Losev 1

ზეციური მამის გამოუთქმელი მოწყალება – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

საყვარელო ძმებო! წმინდა ეკლესია ის მზრუნველი დედაა, რომელიც ყველანაირად ზრუნავს თავის შვილებზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არ დაკარგონ თავიანთი მემკვიდრეობა – ზეცა. ქრისტეს ეკლესია დიდმარხვის ღვაწლისთვის გვამზადებს და ამიტომაც, დღეს, საღმრთო ლიტურგიაზე უძღები შვილის იგავს გვთავაზობს.

რაში მდგომარაობს დიდმარხვის ღვაწლი? ეს არის ღვაწლი სინანულისა. ეს პერიოდი სწორედ სინანულისთვის გვამზადებს. ჩვენ თითქოს დიდმარხვაში შესასვლელ კართან ვდგავართ და ვგალობთ: ,,მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო’’. პირველ რიგში რას წარმოგვიჩენს დღეს აღმოკითხული იგავი? ის გვიჩვენებს ზეციური მამის გამოუთქმელ, უსასრულო და მიუწვდომელ მოწყალებას მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ შეინანოს და გარდაიქმნას. ,,ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს’’(ლკ.15:10). იმისათვის, რომ ეს სიტყვები მსმენელთა გულებში ღრმად აღბეჭდილიყო, უფალმა იესუ ქრისტემ ინება, რომ მათი არსი იგავურად გადმოეცა.,,მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა’’ (ლკ. 15:11-32).

წმინდა მამათა განმარტებით, უმცროსი ძე არის სახე მთელი დაცემული კაცობრიობისა და თითოეული ცოდვილი ადამიანისა. მემკვიდრეობა არის ღმრთის ნიჭები, რომლითაც ყოველი ადამიანია აღვსებული, განსაკუთრებით კი – ქრისტიანი.

 ღმრთისაგან მონიჭებული ყველაზე აღმატებული ძღვენი არის ჩვენი გონება, გული და რაც ყველაზე მთავარია – სულიწმიდის მადლი, რომელსაც თითოეული ქრისტიანი ნათლობის ჟამს იღებს.

მამისაგან თავისი წილი მემკვიდრეობის მოთხოვნა, ეს არის შინაგანი მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომელსაც ქრისტეს მორჩილება კი არ სურს, არამედ საკუთარი გულისსიტყვებისა და გულისთქმების მიხედვით ცხოვრება მოუნდომებია.

 მამის მხრიდან ამ მემკვიდრეობის მიცემით კი გამოიხატება სამყაროს შემოქმედი ღმერთის პატივისცემა ადამიანის თავისუფლების მიმართ.

შორეული ქვეყანა – ცოდვისმიერი ცხოვრებაა, რომელიც ქრისტეს სულისგან გვაუცხოვებს.ქონების გაფლანგვა – გონების, გულის და სხეულის ძალთა გამოფიტვაა, რაც საკუთარი გულიდან სულიწმიდის განდევნის ნაყოფია.

ქონების გაფლანგვა – გონების, გულის და სხეულის ძალთა გამოფიტვაა, რაც საკუთარი გულიდან სულიწმიდის განდევნის ნაყოფია.

 უმცროსი ძის სიღარიბე – ეს არის ვნებისმიერი ცხოვრების შედეგად გამოწვეული სულის სიცარიელე.

ამ შორეული ქვეყნის მუდმივი მოქალაქენი – სოფლისმპყრობელი ბნელი ძალები, დაცემული სულები არიან. სწორედ მათ გავლენას ემორჩილება დაცემული ადამიანი.

ღორების კოლტი – ეს არის სახე ვნებისმიერი შეგრძნებებისა და გულისსიტყვებისა, რომლებიც ადამიანის სულის ,,საძოვარზე’’ დაეხეტებიან. ადამიანის გულში მათი მყოფობა ცოდვისმიერი საქმეების გარდაუვალი შედეგია. ამ მოთხოვნილებებისა და განცდების დახშობას ტყუილად ცდილობს ადამიანი მათი დაკმაყოფილების გზით. ის ვერ გაანადგურებს ვნებისმიერ გულისსიტყვებსა და ოცნებებს, მათივე აღსრულებით და მათ ჭკუაზე სიარულით. ამ შემთხვევაში ისინი ორმაგი ძალით აღიძვრებიან. ადამიანი კი ზეცისთვისაა შექმნილი: მისი შინაგანი სისავსისა და სიცოცხლის წყარო მხოლოდ ქრისტეა.

საზარელია სულის სიცარიელის მდგომარეობა, რომელიც ადამიანში ცოდვილი ცხოვრებით ისადგურებს! აუტანელია ვნებისმიერი შეგრძნებების მიერ მოტანილი ტანჯვა, როდესაც ისინი მატლებივით ფუთფუთებენ გულში, როდესაც აწამებენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ  სულს და ძალადობენ მასზე! ზოგჯერ ამაო გულისთქმებით, ოცნებებით და აუხდებელი სურვილებით აღვსებული ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება. ზოგჯერ, საერთოდაც თვითმკვლელობამდე მიდის და სპობს თავის ამქვეყნიურ ცხოვრებასაც და მარადიულსაც. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც ამ უმძიმეს წამებში გონს მოეგება და ზეციური მამის გამოუთქმელ სიყვარულსა და მისი სახლის – ეკლესიის უსაზღვრო სულიერ სიმდიდრეს გაიხსენებს. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც საკუთარი ცოდვილობით შეძრწუნებული, მთელი არსებით მოისურვებს ამ მტანჯველი სიმძიმისგან სინანულით გათავისუფლებას.

ამ იგავიდან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ნაყოფიერი სინანულისთვის საჭიროა: საკუთარი ცოდვის ხედვა, მისი განცდა, გულის შემუსვრილება და აღსარება. ვინც, ქრისტეს ამგვარი გულისმიერი მდგომარეობით მიმართავს, ჯერ კიდევ შორსაც რომ იყოს(,,და ვიდრე შორსღა იყო’’), უფალი მასთან შესახვედრად გაიქცევა, გულში ჩაიკრავს და თავისი მადლით ეამბორება. მონანული ცოდვის აღიარებასაც ვერ ასწრებს, რომ მოწყალე უფალი თავის მსახურებს – სასულიერო პირებს უბრძანებს, რომ ეს უკანასკნელი უხრწნელების ნათელი სამოსლით შემოსონ, ხელზე ბეჭედი გაუკეთონ, როგორც ნიშანი ეკლესიასთან ერთობის განახლებისა, ჩააცვან ,, ჴამლნი ფერჴთა მისთა’’, რათა მისი საქმიანობა და სვლა დაცული იყოს ქრისტეს მცნებებით. ბოლოს, კი როგორც გვირგვინი ამ ყველაფრისა – სიყვარულის სერობა, რომლისთვისაც დაიკვლება ზვარაკი ჭამებული. ეს ტრაპეზი არის სახე ევქარისტიისა, რომლითაც ღმერთთან შერიგებულ ადამიანს, სულიერი საზრდელი და სასმელი ეძლევა: ხორცი და სისხლი იესუ ქრისტესი. ეს სახარებისეული იგავი – საღმრთო სწავლებაა! მიუხედავად ადამიანური სიტყვის სიმარტივისა, ის განსაცვიფრებლად ღრმა და ამაღლებულია. დიდი სიბრძნით დაადგინა ჩვენმა წმინდა ეკლესიამ ეს საკითხავი დიდმარხვისთვის მოსამზადებელ პერიოდში. განა რა უნდა იყოს ცოდვილი ადამიანისთვის იმაზე მეტად სანუგეშო, როგორც წარმოჩენა იმისა, თუ რამდენად უსასრულოდ და გამოუთქმელად გულმოწყალეა ზეციური მამა ადამიანის მიმართ? მისი მოწყალება იმდენად დიადია, რომ თავად ანგელოზები – ზეციური მამის უფროსი შვილებიც კი განაცვიფრა.

საყვარელო ძმებო! ეკლესიის მიერ დიდმარხვისთვის დადგენილი ეს დრო შესაბამისად გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ქრისტეს გამოუთქმელ და დიად მოწყალებას ვჭვრეტდეთ. ძალიან ძვირფასია ჩვენი მიწიერი ცხოვრების დრო, რადგან სწორედ ახლა წყდება ჩვენი მარადიული ხვედრი. დაე, ჩვენი სიხარული დაუსრულებელი იყოს! დაე, აღსრულდეს და სრულ იქმნას ადამიანთა და ანგელოზთა სიხარული! ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share