საყვარელო ძმებო! იმისათვის, რომ ლოცვით ღვაწლში წარვემატოთ და თავის დროზე, ღმრთის გამოუთქმელი წყალობით, ლოცვის უტკბესი ნაყოფი – სულიწმიდის მიერ ახალ ადამიანად დაბადება ვიგემოთ, საჭიროა, რომ მოუკლებლად ვილოცოთ და სიმამაცით გადავიტანოთ ლოცვითი ღვაწლის თანმხლები სირთულეები და მწუხარებები. სწორედ ეს გვამცნო ჩვენ უფალმა, როგორც ამას ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: “ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა”(ლკ.18:1). უფალი გვამცნებს, რომ არ მოვიწყინოთ იმ შემთხვევაში, თუკი ხანგრძლივი ლოცვითი ღვაწლის მიუხედავად შესაბამის წარმატებას ვერ ვამჩნევთ; თუკი იმის ნაცვლად რომ ლოცვით დაკავდეს ჩვენი გონება ამაო გულისსიტყვებსა და ოცნებებში დაეხეტება; თუკი ჩვენი გული ნაცვლად ლმობიერებისა, რომელსაც მუდამ თან ახლავს მანუგეშებელი ცრემლები, სიცივითა და სისასტიკითაა აღსავსე; თუკი ლოცვისას ჩვენში მოულოდნელად აზვირთდებიან ვნებები და არაწმინდა მოგონებები წარმოგვიდგება; ამ ასწარეზზე ნებისმიერი დაბრკოლება ლოცვაში მოუკლებელი, გულმოდგინე შრომით გადაილახება.
უფალმა ინება, რომ მოუკლებელი ლოცვის სარეგებლის შესახებ სწავლება იგავურად წარმოედგინა ისევე, როგორც მისი სხვა მრავალი სწავლება. იგავი განსაკუთრებული სიმარტივით აისახება მეხსიერებაში და მასთან ერთად ის სწავლებაც, რომელსაც ეს იგავი ატარებს.
“მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე” (ლკ.18:2-5). ერთი შეხედვით აქ ისე ჩანს, თითქოს ეს მსაჯული, ანუ მმართველი უკიდურესად ცოდვილი ადამიანია. მრავალი ადამიანი არაწმინდა ცხოვრების წესის გამო, ღმრთის შიშს კარგავს და თავიანთი სულიერი სიბრმავის გამო ისე ცხოვრობენ, თითქოს საერთოდ არ არსებობს ღმერთი, მაგრამ ასეთებს რცხვენიათ ადამიანთა წინაშე აშკარა შეცოდება და ყველანაირად ცდილობენ, რომ დაფარონ ეს ყველაფერი და სხვებს მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჰქონდეს. ამ მსაჯულმა კი ღმრთის შიშიც დაკარგა და ადამიანთა წინაშე სირცხვილიც. მისთვის დაბრკოლებას აღარაფერი წარმოადგენდა. ერთი შეხედვით, სწორედ ასეთ უიმედო ცოდვილად წარმოგვიდგება ეს მსაჯული, მაგრამ თუკი კარგად ჩავუღრმავდებით, საიდუმლოებრივი აზრით, მისი თვისებები სწორედ ღმერთს მიემართება. ღმერთს არ შეიძლება, რომ საკუთარი თავის ეშინოდეს და არც ადამიანის რცხვენოდეს. მის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია და ყველა თანაბრად საჭიროებს მის წყალობას. უსამართლოდ კი იმიტომაა წოდებული, რომ ფსალმუნის სიტყვების თანახმად: “არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ”(ფს.102:10). ღმრთის გამოუთქმელი და უსაზღვრო კაცთმოყვარების ჭვრეტისგან სულიერად აღტაცებული წმინდა ისააკ ასური ამბობს: “არ გაკადნიერდე და ღმერთს სამართლიანი არ უწოდო, რადგან შენზე მისი სამართალი, რაც გეკუთვნის და რისი ღირსიც ხარ, არ აღსრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი მას სამართლიანს უწოდებს, მისმა ძემ განგვიცხადა, რომ ის უფრო მეტად კეთილი და მოწყალეა: “იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა”(ლკ.6:35). მუშაკთა სასყიდლის შესახებ იგავის მიხედვით, როგორ ვუწოდოთ მას სამართლიანი? როგორ ვუწოდოთ მას სამართლიანი უძღები შვილის იგავის მიხედვით, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ შვილმა მთელი მამისეული სიმდიდრე გარყვნილებაში განაბნია და მის მიერ გამოხატული მხოლოდ ერთი ლმობიერების გამოც კი მასთან შესახვედრად გამორბის მამა და უწინდელ პატივში აბრუნებს. თავად ძე ღმერთმა დაამოწმა ეს ყველაფერი. სადაა იმაში ღმრთის სამართალი, რომ ქრისტე ჩვენთვის, მისი მტრებისთვის მოკვდა?”
ქვრივი კი ცოდვის გამო ღმერთს დაცილებულ სულს წარმოადგენს. ამავდროულად, ის მთელი არსებით აცნობიერებს და შეიგრძნობს ამ განშორებულობას. ქალაქი კი ღმრთის მიერ შექმნილი სამყაროა. ძალიან ცოტა ადამიანი თუ გრძნობს და აღიარებს თავის სულიერ ქვრივობას და უმრავლესობას არც კი ახსოვს, რომ ერთხელაც მოკვდება და მთელი არსებით სიამოვნებებსა და საზრუნავებშია ჩაფლული. იმდენად ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მარადისობაზე ფიქრობენ და მისთვის ემზადებიან, რომ ამ იგავის მიხედვით, ქალაქში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ასეთი. ქვრივობა არის მარტოობის, უმწეობის, მუდმივი მწუხარებისა და მოუკლებელი ტკივილის მდგომარეობა. იმ ადამიანებს, რომლებიც ღმრთის მადლის მიერ საკუთარ სულიერ ქვრივობასა და ქრისტესთან ურთიერთობის დეფიციტს შეიგრძნობენ, სინანულის მიერ ამ ურთიერთობის აღდგენის წყურვილი უჩნდებათ.
სულის ეს მდგომარეობა აუცილებელია იმისათვის, რომ ლოცვით ღვაწლში წარვემატოთ, რადგან ქრისტე სწორედ ასეთი სულიერი ქვრივების, სულით გლახაკი, საკუთარი ცოდვილობის, საკუთარი უძლურების, საკუთარი დაცემის განცდით აღსავსე, თავის განდიდებისგან უცხო ადამიანების ლოცვას შეისმენს. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა საკუთარი თავის მოტყუებაა. ის ვინც, საკუთარ ღირსებას, სათნოებას და მართლობას წარმოაჩენს, წმინდა წერილი მათ “მდიდრებს” უწოდებს, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი გააჩნიათ, თავს იტყუებენ, ჰგონიათ, რომ აქვთ და სხვებსაც მდიდრებად ეჩვენებიან. სიამაყე ადამიანში იმ სულიერ საყდარს ანადგურებს, რომელზეც სულიწმიდა უნდა იყოს დაბრძანებული. ანადგურებს იმ ერთადერთ წინაპირობას, რომლითაც ადამიანის გულში ღმრთის წყალობა მოიზიდება. სიამაყე ანადგურებს ლოცვაში წარმატების საშუალებას და ამიტომაც წერილი ამბობს: “ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი”(ლკ.1:51-53). ამაყი ადამიანების ლოცვა გაფანტულობით ნადგურდება. ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს: მათ არ ემორჩილებათ არც აზრები, არც გრძნობები. მათ გონებას არ შეუძლია კონცენტრირება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, რომლითაც იბადება სულში სინანულისა და ლმობიერების შეგრძნება. ისევე როგორც კლდეზე მთესველი ვერასდროს მოიმკის ნაყოფს, ასევე ლმობიერების გარეშე, ზედაპირულად მლოცველი, ლოცვის შემდეგ სულიერი ნაყოფებისა და ქრისტესთან ურთიერთობის გარეშე რჩება. ქრისტე მხოლოდ გულით მდაბალ ადამიანებთან შედის ურთიერთობაში.
სულ სხვაა მათთვის ლოცვითი ღვაწლი, რომლებიც მხოლოდ ოცნებობენ მასზე და სინამდვილეში საერთოდ არ შრომობენ და ვარჯიშობენ მასში. ხოლო მათ, ვინც ზედმიწევნით დაკავდა ლოცვითი ღვაწლით, მისგან მიღებული გამოცდილებაც იგემეს. პირველებს ჰგონიათ, რომ ეს ღვაწლი ძალიან ადვილია და მხოლოდ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ ეს რაღაც საკუთრებაა და როცა მოისურვებენ მაშინვე დაეუფლებიან. მათ ისიც კი ჰგონიათ, რომ როგორც კი საზრუნავებს დაუტევებენ და მყუდროებაში შეაბიჯებენ, მყისვე უდიდეს სულიერ სიტკბოებას იგემებენ. “ჩვენ ღმერთთან საუბარს დავიწყებთ” – ფიქრობენ და ამბობენ ისინი! ამას მოჰყვება ის, რომ ოცნებობენ სხვადასხვა მაღალ სულიერ ნიჭებზე, როგორებიცაა: მჭვრეტელობა, წინასწარმეტყველება, სასწაულმოქმედება და მკურნალობა. სწორედ ასეთ ოცნებებში დაეხეტება საიამაყით მართული ადამიანი. გამოცდილება კი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს.
ჭეშმარიტ ლოცვით ღვაწლზე შემდგარი ადამიანი თავად ღმერთის მიერ განისწავლება და ეს საიდუმლოება მიუწვდომელია მათთვის, ვისაც არ აქვს ეს გამოცდილება. წმინდა იოანე სინელი ამბობს: “ლოცვა საკუთარ თავშივე მოიცავს მის მასწავლებელსაც – ღმერთს, რომელიც ადამიანს ლოცვაში განსწავლის”. საღმრთო სიბრძნის განგებულებით ის, ვინც ლოცვის ღვაწლს იწყებს, თავდაპირველად ლოცვისგან ნუგეშის გემოსხილვა აქვს. რომელიღაც ძველი სნეულების წამალი, თავდაპირველად მიღებისას ჩვენს მდგომარეობას ამსუბუქებს. თუკი ამ წამლის მიღებას გავაგრძელებთ, ის ორგანიზმში შეიჭრება და მიძინებული დაავადების თანდათანობით ამოსაძირკვად გამოაღვიძებს მას, რაც ზოგჯერ საშინელ ტკივილებს იწვევს. გამოუცდელი ავადმყოფი შეიძლება ამ ყველაფრით წამლის მაკურნებელ თვისებაში დაეჭვდეს, მაგრამ გამოცდილი ექიმი, სწორედ მისი ამ მოქმედებით ხედავს წამლის დადებით მოქმედებას. ზუსტად ასე ხდება ლოცვითი ღვაწლის გზაზეც.
როდესაც ქრისტიანი ზედმიწევნით, მოუკლებლად და გულმოდგინეთ დაიწყებს ლოცვაში ვარჯიშს, მაშინ ის თანდათანობით იქამდე მისთვის სრულიად უცნობი ვნებების ხედვას იწყებს საკუთარ თავში. მის თვალწინ ადამიანის დაცემული ბუნების საზარელი სურათი და მისი დატყვევებული მდგომარეობა გადაიშლება. როდესაც ამ სანახაობით შეძრული ქრისტიანი მთელი არსებით მოისურვებს, რომ როგორმე თავი დააღწიოს ამ ტყვეობას, მაშინ მოვლენ ის ბოროტი სულები, რომლებმაც დაგვიმონეს და ყველანაირად წინ აღუდგებიან ლოცვას. სწორედ ეს არის ლოცვითი ღვაწლის ჭეშმარიტების დასტური, როგორც ეს ლოცვის უგამოცდილესმა სინელმა მასწავლებელმა გვაუწყა: “ლოცვისას ეშმაკთა წინააღმდეგობით შეიცნობა ლოცვის სარგებელი, ხოლო ნაყოფი – მტრის დამარცხებით”. ხშირად ხდება ისე, რომ საკუთარი დაცემულობის ჭვრეტის, ვნებებთან და ბოროტ სულებთან ბრძოლის მდგომარეობაში, ჩვენივე არსობრივი სარგებელისთვის საკმაოდ დიდი ხნით გვტოვებს ღმრთის განგებულება. როდესაც მოღვაწე მუდამ ხედავს საკუთარ თავში აღძრულ ვნებებს, როდესაც ხედავს, რომ მუდამ ბატონობენ მასზე ეშმაკის მიერ შთაგონებული ცოდვისმიერი გულისსიტყვები და ოცნებები, ის სახარების მიერ ნამცნებ სულის სიგლახაკეს მოიხვეჭს, ამასოფლის სულისთვის კვდება, ჭეშმარიტად სულიერ ქვრივად იქცევა და საკუთარი ქვრივობის, ობლობის, მარტოობისა და მიუსაფრობის ძალიან ძლიერი განცდით, ტირილით იწყებს ჯიუტ, მოუკლებელ ლოცვა ქრისტეს წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მსაჯულს ღმერთის ეშინია, რახან ეს ცოდვისაგან სულიერად ქვრივად ქცეული მოუკლებლად ევედრება, ის აღუსრულებს მას სათხოვარს და მოწინააღმდეგისგანაც გაათავისუფლებს. როგორ ხდება ეს გათავისუფლება და მისი დაცვა? ლოცვით ღვაწლში დაღლილი მოღვაწისადმი სულიწმიდის მადლის მინიჭებით: “ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას”(ლკ.11:9-13). ასე გვანუგეშებს ქრისტე, მაგრამ იმისათვის, რომ სულიწმიდა ჩვენს გულში შემოვიდს, საჭიროა მოუკლებელი თხოვნა, ძიება და ღმრთის მოწყალების კარზე უკანდაუხეველი კაკუნი.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის დამაზიანებელიც კი არის სულიერი სიმდიდრის უშრომელად და მალევე მოხვეჭა, რადგან მარტივად მიღებულს, ვერ შევინარჩუნებთ. ეს სიამაყისა და მოყვასზე ზემოდან ყურების მიზეზად გვექცევა, რაც აუცილებლად უმძიმესი დაცემისკენ წაგვიძღვება, რაც თავის მხრივ ბუნებრივი ნაყოფია სიამაყისა – ამ ზეციდან ანგელოზთა გადმომგდები დამღუპველი ვნებისა და ჩვენს გამოფხიზლებას ემსახურება. სწორედ ამ მიზეზით, ქრისტე ლოცვაში მოასპარეზეებს დიდი ხნით ტოვებს ვნებებთან დამღლელი ბრძოლის, მუდამ იმედსა და უიმედობას და გამარჯვებასა და დამარცხებას შორის. სწორედ ამ რთულ დროს, მოღვაწეები საფუძვლიანად და გამოცდილებისეულად შეისწავლიან ვნებების და დემონური ხრიკების მოქმედებას. სახარებისეული მცნებების ხანგრძლივი და ზედმიწევნითი შესწავლის შედეგად, ისინი მის საკუთრებად იქცევიან. ამ რთულ დროს, მლოცველი მოღვაწეები საფუძვლიანად ემზადებიან სულიწმიდის მადლის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად.
“ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე”(ლკ.18:7-8).
ბრძოლის დროს, ქრისტე მუდამ განამტკიცებს მის მებრძოლებს; ბრძოლის შემდეგ კი ადამიანი სულიწმიდის მიერ განახლდება და ის ისეთ ნეტარებას შეიგრძნობს, რომ მყისვე ავიწყდება ბრძოლის სისასტიკე და ეჩვენება, თითქოს ეს ბრძოლა სულ რაღაც მოკლე პერიოდის განმავლობაში აწუხებდა.
“აღვივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ” – სწორედ ასეთ შინაგან მდგომარეობას ამოწმებენ ისინი, ვისი ლოცვაც შეისმინა ქრისტემ და რომლებმაც საკუთარ გულში ხანგრძლივი ღამის წყვდიადის შემდეგ, სულიერი განთიადი იხილეს. “ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლეს ჩუენ და წელთა, ვიხილეთ ჩუენ ძჳრი”(ფს. 89:14-15).
ეს ბრძოლა ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ ლოცვითი ღაღადისი მოუკლებლად ძლიერდება და არც დღე და არც ღამე არ წყდება. ლოცვის სიტყვებს შორის მანძილი ქრება და მოღვაწე ქრისტეს მოწყალების კარზე ლოცვითა და ტირილით მოუკლებელ კაკუნს იწყებს. ეს მდგომარეობა კი საკუთარი ცოდვილობის შედეგად საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენით იშვება.
“დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა. შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა”(ფს. 37:7-9). ასე აღწერს ამ მდგომარეობას წმინდა დავითი. “ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო”(ფს. 12:2-3).
“პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს; და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა. განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს დადრეკილ ქუეყანად. შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა. აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ”(ფს.16: 9-13).
“შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე”(ფს.24:1-2).
ვისი გონებაც მხოლოდ მიწიერითაა დაკავებული, იმისთვის ღმერთი არ არსებობს. ხოლო ვინც მოუკლებელი და წმინდა ლოცვით ქრისტეს მიეახლება, ცოცხალ რწმენას მოიხვეჭს, რომლის დახმარებითაც ქრისტეს საკუთარ გულში იხილავს და როგორც ფრთოსანი ისე გადააფრინდება ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარ უბედურებას. ის იხილავს წინამოსაჯულისაგან, ანუ ბოროტისგან გათავისუფლებას და არამხოლოდ ცოდვათა მიტევებით გაიხარებს, არამედ ცოდვისმიერი ვნებებისგან განწმენდითაც. ამ მდგომარეობას წმინდა მამები სიწმინდეს, ნეტარ უვნებობასა და ქრისტიანულ სრულყოფილებას უწოდებენ. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©