295403358 365803745715275 7930813402088131153 n

ადამიანის თავისუფალი ნება – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

თავისუფლება, როგორც ორპირი მახვილი

ღმერთმა არა მონობის, არამედ ქრისტესმიერი თავისუფლებისთვის შეგვქმნა „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგვააზნაურნა…“(გალ. 5,1). ეს თავისუფლება ორპირი მახვილივით არის- ან სამოთხისკენ მიგვიძღვის, ან- ჯოჯოხეთისკენ. თავისუფლება ის ზემგრძნობიარე სასწორია, რომელიც შეუმცდარად აჩვენებს-გვიყვარს თუ არა ღმერთი. ადამიანი-კი ისეთი მერყევია, ერთ წამს რომ ანგელოზია, მეორე წამს შეიძლება დემონად გადაიქცეს.

ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფლება და ჩვენ მიერ ნებაყოფლობით არჩეული სიკეთე იმის საშუალებას გვაძლევს , რომ თავი ღმერთს მივუძღვნათ, საღმრთო მადლი მოვიხვეჭოთ. ღვთისნიერი კაცი ვერ იცხოვრებს თავისუფლების გარეშე. თანაც, თავისუფლება მისთვის არის საშუალება, რომ მთელი არსებით ღმერთს დაემონოს.

დღის მანძილზე ადამიანის ნებელობის სიღრმე სხვადასხვა ფორმას ღებულობს, სხვადასხვა მიმართულებით მერყეობს. თუმც იგი მრავალფეროვნად გვეჩვენება, მაგრამ, სინამდვილეში ცთომილი სურვილი ერთია. ათასი ნება, ათასი სურვილი კი არა, რამედ ერთი, ერთადერთი არასწორი წადილიც კმარა, რომ ღმერთი დაკარგო! მაშ რა გველის, თუ ეს სურვილები ათასობით გვიტევენ?

სინამდვილეში ჩვენს დაცემულ ბუნებასთან გვიწევს ბრძოლა. თუ-კი ღმერთთან მსგავსებისკენ მივიწრაფვი, ჩემი ნებელობა ღმერთის ნებას უნდა შევუსაბამო. ამ მიზნისკენ სწრაფვა, მტკიცე გადაწყვეტილება და ურყევი ნება მასთან გვაახლოებს. ჩვენს გულს სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს, ანუ არ შეწყვიტოს ბრძოლა საკუთარ დაცემულ ბუნებასთან; ვნებების, ცოდვის, უზნეობის, სიძულვილის, ქურდობის დემონებთან, ერთი სიტყვით- ბრძოლა საკუთარ თავთან.

ჩვენი სულის სიღრმეში არსებული შინაგანი სწრაფვა, ნებელობა და თავისუფალი არჩევანი დედამიწის სიღრმეში ჩაშვებულ ფესვს წააგავს; მის სიღრმეზეა დამოკიდებული ცოდვას დავემონებით, თუ სულიერ თავისუფლებას მოვიპოვებთ.

ეს სწრაფვა არის ერთგვარი განწყობა, მიდრეკილება რამე ისეთის მიმართ, რომელსაც ადამიანი შეგნებულად აირჩევს, გაითავისებს და ხორცს შეასხამს, ანუ ცხოვრებაში განახორციელებს. თუ კაცს რამე კონკრეტულის მიმართ მიდრეკილება არა აქვს, რაც არ უნდა ეცადო, მის მიმართ ინტერესს ვერ გაუღვიძებ.

მაგალითად, სულიერებისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანს საღმრთო სიყვარულზე, უფლის ჯვარცმაზე, მის მიერ ჩვენთვის დაღვრილ სისხლზე საუბარი ვერ ააღელვებს; ქრისტიანულ ოჯახშიც რომ იყოს დაბადებული, თუ ახალგაზრდობიდანვე ცოდვილ ცხოვრებას ეწევა, ქალწულობის სილამაზეს ვერ გაიგებს. ამიტომ, ეს მიდრეკილება, ანუ წინასწარგანწყობა ის გამშვები პუნქტია, ის ფესვი და საწყისი წერტილია, რომელშიც დასახული მიზნის შესრულებისთვის ბრძოლის სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება უნდა წარმოიშვას.

ღმერთი არ ართმევს ადამიანს  თავისუფლებას

გადის დრო. ადამიანი აკვირდება საკუთარ ცხოვრებას და სიჭარმაგეში შესულიღა ხვდება, რომ უგზო-უკვლოდ მოხეტიალე ცხენს ჰგავს, რადგანაც არ ჰყავს სწორი მიმართულების მიმცემი პატრონი. იპოვის ვიღაც, მოახტება, ატარებს, სანამ დასჭირდება და გაუშვებს; მერე სხვა ნახავს, მოხეტიალეს უდაბურ ადგილებში, მოახტება, გამოიყენებს და გაუშვებს. აბბა ესაიას ეს მშვენიერი შედარება კარგი მაგალითია იმის მისახვედრად, თუ რა მდგომარეობაში გვამყოფებს ცოდვიანი ცხოვრება.

ღმერთმა თავისუფალ არსებად შექმნა, ცოდვა-კი მის პიროვნებას დაეუფლა, დაასახიჩრა, სულიერ საჭურისად და უმაქნის ადამიანად აქცია; საკუთარი თავის მართვის მცირე უნარიც არ დაუტოვა; მოციქულ პავლეს თუ დავესესხებით: “ერთი სურს, მეორეს-ფიქრობს, მესამეს აკეთებს; საბოლოოდ, ერთი თავაწყვეტილი, ბეხრეკი ცხენია, რომელიც აღარც საკუთარ თავს არგია და აღარც სხვებს, რადგან თვითნებობის ვნებას ჰყავს შეპყობილი.

ასეთი ადამიანი დაღუპული ხომალდიდან გადარჩენილ მგზავრსაც შეიძლება შევადაროთ. მას ბობოქარი ტალღებივით ათამაშებენ შინაგანი ვნებიანი სურვილები. განსაკუთრებული სიმძაფრით ეს მაშინ ხდება,როცა კაცს სჯერა, რომ რაიმე კონკრეტულისკენ სწრაფვა ნამდვილად მისი სურვილია; თავდაჯერება ემატება და მოქმედებას იწყებს. სინამდვილეში-კი მისი ქვეცნობიერი ემორჩილება ბალახებში მიმალული გველის, ანუ დემონის მიერ აღძრულ ვნებას და დაღუპვისკენ მიუძღვის.

ამგვარმა მდგომარეობამ შეიძლება უდაბნოში მოხეტიალე ეშმაკეულად აქციოს. ღმერთმა კაცს საკუთარი თავის ფლობის(თავისუფლების) ნიჭი მისცა.ადამიანმა მისი სათანადო გამოყენებისა და სარგებლის მიღების უნარი რომ ვერ გამოიჩინოს, ღმერთი ვეღარ დაეხმარება – ამ ნიჭს არავითარ შემთხვევაში აღარ წაართმევს. უფლის ამ საჩუქარს, ამ თავისუფლებას, ვერც სხვა ადამიანები წაართმევენ. მისი დახმარება შეუძლებელია სანამ ცოდვის ტყვეა, სანამ ემონება და თავისი ცხოვრების წარმართვის ნებას აძლევს.

იდარდე, ილოცე, იტირე, თუნდაც ფეხებში ჩაუვარდი- ვერ დაეხმარები. მან თავად უნდა მოინდომოს, მხურვალე გულისწადილი უნდა აღეძრას; ცოდვას თავისი ნებით უნდა წინ აღუდგეს- ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სანამ ნებას არ გამოავლენს, თავს არ მოერევა და არჩევანს არ გააკეთებს, საძმოს წევრთა თანაგრძნობა და ცრემლი ვერ უშველის.

 რამდენად თავისუფალნი ვართ საკუთარი ჩვევების შეცვლის საკითხში?

რას ნიშნავს გამოთქმა: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“? ამ ანდაზაში ორი აზრია შეფარული. პირველ რიგში, საკუთარ ჩვევებზე ისე ვართ შეყვარებული, რომ გვიჭირს მათზე უარის თქმა. ვერ ვიტყვით, რომ დროთა განმავლობაში ჩვევებს არ ვიცვლით, თუმცა მათ გარეშეც ვერ ვძლებთ, ყოველნაირად ვიცავთ და თუკი მის გამო უსიამოვნება შეგვხვდა, – მოვკვდებით და არც ერთ სისუსტეს არ დავთმობთ! თუკი ვინმე ჩვენს შეხედულებებზე გავლენის მოხდენას შეეცდება, მოინდომებს დროთა განმავლობაში შეძენილი ჩვევები შეგვაცვლევინოს – ვღიზიანდებით, წონასწორობას გვაკარგვინებს არა ის, რომ შეცვლა არ შეგვიძლია, არამედ ის, რომ მათზე დამოკიდებული გავხდით, შეგვიყვარდა, მივეჯაჭვეთ.

რა ხდება? ჩვენ ვცდებით, თუ წმინდა წერილი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ შესაძლებელია ნათლობის მადლით ხელახლა იშვას ნიკოდიმოსიც და ნებისმიერი სხვაც? როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: “მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით“ (ეზეკ.36,26), ჩვენს გონებასა და შინაგან არსებას ახალ სიცოცხლეს ჩუქნის და „შინაგანი განახლდების დღითი დღედ“(2კორ. 4,16). ე.ი. ადამიანს აქვს შეცვლისა და განახლების უნარი!

ყოველ ჩვენგანს ბევრი დადებითი და უარყოფითი, განსხვავებული ხასიათი და სულიერი თვისებები აქვს. არსებობენ: გულღია, დუნე, უხალისო, საზრიანი, სერიოზული, მიამიტი, ან მკვირცხლი ადამიანები… დროს ცვლილებები მოაქვს. ხასიათის გამოკეთება შესაძლებელია, სავსებით შეცვლა კი – არა, რადგან სულიერი თვისებები ღმერთის მონიჭებულია! ფხიზლად ყოფნა და ცუდი ჩვევების გამოსწორებაზე ზრუნვა სულიერ წინსვლაში შეგვეწევა და საღმრთო მადლს ჩვენკენ მოიზიდავს.

ადამიანური თვისებების ძირეულად შეცვლის შეუძლებლობაში იმას ვგულისხმობ, რომ ან თავად ჩვენ არ გვსურს ეს, ან საქმე ეხება ბუნებრივად თანდაყოლილ იმ თვისებებს, რომლებიც შეცვლას არ ექვემდებარება. სულიერი ცხოვრების გზაზე ისინი დაბრკოლებას არ წარმოადგენენ, არამედ უნდა აღვიქვათ, როგორც აუცილებლად დასამუშავებელი მინდორი. მათ შეცვლაზე ნუ დავხარჯავთ ენერგიას, არამედ ღმრთის სამსახურში ჩავაყენოთ: ერთმა – სიმკვირცხლე, მეორემ – საზრიანობა, მესამემ -განათლება… ოღონდ მუდამ გვახსოვდეს: რაოდენ არაჩვეულებრივ თვისებებსაც არ უნდა ვფლობდეთ, დიდი ვერაფერი საუფლო ძღვენია, იქნებ ნაგავიც კია! ქრისტეში ჩემი წარმატებული ცხოვრების იმედი მარტო მაშინ შეიძლება ვიქონიო, თუ ჩემი ნიჭებისა და სულიერი შრომის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას შევინარჩუნებ.

ზოგადად თვისებები – განსაკუთრებით კი სულიერი – ვერ იცვლება, რადგან ეს თავადვე არ გვსურს. იმის ნაცვლად, რომ ჩვევები შევიცვალოთ (მით უფრო  – სულიერი), ჩვენ ვიღებთ სახარებაში ნახსენებ დიდ ნემსს და ვცდილობთ ეს ნეგატიური მიდრეკილებები ჩვენსავე სულზე მტკიცედ „მივაკეროთ“, სწორედ იმ დიდი ნემსით, რომლის ყუნწშიც „აქლემი“ გაძვრება, ხოლო მისაკერებელ მასალად (მეტი გამძლეობისთვის), ძაფის ნაცვლად სქელ თოკს, უფრო სწორედ – ჩვენი სურვილების „ბაგირს“ ვიყენებთ.

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ადამიანის შეცვლა უაღრესად რთულია, ამიტომ სიბრძნეს მოვუხმოთ და სხვის შეცვლაზე დროის დაკარგვის ნაცვლდ, ჩვენივე ხასიათი გამოვისწოროთ.               


  წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

Share