ღმერთის ხედვის (ჭვრეტის) შესახებ და თუ როგორ ჭვრეტენ ღირსები – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ღმერთის ხედვის (ჭვრეტის) შესახებ და თუ როგორ ჭვრეტენ ღირსები – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი მეორე: სწავლება · ღმერთის ხედვის (ჭვრეტის) შესახებ და თუ როგორ ჭვრეტენ ღირსები

„ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არაცა ერთი"1. წიგნის პირველ ნაწილში, ბერ იოსების ბიოგრაფიაში, მისი სიტყვების მოხმობით, მოკლედ შევეხეთ ჭვრეტის საკითხს და იმას, თუ რას განიცდიან ისინი, რომლებიც ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ახლა, შიშითა და მოკრძალებით, იმავე თემას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი, გლახაკთა, თხრობა სრულვყოთ.

ყოველი ჭეშმარიტი ჭვრეტა სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო, შესაბამისად კი, შეუქმნელი, „დაუბადებელი“ ენერგია. ის, თუ როგორ, როდის და რა სიმძაფრით მოხდება, არასდროს არ არის დამოკიდებული ადამიანის ინიციატივაზე. ამით განქარდება იმათი მცდარი მსჯელობა, რომლებიც ძირითადად გარეგნულ საგრძნობლებსა და ფანტაზიას ეყრდნობიან.

მასზე, ვინც სუფთა გონებითა და გულით ლოცულობს, გადმოდის უნივთო*(არამატერიალური), შეუქმნელი ნათელი, ფაქიზი და ქათქათა, რომელიც მთელ ადამიანს მოიცავს და აღავსებს, გარეგნულადაც და შინაგანადაც. ჩვეულებრივ, ეს ხდება ლოცვის დროს, თანაც ისე, რომ თვითონ მლოცველს არც დაუგეგმავს და არც ელოდება. ეს ნათელი მას ფერს უცვლის, გარდაქმნის და თავისნაირ ზებუნებრივ სიფაქიზეს გადასცემს, ისე, რომ კაცი აღარც სხეულის სიმძიმეს გრძნობს, აღარც სისქეს, აღარც სხვა ბუნებრივ თვისებას; შემდეგ მის გონებას აღიტაცებს იქ, სადაც საღმრთო მადლს სურს, ხოლო საგრძნობლები აღარ მოქმედებენ, აღარც გონებას შეუძლია თვალი ადევნოს ამ ნათლის მსვლელობას. გაკვირვებულია, გაოცებულია და თუ საჭიროა რამე შეიტყოს, იმწუთას კითხულობს და იგებს ისე, რომ მანამდე არ დაუგეგმავს. უფლის სიყვარული მის გრძნობას იპყრობს, ღმერთის თანყოფნას აშკარად განიცდის, ღმერთის შეგრძნებით სუნთქავს, „ხელით ეხება“ და უპყრია დაუპყრობელი. ბერი ამბობდა:

— რამდენსაც არ უნდა ეცადოს კაცი, რომელმაც მსგავსი მდგომარეობები გამოსცადა, სიტყვით გამოხატოს თავისი გამოცდილება, ყოველთვის მკრთალი და ბუნდოვანი გამოუვა: თვითონ ის მოვლენა კი არ იქნება, არამედ მისი ერთგვარი აღწერა. არასდროს არის შინაგანი, მაგრამ არც გარეგნულია! მაშ, რაღა ყოფილა? აღემატება სიტყვას, ნებისმიერ ქმნილებას, არის მიუწვდომელი, ადამიანის გონება კი მხოლოდ იმდენად იტევს, რამდენადაც საღმრთო მადლი აფართოებს მას. მაგრამ ეს მოქმედება არ არის ერთნაირი სხვადასხვა პირთათვის, მეტიც, ერთი და იმავე ადამიანის მიმართაც კი სხვადასხვა მომენტებში სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ ნათლის სახით მოქმედებს, ზოგჯერ – როგორც შემეცნება, ზოგჯერ – გულსავსება, უწყება, ანუ პასუხი უცნობ და ნაცნობ კითხვებზე. ზოგჯერ ადამიანს აუწყებს შინაგანი ხმის განცდით, ზოგჯერ კი რამე სახისა თუ ხილვის გზით განუცხადებს რამე საიდუმლოს. ყველაზე ზოგადი განსაზღვრება, რაც კი შეიძლება კაცმა მისცეს, არის უცნობი, მიუწვდომელი, რამეთუ გულსავსება-უწყება, რომელსაც იძლევა, გამოუთქმელია და მხოლოდ იმათ ესმით, რომელთაც განუცდიათ ან განიცდიან მსგავს მდგომარეობებს.

როდესაც ჩავაცივდებოდით ხოლმე მოძღვარს, საღმრთო ნათელი ამქვეყნიურ ნათელთან შეედარებინა, მოგვიგებდა:

— მხოლოდ ერთს გეტყვით: შუადღის მზის ნათელი ამ ნათელთან შედარებით სიბნელეა. ყველაზე საოცარი ის არის, თუ როგორ ურთიერთობს და უერთდება ქმნილი და შეზღუდული ადამიანი უსაზღვრო და დაუბადებელ ღმერთს, რომელიც ამგვარი მოქმედებით კაცს, მართლაც, ღმერთად და მაღლის ძედ აქცევს2. სწორედ მაშინ გრძნობს ადამიანი ხელშესახებად და მთელი არსებით, რომ თვით ღმერთის ხატი და მსგავსებაა. სხეულის ყოველი, ადგილობრივი თუ დროებრივი, შეზღუდვა ქრება. ადამიანი ტოვებს ყოველ სივრცესა და დროს, და აბსოლუტურ მშვიდობაში მყოფი გრძნობს, რომ ღმერთის მსგავსია, რომლის ენერგიების ზიარიც ხდება. ასე იგებს, რომ თვითონაც ღმერთია, მადლისმიერი ღმერთი, თუმცა არ იცის, როგორ და რამდენად. ავიწყდება თავისი წინა წარმოშობა და გამოცდილება, და მხოლოდ ისღა უწყის, რომ „ტკბილ არს უფალი"3. აღარც კითხვები აქვს, არც არაფერი ეუცხოვება, არ გამოეძიებს, არამედ სრულად იმ დაუსრულებელ ყოვლადბედნიერებას ეზიარება, რომელიც უცხოდ არ ეჩვენება, არამედ აღიქვამს, როგორც რაღაც თავისას (საკუთარს) და ბუნებრივს. ეს შეგრძნება ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ზოგიერთი ადამიანი ჭვრეტის დროს მხოლოდ ნაწილობრივ ხედავს და გრძნობს იმას, რასაც რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს და საღმრთო მადლი იმისთვის გამოუცხადებს, რომ განამტკიცოს ან ანუგეშოს.

» ნამდვილი ჭვრეტა ადამიანს ქმნილ და წარმავალ სამყაროს სრულად ავიწყებს, და მხოლოდ მარადიული ცხოვრების ზებუნებრივ საიდუმლოებს ააშკარავებს. ეს ხდება, როგორც უკვე ვთქვი, ლოცვის დროს, მიუხედავად ადგილისა და დროისა, დღე იქნება თუ ღამე. ესაა საღმრთო აღთქმების „სავსება“ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, როდესაც ღმერთი გაიღებს, ხოლო ადამიანი იღებს. თვითონ კაცის მცდელობა და ნება აქ აღარაფერს მატებს, რამეთუ უფლის ძღვენი, საჩუქარია გულით წმიდა ადამიანთა მიმართ, რამეთუ მათ შეუძლიათ ღმერთი იხილონ4, როგორც თავად უფალი ბრძანებს. ამ სიკეთეების დასაწყისი არის სინანული, ხოლო ბოლო – უფლის სახიერება, რომელიც ადამიანის სიმდაბლესა და თხოვნას იწყნარებს. „ნება მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი“5.

შენიშვნები

  1. იოან. 1,5. ↩
  2. იხ. ფსალმ. 81,6. ↩
  3. ფსალმ. 33,9. ↩
  4. იხ. მათ. 5,8. ↩
  5. ფსალმ. 144,19. ↩
Share