– მამაო, რას ნიშნავს სუფთა ლოცვა?
– როდესაც ადამიანს აქვს სულიერი კეთილშობილება და თავგანწირვის სული, ის ქრისტეს უნათესავდება და მისი მსგავსი ხდება. ამ დროს, ასეთი ადამიანის გონება მუდამ მასთანაა და რომც არ ლოცულობდეს, ის მუდამ ლოცვით მდგომარეობაში იმყოფება. მთელი მისი სიცოცხლე ლოცვად იქცევა. ქრისტეს გარდა სხვა აღარაფერზე ეფიქრება და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი სულიერი მზერა მუდამ მისკენაა მიპყრობილი. აი ესაა სუფთა ლოცვა.
–მამაო, გონება როგორ განიწმინდება?
– იმისათვის, რომ გონება განიწმინდოს ის მუდამ ქრისტესთან უნდა იყოს და მას დაუკავშირდეს. ამისთვის კი საჭიროა ყურადღება, საკუთარი თავის შემეცნება და მოუკლებელი იესუს ლოცვა. როდესაც ადამიანის გონება ქრისტეს შეუერთდება, მის გარდა აღარაფერზე ეფიქრება. ამ დროს მისი გონება წმინდაა და ბოროტი ვეღარ აღწევს მასში. ის ღვთის ხატებიდან მის მსგავსებამდე აღიწევა.
-მამაო, რას ნიშნავს სიფხიზლე?
– სიფხიზლე ნიშნავს გულისსიტყვებისადმი, საქმეებისადმი და შინაგანი მდგომარეობისადმი ყურადღებას. როდესაც საკუთარ თავს აკვირდები და შენს საქციელს აფასებ, მაშინ მეორე დღეს უფრო მეტად ყურადღებით იქნები. ამ სათნოების საფუძველი ყურადღებაა. როგორი ყურადღება ჰქონდათ წმინდა მამებს! რატომ უწოდებდნენ მათ მღვიძარეებს? იმიტომ, რომ მღვიძარე ყურადღებიანს ნიშნავს. ამ მამებს აქტიური შინაგანი საქმიანობა ჰქონდათ.
-წმინდა ისააკ ასური ამბობს, რომ დღის სულიერი საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ღამის სულიერ მსახურებასთან. რას გულისხმობს?
-ის გულისხმობს, რომ თუ ადამიანი ღამე ლოცულობს და ცდილობს, რომ გონებით ქრისტესთან იყოს, დღისითაც უნდა ცდილობდეს, რომ არ დაკარგოს ყურადღება და ქრისტეს არ მოშორდეს. თუ დღის განმავლობაში უყურადღებოდ ვიქნებით, მაშინ გონებაში ძალიან ბევრი ნაგავი დაგროვდება და მერე, აბა, ეცადე და გათავისუფლდი! საკმაოდ გაგიჭირდება! ერთი უყურადღებო ნაბიჯი და რამხელა სირთულეებს აწყდები ლოცვისას, როდესაც ყურადღების მოკრებას ცდილობ! ამიტომაც, ყურადღებას და სიფიზლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი შეიძლება საათობით ლოცულობდეს, მაგრამ თუ არ აქვს ყურადღება და სიფხიზლე, არაფერს არ აკეთებს. მაგრამ თუ ლოცვას თან ახლავს ყურადღება, მაშინ ჩვენ ზუსტად იმ მიმართულებით ვისვრით, სადაც მტერია ჩასაფრებული.
– მამაო, ძალიან მაწუხებს, რომ ლოცვისას გონება მუდამ მეფანტება…
– მეც კი მინდა, რომ ჩემი გონება მუდამ ქრისტესთან იყოს, მაგრამ როდესაც მეფანტება ხოლმე ვამბობ: ‘’ღმერთო, ასეთ გონებას შენთან რა ესაქმება? თავხედობაა ჩემი მხრიდან, რომ მაინც შენთან მინდა!’’ ერთი მდაბალი აზრით შეიძლება, რომ მადლი მოვიზიდოთ და ჩვენი გონება ლოცვაში ჩაიძიროს. შენც თქვი: ‘’მართალი ხარ უფალო, რომ არ მეხმარები გონების მოკრებაში, რადგან მე უღმერთო და უღირსი ვარ’’. როდესაც შენც დაიჯერებ ამას, მაშინ ქრისტეც შეგეწევა.
– მამაო, როდესაც სკვნილზე ვლოცულობ თავიდან ყურადღებით ვარ და შემდეგ მეფანტება. ვცდილობ მოკრებას და კვლავ მეფანტება. რა ვქნა?
-საჭიროა გულმოდგინება, შეუპოვრობა და მოთმინება. როდესაც გონება გეფანტება კვლავ მოიკრიბე. კიდევ გაგეფანტა? კიდევ მოიკრიბე და ასე იბრძოლე. ჩვენი გონება ურჩი ონავარი ბავშვივითაა, რომელსაც მუდამ ცელქობა და აქეთ-იქით სირბილი უნდა. მაგრამ სწორედ ამაზეა ჩვენი გადარჩენა დამოკიდებული. ამიტომაც, რამდენადაც შეგიძლიათ არ მისცეთ გონებას უფლება, რომ იხეტიალოს. ავარჯიშეთ სულიერად! ასწავლეთ, რომ მუდამ სახლში, ანუ გულში იყოს ქრისტესთან!
თუ ადამიანი გონებრივად მუშაობს და არ აქვს ლოცვის საშუალება, მაშინ უბრალოდ რომც გაიფიქროს ქრისტეზე ესეც ლოცვაა. თუ იფიქრებს: „რა შორს ვარ ქრისტესგან! რა გავაკეთო, რომ მასთან ახლოს ვიყო?’’ – ასე მოდის ღვთის ხსოვნა, რომელსაც თავის მხრივ ლოცვითი მდგომარეობა მოაქვს. ეცადე მუდამ იფიქრო, რომ ქრისტე გხედავს და რომ ის უხილავად შენთანაა. იფიქრე: „ქრისტე მხედავს და რასაც ახლა ვაკეთებ მოსაწონია მისთვის? რა გავაკეთო, რომ არ დავამწუხრო?’’. ასეთი სულიერი მუშაობა თანდათანობით შინაგან მდგომარეობად იქცევა. მუდამ ქრისტეზე იფიქრებ და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ მის მოსაწონად მოიქცე. ასე ვითარდება და აღიზრდება ღვთის სიყვარული, ტკბება გონება და გული და მოუკლებელი ლოცვაც ამოქმედდება.
– მამაო რას ნიშნავს მამების გამონათქვამი „ღვთის ხსოვნა ღვთის ჭვრეტაა“?
– ღვთის ხსოვნა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანის გონება მუდამ ღმერთშია, მასში ცოცხლობს და ყველგან მას ხედევს. ის საკუთარ გულში მუდამ ღმერთს გრძნობს, ლმობიერებისგან უსაზღვრო მადლიერება უჩნდება, რადგან ყველგან და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს. იხედება ირგვლივ და ხვდება, რომ ღმერთი არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ მთელ სამყაროზე ზრუნავს. სადაც არ უნდა გაიხედოს ყველგან მისი სიდიადის კვალია.
– მამაო, გონების გულში როგორ ჩადის?
– როდესაც გულში ტკივილია, მაშინ გონება გულში შედის. რომელ ტკივილზეა საუბარი? როდესაც ქრისტეს სიკეთეზე, მზრუნველობასა და ამავდროულად საკუთარ დაცემულობაზე, უმადურობაზე ფიქრობ, მაშინ გული მდაბლდება, იმუსრება და გონებაც იქ მიისწრაფის. როდესაც გონება ხედავს უამრავ ცოდვას, დაცემას და უძლურებას, აკაკუნებს გულის კარზე, გულიც რბილდება, ფაქიზედება და ლოცვა გულისმიერი ხდება. ადამიანი ცრემლებით ითხოვს ამ დროს შეწყალებას.
გისურვებთ, რომ თქვენი გონება გულში ჩავიდეს. სულიერი ცხოვრების მთელი საფუძველი იმაში მდგომაროებს, რომ ადამიანმა გული განიწმინდოს და გონება იქ ქრისტესთან ერთად დაატკბოს. თუ გონება გულში დატკბება, მაშინ იქედან გამოსვლას აღარ მოისურვებს. ისევე როგორც ბავშვს არ უნდა საკონდიტრო მაღაზიიდან გამოსვლა.
წყარო: წმინდა პაისი ათონელის სულიერი დარიგებანი. ტომი 6- ლოცვის შესახებ
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©