ქრისტეს აღდგომის საიდუმლო ყოველთვის იყო ფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველთა მსჯელობის საგანი. ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ის, რომ ადამიანს შეუძლია სულიერად გაცოცხლდეს ღვთის მადლით. კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო იმის გააზრება, რომ ადამიანს ძალუძს სამარიდან აღდგომა.
ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტემ წინასწარ გამოსახა როგორც საკუთარი, ისე საყოველთაო აღდგომა. სანამ მას შეიპყრობდნენ, ჯვარს აცვამდნენ და დაფლავდნენ, მან ლაზარე აღადგინა.
ლაზარეს აღდგინება არ არის უბრალო ამბავი. აქ უმთავრესი ისაა, რომ ქრისტემ პირადად მიმართა მას და უთხრა: „ლაზარე, გამოვედ გარეთ!“ და აი, სული დაუბრუნდა სხეულს, რომელსაც უკვე ხრწნას დაეწყო და ბუნებრივი დაშლის გამო სუნი ასდიოდა. მეორე სასწაული კი ის იყო, რომ ლაზარე, როგორც ამას იოანე მახარებელი მოგვითხრობს და ხატებზეც ვხედავთ, შეხვეული იყო სუდარაში და ფეხები შეკრული ჰქონდა სახვევებით. როგორ შეძლო სუდარაში გახვეულმა და ხელ-ფეხშეკრულმა ადამიანმა სამარიდან გამოსვლა? ეს ორი დიდი სასწაულის ერთობლიობაა: სულის დაბრუნება სხეულში და სუდარით შეკრული ადამიანის თავისუფალი მოძრაობა. აქედან ჩანს, რომ უფალი ჭეშმარიტად არის სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფე.
ქრისტეს ყოველი სიტყვა, ყოველი სწავლება თუ ჟესტი მისი მაცხოვნებელი განგებულების ნაწილი იყო. ის არასოდეს საუბრობდა შემთხვევით, არასოდეს იქცეოდა უბრალო ეტიკეტის ან დიპლომატიის გამო. ის ყოველთვის მოქმედებდა, როგორც სამყაროს მაცხოვარი.
ხშირად ამბობენ: „რა კარგი იქნებოდა, მეტი დეტალი გვცოდნოდა ქრისტეს ცხოვრების შესახებ“. მახარებელთა მიზანი კი ის იყო, ეუწყებინათ: ქრისტე მოვიდა ქვეყნად, გახდა კაცი და „სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა“. სამწუხაროდ, მისი ბავშვობიდან ბევრი ფაქტი არ შემოგვრჩა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თორმეტი წლის იესო იერუსალიმის ტაძარში დარჩა. გახსოვთ, მშობლები ნაზარეთისკენ ბრუნდებოდნენ და ეგონათ, ბავშვი სხვა ბავშვებთან ერთად იყო. როცა ვერ იპოვეს, მწუხარებამ და შიშმა შეიპყროთ – ეგონათ, რამე შეემთხვა ან ვინმემ მოკლა. სამი დღის შემდეგ იპოვეს იგი ტაძარში, სადაც მწიგნობრებს ესაუბრებოდა. დედამ უთხრა: „შვილო… აჰა ესერა მამაჲ შენი და მე ვსწუხდით და გეძიებდით შენ“.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს, რომ თუმცა ღვთისმშობელმა იცოდა, რომ მისი შვილი ღვთის ძე იყო, მას მაინც სჭირდებოდა დრო, რათა ბოლომდე ჩაწვდომოდა წმინდა სამების მეორე პირის საიდუმლოს. ამიტომაც უფალი სულიერ ცოდნას დედას თანდათანობით, საფეხურებრივად აძლევდა, რათა იგი ჯვრის ტვირთვისთვის მოემზადებინა.
ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი ისაა, ვინც თავად გადის იმავე გზას, რაც უფალმა გაიარა – ეს არის ჯვრის გზა, ვიწრო და მწუხარებით აღსავსე გზა, რომელსაც მიჰყავხართ სიცოცხლემდე. თუმცა უფალმა წინასწარ იცოდა თავისი აღდგომის შესახებ, მისი ვნება არ ყოფილა მოჩვენებითი. ტკივილი, გვემანი და დამცირება იყო რეალური და ჭეშმარიტი. ღვთაებრივმა ბუნებამ ნება დართო ადამიანურ ბუნებას, სრულად განეცადა ტანჯვა.
გავიხსენოთ პილატე – ის ჭკვიანი ადამიანი იყო და ხვდებოდა, რომ ქრისტეში რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ამბიციამ სძლია. მან იცოდა, რომ ბარაბა ყველაზე ბოროტი კაცი იყო და ეგონა, ხალხი მას ქრისტეს ამჯობინებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგინა ის დიდი სიძულვილი, რაც იუდეველებს ჰქონდათ მაცხოვრის მიმართ.
ქრისტეს აღდგომა არის მოვლენა, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას ამსხვრევს. მტრები ზეიმობდნენ, ეგონათ, რომ ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით – ჯვარცმით – დაამარცხეს იგი. თუმცა, შიშმა მაინც არ დატოვა ისინი. როდესაც ქრისტე აღდგა, მცველებს ფული მისცეს, რათა ეთქვათ: „მოწაფეებმა მოიპარესო“. ეს მათ დიდ უსაფრთხოებაზე კი არა, დიდ შინაგან შიშსა და დაუცველობაზე მეტყველებს.
ქრისტე სამარიდან ისე გამოვიდა, რომ ლოდი არ დაუძრავს – ისევე, როგორც დახშულ კარიდან შედიოდა მოწაფეებთან და როგორც უხრწნელად იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან. ღვთისმშობელიც ვერ ხსნიდა ამ საიდუმლოს – ეს არ იყო ჩვეულებრივი შობა, ეს იყო ზებუნებრივი მოვლენა. ამიტომაც ეუბნება ანგელოზი: „გიხაროდენ, მიმადლებულო… კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ღვთისმშობლის პასუხი – „აჰა, მხევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“ – არის საფუძველი მთელი ჩვენი ცხონებისა და მორჩილებისა. სწორედ ამ თანხმობის მომენტში, სულიწმინდის მოქმედებით, განხორციელდა ძე ღვთისა.
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ ქრისტე პირველად დედას გამოეცხადა. მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულად დღესასწაულობს აღდგომას, რადგან ჯვარცმამ თავისი სრული ფასი სწორედ აღდგომით შეიძინა. ქრისტე ჯვარზე დუმდა – არა შიშის, არამედ ღვთაებრივი დიდებულების გამო. ეს დუმილი არის ის, რაც ადამიანს აძლევს სიცოცხლეს და აღდგომის განცდის უფლებას.
დასასრულს, მინდა გავიხსენო ერთი სიტყვა, რომელიც სტავროვუნის მონასტერში მოვისმინე: „თუ მოკვდები მანამ, სანამ მოკვდები, მაშინ აღარ მოკვდები, როცა მოკვდები“. ეს ნიშნავს საკუთარი ვნებებისთვის სიკვდილს, რათა ქრისტესთან ერთად აღდგე.
გისურვებთ, რომ ამ წმინდა დღეებში, როცა ამბობთ „ქრისტე აღსდგა!“, იგრძნოთ, რომ ის პირადად თქვენთვის აღდგა. ის არის სიცოცხლე და აღდგომა. დაე, აღმდგარმა ქრისტემ გააცოცხლოს თქვენი გულები. ამინ.
წყარო: https://www.pemptousia.gr
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©