sofron saxarovi 2

წმინდა სოფრონ სახაროვი – ღმრთის შემეცნების შესახებ

ყველგან მსუფევი ღმერთის მისივე ქმნილების მიერ შემეცნება ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი. მაგრამ შეუძლებელია ამ ცოდნის, მხოლოდ წიგნებისა და საღმრთისმეტყველო სკოლების დახმარებით მოპოვება. ღმრთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მიღება ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენს პიროვნულ სულში, აბსოლუტურად აუხსნელად, ღმრთაებრივმა ნათელმა შემოაღწია და ეს ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ მაშინ მკვიდრდება, როდესაც ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენში უფლის ქმედითად ყოფნა ნიშნავს ჩვენს ზიარებას ღმერთის ყოფასთან. სწორედ ამ გზით ენიჭება ჩვენს სულს ღმერთთან ერთობა, ანუ ის წილი, “რომელიც არ წაერთმევა მას” (ლკ. 10:42). ამ სიკეთის მიღწევის ყველაზე ვარგისი საშუალება იესო ქრისტეს მიერ ჩვენს ღრმა რწმენაში ჩანერგილი სინანულის გულმხურვალე ლოცვაა.

ადამიანის გამო ღმერთის საწყისი შემოქმედებითი იდეა თუ არ განვჭვრიტეთ, თუ არ განვიცადეთ უფლის სიწმინდე, ვერ შევიგრძნობთ იმ დიდ სინანულს, რაც ჩვენი დაცემის თანამდებია. ჩვენ შეიძლება მეტად გვტკიოდეს არსებული სინამდვილე; შეიძლება ცხოვრების რაღაც მანძილზე ღმრთაებრივი ცეცხლიც განვიცადოთ და ჩვენი ცოდვიანობის მისაწვდომ შეგრძნებებში სინანულიც დაგვეუფლოს, მაგრამ სხვაგვარია ტოტალური სინანული, რომლის დროსაც უქმნელი ნათლის წყალობით, ერთიმხრივ, სრულად ვიხილავთ იმ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი არსია მოქცეული, ხოლო მეორემხრივ, დავინახავთ იმ შეუვალ სიწმინდეს, რაც ცოცხალი ღმერთის გარშემო მკვიდრობს.

ჩვენი ცოდვების გამო დიდი გლოვის შედეგად, ჩვენში ღმერთი სასწაულებრივად იწყებს მოქმედებას. ამ დროს მის მამობრივ სითბოს ვგრძნობთ და ჩვენდაუნებურად იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ძალებით ასეთ მდგომარეობას ვერ შევინარჩუნებთ. როდესაც ამ სითბოს შეგრძნება ჩამოგვშორდება, კვლავ სიკვდილის წყვდიადში ჩავიძირებით; ამ მდგომარეობაში კვლავ ვიწყებთ ღმერთის ძებნას, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ყოვლისმომცველი უფალი ჩვენთვის მიუწვდომელ შორეთში აღმოჩნდება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ