ნიკოდიმოს მთაწმინდელი

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი – ხშირად ვიმეოროთ იესოს ლოცვა

იესუს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი – გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე.

ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.

სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.
თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესუს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)