მორჩილების შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

მორჩილების შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი მეორე: სწავლება · მორჩილების შესახებ

ჩვენი მოძღვარი ეკლესიის მამათა დარიგებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მორჩილებაზე ამახვილებდა, თანაც თავის მსჯელობებს შესაბამისი ციტატებითაც ადასტურებდა. ხშირად გვიმეორებდა: „განა ისევე ეამება უფალს ყოვლადდასაწველნი [მსხვერპლნი] და საკლავნი, როგორც უფლის ხმის გაგონება? გაგონება უკეთესია საკლავზე*(მსხვერპლზე), მორჩილება – ცხვრების ლურთებზე”1.

ძველი აღთქმიდან იმ ამბავსაც გვახსენებდა, როდესაც ღვთისკაცი მეფე იერობოამთან გაიგზავნა, რათა ამ უკანასკნელის ურჯულოება ემხილებინა. ამასთან, წარგზავნილს მცნება ჰქონდა მიცემული, იქ არც პური ეჭამა და არც წყალი დაელია. სამწუხაროდ, ვიღაც მატყუარამ აცდუნა იგი და უკანა გზაზე მცნება დაარღვია, რის გამოც ლომმა დაგლიჯა. სიკვდილის წინ შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ამისთვს, განამწარე შენ სიტყუაი იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას… არა დაისხნენ ხორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა“2. ასეთივე ბედი ეწია იმ წინასწარმეტყველს, რომელსაც მოერიდა მეორე წინასწარმეტყველის ცემა, თანახმად უფლის ბრძანებისა – მოწიწებამაც კი ვერ იხსნა იგი ურჩობის გამო მოწეული განაჩენისგან: „ამისთვს, რამეთუ არა ისმინე ხმაი უფლისა, აჰა, ვითარცა წარხდე ჩემგან, განგბძაროს*(მოგკლას) შენ ლომმან. ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა ლომმან და მოკლა იგი”3.

მოძღვარს ახალი აღთქმიდანაც მოჰყავდა მორჩილების მრავალი მაგალითი, ისევე, როგორც წმიდა მამების ცხოვრებებიდან და დარიგებებიდან. ბერის ნებისმიერი მსმენელი რწმუნდებოდა იმაში, რომ ეს ქრისტეს მიმმსგავსებელი სათნოება სიღრმისეულად გაეაზრებინა და გაეთავისებინა. ეს სათნოებაო, ამბობდა, უფალმა განაახლა და სრულყო, ჩვენი განახლების საფუძვლადაც ის დააწესაო. ხშირად გვიმეორებდა: „საიდანაც მოხდა დაცემა, იქიდან დაიწყო აღდგომა"4.

ბერი იოსები, მისთვის დამახასიათებელი ტერმინების მოშველიებით, ნათლად განგვიმარტავდა ხოლმე მორჩილების ქრისტოლოგიურ მნიშვნელობასა და არსს. როდესაც ვუსმენდით, გვეგონა, რომ ღმერთის ჭვრეტის მდგომარეობაში იყო და უფლის გამოცხადებას გადმოგვცემდა. ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს: „ვაღიარებ მთელი ჩემი ძალით, სრულიად გაცნობიერებულად, რომ ცხონების სხვა ისეთი გზა არ არსებობს, რომელიც ასე დაზღვეული იქნებოდა ნებისმიერი ცდომისა და მტრის მოქმედებისგან, როგორც ის (მორჩილება)… თუ ჩვენმა ტკბილმა იესომ პირველმა დასახა ეს გზა და ჩვენთვის მაგალითი გახდა, რაოდენ ვალდებულები ვართ მივბაძოთ მას… მართლაც, ჭეშმარიტად დიდია მორჩილების საიდუმლო!”5 ბერი მორჩილებას საიდუმლოდ მიიჩნევდა, რამეთუ ეს უსისხლო და განუწყვეტელი მოწამეობა თავის მიმდევართ ზებუნებრივ თვისებებს შესძენს იმის გამო, რომ ისინი სხვებს ემორჩილებიან უფლის სიყვარულისთვის.

მოძღვარი ხშირად ამბობდა: „მორჩილება არ ჰგავს სხვა სათნოებებს, რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში, ან ადამინი ირჩევს თვითონ (იმიტომ, რომ მოსწონს), ან აღასრულებს, რათა საპირისპირო ვნებასა თუ ცოდვას შეებრძოლოს. მორჩილება ისაა, რაც შემოქმედმა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვა თავისი ქმნილებებისგან, განსაკუთრებით, გონიერი არსებებისგან". ბერი მორჩილებას, [წმიდა მამების კვალად,] უფრო ღრმა, თეოლოგიურ და ანთროპოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა. თვლიდა, რომ მორჩილება და გაგონება გონიერი არსებების მხრიდან არის არა უბრალოდ მცნება-ბრძანების აღსრულება (როგორც ქვეშევრდომების დაქვემდებარება უფროსისადმი), არამედ უფრო არსებითი რამ – ის, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათ არსებობასთან. ბერი არ ცდებოდა: იმ დამღუპველი ურჩობის შედეგად, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა, გაიხრწნა არა მარტო თვით ადამიანი, არამედ ჰარმონიულად და კარგად შექმნილი სამყაროც – მხოლოდ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მორჩილება ქმნილების შემოქმედთან შერიგებისა და ხელახლა დაკავშირების საშუალებად მივიჩნიოთ. ნებისმიერი ქმნილება მხოლოდ მაშინ რჩება პირველად ჰარმონიასა და სიცოცხლეში, როდესაც შემოქმედთან განუწყვეტელი კავშირი აქვს და მის მაცოცხლებელ ზეგავლენას განიცდის. შესაბამისად, მორჩილება ონტოლოგიური მნიშვნელობის მქონეა. მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა [ღმერთზე] დამოკიდებულების კანონი და გონიერ არსებათა მაცოცხლებელი ფაქტორი, ხოლო ურჩობა არის ამ დამოკიდებულების გაწყვეტა, რაც ხრწნასა და სიკვდილს გამოიწვევს.

ჩვენს მოძღვარს მორჩილების მაგალითად ღმერთი სიტყვის ამქვეყნიური ცხოვრება მოჰყავდა, რასაც გულშეუძრველად ვერასდროს იხსენებდა. ამბობდა: „რაში სჭირდებოდა ღმერთ სიტყვას თანასწორი მამის მორჩილება?! აქედანაც ჩანს ის, რომ მორჩილება საიდუმლოა". მიუხედავად იმისა, დამწყებთა მიერ მონებრივად აღესრულება თუ სრულყოფილთა მიერ თავისუფლად, სიყვარულითა და შვილებრივად, მორჩილება ყოველთვის რჩება ღმერთზე ჩვენი დამოკიდებულებისა და მასთან ურთიერთობის შეუცვლელ საშუალებად.

ღამღამობით, პირადი ლოცვის შემდეგ, როდესაც ბერთან მივდიოდით, თითოეული ჩვენგანის სულიერი მდგომარეობისა და შემეცნების შესაბამისად გველაპარაკებოდა. საოცარი ის იყო, რომ სანამ რამეს ვკითხავდით, თვითონ განგვიმარტავდა იმას, რაც გვაინტერესებდა, თითქოს იცოდა, რა მაფიქრებდა. ასეთი შეხვედრების დროს მორჩილებაზე ასეთი რამაც უთქვამს (ანთროპოლოგიური თვალსაზრისით მორჩილებას სიყვარულის ადგილას აყენებდა):

— საქმით გამოხატული სიყვარული მორჩილების გარეშე არ არსებობს. როგორ აღასრულებ სიყვარულის საქმეს და სხვას მოემსახურები, თუ [მანამდე] მის ნებას არ დაემორჩილე? პრაქტიკული სიყვარულის ყოველი ქმედება ითვლება მსახურებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი ადამიანი საქმით ორმაგ სათნოებას ამჟღავნებს: რწმენას იმის მიმართ, ვინც უბრძანებს და სიყვარულს – აღსრულებული მსახურებით.

ეს, რა თქმა უნდა, მორჩილების ზოგადი განსაზღვრება და კანონებია. მოძღვარმა ყველა ჩვენგანს, რომელნიც მის გვერდით ვცხოვრობდით, გვაგემა მორჩილების მსუბუქი უღელი, და აგვათვისებინა ის ჭეშმარიტება, რომ მორჩილება ადამიანისგან სულიერი კანონის ყველა სირთულეს განაშორებს. უფლის სიტყვა – „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვრთი ჩემი სუბუქი არს" და იოანე მახარებლის – „მცნებანი მისნი მძიმე არა არიან"6 მორჩილებაში ახდება. სიტყვას აღარ გავაგრძელებთ წმიდა მამების უთვალავი ციტატების მოყვანით, რომლებიც იმაში გვარწმუნებს, რომ ის, ვინც მორჩილებს, ჭეშმარიტ წარმატებას აღწევს; რომ მორჩილება მათთვის საღმრთო საფარველი და განმათავისუფლებელი ხდება მრავალგვარი განსაცდელისა და სატანის ბრძოლისგანაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სათნოება ერთია, თითოეულს მისთვის საჭირო სიკეთეს უბოძებს: უბრალო და გულუბრყვილო ადამიანებს – საფარველს, სულმოკლეებს – ძალასა და რწმენას, წინ წასულებს – ღმრთისმიერ განათლებას, სრულებს – გარჩევის ნიჭს, და ზოგადად, ყველასთვის – „კეთილი მრჩეველია“7, და მართლაც, ნეტარია ის, ვინც მის გზებს დაიცავს8 და გულმოდგინედ მიჰყვება. ისევე, როგორც ჩვენს უფალს, პირველ მორჩილსა და ახალი ქმნილების9 პირველშობილს, მიეცა „ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“10, ასევე მის მიმბაძველებს, ანუ ნამდვილ მორჩილებს, მისცემს „ახალ სახელს“11 და „ნაწილს განწმედილთა შორის“12, უფრო სწორად კი, ქრისტე „აღიარებს მათ სახელს თავისი მამისა და ანგელოზების წინაშე"13.

შენიშვნები

  1. მეფ. 15,22. ↩
  2. შეად. რომ. 8,26. ↩
  3. მეფ. 20,[35-]36. ↩
  4. ანუ ურჩობით დავკარგეთ სამოთხე, ხოლო მორჩილებით მასში დავბრუნდით. ↩
  5. ეპისტოლე 34 (ფილოთეუს გამოცემაში – 14).159. მათ. 11,30. ↩
  6. იოან. 5,3. ↩
  7. სიბრძ. 8,9. ↩
  8. იხ. იგავ. 8,32. ↩
  9. შეად. 2 კორ. 5,17; გალ. 6,15. ↩
  10. მათ. 28,18. ↩
  11. გამოცხ. 2,17. ↩
  12. იხ. საქმე 26,18. ↩
  13. იხ. გამოცხ. 3,5. აგრეთვე, შეად. მათ. 10,32; ლუკ.12,8. ↩
Share