ღვთისმეტყველი ის კი არ არის ვინც ღმერთზე საუბრობს, არამედ ის, ვინც ლოცვით წარსდგება მის წინაშე. წმინდა ნილოსი და ეკლესიის ყველა მამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტეს სახელის ხშირ, მოუკლებელ მოხმობას, რადგან გონიერი ლოცვა ესაა ქრისტესადმი გულის მზერის მუდმივი მიპყრობა. უნდა გავაცნობიერო, რომ ქრისტე ყველგან და ყოველთვის ჩემთან და ჩემშია და ამ რწმენით მოვუხმო: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”
ისევე როგორც დედა გრძნობს მუცლის წიაღში თავისი შვილის ყველა მოძრაობას, ჟესტს, ხმას და ა.შ ასევე გრძნობს და განიცდის ღმერთს ამგვარად მლოცველი ადამიანი საკუთარ გულში. თუ ჩემში სიხარული და მხიარულებაა – მაშინ მშვიდად და აუჩქარებლად მოვუხმობ ქრისტეს სახელს, ხოლო თუ თვალებში მწუხარების ცრემლი მიდგას, მაშინ გულის სიღრმიდან შევღაღადებ – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”!
ამრიგად, ლოცვა აყალიბებს ადამიანს ღვთისმეტყველად. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: ”უფლისადმი შინაგანი, გულის მზერის მიპყრობით, მისი ჭვრეტით, უფალი ადამიანს სულის თვალებს აუხელს და აძლევს ღვთისმეტყველების ნიჭს”. რას ნიშნავს ღვთისადმი გულის მზერის მიპყრობა? – ქრისტეს სახელის მოუკლებელ მოხმობას – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” – ღმრთისადმი ამ უბრალო, ბუნებრივ და მეგობრულ მიმართვას.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ