ლოცვა ბრძოლაა. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვა უდიდესი იარაღია ბოროტის წინააღმდეგ ომში, თავად ეს ღვაწლი გახლავთ უაღრესად მტკივნეული და სისხლამდე ბრძოლას მოითხოვს. იმისთვის, რომ იესუს ლოცვით მლოცველმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, მისთვის აუცილებელია, მთელი ძალისხმევა ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გამახვილებისკენ მიმართოს.
ლოცვის დროს შენი გონება ნებისმიერი გარედან მოსული აზრის მიმართ ყრუ და მუნჯი უნდა იყოს, კარგი აზრი იქნება ეს თუ ცუდი, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას და ლოცვაში ხელის შემშლელი აღმოჩნდება. ამიტომაც არ ღირს, აზრებთან საუბარი, მათზე ყურადღების გადატანა, ამ დროს უმჯობესია ზიზღით შევხვდეთ მათ და საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება. ლოცვის დროს ჩვენი გონება აუცილებლად ”ყრუ”, ”მუნჯი” და სრულიად უშფოთველი უნდა იყოს, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სულის სიმშვიდის შენარჩუნებას და იესუს ლოცვაც საკმაოდ ეფექტური იქნება.
ლოცვის დროს შენი გონება ნებისმიერი გარედან მოსული აზრის მიმართ ყრუ და მუნჯი უნდა იყოს
ის აზრი, რომელიც ლოცვის დროს ხშირად იკავებს ადამიანის გონებას აუცილებლად უნდა ითქვას აღსარებაში. სულიერად გამოუცდელი ადამიანი, ბოროტის მიერ მოწოდებულ აზრებთან საუბარს იწყებს და ეწინააღმდეგება აზრობრივად, რაც დიდი შეცდომაა. არ შეიძლება ბოროტთან დიალოგში შესვლა.
აუცილებელია ისიც, რომ მლოცველმა არ მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, რომ მშიშარა იყოს. წარმოსახვებს ქრისტეს სახელის უწყვეტი მოხმობით შეეწინააღმდეგოს და ყურადღება ლოცვის სიტყვებში მოაქციოს. მას მტკიცედ და მამაცურად უნდა ეპყრას იესუს ლოცვა და გონებაში გაჩენილ არანაირ აზრს, არც კეთილს და არც ბოროტს ყურადღება არ მიაქციოს.
ის აზრები, რომლებიც გულში გამოძახილს ჰპოვებენ, მოქმედებენ მასზე, ხშირად შფოთის მომტანი ხდებიან. თუ ადამიანი ამ აზრების განდევნის იმედად, მათთან საუბარს იწყებს და ყურადღებას აქცევს მათ, ამით არსებობს საფრთხე, რომ მისმა გონებამ მეოცნებეობის მავნე ჩვევა შეითვისოს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად ააშფოთებს გულს. როგორც ქარი აღელვებს ზღვის ტალღებს, ისევე აზრების ქარიშხალი აღელვებს სულს. აქ საჭიროა შინაგანი ყურადღება, რაც აუცილებელია ლოცვისთვის. ამიტომ საუბრობენ წმ. მამები ლოცვისა და სიფხიზლის განუყოფლობაზე. სიფხიზლე გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი გონება მუდმივი ყურადღების ქვეშ გვყავდეს. ამგვარი ლოცვით საღმრთო მადლი მკვიდრდება ჩვენში.
წარმოსახვები (მეოცნებეობა) ბოროტის ყველაზე ცბიერი იარაღია: წარსულის გახსენება, უკვე მომხდარი ამბის სხვაგვარი დასასრულის წარმოდგენა ან მომავლის წარმოსახვა, კეთილ საქმეებზე ოცნებით საკუთარი თავის განდიდება. ჩვენთან სხვადასხვაგვარი აზრები მოდიან და იკავებენ გონებას, ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ამ დროს გონება წყდება ლოცვას და აღარ იმყოფება ქრისტესთან ცოცხალ ურთიერთობაში. ბოროტი არც ისე იშვიათად იყენებს ადამიანის ბუნებრივ სწრაფვას სიკეთისკენ, აღძრავს მის გონებაში ფანტაზიებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის სულზე.
ამ დროს, ლოცვას ენაცვლება საკუთარ წარმოსახვებში ფარფატი, ამით ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანი დაკმაყოფილდეს საკუთარი წარმოსახვებით და აღარ დაინტერესდეს ქრისტეს ძიებით. ბოროტი სხვადასხვა გზას მიმართავს ადამიანის წყობიდან გამოსაყვანად. შთააგონებს გაიხსენოს წარსულში დაშვებული დიდი შეცდომები რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. ეს ბრძოლა დაუნდობელი და სასტიკია.