სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ქრისტეს ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე კვირას წმ. იოანე სინელის, იგივე ,,კიბისაღმწერლის’’ ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიის ამ დადგენილებაში სიღრმისეული არსი განიჭვრიტება და გვასწავლის, რომ მარხვა მთლიანადაა დაკავშირებული სინანულთან.
რას ნიშნავს სინანული? განა მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლას და იმის თქმას, რომ ცოდვილი ვარ? არა! სინანულისთვის ეს ძალიან მცირედია. სინანული ნიშნავს ცოდვისმიერი შეგრძნებების და აზრების გარდაქმნას, გამოსწორებას და ახალ ქმნილებად ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, კარგია საკუთარი ცოდვების გაცნობიერება და დაცემულობის სიმძიმის შეგრძნება, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენ ცოდვილი ცხოვრების სანაცვლოდ, უნდა დავიწყოთ ახალი სიცოცხლე, ისეთი, როგორიც ქრისტეს სულს შეესაბამება. აუცილებელია სულიერი ზრდა, ზეაღსვლა სულიერი კიბის საფეხურებზე ,,ძალითი ძალად’’.
წმინდა იოანემ გასაოცარი ნაშრომი სახელად ,,კიბე’’დაგვიტოვა, რომელიც სწორედ ქრისტესკენ ზეაღსვლის სულიერი საფეხურებს აღგვიწერს. მისი მიხედვით, სულიერი ზრდა მხოლოდ ღვაწლის შედეგად მიიღწევა. თუკი ქრისტეს მხრიდან სასუფევლისკენ მავალ გზაზე ადამიანს მადლი ეძლევა, ადამიანის მხრიდან საჭიროა შრომა და საკუთარი თავის უარყოფა.
,,კიბე’’ შედგება 30 თავისგან, ერთგვარი საფეხურებისგან, რაც შეესაბამება ქრისტეს საქადაგებლად გამოსვლის ასაკს. როგორც ვკითხულობთ, პირველი საფეხური არის ამასოფლის სულის უარყოფა. შემდეგ მოდის: მწირობა, მორჩილება, სინანული, სიკვდილის ხსოვნა, მგლოვარება, სიმშვიდე. შემდეგ განხილულია ვნებები, სხვადასხვა ცოდვისმიერი მდგომარეობები და მათთან ბრძოლის პრაქტიკული მითითებები. ამას მოჰყვება სათნოებათა გზა, რომლის გვირგვინიც არის ,,წმინდა და ნეტარი,, გონიერი ლოცვა. ბოლოს, ,,კიბე’’ გვირგვინდება სამი მთავარი სათნოების კავშირით: რწმენით, იმედითა და სიყვარულით.
მცირედით მიმოვიხილოთ წმინდა იოანეს ცხოვრება: ის მეექვსე საუკუნეში ცხოვრობდა. მიიღო ძალიან კარგი განათლება, მაგრამ დატოვა ყველაფერი და 16 წლის ასაკში, სინას მთის მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც 20 წლი ასაკში, ამბა მარტირის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. წმ. იოანე 19 წლის განმავლობაში თავისი სულიერი მოძღვრის სრულ მორჩილებაში ცხოვრობდა. მისი ცხოვრების აღმწერელმა, რაითელმა მონაზონმა დანიელმა თქვა, რომ 16 წლის ახალგაზრდა იოანე სხეულით სინას მთაზე ავიდა, ხოლო სულით – ქრისტეს სასუფეველში.
თავისი მოძღვრის სიკვდილის შემდეგ, წმ. იოანე სინას უდაბნოში განმარტოვდა, სადაც უდიდეს სულიერ ღვაწლში და მოუკლებელ ლოცვაში, გულის შემუსვრილებითა და მგლოვარებით განლია 40 წელი. მისი ღვაწლის ასპარეზი ერთი ვიწრო გამოქვაბული იყო. მარხვა, გონიერი ლოცვა, ცრემლები, მყუდროება და წიგნებზე მუშაობა – ეს იყო მისი ცხოვრების წესი. ყოველ შაბათს და კვირას მონასტერში ბრუნდებოდა, ეზიარებოდა და ძმებს სულიერ თემებზე ესაუბრებოდა.
მისი ცხოვრება ჭეშმარიტად იყო ქრისტესკენ აღმავალი კიბე. მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება და სწორედ ამიტომ თხოვა რაითელმა იღუმენმა იოანემ, რომ წერილობით აღეწერა ეს გამოცდილება და მივიღეთ ,, კიბე’’.
ჩემო ძმებო და დებო, განა ასეთი ნაშრომი არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას? წიგნი, რომელიც შეიცავს ასეთ იშვიათ სულიერ გამოცდილებებს და აღსავსეა სულის გადამრჩენელი რჩევებით, ცნობისმოყვარეობის გამო მაინც ხომ უნდა წავიკითხოთ? მითუმეტეს მარხვისა და სინანულის ამ დღეებში. ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთებს, საკუთარ სულს ძალიან ჯანსაღ და ტკბილ სულიერ საზრდოს მოაკლებს.
როგორ ვისწავლოთ ლოცვა?
ლოცვის სწავლა ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. ამ სკოლაში საჭიროა დიდი მოთმინება, მაგრამ ვინც ამ მეცნიერების ყველა სიმძიმეს გადაიტანს, მისი ცხოვრება ქრისტეში სიხარულად იქცევა. ეს შრომა დაიწყე საკუთარ გულზე და ზრახვებზე ყურადღების მიპყრობით, შეიძინე ჩვევა ქრისტეს მიმართ მოუკლებლად სინანულის ღაღადისის აღმოთქმა. საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა არ გქონდეს და ქრისტე აუცილებლად დაგეხმარება. თუ გინდა, რომ ქრისტესთან ახლოს იყო, შენი გული ზეაღმართე, ხოლო შენი თავი დაბლა დახარე. საჭიროა შრომა ლოცვაში. სწორედ ესაა ლოცვის სკოლა. ამ ყველაფერს თეორიულად ვერ აგიხსნი, რადგან ლოცვის ყველაზე კარგი მასწავლებელი მკაცრი ცხოვრებაა. მთავარი რაოდენობა კი არა, არამედ ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობაა. ლოცვას მაშინ ვისწავლით, როდესაც მხოლოდ ენით კი არ ვლოცულობთ, არამედ გულისმიერად მივმართავთ ქრისტეს. მხოლოდ ლოცვას და გულმხურვალებას შეუძლია, ჩვენი სულის დანგრეული ტაძრების აღდგენა და გზააბნეულების შემოქმედთან დაბრუნება.
მიაჩვიე საკუთარი თავი იმას, რომ შენი ყოველი საქმე ლოცვით დაიწყო და ლოცვით დაასრულო. ასეთ შემთხვევაში შენი ცხოვრება გარეგნულად ჩვეულ დინებას შეიძლება მიჰყვეს, მაგრამ შინაგანად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ის მთლიანად ღმრთის კურთხევით განიმსჭვალება. არ გამოიგონო სხვადასხვა საქმიანობები, ჩვენი მიზანი საკუთარი თავის გამოფიტვა არ არის. ლოცვის მიზანი ხომ საკუთარი თავის სიმდაბლით ღმრთის ნებაზე მინდობა და ჩვენზე დაშვებული განსაცდელების მოთმინებით გადატანაა. თავად ლოცვა გვასწავლის ლოცვას. ისევე როგორც თავად ცხოვრება გვასწავლის ცხოვრებას.
იესუს ლოცვას სჭირდება გამოცდილი მასწავლებელი. გონიერ-გულისმიერი ლოცვა – მადლის ნიჭია, რომელსაც მხოლოდ ისინი იღებენ, რომლებიც სიტყვიერ ლოცვაში გულმოდგინედ, უკანდაუხევლად და გულმხურვალედ შრომობენ. ეს არის პირველი საფეხური. ჩემმა მოძღვარმა ახალგაზრდობაში მიიღო მოუკლებელი იესუს ლოცვის ნიჭი, რასაც მისთვის არამიწიერი სიხარული მიჰქონდა. შემდგომში, უფალმა უკან წაიღო ეს ნიჭი და ისიც მთელი სიცოცხლე სიმდაბლით და მოთმინებით ეძებდა დაკარგულ დრაქმას. ეს ნიჭი ქრისტემ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაუბრუნა, რითიც დაამოწმა ის, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი დაღვრილი ცრემლები შეიწირა. ნუ გაანაწყენებ ქრისტეს შენი უმადურობითა და მოუთმენლობით. როდესაც იესუს ლოცვის ღვაწლს იწყებ, უნდა ეცადო, რომ შენს გულში არსებულ ვნებებს ებრძოლო, თუ უგულვებელყოფ, უყურადღებოდ და უკონტროლოდ დატოვებ, მაშინ ძალიან საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდები და დაზიანდები. ამ ღვაწლში ყველაფერი რჩევის მიხედვით აღასრულე.
არ ესაუბრო მტრისგან შთაგონებულ ზრახვებსა და გულისსიტყვებს. არ გააღვივო ეს აზრები და იესუს ლოცვით მყისიერად აისხლიტე. თავდაპირველად ეს ლოცვა შეიძლება მექანიკური იყოს, მაგრამ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელი თავის საქმეს გააკეთებს. შენ კი არა, უფალ იესუ ქრისტეს სახელი! შენი საქმეა მოუკლებელი თხოვნა, ღაღადისი და ღმრთის მოწყალების კარზე კაკუნია. აი, ასე უნდა იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! ასეთ შემთხვევაში შენი მფარველი ანგელოზი აუცილებლად დაგიცავს. ქრისტე და მისი ყოვლადწმიდა დედა კი რწმენაში და ღმრთისა და მოყვასის სიყვარულში განგამტკიცებენ. კიდევ ერთი: არასდროს გონებაშიც კი არ ჩამოთვალო შენი კეთილი საქმეები. იცოდე, რომ ყველაფერი ქრისტესგანაა და ქრისტესთვისაა. მას მხოლოდ შენი გული სჭირდება, რომელიც აღსავსე უნდა იყოს მისი ერთგულებითა და სიყვარულით. იშრომე მშვიდობით ქრისტეს სახელის სადიდებლად!
როდესაც პატიმარი ვიყავი, მაშინ მქონდა ჭეშმარიტი ლოცვა, რადგან ყოველ დღე სიკვდილის პირას ვიყავი. ლოცვა იყო ჩემთვის ის გადაულახავი ზღუდე, რომლის დახმარებითაც ჩემში ვერ აღწევდნენ იქაური ცხოვრების საშინელებები. ახლა კი, ამ კეთილდღეობის პირობებში ვეღარ ვლოცულობ ისე, როგორც მაშინ. მაგრამ იქ შეძენელი ლოცვისა და ცოცხალი რწმენის გამოცდილება არსად იკარგება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახება.
მარხვა
ზეციური მამის შვილო! დაე იმარხულოს შენმა გონებამ ამაო ფიქრებისგან; დაე იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტი სურვილებისგან; დაე იმარხულოს შენმა თვალება ბილწი სახილველისგან; დაე იმარხულოს შენმა ყურებმა ცილისმწამებლური ჩურჩულებისაგან; დაე იმარხულოს შენმა ენამ განკითხვისგან, ცილისწამებისგან, სიცრუისგან, მლიქვნელობისა და ბილწსიტყვაობისგან; დაე იმარხულოს შენმა ხელებმა სხვისი სიკეთეების მისაკუთრებისგან და დაზიანებისგან; დაე იმარხულოს შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეებზე სვლისაგან. აი, სწორედ ეს არის ისეთი მარხვა, როგორსაც ქრისტე ელოდება ჩვენგან.
ადამიანი საკუთარი ნებით ირჩევს სიკეთის ან ბოროტების გზას. თუკი ურჩობით ამ ცხოვრებაში მწუხარება, ტანჯვა და სიკვდილი შემოვიდა, მხოლოდ მორჩილებით, მარხვით და ლოცვით – ღმრთის სიყვარულის ცოცხალი მსხვერპლით ბრუნდება ჩვენში ზეციური მშვიდობა, სიმართლე და სიხარული. ამ მდგომარეობაში, ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი სამოთხეს შევიგრძნობთ.
თუ ჩვენი გული სასტიკი და ცივია ადამიანის მიმართ, მაშინ ქრისტეს მიმართაც ის აუცილილებლად ორგული და გულგრილი გახდება. ის სამოთხე კი, რომელიც შეიძლება ასე ახლოს – ჩვენს გულში ყოფილიყო, მიდის, ვკარგავთ და უსიყვარულობის ცოდვა ბადებს ურჩობასა და უკიდურეს ეგოიზმს.
მაგრამ როგორ გვიყვარდეს ცოდვილი? როგორ გვიყვარდეს ის, ვისაც არ ვუყვარვართ? როგორ გვიყვარდეს მტერი? ამაში ქრისტე უნდა დაგვეხმაროს. ქრისტიანი ლოცვისა და მარხვის მეშვეობით სულიწმიდის მადლს იღებს, რომელიც მას მტერთან სულიერ ბრძოლაში განამტკიცებს. ლოცვისა და მარხვის მეშვეობით იღებს განსჯის უნარს და ქრისტეს გონებას; ლოცვა და მარხვა მის გულში აღანთებენ სინათლეს, რომელიც ცოდვისმიერი ცხოვრების წყვდიადს ფანტავს, რადგან ,,ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია’’.
წყარო: http://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©