კანდელი 1

როგორ ვისწავლოთ სწორი ლოცვა? წმინდა ეგნატეს რჩევები – მღვდელი ვალერი დუხანინი

წმინდა ეგნატე მუდამ ამბობდა, რომ ქრისტიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ლოცვის გარეშე. მას მივმართავთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებში – სასიხარულო და სამწუხარო შემთხვევებში.  სულიერ ცხოვრებაში ზრდა და განმტკიცება ლოცვაში წარმატებასთან პირდაპირ კავშირშია. რა არის ლოცვა? როგორი უნდა იყოს ის? როგორ ვისწავლოთ სწორი ლოცვა? ამ ყველაფერში გაგვარკვევს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, რომლის მთელი ცხოვრებაც მოუკლებელ ლოცვაში შრომა იყო და რომლის ნაშრომებიც წმინდა მამათა ლოცვითი გამოცდილებითაა განმსჭვალული.

წმინდა ეგნატეს ნაშრომების მიხედვით ,,ლოცვა ცოცხალი ღმერთის წინაშე ჩვენი გულის სათხოვარის აღვლენაა’’, ,,ადამიანისა და ღმერთის ერთობის საშუალება და უდიდესი სათნოება’’, ,,სიცოცხლესთან ზიარება’’, ,,ყოველგვარი სულიერი ნიჭის გასაღები’’, ,,გონების უმაღლესი წვრთნა’’, ,,სათავე, წყარო და დედა სათნოებათა’’. ის არის ,,საკვები, წიგნი, მეცნიერება და ყველა ქრისტიანის სიცოცხლე’’.

რაში მდგომარეობს ლოცვის აუცილებლობა? იმაში, რომ ღმერთს დავცილდით, დავკარგეთ ნეტარება, მარადიული სიხარული, მაგრამ ჩვენ დაკარგულის დაბრუნება გვწადია და ამიტომაც ვლოცულობთ. ამრიგად, ,,ლოცვა – დაცემული და მონანული ადამიანის მგლოვარებაა ქრისტეს წინაშე. ეს არის გულის სათხოვარის გადმოღვრა და დაცემული და ცოდვით მომკვდარი ადამიანის  შინაგანი ღაღადისის აღმოთქმა’’. თავად ლოცვა გარკვეულწილად დაკარგულის დაბრუნებაა, რამდენადაც ჩვენი ნეტარება ღმერთთან ურთიერთობაში მდგომარეობს. წმინდა ეგნატე ამბობს: ,,ჩვენთვის აუცილებელია ლოცვა, რადგან მის გარეშე ადამიანი ღმერთისგან გაუცხოვებულია და რამდენადაც მეტად მეცადინეობს ის ლოცვაში, მით უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს’’. სულიერი ცხოვრების ამ პრინციპზე ჯერ კიდევ წმინდა იოანე სინელი მიუთითებდა: ,,თუკი დიდი ხანია, რაც ლოცვაში შრომობ, მაგრამ ნაყოფს ჯერ ვერ ხედავ, არ თქვა ჯერ არაფერი მომიხვეჭიაო. რადგანაც თავად ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; განა რა არის ქრისტესთან მოუკლებელი ერთობის მდგომარეობაზე აღმატებული სიკეთე?’’.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვით დაცემისას ადამიანი არამხოლოდ ხორციელ სიკვდილს დაექვემდებარა, არამედ სულიერსაც, რადგანაც მას სულიწმიდასთან ზიარების საშუალება წაერთვა. უზრუნველობითა და გულგრილობით ჩვენში დამკვიდრებულ ნათლისღების მადლსაც შეურაცხვყოფთ, თუმცა ლოცვისას სულიწმიდასთან ჩვენი სულის ზიარებით, ჩვენ ხელახლა ვიბადებით. ,,ისევე როგორც ჟანგბადია სხეულისთვის მაცოცხლებელი, ასევე სულიწმიდაა ჩვენი სულისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი. სწორედ ლოცვისას სუნთქავს ჩვენი სული ამ წმინდა და საიდუმლოებრივი ჟანგბადით’’. ასევე: ,,ლოცვა ადამიანის სულის შეერთებაა ქრისტეს სულთან’’. ის შობს ჩვენში სულიერ სათნოებებს: ,,ყოველგვარი სიკეთის წყარო ღმერთთან მყოფობით, მლოცველი მის სათნოებებს ეზიარება’’.

რაც შეეხება ლოცვითი ღვაწლის აღსრულებას, წმინდა ეგნატე ორ წინაპირობაზე მიუთითებდა: სწორი შრომა და მუდმივობა.

იმისათვის, რომ ლოცვაში წარვემატოთ, აუცილებელია მისი სწორი აღსრულება და ამ შემთხვევაში, ის ჩვენს სანუკვარ მიზანთან – ქრისტესთან ცოცხალ ურთიერთობასთან მიგვაახლებს. სწორი ლოცვის მასწავლებლები არიან ისინი, ვინც უკვე მიაღწია ღმერთთან ურთიერთობის მდომარეობას, ანუ წმინდა მამები. ამიტომაც, აუცილებელია მათ ნაშრომებში ჩაღრმავება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ,,ჭეშმარიტი ლოცვის ჭეშმარიტი მასწავლებელი – მხოლოდ ქრისტეა. წმინდა მამები ადამიანები არიან და ლოცვის შესახებ მხოლოდ იმაზე მოგვითითებენ, თუ როგორი განწყობებით და მდგომარეობით შევუდგეთ ამ ღვაწლს’’. აქედან გამომდინარე, სწორი ლოცვის სწავლა მხოლოდ გამოცდილებითაა შესაძლებელი. ამ გამოცდილებას კი გვაძლევს ქრისტესთან პირადი ურთიერთობის მცდელობა. მხოლოდ უფალი გვანიჭებს სწორ ლოცვას მაშინ, როდესაც ჩვენ გულმოდგინედ, სიმდაბლითა და მოუკლებლად ვშრომობთ მასში.

თავად წმინდა ეგნატემ გამოცდილებისეულად გაიარა ლოცვითი ღვაწლის ყველა ეტაპი და ის გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს სწორი ლოცვა, უფრო სწორად კი როგორი შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს მლოცველ ადამიანს.

რასაკვირველია ვიცით, რომ ჩვენს ლოცვას შთაგონებასა და ძალას აძლევს ჩვენი პირადი, გულწრფელი და ცოცხალი რწმენა ღმერთისა და მის განგებულებაზე მინდობა. წმინდა ეგნატე ადასტურებს: ,,რწმენა – ლოცვის საფუძველია. ის, ვისშიც გაჩნდება სწორი რწმენა, ის აუცილებლად მოისურვებს, რომ ლოცვით მიმართოს ღმერთს და ესაუბროს მას. ასეთი ადამიანი არ მიატოვებს ლოცვას, სანამ ქრისტეს არ შეხვდება და არ შეუერთდება მას’’. ცოცხალი რწმენა ფრთას ასხავს ლოცვას და სწორედ ის არის ლოცვის სული. ის აიძულებს გონებასა და გულს, რათა მოუკლებლად ისწრაფოდნენ ქრისტესკენ. რწმენა უდასტურებს ჩვენს გულს იმას, რომ ჩვენ მოუკლებლად სამყაროს შემოქმედი ღმერთის მზერის წინაშე ვართ და სწორედ ეს შინაგანი დასტური გვასწავლის ღმრთის წმინდა შიშითა და კრძალვით მოუკლებლად მის ძიებას და მის წინაშე ცხოვრებას.

ცოტამ თუ იცის ის, რომ რწმენა ადამიანის სულის ბუნებითი თვისებაა, რომელიც ღმერთმა ჩანერგა ჩვენში და ამიტომაც, ის ჩვენი საკუთარი ნების მოქმედების მიხედვით, ხან აღინთება, ხანაც ქვრება. რაზეა დამოკიდებული რწმენის ძალა? წმინდა ეგნატეს აზრით, ის პირდაპირ კავშირშია ჩვენი მხრიდან ცოდვისგან განშორებასთან. შესაბამისად, სადაც არის ცოცხალი რწმენა, იქაა ცოცხალი ლოცვაც; მხოლოდ ცოცხალი რწმენის ძალით მოიხვეჭება ღმერთის უსაზღვრო ძალა; ასეთი ადამიანის ლოცვა მის ქმნილ სულს უქმნელ საღმრთო სულთან შეერთებისკენ მიუძღვის.

ლოცვისას ჩვენ საკუთარ თავს საღმრთო ნებას ვუმორჩილებთ და ამისთვის ვცდილობთ, რომ მოვიკვეთოთ ჩვენგან ყველაფერი, რაც ღმრთის ნებას ეწინააღმდეგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლოცვისას თვითუარყოფისა და თავგანწირვის გამოვლენაა აუცილებელი. წმინდანი წერს: ,,ხორციელი ბუნებიდან მომდინარე ხორციელი შეგრძნებები სულიერ შეგრძნებათა შეწყნარებას უშლის ხელს, რადგანაც სულიერი საქმიანობა ხორციელი გონების ჯვარცმას მოითხოვს. მხოლოდ საკუთარი ნების მოკვეთით შეგიძლია სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. ამ გზით კვდებიან ვნებები და ადამიანი ჯოჯოხეთიდან და ხორციელი ბრძნობის მდგომარეობიდან აღმოიყვანება. თუკი ადამიანის გული საკუთარი ნების მოკვეთის გზით არ განიწმინდება, მაშინ მასში ჭეშმარიტი ლოცვითი მოქმედებაც არ დაიწყება. თავის მხრივ, ლოცვის სიტყვებში გონების ყურადღების მოუკლებელ მცდელობაში ვლინდება საკუთარი ნების მოკვეთაც. ხოლო როდესაც ადამიანი ლოცვით მოქმედებას შეიგრძნობს, სწორედ მაშინ აცნობიერებს ნათლად იმას, რომ ლოცვა სხვა არაფერია თუ არა ღმრთის ნების შეწყნარებისთვის საკუთარი ნების მოკვეთა’’.

ახლა კი იმას მივაქციოთ ყურადღება, რაც მრავალს ავიწყდება. ზოგჯერ გვინდა, რომ ლოცვის საშუალებით თვითსრულყოფილებას მივაღწიოთ, სულიერი ძალა მოვიხეჭოთ და მეტიც, მადლისმიერი ნიჭების თანაზიარნიც გავხდეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსგავს განწყობაში გარკვეული ანგარება იმალება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ცრუ შთაბეჭდილება იმისა, რომ უკვე რაღაცას მივაღწიეთ. ეს კი ხიბლის მდგომარეობაა. წმინდა ეგნატე გვაფრთხილებს: ,,არ ეძებო მაღალი სულიერი მდგომარეობები და ლოცვითი აღტაცებები; არ ეძებო ლოცვაში სიტკბოების განცდა: ეს მდგომარეობა უცხოა ცოდვილისთვის. დაცემული ადამიანის მხრიდან სიტკბოების განცდის სურვილი უკვე ხიბლის მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. მხოლოდ საკუთარი მკვდარი და გაქვავებული გულის გაცოცხლებისკენ ისწრაფე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას, საკუთარი დაცემულობა დაინახოს და საკუთარი თავის უარყოფით აღიაროს ისინი’’.

რაღა თქმა უნდა, ლოცვა ადამიანს სულიერი სრულყოფილებისკენ მიუძღვის და მადლისმიერ ძალასაც ანიჭებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასახული, როგორც გარკვეული მიზანი. ჩვენი მიზანი ღმერთთან ერთობაა, ხოლო დანარჩენი ყველაფერი კი ამ ერთობის ნაყოფი. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ჩვენს სულში ანგარება და საკუთარი ,,მეს’’ სურვილების გამყარების მცდელობები გაიდგამს ფესვს. წმინდა ეგნატეს სწავლებას თანხვდება წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სწავლებაც: ,,ჭეშმარიტი და სწორი სულიერი ცხოვრება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ყველაფერს ქრისტეს მოსაწონად უნდა აღასრულებდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვშრომობთ მოუკლებელ ლოცვაში, იმისთვის ვცდილობთ ქრისტესთან საუბარს, რომ მას ეს ესათნოება, მასშია ჩვენი სიცოცხლე და ყოველგვარი სიკეთე და ამიტომაც, ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გულისა და გონების მოუკლებელი მიპყრობა ქრისტესკენ’’.

წმინდა ეგნატეს აზრით, სულიწმიდის მოხვეჭის მცდელობაში სრულიად უანგარონი უნდა ვიყოთ. ,,მრავალმა მიიღო მადლი და თვითკმაყოფლებასა და საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენის მდგომარეობაში აღმოჩნდა; მიღებული მადლი კი მათივე უგუნურობის გამო, მათი განკითხვის საბაბი გახდა’’. არ ღირს მადლის მოსვლის ლოდინი, რაგდან ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი მისი მიღების ღირსად მიგვაჩნია. ,,ქრისტე ყველაფერს მაშინ გვაძლევს, როდესაც არ ველოდებით და არც მიღებულის ღირსად მიგვაჩნია თავი. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ ოდესმე მაინც მივიღოთ საღმრთო მადლი, ამისთვის საკუთარი თავის სინანულით განწმენდაა აუცილებელი. სწორედ სინანულშია ქრისტეს ყველა მცნების აღსრულება. სინანულის მიერ იძენს ადამიანი ჯერ ღმრთის შიშს, შემდეგ კი საღმრთო სიყვარულს’’. წმინდა ეგნატე მოგვიწოდებს: ,,მოდით უანგაროდ, უბრალოდ, ცოცხალი რწმენით, სინანულის სურვილით, ღმრთის ყოველისშემძლე და ყოვლადწმიდა ნებაზე, სიკეთესა და სიბრძნეზე მინდობით ვიშრომოთ იესუს ლოცვაში’’.

ასე რომ, ჩვენი ლოცვა სინანულის სულით უნდა იყოს განმსჭვალული. ,,ჭეშმარიტი ლოცვა ჭეშმარიტი სინანულის ხმაა. როდესაც ლოცვა სინანულით არ არის განსულიერებული, მაშინ მისი დანიშნულება ვერ რეალიზდება და არც ქრისტესთვისაა ის სათნო’’. სინანულთან დაკავშირებით წმინდა ეგნატე, პირველ რიგში, საკუთარი ცოდვილობის ხედვაზე აკეთებს აქცენტს. თუ ვერ ვხედავთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ვერც მათგან გავთავისუფლდებით და ვერც ლოცვის საჭიროებას ვიგრძნობთ. ,,რაც უფრო მეტად შეიგრძნობს ადამიანი საკუთარ დაცემულობას, მით უფრო ეძლევა მგლოვარებას და ამ მდგომარეობაში მყოფი, სულიწმიდისთვის უფრო სათნო და ხელმისაწვდომია ხდება. ის როგორც ექიმი მხოლოდ მათ კურნავს, ვინც საკუთარ თავს სნეულად მიიჩნევს; განეშორება მათ, ვინც ამაო თვითკმაყოფილებითაა სავსე’’. ის, ვინც საკუთარი ცოდვილობის აღმოჩენისკენ ისწრაფის, მისი გული შემუსვრილების მდგომარეობაში მოდის და ასეთ ადამიანში, ხიბლის აჩრდილიც კი არ იჩენს თავს. მისთვის უცხოა ყოველგვარი სიყალბე და არაბუნებრივობა, ხოლო საკუთარი უძლურებების ხედვა წმინდა და მოუკლებელი ლოცვისკენ უბიძგებს მას. ,,შენი სულის ყველა იმედი ღმერთშია კონცენტრირებული და ამიტომაც , ლოცვისას გაფანტულობის მიზეზი არ გაქვს; ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მთელი არსებით ისწრაფვის ქრისტესკენ და რამდენადაც შეუძლია მოუკლებლად ლოცულობს’’.

,,ყურადღებიანი ლოცვით საკუთარი გონების მზერა საკუთარ გულს მივაპყროთ, რათა საკუთარი დაცემულობა დავინახოთ. როდესაც ჩვენში ამ მდგომარეობას აღმოვაჩენთ, გონებრივად ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს წინაშე წარვსდგეთ, როგორც კეთროვნები, ბრმები, ყრუები, კოჭლები, განრღვეულები და შეპყრობილები; ასე, ამგვარად საკუთარი სიგლახაკისა და ცოდვილობის განცდით შემუსვრილი გულიდან, მის წინაშე ლოცვითი მგლოვარება და ღაღადისი გადმოვღვაროთ’’. სინანულთან დაკავშირებით, წმინდა ეგნატე ყურადღებას ამახვილებს გულის მგლოვარებაზე, რომელიც ადამიანში საკუთარი დაცემულობისა და ქრისტესგან განშორებულობის შეგრძნებით იბადება. ,,ის, ვინც გულის მგლოვარებით ლოცულობს, სწორად შრომობს და თავის დროზე უხვ ნაყოფსაც გამოიღებს: მასში გაჩნდება არამიწიერი სიხარული, რომელიც მისი სულის ცხონების დასტური იქნება. ვინც მგლოვარების გარეშე ლოცულობს, ის ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ იღწვის და უკეთეს შემთხვევაში, ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს, უარეს შემთხვევაში კი თვითკმაყოფილებისა და ხიბლის მდგომარეობაში აღმოჩნდება’’. ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ, რომ გულის მგლოვარება სულაც არ ნიშნავს ცრემლს. წმინდა ეგნატ გულის მგლოვარებაში სიმდაბლის განსაკუთრებულ სახეს გულისხმობს, რომელიც სინანულის გულისმიერ შეგრძნებასა და საკუთარ დაცემულობაზე გულის მწუხარებაში მდგომარეობს.

ჭეშმარიტ ლოცვას ხელოვნურობასთან არაფერი აქვს საერთო. ის არ უნდა აღესრულებოდეს სხვების დასანახად, ეგზალტირებულად, ხელოვნური აღტაცებით, მოჩვენებითი ტკბილხმოვანებით და ემოციების მოზღვავებით. ამ ყველაფრით საკუთარი დაცემული ,,მე’’ იკვებება და ადამიანის სულში სიამაყე ღვივდება. ლოცვა უბრალოებითა და ბუნებრივობით უნდა იყოს განმსჭვალული და მხოლოდ ასე შეძლებს ის მთელი სულის მოცვას. ,,შენი სულის სამოსელი უბრალოების სითეთრით უნდა ბრწყინავდეს. დიდებისმოყვარეობის, ხელოვნურობის, ფარისევლობის, კაცთმოყვარეობის, სიამეთმოყვარეობისა და მზაკვრობის გულისსიტყვების ბნელი ლაქებით არ უნდა იყოს დალაქავებული. სწორედ ამ ყველაფრით იყო მოთხვრილი მლოცველი ფარისევლების სული’’. უბრალოებისთვის უცხოა ყოველგვარი არაგულწრფელობა, სიყალბე, არაბუნებრივობა და ხელოვნურობა. უბრალოებით აღსავსე სული, არავის არ ედრება. ის ფიქრობს, რომ ყველა მასზე აღმატებულია და ისეთი წარსდგება ქრისტეს წინაშე, როგორიც არის, რადგან საკუთარ თავს მხოლოდ მას ანდობს სრულად. ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი ლოცვის სული.

ქრისტეს ადამიანური სულის ბავშვური ტიტინი და საკუთარი უძლურებების ხილვისგან მოუკლებლად მღაღადებელი მეტად ესათნოება. ,,ლოცვისას უფალს შენი ბავშვური ტიტინი, ბავშვური განწყობა მიუძღვენი და არა მრავალსიტყვაობა და ბრძნობა. თუკი წარმართული სულისგან, შინაგანი სირთულისგან, თვალთმაქცობისგან და ორპირობისგან არ გავთავისუფლდებით და არ ვიქნებით ვითარცა ყრმანი, ვერ შევალთ ქრისტეს სასუფეველში’’. საკუთარი გული და მისი ყოველი სამალავი და კუთხე-კუნჭული სრულიად უნდა გაუხსნა ქრისტეს, შენი ლოცვაც უნდა იყოს საკუთარი სულის სუფთა და გულწრფელი ამოსუნთქვა. ,,ბავშვურად ატირდი ქრისტეს წინაშე და თუ შეგიძლია, არაფერი სთხოვო ამქვეყნიური. თავგანწირვით სრულიად მიენდე მის წმინდა ნებას. განიცადე და შეიგრძენი, რომ შენ ქმნილება ხარ, ხოლო ღმერთი კი შენი შემოქმედი. ამიტომაც, სრულიად მიენდე შემოქმედის ნებას, მხოლოდ ბავშვური, მდუმარე და მორჩილი გული მიუძღვენი. ისეთი გული, რომელიც მზადაა მის ნებას ბოლომდე მიჰყვეს’’.

რაც შეეხება იესუს ლოცვის აღსრულების სწორ გზას, წმინდა ეგნატე მიიჩნევდა, რომ საჭიროა გონებისა და გულის სრული კონცენტრაცია ლოცვის სიტყვებში. ის ამბობდა: ,,ლოცვის სული – ყურადღებაა. მის გარეშე ლოცვა უსულო სხეულს ემსგავსება და წარმოთქმული სიტყვები ამაოდმეტყველებად იქცევა. მლოცველი კი ღმერთის სახელის ამაოდ მომხსენებელთა შორის შეირაცხება’’. ყურადღებიანი იესუს ლოცვისას სული ლოცვით განიმსჭვალება და ის მლოცველის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამასთან ერთად, უნდა განვდევნოთ ყოველგვარი გულისსიტყვა, ოცნება, აზრი და განსაკუთრებით კი ჩვენს გონებაში გაჩენილი გამოსახულებები. იმისათვის, რომ გონებამ სულიწმიდის უნივთო მადლი მიიღოს, ის აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ოცნებისა და გამოსახულებისაგან. ყურადღებიანი ლოცვისას ადამანის სულის თავგანწირვა და ერთგულება ვლინდება, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვტკბებოდეთ დაცემულ სულთა მიერ შთაგონებული წარმოსახვებისაგან.

ლოცვისას გონების კონცენტრაციის შემთხვევაში, მას გულიც თანაუგრძნობს და ადამიანი სინანულის, ლმობიერებისა და მგლოვარების სულით აღივსება. ლოცვისას ადამიანის გულისთვის მხოლოდ ცოცხალი ღმერთის მიმართ კრძალვის, საკუთარი უძლურებისა და ჩვენთან მისი ცოცხლად მყოფობის განცდებია დაშვებული. გულში არ უნდა იყოს არანაირი არაჯანსაღი აღტაცება და ემოციების მოზღვავება, არამედ აღსავსე უნდა იყოს მყუდროებით, მდუმარებითა და სიმშვიდით, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთში განსვენებით. სწორედ იესუს ლოცვის სიტყვებში ყურადღების კონცენტრირებას მივყავართ ამ მდგომარეობამდე. ,,ყურადღებიანი ლოცვისთვის უცხოა მეოცნებეობა და გაფანტულობა. ის არის უხილავი ღმერთის ხილვა, საითკენაც გონების მხედველობა და გულის სურვილი მიიზიდება, ანუ ადამიანის მთლიანი არსება ქრისტეში შემოიკრიბება. ამ დროს, გონება ჭვრეტს უხილავს და სრულიად კმაყოფილდება ამ ,,უხილველობით’’, რომელიც ყოველგვარ მხედველობას აღემატება. ამ ნეტარი ,,უხილველობის’’ მიზეზი არის ჩვენს მიერ განჭვრეტილი ქრისტეს უსასრულო სიფაქიზე და მიუწვდომლობა. უხილავი მზე სიმართლისა – ქრისტე, უხილავ სხივებს ასხივებს, თუმცა გულისთვის ცოცხლად შეგრძნებადია ისინი: ისინი გულს სასწაულებრივი სიშვიდით, მყუდროებით, რწმენით, სიმამაცით, გულმოწყალებით, სიმდაბლითა და სიყვარულით აღავსებენ. როდესაც ადამიანი საკუთარი გულის შინაგან საუნჯეში ამგვარ მოქმედებებს ხედავს, მას უდასტუდება, რომ ქრისტემ შეიწყნარა მისი ლოცვა, მისი რწმენა კიდევ უფრო ცოცხალი ხდება და მის მოყვარულ უფალს კიდევ უფრო მტკიცედ ენდობა. აი, სწორედ ეს არის სულის გაცოცხლებისა და ნეტარი მარადისობის დასაწყისი’’.

როდესაც ლოცვა ჩვენი პირადი სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება, მაშინ ის ჩვენი სულიერი წარმატების სარკედ იქცევა. ჩვენი ლოცვითი მდგომარეობის მიხედვით შეგვეძლება შევიცნოთ ჩვენი სინანულის სიღრმე, ქრისტეს სიყვარულის ძალა და ის, თუ რამდენად დატყვევებულნი ვართ მიწიერი მიდრეკილებებით. რამდენადაც უნდა ადამიანს მარადიული სიცოცხლე და სულის ცხონება, იმდენად მეტ ყურადღებას უთმობს ქრისტეს. ხოლო ის, ვინც მუდამ მიწიერშია თავით ჩარგული, ლოცვისთვის არასდროს სცალია.

იმისათვის, რომ სწორი ლოცვა ვისწავლოთ, ლოცვა უნდა გახდეს მოუკლებელი. წმინდა ეგნატე ამბობს: ,,საჭიროა მოუკლებელი ლოცვა, რომელიც ადამიანის სულისთვის ფრიად სასარგებლოა, რადგან მისი საშუალებით ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის საშუალება გვეძლევა’’. თითქმის ყველა წმინდა მამა ასწავლის მოუკლებელი ლოცვის აუცილებლობის შესახებ. ზოგი იმასაც კი გვირჩევს, რომ ლოცვა სუნთქვაზე უფრო ხშირი იყოს ჩვენში. რამდენადაც ძალიან მარტივად მივიდრიკებით ბოროტებისკენ და ამქვეყნიური საცდურებისთვის გახსნილნი ვართ, იმდენად მეტად გვჭირდება ქრისტესთან მოუკლებელი ურთიერთობის მცდელობა, მისი შეწევნა და მფარველობა.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება ხშირ ლოცვას მივეჩვიოთ,  საჭიროა ლოცვითი კანონი. ,,სული, რომელიც ქრისტეს გზაზე სვლას იწყებს, ამქვეყნიური სიბრძნით მდიდარიც რომ იყოს, ის სრულიად უმეცარია საღმრთო და სულიერ საკითხებში. ამ უმეცრების გამო, მან არ იცის, თუ როგორ და რამდენად ხშირად ილოცოს. სწორედ ასეთი ახალშობილი სულისთვის, წმინდა ეკლესიამ ლოცვითი კანონები დააწესა, რაც წმინდა მამათა გულიდან ამოხეთქილი სიტყვებისგან შედგება. ლოცვითი კანონის ერთადერთი მიზანია – ადამიანის სულისთვის სწორი და ქრისტესთვის სათნო ლოცვითი შეგრძნებების, განწყობებისა და აზრების გათავისება. სწორედ ასეთი აზრებითა და სულითაა განმსჭვალული წმინდა მამათა ლოცვები’’. კანონში შედის ყოველდღიური დილა-საღამოს ლოცვები. გარდა ამისა, წმინდა ეგნატე ყველას ,,იესუ ტკბილის’’ დაუჯდომელს ურჩევდა და თვლიდა, რომ იესუს ლოცვის ღვაწლისთვის შესანიშნავი მომზადების საშუალებაა: ,,ეს დაუჯდომელი გვიჩვენებს, თუ როგორი შინაგანი განწყობები უნდა გვქონდეს იესუს ლოცვისას, რომელიც დამწყებებს ძალიან მშრალად ეჩვენებათ. ის გამოხატავს ცოდვილი სულის მხოლოდ ერთ სათხოვარს გავრცობილად – ეს არის ქრისტეს წინაშე შეწყალების ღაღადისი, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმებით გადმოსცემს დაუჯდომლის ავტორი, რათა დამწყებთა ჩვილი გონებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს’’.

კანონში შედის იესუს ლოცვა და ახალი აღთქმის კითხვა. აუცილებელია, რომ ლოცვითი კანონი და მისი ხანგრძლივობა, ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს შეესაბამებოდეს; მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვათბობს ის სულიერად. ,,ადამიანი კი არ არის კანონისთვის, არამედ კანონი ადამიანისთვის’’ – ხშირად ახსენებდა წმინდა ეგნატე. ზომიერი კანონი მარტივად გადადის ჩვევაში, რაც  თავის მხრივ, მის მუდმივად აღსრულებას უწყობს ხელს. სწორედ ეს არის სულიერი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა. წმინდა ეგნატე ამბობდა, რომ მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობას მიღწეული წმინდა მამებიც კი არ ტოვებდნენ ლოცვით კანონს, რადგან ის უკვე ჩვევაში გადასულიყო და შინაგანი სულიერი ცხოვრებისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. ,,ამ ნეტარი ჩვევის მომხვეჭელი საკმარისია ოდნავ მაინც მიუახლოვდეს თავის სალოცავ კუთხეს რომ მისი სული ლოცვითი განწყობით ივსება: ერთი სიტყვის წარმოთქმასაც კი ვერ ასწრებს, რომ მის გულში ლმობიერება იღვრება, ხოლო გონება კი შინაგან საუნჯეში იძირება’’.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იესუს ლოცვას. წმინდა ეგნატე მცირე განმარტების სახით ამბობს: ,,წმინდა მამები ცნებაში – ლოცვა, ყოველთვის იესუს ლოცვას გულისხმობდნენ, რომელიც ასე წარმოითქმება: ,,უფალო იესუ ქრისტე, ღმრთისაო, შემიწყალე მე’’.

მისდევდა რა ძველ წმინდა მამათა სულს, წმინდა ეგნატე განსაკუთრებულად მეტ ყურადღებას იესუს ლოცვას უთმობდა, ვიდრე გრძელ ლოცვით ტექსტებს. ეს უკანასკნელნი უდიდეს სულიერ სიმდიდრეს ფლობენ, თუმცა მათში არსებული აზრთა მრავალფეროვნება, საკუთარ თავში გონების კონცენტრაციას უშლის ხელს. მოკლე ლოცვა კი, პირიქით, შემოკრებს გონებას და ყურადღებას გაფანტვის საშუალებას არ აძლევს; იესუს ლოცვა მთელ გონებას და გულს მოიცავს. ამის შესახებ შესანიშნავად წერდა წმინდა იოანე სინელი: ,,ღმერთთან საუბრისას, არ დაიწყო მრავალსწიტყვაობა, რათა სიტყვების ძიებისას გონება არ გაგეფანტოს და ოცნებებით არ აღივსოს. მოკლე ლოცვა კი, მარტივად კრებს მას’’. იესუს ლოცვაში ვარჯიში საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ლოცვით მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ და ასეთი ჩვევის შეძენით, ლოცვა სულის ბუნებრივი საკუთრება ხდება’’.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ წმინდა ეგნატე გულმოდგინედ ირწმუნებოდა, რომ იესუს ლოცვა თავად უფალ იესუ ქრისტეს მცნებაა: ,,საიდუმლო სერობის შემდეგ, თავის ამაღლებულ და უკანასკნელ მცნებებთან ერთად, უფალმა იესუ ქრისტემ მისი სახელით ლოცვა გვანცო, როგორც ლოცვის ახალი, უჩვეულო და ფასდაუდებელი საშუალება’’. ქრისტეს ამ სიტყვებში წმინდანი იესუს ლოცვის მცნებას ხედავს: ,,ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ’’(ინ.16:23); ასევე: ,, რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო’’(ინ.14:13-14); ,, აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს’’(ინ.16:24).

წმინდა მოციქულები ყველა სასწაულს უფალ იესუ ქრისტეს სახელით აღასრულებდნენ,  სწორედ მის სახელს მოუხმობდნენ მოუკლებლად და მასში ხედავდნენ ადამიანთა გამოხსნის გზას. ქრისტეს სახელით ლოცვის მაგალითებს წმინდა ეგნატემ უძველეს წმინდანებშიც მიაკვლია: წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, ერმი, მოწამე კალისტრატე და ა.შ. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, წმინდა ეგნატე თვლიდა, რომ იესუს ლოცვა ქრისტიანობის პირველივე წლებიდანვე საყოველთაოდ იყო გავრცლებული. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის შესახებ გარდამოცემა გვამცნობს, რომ როდესაც საწამებლად მიჰყავდათ ის უფალ იესუ ქრისტეს სახელს მოუკლებლად მოუხმობდა. ჯალათებმა ჰკითხეს, თუ რატომ აკეთებდა ამას, მან კი უპასუხა: ,,იესუ ქრისტეს სახელი ჩემს გულშია ამოტვიფრული და ვაღმსარებლობ მას, ვისაც მუდამ გულით ვატარებ’’. მოწამე კალისტრატეზე კი ცნობილია, რომ მეომარი იყო და ყოველ ღამე ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობით ლოცულობდა’’.

წმინდა ეგნატე მოგვიწოდებს, რომ ქრისტეს სახელით ლოცვას ბავშვური უბრალოებით, რწმენითა და კრძალვით შევუდგეთ. ,,იესუ ქრისტეს სახელით, ადამიანის ცოდვით მომკვდარ სულს სიცოცხლე მიენიჭება. რადგანაც თავად უფალი იესუ ქრისტეა სიცოცხლე, შესაბამისად  მისი სახელიც – ცოცხალია და აცოცხლებს მათ, ვინც ამ სიცოცხლის წყაროდან იხმევს’’. იესუს ლოცვა იცავს ადამიანს ამქვეყნიური საცდურებისგან, დაცემულ სულთა ზემოქმედებისგან და აზიარებს ქრისტეს სულთან. ,,ქრისტეს სახელი – ყოველგვარ სახელზე აღმატებულია: ის არის წყარო სიტკბოებისა, სიხარულისა და სიცოცხლისა; ცხოველსმყოფელია, გარდამქმნელია, გადამდნობი და ღმერთმყოფელია’’.

წმინდა ეგნატეს მთელი ცხოვრება მოუკლებელი ლოცვა იყო. მან გამოცდილებისეულად შეიცნო მისი მადლისმიერი მოქმედება, მისით შევიდა ზეციურ სასუფეველში და მისკენ მოუწოდებდა ყველა ქრისტიანს: ,,მოუკლებელი ლოცვის მოხვეჭისთვის შენი დრო და ძალები არ დაიშურო. ასეთი ლოცვა შენს შინაგან საუნჯეში მღვდელმოქმედებს და სწორედ იქ განგიცხადებს ლოცვა ისეთ გამოუთქმელ სანახაობას, რომელიც მთელ შენს ყურადღებას მიიქცევს:  ის მოგანიჭებს იმგვარ შემეცნებას, როგორსაც ვერ დაიტევს ეს სამყარო და რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს’’.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share