UTA 6122

რატომ არის კვირა დღე სხვა დღესასწაულებზე აღმატებული? – წმინდა გრიგოლ პალამა

კვირა დღის უპირატესობას სხვა დღესასწაულებთან შედარებით შემდეგი მიზეზით უკეთ შეიცნობთ: ყოველი სხვა დღესასწაული წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, კვირა დღე კი ყოველთვიურად ოთხჯერ მეორდება. ასეთი ხშირი განმეორებით იგი მთელ წელიწადს ჭეშმარიტი მიტევების ხანად და უფლისათვის სათნო ჟამად აქცევს. სწორედ ამიტომ, უფალმა გვასწავლა მისი საქმით დღესასწაული ყოველი შვიდეულის დასრულებისას. იგი ჯერ მოწაფეებს გამოეცხადა სახლში, როდესაც თომა მათთან არ იმყოფებოდა; წარუდგა მათ ცოცხალი, მიანიჭა მშვიდობა და შთაბერვით უბოძა სულიწმიდის მადლი. მან მისცა მათ საღვთო ძალა ცოდვათა შენდობისა და შეკვრისა და გახადა ზეციური მეუფების თანაზიარნი, როდესაც უთხრა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. რომელთა მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და რომელთა შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“.

ეს ძალა და მადლი უფალმა გასცა თავისი აღდგომის დღეს, რომელიც სწორედ კვირა იყო. შემდეგ კი, შვიდეულის შუალედური დღეების გამოტოვებით, მერვე დღეს — ანუ დღევანდელ კვირა დღეს — კვლავ მივიდა იმავე სახლში, რათა განეახლებინა თავისი დღესასწაული და მერყევი თომა სარწმუნოებისკენ წაეყვანა. რამეთუ, საყვარელი მახარებლისა და მაცხოვრის მოწაფის სიტყვებით: შემდგომად რვა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. მოვიდა იესუ კართა დახშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაჲ თქუენ თანა!“

ხედავთ, რომ კვირა დღეს მოხდა როგორც მოწაფეთა შეკრება, ისე უფლის მათთან მისვლა? რამეთუ კვირა იყო, როცა პირველად მივიდა მათ კრებულთან და რვა დღის შემდეგ, კვლავ კვირა დღეს, მივიდა მათ შესაკრებელთან. ამ შეკრებების სახეს მუდმივად გამოხატავს ქრისტეს ეკლესია, როდესაც უმთავრესად კვირა დღეს მართავს შეხვედრებს, სადაც ჩვენც თქვენ შორის ვიმყოფებით, საჯაროდ ვქადაგებთ ცხოვნებისათვის სასარგებლო სიტყვებს და მიგიძღვით ღვთისმოსაობისა და სათნო ცხოვრებისაკენ.

ამიტომ, ნურავინ დააკლდება ამ წმინდა და საღვთო გადმოცემით დაწესებულ შეკრებებს — ნურც დაუდევრობის გამო და ნურც მიწიერ საქმეებში მუდმივი ჩაფლულობის გამო, რათა სამართლიანად არ იქნეს ღვთისგან მიტოვებული და არ შეემთხვას ის, რაც თომას, რომელიც დროულად არ მივიდა. თუკი ვინმე საზრუნავით მოცული ერთხელ მაინც დააკლდება, მომდევნო ჯერზე აუცილებლად უნდა აინაზღაუროს და მივიდეს ქრისტეს ეკლესიაში, რათა სულიერად ნაკლული არ დარჩეს. რამეთუ, ვინც სულით დასნეულდა ურწმუნოებაში (საქმით თუ სიტყვით) და არ მივიდა ქრისტეს სამკურნალოში და არ მიიღო წმინდა კურნება, როგორც საღვთო თომამ, იგი საფრთხეშია. არსებობს არა მხოლოდ აზრობრივი და სიტყვიერი, არამედ საქმითი რწმენაც (რამეთუ ნათქვამია: „მიჩვენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა“). თუკი ადამიანი სრულიად განეშორება ეკლესიას და მხოლოდ ამაოებას მიეცემა, მისი რწმენა მკვდარია, ანუ არარსებული, და თავადაც ცოდვით მკვდარი ხდება.

ზოგს უკვირს: როგორ შევიდა ქრისტე სხეულით დახშულ კარში? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ იციან სულიერი მოვლენების ერთმანეთთან შედარება და მათი ურთიერთკავშირი, როგორც ამბობს საღვთო მოციქული. თუკი მან არ დაარღვია ქალწულის საშო, რომელმაც იგი ხორციელად შვა, და შობისას უვნებლად შეინარჩუნა მისი ქალწულობის ბეჭედი (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ვნებადი და მოკვდავი სხეული ჰქონდა), რა არის გასაკვირი იმაში, რომ ახლა, როცა თავისი კაცობრივი ბუნება უკვდავყო, დახშულ კარში შევიდა? მაგრამ თუკი მას უკვდავი და უვნებელი სხეული ჰქონდა, საიდან გაუჩნდა იარები და ნაჩხვლეტები ხელებსა და ფერდზე? რამეთუ მახარებელი ამბობს, რომ უფალმა უთხრა თომას: „მოიღე თითი შენი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დადევ ფერდსა ჩემსა და ნუ იყო ურწმუნო, არამედ გრწმენე“. საიდან ჰქონდა მას ნაწიბურები? მოკვდავი და სუსტი სხეული ვერ შეძლებდა ეჩვენებინა იარები და ამავდროულად დარჩენილიყო მთელი და ჯანსაღი; ხოლო უვნებელ და უკვდავ სხეულს შეუძლია, ვისაც სურს, მას უჩვენოს ადრე მიღებული იარები და მაინც დარჩეს უვნებელი და უკვდავი.

ეს მე იმის გაგების საშუალებასაც მაძლევს, რომ მათ, ვინც ქრისტესთვის იტანჯა, თავიანთი იარები მარადიულ სამკაულად მიჰყვებათ. როგორც ფანჯრები არათუ აკლებენ რაიმეს შენობის სიმტკიცეს, არამედ სახლის აუცილებელი სამკაულია, რადგან შიგნით სინათლეს უშვებენ და მცხოვრებთ გარეთ გადახედვის საშუალებას აძლევენ, ასევე ქრისტესთვის მიღებული სხეულებრივი ვნებანი და ნაჩხვლეტები მათთვის დაუღამებელი ნათლის სარკმლებია. ნათლის გამოჩინების ჟამს ისინი სწორედ ამ საღვთო სილამაზითა და ბრწყინვალებით იცნობიან. ეს იარები კი არ ხრწნიან მათ, არამედ პირიქით — უკვდავების მომნიჭებელნი არიან.

ქრისტეს სხეულმა კი, რომელშიც ნათლის წყარო მკვიდრობს, იქიდან გამოსხივებული შუქით გონებრივად გაანათლა მერყევი მოწაფე, ისე რომ თომამ მაშინვე ღვთისმეტყველებით წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ხოლო უფალმა უთხრა მას: „რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავთ და ჰრწამს“. ამით მან აჩვენა, რომ თვითმხილველებს მეტი უფლება არ აქვთ დიდებაზე, ვიდრე მათ, ვინც მათი მეშვეობით მივიდა რწმენამდე. თუკი უფალმა თქვა არა „მორწმუნენი“, არამედ „ვისაც სწამს“ (წარსულ დროში), ეს თქვა თავისი საღვთო წინასწარჭვრეტის ძალით, რომლისთვისაც მომავალი უკვე აღსრულებული ფაქტია.

ერთ რამესაც გეტყვით, რაც ახლა მომივიდა აზრად: ვხედავ, რომ თომა, როცა განცალკევებით იყო, ურწმუნო გახდა, ხოლო როცა მორწმუნეებთან ერთად მოვიდა, რწმენაში აღარ შეცდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ ცოდვილი ადამიანიც კი, თუკი განერიდება უკეთურთა საზოგადოებას და მართლებთან იტრიალებს, არასოდეს გადაუხვევს სიმართლეს და სულის გადარჩენას. ვგონებ, ამაზე მიანიშნებს ფსალმუნთმგალობელიც, როცა ნეტარად ჰყოფს მათ, ვინც განერიდება ბოროტთა გზას; ასევე სხვა წინასწარმეტყველი, როცა ამბობს: ნუ მიჰყვები მრავალთ ბოროტებაში; და იგავთა ავტორიც: „ცოდვილთა შესაკრებელში ცეცხლი აინთება, ხოლო ვინც ბრძენებთან ერთად დადის, თავადაც დაბრძენდება“.

ამიტომ, ძმებო, მოდით, შევიკრიბოთ და ხშირად ვეწვიოთ ღვთის ეკლესიას. ყოველი ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანი აქ იმყოფება და მუდმივად რჩება. როცა თითოეული თქვენგანი აქ მოვა, დააკვირდეს ყველაზე კეთილმსახურთ, რომელთა ამოცნობაც მხოლოდ მათი მდუმარებითა და ყურადღებით შეიძლება. დააკვირდით მათ, ვინც სხვებზე მეტად სცემს პატივს უფალს, მიუახლოვდით, მიეკარით მათ და მათთან ერთად წარდექით ღვთის წინაშე.

და როცა აქედან წახვალთ კვირა დღეს — როცა მიწიერი საქმეებისგან ისვენებთ უფლისათვის (ვის სახელსაც ატარებს ეს დღე) — გულმოდგინედ ეძიეთ: იქნებ ვინმე მოციქულთა მიმბაძველია და დროს განმარტოებით ატარებს, რათა უფალს დაუკავშირდეს ლოცვით, ფსალმუნებითა და მდუმარებით. მიდით მასთან, შედით მის სახლში რწმენით, როგორც ზეციურ ადგილას, სადაც სულიწმიდის განმწმენდელი ძალა მკვიდრობს; დაჯექით მასთან, დარჩით მასთან, რამდენიც შეძლებთ და ისაუბრეთ მასთან ღმერთსა და საღვთო საქმეებზე. იკითხეთ და ისწავლეთ სიმდაბლით, სთხოვეთ მას ლოცვითი შეწევნა. თუ ასე მოიქცევით, თქვენთანაც მოვა უხილავად — ეს კარგად ვიცი — ქრისტე და მშვიდობას მოჰფენს თქვენს გონებას, განგიმტკიცებთ რწმენას, მოგცემთ ძალას სიმტკიცისთვის და თავის დროზე დაგამკვიდრებთ თავის რჩეულებთან ერთად ცათა სასუფეველში.

დაე, ყველამ მივაღწიოთ ამას, სახელითა მისითა, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა და კვლავ მოვა დიდებით — საუკუნო მეუფის, ქრისტესი. რამეთუ მას ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

(ნაწყვეტი სიტყვიდან შაბათისა და კვირის საიდუმლოს შესახებ)


წყარო: https://alopsis.gr

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share