ემილიანე

ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან – არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)

1975 წლის 12 აპრილს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში წარმოთქმული ქადაგება.

ძვირფასო შვილებო! ჩვენში განსაკუთრებულ თანაგრძნობას იწვევს ყრუ და ენაბლუ ადამიანი, რომლის შესახებაც დღევანდელი სახარება მოგვითხრობს (იხ.: მარკ. 7:32-37). უფლისთვის ის იყო ადამიანურ ურთიერთობებს მოწყურებული სული, რომელსაც არც ესმოდა და არც აზრების სიტყვიერი გადმოცემა შეეძლო გარშემო მყოფი ხალხისა და თვით მის წინ მდგომი უფლის წინაშე.

უმწეო სულის ამ დიდი უბედურების გამო, უფალმა ამოიოხრა, ისევე, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს შემთხვევაში (იხ.: იოანე. 11:38). რა განასხვავებს ენაბლუს დამარხული მიცვალებულისგან?

ენაბლუს წინაშე უფალმა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა – „ეფფათა“, ეს ნიშნავს: „განეხუენით“. ყურნი გაეხსნას, ბაგე აეხსნას! და ისიც მყისიერად ამეტყველდა, ბორკილები აეხსნა ენას და ყურებს (მარ. 7:35), ყური, გვერდით მყოფი უფლისგან მომავალ ტალღებს  მიაპყრო.

ძვირფასებო, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევა გარდასულ საუკუნეებს გაჰყვა? მე კი შიშის ზარი მეცემა იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ჩვენ ვართ ენაბლუ და სმენადახშულნი – უფლის წინ მდგომნი. რომელი თქვენგანი იტყვის თავდაჯერებულად, რომ  ღმერთთან საუბარი გამოუვიდა და თანაც მისი თხოვნაც შესმენილ იქნა? ვინ აღიარებს, რომ გულისყურით ისმენს უფლის ნათქვამს და გულში იმარხავს? ვის აქვს მუდმივად უფლისკენ მიპყრობილი სმენა და ბაგე? ეს ჩვენ ვართ ღმერთის წინ მდგომი ყრუ და ენაბლუ.

ჩემო ძვირფასებო, მოდი ავხსნათ რას ნიშნავს „ეფფათა“. ეს ნიშნავს: „ ყურნი გაეხსნას“, „ბაგე აეხსნას“, რომლითაც ღმერთის ურთიერთობა ხდება  ადამიანთან . 

ქედმაღლობისა და მედიდურობის კვანძებით დაბორკილებმა, როგორ გავკვეთოთ ისინი და ღმერთთან დაკავშირება შევძლოთ?

ჩვენ ვიცით, რომ ღმერთთან ადამიანის პირადი ურთიერთობა, საუბარი და მოსმენა გონების დახმარებით ხდება. ღმერთი სულია და შესაბამისად, ურთიერთკავშირი მხოლოდ გონებით არის შესაძლებელი. ადამიანის გონებიდან და ბაგეებიდან გაგზავნილი ტალღების აღქმით გვისმენს უფალი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გონებას შეუძლია ბაგეების დახმარების გარეშეც გააგზავნოს სიგნალი ღმერთისკენ – უშუალოდ მას ესაუბროს.

რას ნიშნავს საუბარი? რატომ საუბრობს ხალხი? იმიტომ, რომ ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ. სურთ სხვაც გახდეს მათი აზრების, განსჯის, განცდების თანაზიარი. ვსაუბრობ ღმერთთან – ეს ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობაში შევდივარ, ანუ კავშირს ვამყარებ.

გონებისა და ღმერთის საუბარი რომ შედგეს, აუცილებელია გონების მისკენ მიმართვა, უნდა შებრუნდეს, მისთვის გაიხსნას. ჩვენს გონებას სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის უნარი აქვს, დაჰქრის აღმა-დაღმა. აკი ვამბობთ ხოლმე: „აზრი გამექცა“, „თავიდან ამომიფრინდა“. რას ვგულისხმობ? იმას, რომ გონება მებნევა, აზრი მიწყდება. „სადა ჰქრის შენი გონება?“ – ეკითხებიან ხოლმე დაბნეულ ადამიანს.

ღმერთთან საუბარი ნიშნავს ჩვენი გონების მისი შემქმნელისკენ მიმართვას, ვისი წიაღიდანაც ვართ გამოსულნი და სულ ვცდილობთ მასთანვე ავმაღლდეთ. ვსაუბრობ ღმერთთან ე. ი. ზურგს კი არ ვაქცევ, არამედ გონებით მისკენ მივიწევ. ღმერთთან ურთიერთობით, საუბრით, მისდამი ლოცვით განივრცობა გონება და მთელი არსებით მისკენ მივილტვი. თითქოს ჩემი სული გულისნადებს უმჟღავნებს და უზიარებს შემოქმედს. ჩემი გონება თავს იდრეკს მის წინაშე. მე ვსაუბრობ გონებაზე და არა გულზე, იმიტომ, რომ გული ხშირად ცდება, მისი სურვილების შემსრულებელს აირჩევს და გაეკიდება, ხოლო გონება მარად თავისივე მსგავსის ძიებაშია, ილტვის მისკენ, ვის ხატად და მსგავსადაც არის შექმნილი, ანუ უფლისკენ.

ჩემო ძვირფასებო, ღმერთთან ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ გონება მოვიკრიბო და შურდულივით გავტყორცნო, უფლის საძიებლად მივმართო! მაშინ ის  სწორხაზოვნად მიჰქრის. გონება სრულად უნდა გავათავისუფლო ჩემგან და ამ წუთიდან თავისუფალი იყოს აზრებისგან, ფიქრისა და განზრახვებისგან, შეგრძნებების, იდეების, ოცნებებისა და განცდებისგან, ანუ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება გაიტაცოს, დააინტერესოს, უტყუარ, სარწმუნო და სანდო გზას ააცდინოს.

ღმერთთან ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ გონება მოვიკრიბო და შურდულივით გავტყორცნო, უფლის საძიებლად მივმართო!

 ჩვენ ღვთისკენ სავალ გზაზე გადავუხვიეთ. ეს ნიშნავს, რომ მოთმინებით მივიწევთ ზევით. ის იქ სუფევს, დედამიწაზე მყოფთ კი საკუთარი ძალებით ამაღლების უნარი არ გაგვაჩნია. თვითონ უნდა დაეშვას და გვიპოვოს. როგორც კი ადამიანს ღმერთთან ყოფნა მოუნდება, მასთან საუბარი მოსწყურდება, უფალი დატოვებს ცას, დამცირდება, დაკნინდება და თავს მოგვიძღვნის. ამით შანსს გვაძლევს, რომ შევცვალოთ ჩვენი ძირითადი არსი და გავხდეთ მისი თანაზიარი: მოთმინებით გველის და თანდათან ვაცნობიერებთ, რომ ღმერთისკენ მივიქეცით, ღმერთი  ჩვენი ერთადერთი გულისთქმა და განზრახვა გახდა.

ჩვენი ეკლესიის წმინდა მამებმა და მეც, რატომ ვუწოდეთ ამ მდგომარეობას მიქცევა? იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი გადაივსო ეგოისტური ზრახვებით. ყოფიერების მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო გვეჩვენება, რომ ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი საკუთარი ეგოისტური „მე“-ს დაკმაყოფილებაა და არა ღვთისკენ სწრაფვა. აუცილებლად უნდა დავძლიოთ ეს ჩვევა, უარვყოთ ეგოისტური „მე“ და ჭეშმარიტი ღმერთისკენ ვისწრაფოთ. მასთან ურთიერთობა უნდა ვაქციოთ ურყევ, მტკიცე პოზიციად, რომელიც ვერაფერმა ვერ უნდა შეარყიოს.

როცა სულს და გონებას მისდამი ამგვარად მივმართავთ, არაჩვეულებრივ რამეს შევამჩნევთ. ჩვენი სულის წყვდიადში, ცოდვიანობის უკუნეთში, იმ ბნელეთში, რომელზე ფიქრიც კი გვიჭირს, თავს ვარიდებთ და გულშიც არ გავივლებთ ხოლმე – მოულოდნელად ცრემლი დაიძვრის. „რა ხდება?“ ვიკითხავთ გაკვირვებულნი.

უბრალოდ, ღმერთმა საყრდენად და მასთან შესაერთებელ ბილიკზე სიარულის გასაადვილებლად კვერთხი გადმოგვაწოდა. ცრემლი უფლის ძღვენია, გზის დასაწყისის გასაიოლებლად მორთმეული პირველი მაცნე. 

მე მისთვის ჯერ არაფერი მითხოვია, ღვაწლი არ გამიწევია, არც სულიერად გავზრდილვარ და მოვმაგრებულვარ, მან კი უკვე გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ და საამისოდ პირველი მაცნე გამომიგზავნა. ცრემლი – ეს ზარის პირველი გაწკარუნებაა! თუ ცრემლი გეწვია მაშ საშველი დაგადგა, ღმერთი იქვე, შენს გვერდითაა.

გაიხსენეთ შვილებო, რაზე ვსაუბრობდით წინა შეხვედრაზე. შეადარეთ როგორ ერთიანდება ღმერთი და ადამიანი საზოგადო ღვთისმსახურებაზე და პირად ლოცვაში, ოთახში თუ სენაკში (იხ.: მათე, 6:6). ეს არის ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის ორი ხერხი, ორი გზა, რომელსაც მივყავართ, იქ სადაც ღმერთი სრულად ეუფლება ადამიანს, ადამიანი კი ღმერთს.

ამრიგად, გზის დასაწყისში შეწევნას ვღებულობთ და ვაცნობიერებთ რომ დიდი შრომის გარეშე გონება გამთლიანდა, მტკიცეა და ზევით გაემართა; მიისწრაფის უშიშრად და მიზანდასახულად. რაც უფრო გარკვევით ამჩნევს ირგვლივ გამეფებულ ქაოსს, აღთქმული სიმააღლეების დაუფლების გზაზე დაბრკოლებად რომ ქცეულა, მით მეტად უკვირს, განცვიფრებულია, შეცბუნებულია თუმცა მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.

 იქ, თვალუშეუწვდენელ სიმაღლეზე უხილავი უფლის წინაშე მდგომს შიში აიტანს; გააცნობიერებს, რომ მის კვარცხლბეკთანაა; ირგვლივ კი მისტიურად მოელიან წმინდანები. თვითონაც მიაღწია ღმერთთან თანამყოფობის ადგილს, სადაც კაცი აღთქმულის მემკვიდრე ხდება: „და აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მათე. 28:20). მასთან და არა ჩემთან, იმიტომ რომ ჩემთვის ჯერ უცხოა ეს მისტიური გამოცდილება.

 ადამიანის ფეხი მის კვარცხლბეკს მიეახლა, საიდუმლოს შეეხო და შეშინდა. ამიერიდან გულის კანკალით წარსდგები მის წინაშე, რომ არაფერი დაგემართოს! და ამ დროს, ინსტიქტურად კიდევ ერთ რამეს იგრძნობ: როცა ყურადღებას მთლიანად ღვთაებრივზე გაამახვილებს, ადამიანის გული გაირინდება.

გრძნობების მორევა, გულის აჩვილება მოლოდინია სხვა პიროვნული განცდისა: რომ ღმერთი, რომლისაც მეშინია სინამდვილეში არის „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ (იოანე. 20:28). ის ხომ მამაა და მუდამ ასე იქნება, თუნდაც შენ ამას ჯერ ვერ აცნობიერებდე. მუდამ თვალს გადევნებს, უყვარხარ და ეს ცოდვათა აღიარების სურვილს აღგიძრავს.

ჩვეულებრივ ასე ხდება: აღსარებას ცოდვილობის განცდის გარეშე ვამბობთ, თითქოს გვიყვარს ეს ცოდვები და იქნებ ველოლიავებით კიდეც! ასე გრძელდება სანამ არ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას-გავემიჯნოთ, სამუდამოდ მივატოვოთ ღმერთთან ურთიერთობის ეს მთავარი დაბრკოლება. როცა, ბოლოს და ბოლოს, ამის გააცნობიერებ, გსურს ცოდვებს უყვირო: „გამცილდით, შორს ჩემგან!“ მაგრამ გული დუმს. ეს მოთხოვნილება უჩნდება გონებას: მას გათანგავს უფლის გამოჩენის მოლოდინი, თან იმასაც ხვდება, რომ ცოდვებით წალეკილ ადამიანს ღმერთთან კავშირის იმედი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ დროს ჩვილდება გული, გრძნობა მოგერევა, რაც, აგრეთვე ღმერთის საჩუქარია.

დაუკვირდით შვილებო: ღმერთი აკეთებს იმას, რაც ადამიანს არ შეუძლია. ვინ ვართ? უსუსური, საბრალო ქმნილებები. წამოვიწყებთ საქმეს და დამთავრებას ვინ ჩივის გვავიწყდება კიდეც, რას ვაპირებდით. ხან ერთ გზას დავადგებით, ხან მეორეს… თითქოს მივდივართ უფლისკენ, მაგრამ გზადაგზა გვავიწყდება მთავარი მიზანი.

დიდი უცნაური ქმნილებაა ადამიანი. მუდამ მერყეობს, თითქოს მოძრაობს, მაგრამ წინ ვერ მიდის. დავუშვათ, ძალიან ავადაა, მაგალითად, ფეხები მოიტეხა. უფალი უძლურებაში განამტკიცებს და ეკითხება:ხომ არაფერი გინდა?

– კი, აი ეს…

– აჰა, აიღე. კიდევ რას ისურვებ?

– აგერ, ისიც მინდოდა…

– ეგაც აიღე, და-კიდევ?

– მე რომ ესეც მინდა!

– კი, მოგცემ მაგასაც.

მაგრამ სული ისეთი უძლურია, რომ მუნჯდება. გონება კი ყველაფერს ხვდება, წინასწარ გრძნობს, აქვს გამოცნობისა და ღმერთთან მისტიური საუბრის უნარი. როცა ჩვენი ნებელობა, აზრი და გრძნობები დუმს, მაშინ დიალოგი გონებით და ქვეცნობიერით გრძელდება. მათ ახსოვთ ჩვენი წარსული. ის დრო, როცა სამოთხეში ღმერთს ვხვდებოდით და უშუალო ურთიერთობა შეგვეძლო. ეს დიალოგი ცრემლებით იწყება. ღმერთი მპასუხობს, მე კი მისი დიდსულოვნება და ძღვენი მაოცებს.

მაშ ასე, ეს ურთიერთობა შიშით იწყება, გულის აჩვილებითა და გრძნობების მორევით გრძელდება. მერე კი მოდის არაჩვეულებრივი შეგრძნება, მეუფლება ღვთაებრივი სიხარული. ხომ გქონიათ შემთხვევა, როცა ვიღაც გაახარე: არც კი იცი, რატომ ხარობს შენით. ვფიქრობ: „ის ჩემით კმაყოფილია!“ და ხვდები, რომ ესაა ღვთაებრივი სიხარული. ამ განცდით შენც ტკბები სხვისი სიხარულით და მადლიერებით და გრძნობ, რომ ღმერთს ესათნოები; ის ხომ თავისი საუნჯეებიდან უხვად გვირიგებს სიხარულს. მაგრამ სულიერი ტკივილიც მუდამ თან გვახლავს, რატომ მაინცდამაინც ტკივილი? იმიტომ, რომ სული თან მდიდარია და თან ღატაკი. ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მოწყალეა, თვითონ კი გულქვა და არარაობა. ეს საშინელი, ტრაგიკული მდგომარეობა ბადებს ტკივილს: „ღმერთო ჩემო, რატომ ხარ ასე შორს? უხვად მიგზავნი ღვთაებრივ სიხარულს, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ! ვიცი, რომ ჩემი სიხარულით ხარობ, მაგრამ ისე შორს ხარ, რომ ვერ გეხები“!

 სულს ტანჯავს დაცემულობისა და დევნილობის გრძნობა, და ჩემო შვილებო, ამგვარად ვმაღლდებით ღმერთთან ურთიერთობის მნიშვნელოვან საფეხურზე. ვაღწევთ დონეს, რომელსაც წმინდა მამები „უკიდურეს გულისხმისყოფას“ უწოდებენ. რა არის „აღმატებული მღვიძარება“? ეს დაახლოებით ამგვარ მდგომარეობას ჰგავს: ზიხარ უმაღლეს მწვერვალზე, ირგვლივ ყველაფერი კარგად ჩანს, შენ კი არ გტოვებს უფსკრულში გადავარდნის შიში. ამ დროს გიჩნდება გრძნობა, რომ ვიღაც გიკავებს ხელში: მაღლა აჰყავხარ, თითქოს შენი ცოდვებისა და დაცემის უფსკრულზე თვითმფრინავით მიფრინავ. როგორც თვითმფრინავიდან მოსჩანს დედამიწა, ისე გადმოჰყურებ დაბლა დარჩენილ ძველ „მე“-ს, გონებით კი მწვერვალებს დასტრიალებ. ფიქრისა გეშინია, ცდილობ გაექცე ფანტაზიას, წარმოსახვას, ხსოვნას. რას ნიშნავს ეს ყოველივე? იმას, რითიც სავსეა გონება, რაც იგულისხმება ზმნაში „ფიქრი“: მოქმედებები, შეგრძნებები, აზრები, გამონათქვამები ანუ ის, რაც მიწერია. ასეთივეა ჩვენი აღსარებაც და ვედრებაც, იმიტომ, რომ მიწიერები ვართ.

 ამგვარად, შენ შეეხე და გაითავისე „გონების უკიდურესი გულისხმისყოფა“, ანუ ძველი წარმოსახვების მაგიერ გაითავისე და ეზიარე უმაღლეს არსებას, ღმერთს. ეს უნიკალური გრძნობა მხოლოდ იმ გონების წილხვედრია, რომელიც ხელს აიღებს წარსულზე, უარყოფს ძველ ცხოვრებას, თვით საკუთარ „მე“-საც კი და იმ მწვერვალზე მარტო დარჩება. როცა შენი სული მიაღწევს ღმერთთან ურთიერთობისკენ მიმავალი მისტიური გზის ამ ეტაპს, რომელიც ადამიანური ყოფიერების რჩეული მდგომარეობაა, შენი იპოსტასის სულიერი ნაწილია, მაშინ დიდ აღმოჩენას გააკეთებ, მიხვდები, რომ გაქრა, წარიხოცა შენში ღრმად ფესვგადგმული ვნებები, სისუსტეები, რომლებთან წლების მანძილზე ბრძოლამაც ძალა გამოგილია, დაგაუძლურა. აი, ახლა ღმერთს შეჰყურებ! სად გაგიქრა მრისხანება, ეგოიზმი? გთხოვთ, გაიხსენეთ ჩვენი ადრინდელი საუბრები. ორივე გამქრალა. მოიკვეთე ვნებები. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია! ამაზე არ ვსაუბრობდით? უფალი აღმოფხვრის ვნებებს. ბორკილებით ვერ შეინავარდებ. ჯაჭვით დაბმული მილურსმულია. ვნებებს მტკიცე ბაგირები აქვს, მაგრამ მათი გაწყვეტა აუცილებელია. ამას მხოლოდ უფლის დახმარებით შევძლებთ, ეს მისი საქმეა.

 ღმერთი შეგვეწევა, რომ გავემიჯნოთ ვნებებს, გავთავისუფლდეთ, არსობრივად განვიწმინდოთ პირველ რიგში გონება, აგრეთვე გული და სინდისი. ამის შემდეგ ადამიანი ჩავარდება სრულ უმეცრებაში. თითქოს აღარც გვახსოვს და აღაც ვიცით არაფერი. რაც აქამდე გვისწავლია დავიწყების ღირსია, ყოველგვარი ცდუნებისგან გაქცევა გვსურს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ შემთხვევითი მოგონებები, თავი უნდა ავარიდოთ ძველის გახსენებას, აზრებს, წარმოსახვას, რომ არ გადმოვვარდეთ მწვერვალიდან; არ დავბრუნდეთ ჩვენს ძველ, ბინდით მოცულ ბუნაგში.

 ძვირფასო შვილებო, არ გამოგრჩეთ „მიტოვებულობის გრძნობა“. რა არის ეს? ადამიანი ხშირად გრძნობს თავს მარტოსულად: „არავინ არაფრად მაგდებს, ღმერთსაც დავავიწყდი და კაცსაც“. ამ დროს საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვის გარდა არაფერი დაგრჩენია. სინამდვილეში ეს არ არის. განხეთქილება ღმერთთან ან საზოგადოებასთან, არამედ შენივე შინაგანი გაორებაა, უთანხმოებაა საკუთარ არსთან. ეს აუცილებლად უნდა აღმოაჩინო, უნდა მიხვდე და აიცილო, თორემ სულიერად დაუძლურდები. გონება უნდა მოიკრიბო, სულიერად გამხნევდე და ღმერთთან დაკავშირება შესძლო. თუკი ამას მოახერხებ, მაშინ წინასწარმეტყველ ამბაკუმის მსგავსად სული გაგითავისუფლდება მიტოვებულობის განცდისაგან „ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო…“ (იხ.: ამბაკუმ, 2:1). განთავისუფლებული სული გასაფრენად მზადაა. სწორედ ამ დროს ააბიჯებ ღმერთისკენ აღმავალი კიბის მომდევნო საფეხურზე. ეს სულიერი ცხოვრების უმშვენიერესი საფეხურია.

 მოდი დავფიქრდეთ, ნუთუ შეიძლება გიხაროდეს, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდე, ბანკში დანაზოგს ფლობდე და ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეს? ვიღაცას უყვარდე და გელოდებოდეს, შენ კი თავი გადამტვრეული ლერწამივით უმნიშვნელო გეგონოს. ეს ძნელია! მაგრამ უცებ გონება გააცნობიერებს, რომ სინამდვილეში „მას ზევით ელიან“. და შეუდგება სულის ხსნის საქმეს იმისი შეწევნით, ვინც ძალას ანიჭებს ადამიანს, ჩვენს უძლურებას ტვირთულობს, მერყევ სულს განამტკიცებს და ადამიანი აღმასვლას შეუდგება. 

 გონება იწყებს აღმასვლას სულსა და ჭეშმარიტებაში. რას ნიშნავს ეს? როცა სულიწმინდა ადამიანის სულს დაეუფლება, მაგნიტივით მიიზიდავს მას და ჩვენც აღმატებულად სულიერი განცდა მოგვიცავს. სულიწმინდა თავად ჭეშმარიტებაა, ამიტომ მოვიშორებ ჩემს შეცდომებს, ყოველივე არაჭეშმარიტს, რასაც დასაწყისი და დასასრული აქვს: მრისხანებას, ფიქრებს, შეგრძნებებს, მიწიერ ცოდნას, ჩემს განუყრელ ნაწილად ქცეულ სურვილებს, ყველაფერს, რაც აქამდე ჭეშმარიტება მეგონა. ცრუ და წარმავალი ყოფიერება ისე გვცვლის და გვამახინჯებს, როგორც ქარბორბალა დედამიწას. ამიტომ, ჩემს სიცოცხლეს, რომელსაც აგრეთვე აქვს დასაწყისი და გარდაუვალი დასასრული, მივანდობ სულსა და ჭეშმარიტებას. ძვირფასო შვილებო, სულიწმინდა მაგნიტივით მიიკრავს და აიტაცებს ჩვენს სულებს.

უზენაესი სიყვარულია ის ძალა და მიზეზი, რომლითაც ღმერთი გვეუფლება და შიშისმომგვრელ სიმაღლეზე მიგვაქროლებს. მაცდური და ამაო ადამიანური სიცოცხლის განმავლობაში სულთან და ჭეშმარიტებასთან ჯერ არგანცდილი ურთიერთობის შემდეგ სული აღმოჩნდება გონისმიერ სიმაღლეზე. ეს გონიერი სიმაღლეა, რომელსაც მხოლოდ სულიწმინდის დახმარებით მივხვდებით და შევიცნობთ. ეს სულიწმიდის მიერ გონების მიტაცებაა. თავს ჩვენც მისივე მსგავსად ვგრძნობთ, უფრო სწორედ, როგორც წმინდა მამები ამბობენ „ის გარდამოდის და კაცში ღვთაებრივ სიყვარულს აღვივებს“. ხედავთ, როგორ აწესრიგებს ჩვენს ცხოვრებას? აღგვიძრავს ღვთაებრივ სიყვარულს!.. და ჩვენც შევუდგებით სწრაფვას, ფრენას, რათა მას მივსწვდეთ. მის მოძრაობას უნდა ავყვეთ. ჩვენი სრბოლა მას ავაყოლოთ, არ ჩამოვრჩეთ. რაც უფრო ცხადად შეიგრძნობს სულიწმიდის ძალას, მით უფრო უშიშრად უმკლავდება სული ქაოსს და წინ მოიწევს. უფლის თანამყოფობის განცდის გამო ღვთაებრივი სიყვარული მატულობს. ასეთია სულიერი ცხოვრების გზაზე მიღებული პირველი გამოცდილება.

 ცხოვრებისეული ვაებისა და უხილავ მიწიერ ბრძოლა გადატანილნი, სულდამძიმებულნი და მიწიერნი, თანდათან ვაგროვებთ სულიერ გამოცდილებას. უფალი ზრუნავს ამაზე – ჩამოდის, ჩემს ცხოვრებას ეხება. აქამდე მთელ სულიერ სამუშაოს და ღმერთთან კავშირის მცდელობას ჩემი გონება ცდილობდა. მაგრამ მე ხომ სულიც ვარ, სხეულიც და უფლის მიერ შექმნილი მთელი ორგანიზმი. ის კარგად მიცნობს და უმეცრებაში მყოფიც ვუყვარვარ. ჩემს შესახვედრად მოემართება, ვგრძნობ მის მოახლოებას, თანამყოფობას; ის ჩემშია, ერთად მივდივართ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მე, უმეცარი, ჯერ ბევრს ვერაფერს ვხვდები!

 ძვირფასო შვილებო, გაცნობიერება იმისა, რომ ვარ სულიწმინდის თანამგზავრი, არის ღმერთთან ურთიერთობის ბოლოსწინა გამოცდილება და მას შეიძლება ვუწოდოთ ღმერთთან თანამყოფობის მდგომარეობა. მე ლოცვის პროცესს ვგულისხმობ, რადგან ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა ერთიდაიგივე რამაა. ვლოცულობ ე. ი. ღვთისკენ ვმაღლდები.

გაცნობიერება იმისა, რომ ვარ სულიწმინდის თანამგზავრი, არის ღმერთთან ურთიერთობის ბოლოსწინა გამოცდილება და მას შეიძლება ვუწოდოთ ღმერთთან თანამყოფობის მდგომარეობა.

 მოდი გავერკვეთ, რას ნიშნავს იმ მდგომარეობაში ყოფნა, სადაც ჯერ ჩემი გონება ერთვება, მერე კი მთელი ჩემი არსება? ამას შეიძლება ვუწოდოთ უვნებობასთან შეჩვევა. რა არის მდგომარეობა ზოგადად? ესაა გარკვეული ეტაპი, რომელსაც მე უკვე მივაღწიე. ვიზრუნოთ, რომ არსობრივად, შინაგანად ვიყოთ ვნებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში. რას ნიშნავს უვნებობა? ეს არის სიყვარულით სავსე მიზანსწრაფვა მხოლოდ ღმერთისკენ. მასთან ყოფნა მინდა, სხვა არაფერი!

 ეს მოიცავს არა მხოლოდ გონების, არამედ მთელი ჩემი არსების, ჩემი ცხოვრების იმგვარ უცვლელ მდგომარეობას, რომ ყველგან ვინარჩუნებდე ღმერთთან კავშირს, ურთიერთობას. ნებისმიერი ცხოვრებისეული საქმიანობისას ვისწრაფოდე ღვთისკენ, მის თანამოსაუბრედ ვრჩებოდე: დავდივარ, ვსეირნობ, შინისკენ გავრბივარ თუ კაბინეტში ვზივარ, ვსადილობ თუ ვწევარ, ან იქნებ კელიაში ვარ… სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არ უნდა შეწყდეს ღმერთთან ჩემი საუბარი. ასე წარვმართავთ ჩვენი დაცემული ბუნების აღდგენა-განახლების პროცესს.

 საუბრის დასაწყისში გესაუბრეთ გაუცნობიერებელი სიხარულის პირველ განცდაზე. ამ ჟამინდელ ეტაპზე კი დაგროვილი ცოდნის, სურვილების, განცდების საშუალებით ვხვდებით, რომ აღდგა ღმერთთან კავშირი, ჩვენ ვსაუბრობთ მასთან. ეს იმ ბავშვის სიხარულია, დაკარგული მამა რომ იპოვა. მამასაც დაკარგული ეგონა შვილი, ან იქნებ მკვდარიც! ადამიანსაც აღტაცებული ბავშვის სიხარული ეუფლება, პირველქმნილი და ჯერ განუცდელი სიხარული, როცა მიხვდება რომ ღმერთი იპოვა.

 თუ სულს უხარია, კაცი მთელი არსებით ხარობს. გამორჩეულად ღვთისმოსავი ხდება. ამ დროს მის მიერ დაგროვილი პიროვნული გამოცდილება უფრო ძლიერი და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის ფორმით გამოვლინდება.

 და აი, ცრემლიც უკვე სხვაგვარი, მეორენაირია. ეს ღმერთმა დახმარებისათვის კი არ მოგვეცა, არამედ მას ჩვენი დაცემული მდგომარეობის აღმოჩენა, დანაშაულის განცდა და შეგნება, ცოდვილობის გაცნობიერება გვაღვრევინებს. გვინდა ამ ცხოვრებისგან გავიქცეთ, გავქრეთ, გვინდა მოვინანიოთ. მაგრამ ჭეშმარიტი სინანულისთვის ჯერ შრომა და წინსვლაა საჭირო.

 ადამიანს წმინდა ლოცვის სურვილი უჩნდება. რას ნიშნავს „წმინდა ლოცვა“? იგი სუფთა, გაკრიალებული, ზედმეტი ნივთებისგან გაწმენდილი სახლივით არის. გამზადებულია სტუმრისთვის, ღმერთის ტახტია, საბრძანებელი. სული უნდა იყოს სუფთა, უფლისთვის ღია, უვნებო. გულსა და გონებაში – არანაირი ხინჯი. ხდები მლოცველი, ლმობიერი, შემწყნარებელი.

 რას ნიშნავს „შემწყნარებელი“? ხატად და მსგავსად ღვთისა, ანუ ღვთაებრივად, მისნაირად. თითქოს შენში ღმერთმა დაივანა. ცდილობ სხვებს ისე მოექცე, როგორც ღმერთი გექცევა შენ. ცდილობ იცხოვრო და ილოცო წმინდად, უვნებოდ, ლმობიერებით – ამ სიტყვის წმინდამამებისეული გაგებით.

 ადამიანი იწყებს გონებით მოსმენას, გაგახსენდათ ყრუ და ენაბლუ? წმინდა ძალების ფრთათა პირველი შრიალი. მისკენ ანგელოზები მოემართებიან, როგორც დანიელთან (იხ.: დან.10:5), სამ ყრმასთან (იხ.: დან. 3:49-50), ტობითთან (იხ.: ტობ. 5:4) და სხვა მრავალ მათსავე მსგავსთან, რჩეულებთან. ანგელოზების, გონიერი ძალების თანამყოფობას ვგრძნობ: ვხვდები, რომ ღმერთმა შვილად მიმიღო, ჩემი მამაა, მას ვესაუბრები.

 ჩემო შვილებო, სწორედ ამ მომენტიდან ვიწყებთ ასვლას ადამიანის სულიერი იპოსტასის ბოლო სტადიაზე, იწყება წმინდა ძალებთან ჩვენი ურთიერთობა. ლოცვის დროს ამას აშკარად ვიგრძნობთ. უკვე გითხარით, რომ უგულისყურო ლოცვას ლოცვა არ ჰქვია. არამედ, საჭიროა ვილოცოთ სულით და ჭეშმარიტებით. ამ დროს უნდა ვურთიერთობდეთ ღვთაებრივ სულთან; მაშინ ვხდებით მგრძნობიარე, ნატიფი, სული ფაქიზდება. ტლანქი ადამიანი ვერ ლოცულობს.

 ფაქიზი სულის ადამიანი ცდილობს არავინ დაამწუხროს. მყისიერად ხვდება თავის შეცდომებს: ვიღაც ამაოდ შეაწუხა, ან არ შეიწყნარა, ან ვიღაც დაავიწყდა. ხვდება, რომ ამის გამო სულიერი შრომა წყალში ჩაეყრება, ღმერთისკენ მისი სწრაფვა ყალბი იქნება.

 სწორი გზით მავალი ჭეშმარიტი მოღვაწე, მთელ სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობისკენ ისწრაფვის. მთელი არსებით სურს ყველა ადამიანის გადარჩენა. მზად არის ყოველი ქმნილება უყვარდეს, მიეალერსოს მხეცებს, მცენარეებს და ღვთის ქმნილებათა გამთავისებელი და მთელი სამყაროსთვის მლოცველი, მათთან ერთად ეჩვენოს შემოქმედს.

 აღმასვლის გზაზე დგება პერიოდი, როცა კაცს სურს ყველაფერს გაემიჯნოს და ღმერთთან პირისპირ დარჩეს, თან, ამავდროულად დანარჩენ სამყაროსთან კავშირიც შეინარჩუნოს, დაიტიოს და გაითავისოს ყველა ადამიანი. ამ დროს აღმოაჩენს, რომ სიყვარული სულაც არ ყოფილა ჩვენი გულებიდან გამოსული გრძნობა, არამედ ის ახლა უკვე უფლის გულიდან გამოდის, ოღონდ, ადამიანისებური გზნებით. მერე, ეს ღვთაებრივი სიყვარული ჩვენი გონებისა და გულის გავლით მოეფინება ყველას და ყველაფერს და კვლავ უფალს უბრუნდება. ამ დროს გრძნობს ადამიანი ერთდროულად ღმერთთან და დანარჩენ კაცობრიობასთან ერთობას. ვინც ამას შესძლებს, ღმერთი მას სჩუქნის განცდისეულ ერთობას. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ კაცი ძალიან მძაფრად შეიგრძნობს ღმერთთან თანამყოფობას. მას გაგონილი ჰქონდა ამის შესახებ, უსაუბრია კიდეც, ახლა კი გამოსცადა თანამყოფობა და მიხვდა რასაც ნიშნავს.

 გაიხსენეთ, ამ საუბრის დასაწყისში ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ მივხვდეთ, რომ ღმერთთან მამაშვილურად ვსაუბრობთ და დავასკვენით, თითქოს ჩვენს ენას ბორკილი აეხსნება ხოლმე. ჩემო ძვირფასებო, ამ ბოლო ეტაპზე კი ყურთასმენას აეხსნება ბორკილი, მე ვგებულობ ჩემს კითხვებზე უფლის მიერ გაცემულ პასუხებს. წმინდა მამები ამიტომაც გვირჩევენ: ღმერთთან თქვენი კავშირის დროს, გონება გულისმიერ ლოცვას მიაპყარითო. როგორია ეს ლოცვა? ეს ნიშნავს, რომ ლოცვის დროს მთელი სისავსით, ჩვენი შინაგანი „მე“-თი უნდა შევიგრძნობდეთ და განვიცდიდეთ ღმერთს. დაე, ჩვენი არსებიდანაც გადმოხეთქოს უფლისმიერი მაცოცხლებელი წყლის მდინარეებმა, რომელზეც წმინდა წერილშია საუბარი (იხ.: იოანე, 7:38). მაშინ მივხვდებოდით რას ნიშნავს: „იყო ღვთისმეტყველი“. ჩვენ თვითონ გავხდებით ამგვარნი, აღმოვაჩენთ და შევიგრძნობთ ღმერთს. სიტყვა ღვთისა დაგველაპარაკება და მოგვცემს არანივთიერ ცოდნას ღმერთზე. მაშინ აღმასვლის გზით მიმავალნი, დარწმუნებული ვიქნებით, რომ თვალები ჩვენც აგვეხილება და ჭეშმარიტებას ვეზიარებით.

 მაშინ, ძვირფასო შვილებო, მივიღებთ „ნიშნებს“ ცნობებს, რომელთაც უფალი ჩვენს სათხოვარზე პასუხს გვაუწყებს. როგორ „გვაუწყებს“, ანუ შეგვატყობინებს? მივხვდებით , რომ პირამდე სავსე ვართ „ღვთის სიტყვით“. ის ჩვენთანაა, მაგრამ მაინც არ წყდება ძიება და ღვთის მოლოდინი. შვილებო, ეს შეტყობინება ამოოხვრით მთავრდება!

 ხომ გახსოვთ, ჩვენს სულიერ ტკივილზეც ვისაუბრეთ. მე გითხარით, რომ სულიწმინდა ჩვენში აღძრავს ბრძოლის ჟინს „სულთქუმითა მით უსიტყუელითა“ (რომ. 8:26)? რას ნიშნავს „უსიტყვო“? იმას, რაზეც სიტყვებით არ საუბრობენ, ანუ უჩინარია, დაფარულია. ამ სულთქმას სულიწმინდა გვჩუქნის. ჩვენში შემოსვლას იწყებს საღმრთო სიცოცხლე… მგონია მე ვმოქმედებ, სინამდვილეში კი ჩემში ღმერთი ისმენს, საუბრობს… როცა შეყვარებული ხარ, გეჩვენება რომ მასთან ერთად თანამოძრაობ, იყურები, იკვებები, ანუ შეყვარებულთან ერთად თანამოქმედებ. ზუსტად იგივე ხდება ღვთაებრივი სიყვარულის დროს, ანუ მაშინ, როცა ის ჩვენს არსებაში შემოსვლას ინებებს: როცა დიდი, ანუ სულიწმინდა ჩადის პატარაში, ანუ ადამიანის გულში. მასთან ჩემი მარადიული თანაცხოვრებისას მისი სულთქმა ერწყმის ჩემსას და ბაგეებს აღმოხდება „სულთქმა უსიტყუელი“.

 მამები ამბობენ: „თუ ჯერ კიდევ არ მოგიხვეჭია ლოცვის ნიჭი, მაშ ელოდე და მიიღებ“. აი, რას ნიშნავს ლოცვა! რას ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობა! იქნებ ჯერ არ მიგიღია ეს საჩუქარი? თუ ასეა, ვწუხვარ, რადგან ის არც ისე ძნელია. ნათქვამია: ვინც ლოცვა არ იცის, ევედროს სულიწმინდას, გაიტრუნოს, ჩაუსაფრდეს და აუცილებლად „შეიპყრობს“, ანუ ისწავლისო. სულიწმინდას ჩვენი ესმის და თხოვნას გვისრულებს. როგორც ვხედავთ, ღმერთისა და კაცის ურთიერთობა მარტო ღვთისადმი თავის მიძღვნა კი არ არის, არამედ, თავადაც უნდა მივაღწიოთ იმ დონეს რომ შევძლოთ ღმერთის უწყვეტად მიღება და დატევნა. ჩემო ძვირფასებო, ალბათ მიხვდით, რომ ღმერთთან ურთიერთობა არც ისე რთულია. მართალია ტრანსცენდენტულია, მაგრამ ადამიანის მიერ მისი დატევნა შესაძლებელია. ეს პროცესი ჰგავს გრაგნილის მიღებას, ანუ ჩაყლაპვას „გამოცხადების“ წიგნიდან (იხ.: გამოცხ.10:10). როცა მიხვდები თუ რა ადვილია ჭეშმარიტად, ანუ ნამდვილად მიიღო და დაიტიო ღმერთი, მაშინ თავისთავად გაგიქრება ეგოისტური სურვილები. როცა ზიხარ და ესაუბრები, ანუ ლოცულობ, დგება მომენტი, გაქცევის სურვილი რომ აგიტანს, მისგან დამალვა და განმარტოება მოგინდება… შენ და ღმერთი… უძლურებისა და მორჩილების ნიშნად, ასე ვთქვათ „ხელებს ასწევ“, რადგან გრძნობ, რომ აღარ ხარ შენი თავის ბატონი. გაგიუცხოვდა, აღარ გემორჩილება გონება, გული, გრძნობები, ნებისყოფა – ეს ყველაფერი უფლის ყოვლისშემძლე ნებას დაემორჩილა. ამიერიდან აღარ ხარ თავისუფალი, ყველაფერი მას მიაბარე, მის მონად და ფერხთა მტვრად იქეცი, შენი ნება მისას დაუმორჩილე. ასე შეერწყა ორი ნება, ღმერთი დაგეუფლა. როცა საკუთარ მოქმედებებზე უფლებას კარგავ, თავს ვეღარ აკონტროლებ, არ იცი რას აკეთებ. გეჩვენება, რომ გონებამ ყველა უნარი დაკარგა და თითქოს ლივლივებს.

არ იცი, ან ვერ გაგიგია, წარმოდგენა არ გაქვს რა გემართება. მაგრამ მოვა დრო და გაიგებ. ეს კითხვები თქვენს წინაშე მოგვიანებით გაჩნდება. მოვა დრო, როცა თავს შეეკითხები: „რა მჭირს, როგორ ვიქცევი, ვინ ვარ და რა მემართება? ჭკუიდან ხომ არ ვიშლები?“. მაგრამ მალე იგრძნობთ, რომ თქვენი გონება უფრო სრულყოფილი მწვერვალისკენ მიიწევს, იქით მაღლდება, საითაც ღვთის სადიდებლად მიისწრაფვის ყოველი ქმნილების სუნთქვა და გალობა.

დღევანდელ სახარებაში ნათქვამია, რომ ენაბლუს ალაპარაკებამ ყველა განაცვიფრა და ერთხმად აღიარეს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს ქრისტე“ (იხ. მარკ. 7:37).

ასეა, ჩემო ძვირფასებო, თუ ჩვენს ცხოვრებას გარდავქმნით და ზემოთქმულს მოვიმუშაკებთ, ჩვენზეც იტყვიან: „ყოველივე სასიკეთოდ შექმნა ქრისტემ“ ეს ისეთი მარტივია! ღმერთისთვის ძნელი არაფერია! ინებებს და აღსრულდება. „ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ალაპარაკებს“ (იხ. მარკ.: 7:37).

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©