეკდეთ’’(მთ.7:7) მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვლინდება ის, რომ ჩვენ საღმრთო შეწევნა გვჭირდება.

გაფანტულობასა და აქეთ-იქით ხეტიალს მიჩვეულ გონებას, მოუკლებლად მოხმობილი ლოცვის რამდენიმე სიტყვაში გამოკეტვა არ სურს. ამას დაუმატეთ ჩვენს გონებაში დაგროვებული შთაბეჭდილებები, რომლებიც წარმოსახვის სახით წარმოგვიდგება და ჩვენს გონებას ძველი ჩვეულებებისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, გვებრძვის უმზაკვრესი მტერი, რომელიც ყველაზე სასტიკად მათ ეომება, ვისაც გონიერი ლოცვის დაუფლება მოუსურვებია და მუდამ თავს ესხმის მათ. ასე რომ, ძველი ჩვევები, რომლებიც ცოცხალ კავშირში არიან ამასოფლის სულთან, ხელს უშლის ჩვენში მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებას.

თუკი დაუღალავად ვეძებთ და გულმოდგინებას ვავლენთ, საღმრთო მადლი შეამსუბუქებს ყოველგვარ სირთულეს. როგორც ნებისმიერი საქმის დასაწყისში, აქაც დაბრკოლებებს ვაწყდებით, თუმცა ეს სირთულეები არც წარუმატებლობის ნიშანია და არც იმისა, რომ არასწორად ვმოქმედებთ. ჩვენი სულიერი წინაპრებისგან და საკუთარი გამოცდილებითაც ვიცით, რომ აუცილებელია მოთმინება გამოვავლინოთ ჩვენი უფლის უტკბესი და უწმინდესი სახელის მოუკლებელ მოხმობაში, თუნდაც გონება გვეფანტებოდეს. გულმოდგინება შობს ჩვევას, რომელიც თავის მხრივ, გვათავისუფლებს ზედმეტი ძალისხმევისგან. ჩვენი კეთილი ქრისტე, რომელსაც გულმოდგინედ და მოუკლებლად მოვუხმობთ, არ მიგვატოვებს მათ, ვინც ლოცვით ვცდილობს მასთან საუბარს. ის ხომ ის არის, ვინც ჩვენ ცოდვილებისთვის მოკვდა და ,,ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი’’(ფს.144:19).

ვისაც სურს, რომ შრომატევადი სინანულის ღვაწლს შეუდგეს, განსაკუთრებული ყურადღება გონიერ ლოცვას უნდა დაუთმოს. საკმარისია ჩვენმა ყურადღებამ სულ ცოტათი მაინც ჩათვლიმოს და ჩვენი უმზაკვრესი მტრები მყისვე ააქტიურებენ ჩვენში ძველ ჩვევებსა და ვნებებს. ოდესღაც ვერ ვიგებდი ჩვენი გამოცდილი მოძღვრების სიტყვებს, რომლებიც მადლზე მეტად გამოცდილების მოხვეჭას მისურვებდნენ. მაგრამ როდესაც თანდათანობით შევუდექი ქმედითი სინანულის გზას, მაშინღა მივხვდი, თუ რამდენად საჭიროა ლოცვა, რადგან მას, ვინც უხილავ ბრძოლაში გამოცდილება შეიძინა, მრავალი სულიერი ნიჭის მოხვეჭა ძალუძს. თანაც გამოცდილების გარეშე ღმერთისგან ნაჩუქარი მადლის შენარჩუნება საკმაოდ რთულია.

გამოცდილი მამები თვლიან, რომ სათნოებებში ისინი უფრო წარემატებიან, ვინც ცდილობენ, რომ სინანულით ესაუბრონ ქრისტეს, შრომობენ სწორად და კრძალვით, ვიდრე ისინი, ვინც ერთხელ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და შემდეგ უგულისყურობის შედეგად ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. როდესაც ასეთი მოღვაწე შეცდომის გამოსწორებას მოისურვებს, ის მრავალ განსაცდელს შეხვდება. რამდენადაც დაცემა გამოიწვია უყურადღებობამ, ღმრთის მადლი, რომელმაც უწინ ეს ადამიანი არაწმინდა ცხოვრების ჭაობიდან ამოიყვანა, ასე მარტივად აღარ დაბრუნდება. ამ დროს მოღვაწეს გამოცდილი მოძღვრის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

პრაქტიკული სულიერი ცხოვრების შესახებ წმინდა მამათა სწავლებაში ჩვენ შვიდ ქმედით საშუალებას ვხედავთ, რომლებზეც შენდება სინანულის ღვაწლი, ანუ სწორი სულიერი ცხოვრება.

პირველ პრაქტიკულ ნაბიჯად მამები ასახელებენ ,,ისიქიას’’, ანუ ადამიანის მთელი არსების მთლიანობას, გონებისა და გულის ერთიანობას. ისიქია, იგივე მყუდროება, არამხოლოდ ცოდვის მიზეზებისგან განშორებას გულისხმობს, არამედ მისგანაც, რომელიც ,,ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა’’(1.პეტ.5:8). მყუდროების საშუალებით მოღვაწე ცდილობს, რომ ზედმეტ, ამაო და უმიზნო საზრუნავებს გაექცეს, რათა თავისი გონება მოუკლებლად მიაპყროს ქრისტეს და ის გახდეს მისი საზრუნავი. ქრისტეს მადლით განათლებული მოღვაწე თავის დაფარულ შინაგან გულს აღმოაჩენს, რაც მისი აუცილებელი ვალდებულებაცაა.

მეორე საშუალებაა მარხვა. მისი დახმარებით ამოიძირკვება ერთ-ერთი მთავარი ვნება – გემოთმოყვარეობა, რომელიც დაცემული ბუნებისა და ეშმაკის მოკავშირეა. ეს უკანასკნელი, მისი წყალობით მრავალ მსხვერპლს იმონებს. ამ საქმიანობის მნიშვნელობა თავად უფალმა გვიჩვენა, რომელმაც იორდანეში ნათლობის შემდეგ, ჩვენი განახლებისთვის მარხვის ღვაწლი იტვირთა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შევეჭვდეთ ამ ღვაწლში, რომელიც არის სვეტი სინანულისა, საფუძველი განახლებისა, აღდგომისა და ცხონებისა?

მესამე საშუალებაა ღამის გატეხვა, ღამე ლოცვა. ეს არის გონების განათლების უსრულყოფილესი გზა და მშობელი გონიერი ლოცვისა. ზედმეტი ძილის მდგომარეობა, გონების სიწმინდეს უშლის ხელს. ღამე ლოცვა წმინდა მამათა ასკეტური ღვაწლის განუყოფელი ნაწილი იყო და თავიანთი გამოცდილებით ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ამ სათნოებას მრავაგვარი სარგებელი მოაქვს, რადგან ყველაზე მეტად უწყობს ხელს ,,გონიერ საქმიანობას’’, ანუ გონიერ ლოცვას, რომელზეც არის დამოკიდებული ყველაფერი, რადგან  გონებაა, რომელიც ხედავს, ესმის, ირჩევს და აღასრულებს.

მეოთხე და მეხუთე საშუალებად ისინი ასახელებენ ლოცვასა და ფსალმუნებას. მათ ლოცვის ერთიანი ღვაწლი, გაყვეს ორ სახესხვაობად. ლოცვაში ისინი გულისხმობენ საკუთარ გულში ჩაღრმავებას და იქ ქრისტეს წინაშე განმარტოებით საუბარს. იქ, ნებისმიერი ადამიანი მთელ თავის არსებას წარადგენს საღმრთო სიკეთის წინაშე და გულმოდგინებით, ვედრებით, ცეცხლოვანი თხოვნით, ლოცვითი მოხმობითა და მადლიერებით საკუთარ გულის სათხოვარს ღვრიან ქრისტეს წინაშე. ფსალმუნება კი მეტწილად საერთო ლოცვის სახეა. როდესაც მორწმუნეები იკრიბებიან, გალობასთან ერთად, საერთო ლოცვა დიდ ზეიმურობს იძენს.

მეექვსე საშუალებად მამები მიიჩნევენ კითხვას და შესწავლას წმინდა მამათა სიტყვებისა, რომლებიც ქრისტეში სულიერი ცხოვრების გზაზე მიგვიძღვებიან. უფლის სიტყვები ,,რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი’’(ინ.14:21) ნიშნავს: დაე ადამიანმა შეისწავლოს და გაიაზროს ჩემი მცნებები, ჩემი ნება და ამის შემდეგ ეცადოს მათ აღსრულებას და ,,იგი არს, რომელსა უყუარ მე’’. მოსეს რჯულში ღმერთი კიდევ უფრო მეტად მოითხოვს მისი ნების შეცნობისა და მისი სიტყვის შესწავლის მცდელობას, რათა ზედმიწევნით აღესრულებინათ ის. ,,შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე’’(ფს.1:2). ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი მათთვის, ვისაც სურს, რომ ჩვენი მტრის მარწუხებისგან გათავისუფლდეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილი გახდება მისი ზრახვანი(2.კორ.2:11). ,,რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღმრთის წმიდა კაცნი’’(2.პეტ.1:21). ამიტომაც ამ წმინდა მამების ნაწერებისა და სიტყვების კვლევა აუცილებელი ხდება იმისათვის, რათა მეტად ნათლად ჩავწვდეთ იმ უხილავი ბრძოლის არსს, რომელაც დღე და ღამ ვაწარმოებთ.

მეშვიდე საშუალებად მამები სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობას მიჩნევდნენ. ამ გზით ადამიანში იშვება სიმდაბლე, ქრება თვითკმაყოფილება და გამოუცდელობა. რადგანაც ,,ამპარტავათა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი’’(იაკ.4:6).

ასეთი მისწრაფებისა და მომზადების ერთ-ერთი უმთავრესი და უმნივნელოვანესი ნაყოფია მოთმინება.


წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)

Share