ღმრთისმშობელი

ათონელი მამები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შესახებ

წმინდა სილუან ათონელი

როდესაც სულში ქრისტეს სიყვარულია, ო, როგორი კარგი, მშვენიერი და მხიარულების მომგვრელია ყველაფერი! მაგრამ ღმრთის სიყვარულს მწუხარებაც ახლავს და რამდენადაც მეტია სიყვარული, იმდენად დიდია მწუხარება. ღმრთისმშობელს არასდროს შეუცოდავს აზრითაც კი და არასდროს დაუკარგავს მადლი, მაგრამ მას უდიდესი მწუხარებები ჰქონდა; როდესაც ჯვრის წინაშე იდგა, მისი მწუხარება ოკეანესავით უსაზღვრო იყო და მისი სულის ტკივილები ადამის სამოთხიდან განდევნის ტკივილებს უსასრულოდ აღემატებოდა, რადგან ღმრთისმშობლის სიყვარული შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამისა. ის ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ უფალი განამტკიცებდა, რადგან მას სურდა, რომ მის დედას მისი აღდგომაც ეხილა. მას სურდა, რომ როდესაც ამაღლდებოდა, მისი დედა მიწაზე დარჩენილიყო და მოციქულებისთვის და ქრისტიანთა მთელი ამ ახალი მოდგმის სიხარული და ნუგეში ყოფილიყო.

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღმრთისმშობლის სიყვარულის სისავსეს და ამიტომაც, ვერც მისი მწუხარების სისავსეს შევიმეცნებთ.

მისი სიყვარული სრულყოფილი იყო. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და თავისი ძე, მაგრამ ამასთანავე უდიდესი სიყვარულით უყვარდა ყველა ადამიანი. რას განიცდიდა ის მაშინ, როდესაც ის ადამიანები კლავდნენ მის საყვარელ ძეს, რომლებიც ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარჩენაც ასე ძლიერ სწყუროდა?

ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაგება, რადგან ჩვენში მცირეა ღმრთისა და მოყვარის სიყვარული.

* * *

ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, გვითხარი შენს შვილებს, თუ როგორ გიყვარდა შენი ძე და ღმერთი, როგორ იხარებდა სული შენი უფლისა მიმართ? როგორ უყურებდი მის მშვენიერ სახეს და ფიქრობდი, რომ ეს ისაა, ვის წინაშეც შიშითა და სიყვარულით მსახურებენ მთელი ზეციური ძალები?

გვითხარი, რას გრძნობდა შენი სული, როდესაც ხელში ეს საღმრთო ყრმა გეჭირა? როგორ ზრდიდი? როგორ ტკიოდა შენს სულს, როდესაც იოსებთან ერთად იერუსალიმში სამი დღე ეძებდი? როგორ წამებას განიცდიდი, როდესაც უფალი ჯვარზე კვდებოდა?

გვითხარი, როგორ სიხარულს გრძნობდი მისი აღდგომისას, ან როგორ ენატრებოდა შენს სულს უფალი, მისი ამაღლების შემდეგ? ჩვენს სულებს წყურია, რომ გაიგოს, თუ როგორ ცხოვრობდი ამქვეყნად ჩვენს უფალთან ერთად. შენც არ ისურვე, რომ ეს ყველაფერი წერილობით აღწერილიყო და ეს საიდუმლოებაც შენი მდუმარებით დაფარე.

* * *

ქრისტესგან და ღმრთისმშობლისგან მრავალი სასწაულის მომსწრე ვყოფილვარ. ამ სიყვარულის საპასუხოდ კი მე არაფრის მიცემა შემიძლია.

რა მივაგო სანაცვლოდ ყოვლადწმიდა დედოფალს, როდესაც ცოდვაში მყოფს ზურგი არ მაქცია და თავისი უსაზღვრო წყალობით მოვიდა ჩემთან და გამომაფხიზლა? მე არ მიხილავს, მაგრამ სულიწმიდით შევიცანი ის. ჩემი სული სიხარულითაა აღსავსე და მისკენ ისეთი სიყვარულით ვისწრაფვი, რომ მისი სახელის ხსენებაც კი ტკბილია ჩემი გულისთვის.

ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ღმრთისმშობლის ხატის წინ ვლოცულობდი და იესუს ლოცვა ჩემს გულში შევიდა და თავისთავად, მოუკლებლად ამოქმედდა ჩემში. ერთხელ კიდევ მსახურებისას ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები მოვისმინე: ,, განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა’’(ეს.1:16), გამეფიქრა: იქნებ ღმრთისშობელმაც შესცოდა ოდესმე აზრით მაინც-მეთქი და ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ნათლად გაისმა: ,,ღმრთისმშობელს არასდროს შეუცოდავს, აზრითაც კი’’. ასე დაამოწმა სულიწმიდამ ჩემს გულში მისი სიწმინდე.

* * *

ჩემს სულს შიში და კრძალვა იპყრობს, როდესაც ღმრთისმშობლის დიდების შესახებ ვფიქრობ. უძლურია ჩემი გონება და გული, მაგრამ ჩემს სულს უხარია და მის შესახებ რამდენიმე სიტყვსი დაწერა სწყურია.

ჩემს სულს ეშინია შეეხოს მას, მაგრამ სიყვარული მაიძულებს, რომ არ დავგაფარო მის წინაშე ჩემი მადლიერება.

ღმრთისმშობელს წერილობით არ ჩაუწერია საკუთარი აზრები, არც თავისი ძისა და ღმერთის სიყვარული და არც ჯვარცმისას მისი სულის ტკივილი აღუწერია, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ მაინც ვერ ჩავწვდებოდით. ქრისტესადმი მისი სიყვარული უფრო ძლიერი და ცეცხლოვანია, ვიდრე სერაფიმებისა და ქერუბიმების სიყვარული. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურ ძალებს აკვირვებთ კიდეც ის.
მიუხედავად იმისა, რომ ღმრთისმშობლის ცხოვრება თითქოს წმინდა მდუმარებითაა დაფარული, ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას განუცხადა, რომ ღმრთისმშობელი თავისი სიყვარულით მთელ სამყაროს მოიცავს, სულიწმიდით ხედავს ყველაფერს დედამიწაზე და მისი ძის მსგავსად ყველას იბრალებს და იწყალებს.

ო, რომ ვიცოდეთ, როგორ უყვარს ღმრთისმშობელს ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრობენ და როგორ ებრალება და წუხს მათზე, ვისაც არ სურს გამოსწორება. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. არ ვცრუობ, ღმრთის წინაშე ვამბობ. ის იცნობს ჩემს სულს და სულით ვიცნობ ყოვლადწმიდა ქალწულს. მე ის არ მიხილავს, მაგრამ სულიწმიდის მიერ შევიცანი ის და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. მისი გულმოწყალება რომ არა, უკვე დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი, მაგრამ მან ინება ჩემთან მოსვლა და შეგონება, რომ აღარ შემეცოდა. მან მითხრა: ,, არ მომწონს იმის ყურება, რასაც შენ აკეთებ’’. მისი სიტყვები იმდენად მშვიდი, წყნარი და ტკბილი იყო, რომ პირდაპირ სულს ეხებოდა.


მას შემდეგ ორმოც წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემს სულს არ შეუძლია ამ ტკბილი სიტყვების დავიწყება და არ ვიცი რა მივაგო სანაცვლოდ მე ცოდვილმა ჩვენს მოწყალე დედას, ჩემ უწმინდურისადმი გამოვლენილი ამ სიყვარულის გამო.
ჭეშმარიტად, ისაა ღმრთის წინაშე ჩვენი მეოხი და მისი სახელის ხსენებაც კი ახარებს სულს. მთელი ზეცა და მიწა ხარობს მისი სიყვარულით!

სასწაული და მიუწვდომელია ის, რომ ის ზეცაში ცხოვრობს და მოუკლებლად ჭვრეტს ქრისტეს დიდებას, მაგრამ ჩვენ უღმერთოებსაც არ გვივიწყებს და თავისი გულმოწყალებით მთელ დედამიწას მოიცავს.

თავისი ყოვლადწმიდა დედა მოგვმადლა ჩვენ ქრისტემ. ის არის ჩვენი სიხარული და იმედი. ის არის ჩვენი სულიერი დედა და ყოველი ქრისტიანის სული სიყვარულით მიისწრაფვის მისკენ.

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

წმიდა იოსებ ისიქასტის შესახებ

შეუძლებელია აღწერო ბერი იოსების სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ. ჯერაც არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მსგავსად ჰყვარებოდა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, როგორც ბერ იოსებს. მას თვალებიდან ცრემლი სდიოდა, როგორც კი მის სახელს ახსენებდა, ან მის ხატს დაინახავდა, ან გაიგებდა, თუ როგორ უგალობს ვინმე ღმრთისმშობელს. ერთხელაც, მთელი ღამე გაათენა და ამიხსნა კიდეც ამის მიზეზი: ”ვერ დავიძინე, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ღმრთისა გამახსენდა”. ასე უყვარდა მას ის.

ამ სიყვარულს მის წერილებშიც ვხედავთ: ”არ შემიძლია მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ღმრთისმშობლის ხატს და განვეშორო. როგორც კი ვუახლოვდები, როგორც მაგნიტი ისე მიზიდავს, სურვილი მაქვს საათობით განუწყვეტლივ ვემთხვეოდე. რაღაც ცოცხალი სუნთქვა აღავსებს ჩემს სულს, ვივსები მადლით და არ მაძლევს საშუალებას განვეშორო მას. ასეთ მადლს აძლევს ჩვენი დედა ღმრთისმშობელი მათ, ვინც წმინდად ცხოვრობს. მრავალმა წმინდანმა უძღვნა საქებარი სიტყვები ჩვენს ღმრთიმშობელს, ხოლო მე უღმერთო კი ასე მოვუხმობ მას ყოველწამს: ”დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედა!” ვერ მოვძებნე ამაზე მეტად მშვენიერი და ტკბილი სახელი.

როგორც კი მას მოვუხმობთ, ის მეყსეულად დასახმარებლად მოიჩქარის. ვერც კი ასწრებ, თქმას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შემეწიე მე!”- რომ, როგორც ელვა, ისე ანათებს გონებას და გულს საღმრთო ნათლით აღავსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, ხოლო გულს – სიყვარულისკენ. ხშირად მთელი ღამეც კი გადის ქვითინსა და მისი და მის მიერ შობილის, იესუ ქრისტეს ტკბილხმოვან დიდებისმეტყველებაში”.

მამა იოსებმა უკვე დიდი ხნის წინ თხოვა მას, რომ თავისთან წაიყვანოს. ხანდახან ის ღმრთისმშობლის ხატს ჩაიხუტებდა და ცრემლებით ეუბნებოდა: ”როდის მოხვალ? როდის მიიღებ ჩემს სულს?” ამიტომაც ჩვენმა კეთილმა ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ბერი იოსები დიდი პატივის ღირსი გახადეს: მისი მიძინების დღეს, მიიძინა ბერმა იოსებმაც, რითაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ აღუსრულა ყოვლადწმიდა დედამ მასთან შეხვედრის გულისწადილი.

წიგნიდან: ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

ევედრე ”დედასა ნათლისასა”, უხრწნელ ღმრთისმშობელს, რომ შეგეწიოს, რადგან ქრისტეს შემდეგ ის ყველაზე დიდი ნუგეშისმცემელია. როცა ვინმე მის წმინდა სახელს მოუხმობს, მაშინვე იგრძნობს მის შეწევნას. ის დედაა. დედამიწაზე ყოფნისას, როგორც ადამიანი, ისიც მწუხარებდა. ამიტომაც, ღმრთისმშობელი ბოლომდე თანაუგრძნობს მწუხარე სულებს და ისწრაფვის მათ დასახმარებლად.

მიტროპოლიტი იეროტეოს ვლახოსი

წმინდა გრიგოლ პალამას სიყვარული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიმართ

როგორც ვიცით, ყველა წმინდანს განსაკუთრებით უყვარს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და ვერავინ მიაღწევს სიწმინდეს ღმრთისმშობლისადმი სიყვარულის გარეშე. წმინდანებმა, რომლებიც მუდამ ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და საღმრთო სიყვარული იგემეს, გაუჩნდათ მოთხოვნილება, რომ ისიც ედიდებინათ, რომელიც ამ დიდი სიხარულის წყაროდ იქცა. წმინდანები უწვრილმანესი წყალობისთვისაც კი მადლიერნი არიან და მით უმეტეს, ღმრთისმშობლის წიაღში აღსრულებული ადამიანური ბუნების განღმრთობის გამოც! მან ძე ღმერთს თავისი ხორცი მისცა.

წმინდა გრიგოლს განსაკუთრებით უყვარდა ღმრთისმშობელი იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ ამქვეყიურ ცხოვრებაში მისი ხილვის ღირსი გახდა. ასე აღწერს ამ მოვლენებს მისი ცხოვრების აღმწერი, კონსტანტინიპოლის პატრიარქი ფილოთეოს კოკინი.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც წმინდა გრიგოლისადმი ღმრთისმშობლის მფარველობას გვიჩვენებს, მისი სწავლის პერიოდს უკავშირდება. თავდაპირველად გრიგოლს ძალიან უჭირდა სწავლა და მან საკუთარ თავს წესად დაუდო, რომ ღმრთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვისა და სამი მუხლდრეკის გარეშე სამეცადინოდ არ დამჯდარიყო. როდესაც ამ წესს აღასრულებდა, მარტივად გამოსდიოდა სწავლა, ხოლო როდესაც ავიწყდებოდა ხოლმე, საერთოდ აღარ შეეძლო წაკითხულის გადმოცემა.

კიდევ ერთი გამოვლინება უკავშირდება ათონის წმინდა მთაზე მის მოღვაწეობას, სადაც ის მთელი გულმოდგინებით მიეცა ასკეტურ ღვაწლს: მარხვას, მღვიძარებას და მოუკლებელ იესუს ლოცვას. ის დღე და ღამ ევედრებოდა მის მასწავლებელს, მფარველს და მეოხს – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს და მუდამ ახსოვდა მისი მფარველობა. ის მოუკლებლად ლოცულობდა და ღმრთისმშობელიც ასწავლიდა ლოცვას. ის მუდამ ამ სიტყვებით ევედრებოდა მას: ,, განანათლე ჩემი სიბნელე’’.

ერთხელ, როდესაც წმინდა გრიგოლი გონიერი ლოცვის მდგომარეობაში იყო და გონებით ღმერთში ჩაძირულიყო, მის წინაშე მოულოდნელად, ხილულად წარსდგა წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი და აუწყა, რომ ზეციური დედოფლისგანაა წარმოგზავნილი, რათა გაიგოს, თუ რატომ იმეორებს მუდამ ამ სიტყვებს: ,,განანათლე ჩემი სიბნელე?’’ წმინდა გრიგოლმა უპასუხა, რომ რადგანაც ის ვნებებით აღსავსე ადამიანია, ის ლოცულობს, რათა ქრისტეს ნათლით განათლდეს და მისი მაცხოვნებელი ნების მიხედვით იცხოვროს. მახარებელმა უთხრა: ,, ნუ დარდობ და ყოყმანობ, რადგან ყოვლადწმიდა დედოფალმა გადმოგცა: ,, თავად მე ვიქნები შენი შემწე’’. წმინდა გრიგოლმა ჰკითხა, თუ როდის იქნებოდა ღმრთისმშობელი მისი შემწე, ამქვეყნად თუ მომავალ ცხოვრებაში? წმინდა იოანე ღმრთისმეტყველმა უპასუხა: ,, წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც’’.

ამ ხილვის შესახებ წმინდა გრიგოლმა წლების შემდეგ თავის მეგობარ მონაზონს დოროთეს მოუყვა, რომელიც შემდგომში თესალონიკის მიტროპოლიტი გახდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა გრიგოლს ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდა ღმრთისმშობელთან და აქედან გამომდინარე, რასაც ის მასზე წერდა, ეს რაღაც მშრალი ლოგიკური მსჯელობა კი არა, არამედ უშუალოდ ღმრთისმშობელთან პიროვნული ურთიერთობის გამოცდილების ნაყოფი იყო.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©