3O8A9921

წმიდა გრიგოლ პალამა და სინანულის საიდუმლო – ​არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

როგორც ყველამ ვიცით, წმიდა გრიგოლ პალამა მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი მნათობია. მან თავისი ღვთისმეტყველებით – რომელიც ქრისტეში ცხოვრების ნაყოფი იყო – შეძლო თავის დროზე მართლმადიდებლური სწავლების მთელი მისი სიღრმით გაცოცხლება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ წმიდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველებამ წარსულისა და მომავლის ყველა სულიერი ნაპრალი დაფარა.

ათონელმა წმიდანმა თავისი ცხოვრება წმიდა მთაზე, ვატოპედის დიდ სავანეში დაიწყო – იქ, სადაც აღიკვეცა მონაზვნად და სადაც სულიერი ცხოვრებისა და ასკეტიზმის საფუძვლები წმიდა ნიკოდიმოს ისიხასტისაგან შეისწავლა. სულიწმიდის შეუქმნელი ენერგიებით განათლებულმა წმიდა გრიგოლმა მოიხვეჭა სულიერი სიბრძნე და გახდა სათნოებათა და ღვთივსათნო ცხოვრების გამორჩეული მასწავლებელი.

წმიდა მამათა წმინდა ტრადიციის ერთგულმა, მან არ მიიღო სულიერი ცხოვრების ის „მორალისტური“ ხედვა, რომლის შემოტანასაც ზოგიერთები დასავლეთიდან ცდილობდნენ მართლმადიდებლობის წიაღში.

მთელი წმიდამამასეული ტრადიცია ხაზს უსვამს, რომ სინანული არ შემოიფარგლება მხოლოდ ქცევის გარეგნული გაუმჯობესებით, ფორმალობებით ან შაბლონებით; ის ადამიანის შინაგან, უფრო ღრმა და ზოგად ცვლილებას გულისხმობს. ეს არ არის მხოლოდ ჩადენილი ცოდვის გამო გამოწვეული წარმავალი დათრგუნვა, არამედ მუდმივი სულიერი მდგომარეობაა – როდესაც ადამიანი მტკიცედ მიეახლება ღმერთს და მუდამ მზად არის განკურნებისათვის, გამოსწორებისა და სულიერი ბრძოლისათვის. სინანული არის ახალი მსოფლმხედველობა, სწორი სულიერი მიმართულება, რომელიც ადამიანს სიკვდილამდე უნდა სდევდეს. ეს არის დინამიური პროცესი: ვნებებისა და ცოდვის არაბუნებრივი მდგომარეობიდან – ბუნებრიობისა და სათნოებისკენ გადასვლა; ეს არის ცოდვის სრული უარყოფა და ღვთისკენ მიმავალი დაბრუნების გზა.

წმიდა გრიგოლ პალამა არაერთგზის უსვამს ხაზს ამ ჭეშმარიტებას. „სინანული, – ამბობს იგი, – არის ცოდვის შეძულება და სათნოების შეყვარება, ბოროტებაზე უარის თქმა და სიკეთის ქმნა“. ამ განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ წმიდა მამა სინანულს ვერ ხედავდა, როგორც ფორმალურ, მექანიკურ აქტს, რადგან მას ადამიანის ონტოლოგიურ (არსობრივ) განახლებად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, სინანული არ შეიძლება იქცეს უპიროვნო რეცეპტად ან ტაქტიკად, ის ყოველთვის პიროვნული გამოცხადებაა. „ადამიანი, რომელიც სულით ინანიებს, ღმერთს კეთილი განზრახვითა და ცოდვისგან განდგომით მიეახლება“ (ჰომილია 3).

პალამასა და სხვა წმიდა მამებისათვის სინანულის ეს პიროვნული ბუნება გამორიცხავს იმ „ზედაპირულ კეთილმსახურებას“, რომლის მინიჭებაც დასავლეთს სურდა სინანულისა და მთლიანად სულიერი ცხოვრებისათვის. წმიდა ისიხასტი ხაზს უსვამდა: „ღვთისმოსაობა არა ჩვენს სიტყვებში, არამედ საქმეებშია“.

რაკი სინანული ქრისტეში ცხოვრების დასაწყისიცაა და დასასრულიც, ყველაფერი მისი პრიზმით უნდა განიხილებოდეს. თვით „რწმენაც კი მაშინ არის სარგებლის მომტანი, თუ ადამიანი წმინდა სინდისით ცხოვრობს და აღსარებისა და სინანულის მეშვეობით განიწმინდება“ (ჰომილია 30). ეს არის ის აღთქმა და შეთანხმება, რომელსაც ადამიანი ნათლისღებისას დებს.

სინანულის წინმსწრები უმნიშვნელოვანესი ეტაპი საკუთარი ცოდვების აღიარება და გაცნობიერებაა. პალამას თანახმად, სინანულისთვის საკმარისია, ადამიანმა ჯერ დაინახოს თავისი შეცდომები და ღვთის წინაშე „შემუსვრილი გულით“ წარსდგეს. იგი საკუთარ თავს ღვთის მოწყალების ზღვას მიანდობს და უძღები შვილივით სწამს, რომ ღვთის წყალობისა და მისი შვილობის ღირსი არ არის. როდესაც ადამიანი ასეთი გაცნობიერებით იზიდავს ღვთის მოწყალებას, ის სრულ განთავისუფლებას საკუთარი თავის მხილებისა და აღსარების გზით აღწევს.

ბრძენი მამა სინანულის ეტაპებს ასე განმარტავს: საკუთარი ცოდვების აღიარებას მოსდევს თვითმხილება (თვითგვემა); ამას მოსდევს სინანული (მწუხარება) ცოდვების გამო, რომელსაც პავლე მოციქული „ღვთისმიერ მწუხარებას“ უწოდებს. ამ მწუხარებას კი თან სდევს აღსარება ღვთის წინაშე, ვედრება და პირობა, რომ მომავალში ბოროტებას განეშორება. სწორედ ეს არის სინანული.

როგორც ადამიანის ცხოვრების ახალ მდგომარეობას, სინანულს თან ახლავს გარკვეული შედეგები, რასაც ბიბლიური და მამასეული ენით „სინანულის ნაყოფები“ ეწოდება. პირველი ნაყოფი აღსარებაა, რადგან მისი მეშვეობით ხდება სულის განკურნება და ახალი ცხოვრების დაწყება.

თუმცა, აღსარება არ არის ერთადერთი ნაყოფი. წმიდა იოანე ნათლისმცემელი სინანულისკენ მოწოდებისას ადამიანებს მოუწოდებდა მოწყალებისკენ, სამართლიანობისკენ, თავმდაბლობისკენ, სიყვარულისა და ჭეშმარიტებისკენ, რადგან ეს თვისებები სიმართლის გარდამსახველი ძალის ატრიბუტებია.

თავის 23-ე ჰომილიაში ათონელი მღვდელმთავარი ხაზს უსვამს, რომ ვინც ჭეშმარიტი სინანულით ცხოვრობს, ის აღარ უბრუნდება ძველ ცოდვებს, არ ეჯაჭვება წარმავალ საგნებს, უარყოფს საეჭვო სიამოვნებებს, არამედ მიელტვის მომავალს, ებრძვის ვნებებს, ეძიებს სათნოებებს, ფხიზლობს ლოცვაში, არ ეძებს უსამართლო მოგებას, მიმტევებელია მტერთა მიმართ და მზად არის შეეწიოს გაჭირვებულთ. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით გამოყოფს თავმდაბალ განწყობას, შემუსვრილებას და სულიერ გლოვას. ასეთი ქრისტიანები არიან მშვიდნი, მოწყალენი, სამართლიანობის მწყურვალნი, მშვიდობისმყოფელნი და სიხარულით ითმენენ დევნასა და ცილისწამებას ჭეშმარიტების გამო.

სინანულის გზა წმინდანთა გზაა. წმიდა გრიგოლი ამბობს: თუკი ყველა ქრისტიანს არ შეუძლია წმინდანთა დიდებული ღვაწლის გათანაბრება, ყველას შეუძლია და ვალდებულია, მიჰყვეს მათ სინანულის გზაზე. რადგან ყოველდღიურად ჩვენ უნებლიეთ ბევრ რამეში ვცდებით, გადარჩენის ერთადერთი იმედი „მარადიულ სინანულში“ ცხოვრებაა.

ვნებათა საკრველებისგან თავის დაღწევის ფუნდამენტური პირობა ღვთისმიერი სინანულია, რასაც მამები „გლოვას“ უწოდებენ. თავის ტექსტებში წმიდა გრიგოლი ხშირად ახსენებს ამ მდგომარეობას, რომელიც ერთდროულად მტკივნეულიცაა და სასიხარულოც. სწორედ ამიტომ უწოდებს ის დიდ მარხვას გლოვისა და სულიერი ბრძოლის უზენაეს პერიოდს.

წმიდა გრიგოლი, რომელიც თავად ცხოვრობდა ასეთი სინანულით და ამბობდა, რომ მისმა ოხვრამ „განანათლა მისი ბნელი“, მიიჩნევდა, რომ ცოდვიანი ცხოვრებიდან „ჭეშმარიტ ცხოვრებაში“ გადასვლა გლოვის გარეშე შეუძლებელია. როდესაც გონება (ნუსი) თავისუფლდება მიწიერი შფოთისგან, ის ხედავს სულის იმ „საძაგელ ნიღაბს“, რომელიც მან ამქვეყნიური ხტიალისას შეიძინა და ესწრაფვის მის ჩამორეცხვას სინანულის ცრემლებით. რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი ამქვეყნიურ საზრუნავს, მით უფრო მიმღები ხდება ღვთიური მოწყალების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ გლოვა ღვთისგან ბოძებული ნაყოფია, იგი მოითხოვს ადამიანის თანამშრომლობას: თავმდაბლობას, მარხვას, სიფხიზლეს და უპირველეს ყოვლისა – ლოცვას. ისიხასტური გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს გლოვა არ იწვევს სასოწარკვეთას, არამედ წარმოშობს სულიერ ნუგეშს და „ტკბილ სიხარულს“.

არსებობს მრავალი მიზეზი გლოვისთვის: ქრისტესთან სიახლოვის ნაკლებობა ჩვენს ცხოვრებაში და სამოთხიდან განდევნა – ჭეშმარიტების სფეროდან ტკივილისა და ვნებების სამყაროში გადასვლა. წმიდა გრიგოლი მოუწოდებს მორწმუნეებს, ღვთისმიერი სინანულით ჩამოირეცხონ „ცოდვის ლაქები“.

წმიდა გრიგოლი იყენებს მშვენიერ შედარებას: ტკივილს იწვევს არა თავად სინანული, არამედ ჩვენი სულიერი ჭრილობები. როგორც დაზიანებულ ენას თაფლიც კი მწარედ ეჩვენება და მას განკურნება სჭირდება სიტკბოს შესაგრძნობად, ასევეა ღვთის შიშიც: თავიდან ის მწუხარებას იწვევს სულში, რომელიც ცოდვებითაა სავსე, მაგრამ როგორც კი სინანულით განიწმინდება, ადამიანი სახარებისეულ სიხარულს გრძნობს. ამიტომაც ეწოდება ღვთისმიერ სინანულს „სიხარულისმომგვრელი მწუხარება“.

ღვთისმიერი გლოვის თვისებაა ისიც, რომ ადამიანი საკუთარ ცოდვებზე პასუხისმგებლობას სხვას არ აკისრებს. ადამმა და ევამ სწორედ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებით დაკარგეს გადარჩენის შესაძლებლობა. პალამას განმარტებით, სინანული ნიშნავს „მიზეზი საკუთარ თავში ეძებო და არა სხვების მოქმედებებში“.

შინაგანი მხილება და თავმდაბლობა ადამიანს ჯოჯოხეთის შიშისგან ათავისუფლებს. ვინც აქ გლოვობს თავის ცოდვებს, ის თავს აღწევს იმ უნუგეშო და დაუსრულებელ გლოვას, რომელიც იმქვეყნად ელის მათ, ვინც მხოლოდ სასჯელის შიშით მოვიდა სინანულამდე.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში ასკეტიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული გლოვასთან. მონაზვნები დაცემის ტკივილსა და აღდგომის სიხარულს ერთდროულად განიცდიან. სხეულის მოთოკვა (მარხვა, სიფხიზლე) სულს ლესავს და შემუსვრილებას გვრის. ამ შემუსვრილების გარეშე კი ვნებებისგან განთავისუფლება შეუძლებელია.

სინანული თავიდან შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის სიყვარულში გადადის. სული გრძნობს „ნუგეშინისმცემლის“ (სულიწმიდის) მოწყალებას. ეს ისეთი წმინდა და მისტიკური გამოცდილებაა, რომ ვისაც საკუთარი თავით არ განუცდია, ვერც კი წარმოიდგენს მის არსებობას. ამ ნუგეშს არა მხოლოდ სული, არამედ სხეულიც იღებს სხვადასხვაგვარად – მაგალითად, სინანულის ცრემლებით.

ღვთისმიერი მწუხარების კიდევ ერთი ნაყოფია სიმტკიცე სათნოებაში. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ღვთისმიერ მწუხარებას მოაქვს სინანული გადასარჩენად“. სინანულის გარეშე ადამიანი შეიძლება ადვილად დაუბრუნდეს ძველ ცოდვებს, მაგრამ გლოვა სულს სიმტკიცეს ანიჭებს და იცავს მას დაცემისგან.

დასასრულს, წმიდა გრიგოლი სინანულის გზას უძღები შვილის დაბრუნებას ადარებს: თავიდან მწუხარება და სიტყვები „მამაო, ვცოდე ცისა მიმართ და წინაშე შენსა“, ხოლო ბოლოს – მამის უსაზღვრო სიყვარული, ჩახუტება და ზეციური ნადიმი. სწორედ ამიტომაა ტერმინი „ნათელი სევდა“ ასკეტური ცხოვრების ყველაზე ზუსტი სიმბოლო.

ამ მოკლე მიმოხილვაში ვხედავთ, რომ წმიდა გრიგოლ პალამა დაინტერესებული იყო არა მხოლოდ გარეგნული გამოსწორებით, არამედ შინაგანი სინანულით, გლოვითა და ცრემლებით. თავად იგი იყო სინანულის კაცი და მისი ნამდვილი მქადაგებელი.

ახლა, როცა დიდი მარხვა ახლოვდება, ვევედროთ ღმერთს, რომ ამ პერიოდში შევძლოთ ჭეშმარიტი სინანული, რათა ვიგემოთ მისი სასუფევლის ნეტარება. ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარი თავისა და საზოგადოების გამოსწორება თითოეული ჩვენგანის პირადი სინანულით იწყება. „მარადიული სინანული“ არის ათონური მონაზვნობისა და ქრისტიანობის სული.

წყარო: www.pravmir.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©