W3A9759 1

‘’ათონის ალმასი’’

2014 წლის 8 ივნისს ათონის წმინდა გრიგოლ სინელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი მშვიდობით მიიცვალა ქრისტეში. სტატიაში მოცემულია მამა გიორგის საუბარი რადიომსმენელებთან, რომელიც 1993 წლის 14 მარტსაა ჩაწერილი. ამასთან ერთად, დართულია კასტორიის მიტროპოლიტის სერაფიმეს (პაპაკოსტასის) სიტყვა არქიმანდრიტ გიორგი კაფსანისის შესახებ.

არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი – ‘’მადლმოსილი ადამიანები’’

მამა კონსტანტინემ მთხოვა, რომ მადლმოსილ ათონელ მამებზე მესაუბრა. პირველ რიგში იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ქრისტიანი მადლმოსილია, რადგან ჩვენში ნათლისღების მადლია დამკვიდრებული. ორმაგად მადლმოსილნი არიან მონაზვნებიც, რადგან მათ ნათლისღების მადლის გარდა ანგელოზებრივი ცხოვრების მადლიც აქვთ. რა თქმა უნდა, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ვნებების წყალობით ეს ჩვენში ეს მადლი ქვრება, როგორც ფერფლის ქვეშ ცეცხლი.  სინანულის, სულიერი შრომისა და გონიერი ლოცვის წყალობით ვნებები თანდათანობით ცხრებიან და ჩვენი გულის უკიდურეს სიღრმეში არსებული მადლისმიერი ცეცხლი უფრო და უფრო მკვეთრად იწყებს ნათებას და გარეთ გამოდის.  როდესაც ადამიანები ასე იღწვიან მათი გულიდან მადლი იღვრება და ამ მადლის სხივებით ბრწყინავენ. მათი ეს მდგომარეობა აშკარად შესამჩნევია.

ქრისტეს ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ ასეთი მადლმოსილი ადამიანები, რომლებიც ‘’სულიერი მარილის’’ ფუნქციას ასრულებდნენ ამ სამყაროში. ისინი ადამიანებს სიხარულს ანიჭებდნენ და დიდი ცვლილებები შეჰქონდათ იმ ეპოქაში, რომელშიც ცხოვრობდნენ.  გარდაცვალების შემდეგაც ისინი თავიანთი მადლით ანუგეშებენ და ეხმარებიან ადამიანებს.  წმ. გრიგოლ პალამა, რომლის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, ამბობს, რომ ღვთის მადლი ჯერ ადამიანის სულს განმსჭვალავს, ხოლო შემდეგ კი მის სხეულსაც გადაეცემა და როდესაც გარდაიცვლება ეს მადლი მის ნაწილებში რჩება, მის საფლავზეც მკვიდრობს და ყველაფერს განმსჭვალავს რაც მას ეხება. სწორედ ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა ნაწილებს, ხატებს, ტაძრებს და ა.შ, რადგან ეს ყველაფერი იმ მადლს ატარებენ, რაც ამ წმინდანებს ჰქონდათ სიცოცხლეში.

ახლა კი კონკრეტულად ათონელ მადლმოსილ მამებზე გადავალ. მინდა ჩემს საკუთარ გამოცდილებაზეც გესაუბროთ და მათ სიტყვებსაც დავეყრდნოთ, ვინც ათონზე მოსალოცად ჩამოვიდა. რასაკვირველია ‘’მადლმოსილში’’ არ ვგულისხმობთ მათ, ვინც სასწაულებს აღასრულებენ, არამედ მათ, ვინც საკუთარ გულში ქრისტე მოიხვეჭეს და თავიანთი სიმშვიდით, სიმდაბლითა და სიყვარულით მას დაემსგავსნენ.

ამ დროის განმავლობაში, რაც ათონზე ვცხოვრობ, უფალმა ღირსი გამხადა, რომ ასეთ ადამიანებს შევხვედროდი და მათგან სულიერი სარგებელი მიმეღო. მინდა გითხრათ, რომ ის მამები, რომლებიც უკვე მრავალი წელია, რაც ღვაწლში არიან, გარკვეულ საერთო მახასიათებლებს ატარებენ, რომლებმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პირველი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არაფრად აგდებენ თავიანთ სათნო ცხოვრებას და საკუთარი თავის არაჯანსაღი სიყვარულისგან სრულიად თავისუფალნი არიან. ისინი უკანდაუხევლად, მთელი ძალებით შრომობენ და იღვწიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ და რომ მათი გადარჩენა მხოლოდ ღვთის წყალობა იქნება.

ერთი ასეთი საკმაოდ ახალგაზრდა მონაზონი რომელიღაც განუკურნებელი სნეულებით გარდაიცვალა ათონის ერთ-ერთ სკიტში. მან იცოდა, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული და რომ აუცილებლად მალევე გარდაიცვლებოდა. ის ძალიან კარგი მონაზონი იყო და საკმაოდ გულმოდგინედაც მოღვაწეობდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას ერთმა კიდევ უფრო ახალგაზრდა ძმამ ჰკითხა: ‘’ მამაო, უკვე მიდიხარ და თუ შეგიძლია ჩემი სულის სასარგებლოდ შენი გამოცდილებიდან მითხარი რაიმე’’. მან უპასუხა: ‘’ძმაო, დიდი ხანი ვშრომობდი მარხვაში, ლოცვაში, ღამისთევაში, მორჩილებაში და ღვთის მადლით, რამდენადაც შემეძლო მონაზვნურ აღთქმებს ვიცავდი. მაგრამ ეხლა საერთოდ არ მაქვს ამ ყველაფრის იმედი. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს და რასაც ვეყრდნობი, ეს არის ჩვენი ჯვარცმული ღმერთი’’. ეს ძმა იმას გულისხმობდა, რომ თავისი საქმეებით კი არა, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობით გადარჩებოდა.

აქედან გამომდინარე,  ამ მადლისმიერი მამების პირველი თავისებურება ის არის, რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავისა და ღვაწლის იმედი, არამედ მხოლოდ ღვთის მადლის. ვიცნობდი მამებს, რომლებმაც ათონზე 60-70 წელი უმკაცრეს ღვაწლში გაატარეს, მაგრამ როდესაც ეკითხებოდნენ, თუ როგორ გაატარეს ცხოვრება, ისინი პასუხობდნენ: ‘’ გავიდა ჩემი ცხოვრება და ჯერ კიდევ კარგი არაფერი გამიკეთებია, არ მაქვს არც ერთი სათნოება და მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი ნაყოფი არ გამომიღია’’.

მახსენდება ბერი ავქსენტი, რომელიც 90 წლის ასაკში დაახლოებით 10 წლის წინ გარდაიცვალა. ის იყო სათნოებამოსილი და წმინდა მონაზონი. ერთხელაც (აღდგომას) მონასტერში სტუმრად მამები და მომლოცველი ერის ადამიანები უნდა მოსულიყვნენ. რადგანაც ძალიან ბევრი სტუმარი იყო, ზიარების წინ ვთქვი, რომ მხოლოდ ისინი მოსულიყვნენ საზიარებლად, ვინც აღმსარებელი და მაზიარებელია, ხოლო ვისაც არ ჩაუბარებია აღსარება, ჯერ მოძღვართან მივიდეს და სხვა დროს ეზიაროს-მეთქი. მამა ავქსენტი ბრმა იყო და ეგონა, რომ ამას მონაზვნებს ვეუბნებოდი. ზიარების რიგში პირველი იდგა (რადგან ის მონასტრის ყველაზე მხცოვანი წევრი იყო -1917 წლიდან!) და თავის რიგს ელოდებოდა. რადგანაც უბრალოებით და ბავშვურად იფიქრა, რომ მასაც უნდა ეთქვა აღსარება, ყველას წინაშე ხმამაღლა თქვა: ‘’ამაოების მორევში ვარ! ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი გამიკეთებია! არ ვიცი სად ვარ და საით მივდივარ!’’. – ასე ამბობდა და ცრემლებით ითხოვდა ღვთის წყალობას. ასეთი სიმდაბლე ჰქონდა მამა ავქსენტის! ამიტომაც ყოველ ჯერზე, როდესაც რჩევას ვეკითხებოდით გაურბოდა პასუხის გაცემას და მხოლოდ ამას ამბობდა: ‘’ლოცვა! ლოცვა! მოუკლებლად ილოცეთ ასე: ‘’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!’’ და იკითხეთ ‘’ევერგენტინოსი’’(ეს წიგნი გახლავთ  კრებული სულის სასარგებლო საკითხავებისა, რომელიც XI საუკუნეში კონსტანტინოპოლის ევერგეტიდის მონასტრის მონაზონმა პავლემ შეადგინა და რომელიც XVIII საუკუნეში წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა განასრულა)’’. ის ფარავდა თავის სათნოებებს, სულიერ სიბრძნესა და ცოდნას. ის ყველასგან დაფარულად ცხოვრობდა, მათგანაც კი, ვინც მის მეზობელ კელიებში იყვნენ. ისინი ვერც კი იფიქრებდნენ იმას, თუ რამხელა ღვაწლი ჰქონდა ამ დიდ მამას. ჩვენ გვაქვს სარწმუნო მოწმობა, რომ მამა ავქსენტი ყოველდღიურად ჭვრეტდა უქმნელ ნათელს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამის ჭეშმარიტებაში, რადგანაც მას ჰქონდა ის სულიერი წინაპირობები, რომ მას ღვთის ხილვისთვის მიეღწია. აი სწორედ ეს არის ის, რაც მაოცებს პირადად მე: ასეთი ადამიანების სიმდაბლე! მათ საკუთარი თავი არაფრად მიაჩნიათ.

ჩვენს მონასტერში კიდევ ერთი მონაზონია, რომელიც 97 წლისაა. ის მონასტერში 1924 წელს მოვიდა და ამ მონასტრის მაშინდელი წმინდა და მჭვრეტელი იღუმენის ათანასეს მორჩილი გახლდათ. ისიც მისი მოძღვრის მსგავსად სათნოებებითაა შემკული, არ დავასახელებ მის სახელს, რადგან ის ჯერ კიდევ ცოცხალია(საუბაია მამა ისიქიოსზე, რომელიც ამ საუბრის ჩაწერისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). მახსოვს ერთხელ გაოცებულმა ვუთხარი მამაო მთელი ცხოვრება დიდ ღვაწლში გაგიტარებიათ-მეთქი და მანაც მიპასუხა: ‘’ არაფერი არ გამიკეთებია. მთელი ცხოვრება ამაოდმეტყველებაში გავატარე’’.  ის იმის ღირსადაც კი არ თვლიდა თავს, რომ მისთვის ერთი ჭიქა ყავა მოგვედუღებინა. ის არასდროს არაფერს გვთხოვდა. ამ წლების განმავლობაში, რაც მონასტერში ვცხოვრობ, არ მახსოვს, რომ სულ მცირე წვრილმანი მაინც ეთხოვა. ის მუდამ გაცვეთილი და ძველი შესამოსელით დადის და ამითაც კმაყოფილია. ერთადერთი რის გამოც წუხს ის არის, რომ ასაკის გამო მორჩილებებში ვერ ერთვება და როგორც ამბობს ლუკმა-პურს ‘’მუქთად’’ იღებს. ამ მოხუც მამას აქვს უკიდურესი სიმდაბლე და მის სულში მუდამ განისვენებს ღვთის მადლი და გამოუთქმელი სულიერი სიმშვიდე.

კიდევ ერთი მონაზონი, რომელიც ჩვენს მონასტერში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა მამა ეფრემი იყო. მასაც უკიდურესი სიმდაბლე ჰქონდა. ერთხელაც, როდესაც ავად იყო თესალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა და იქ ვესტუმრე. როდესაც მის საწოლს მივუახლოვდი მითხრა: ‘’მოდი მამაო, აღსარება უნდა გითხრა’’. მანაც ყველას გასაგონად ხმამაღლა დაიწყო. ყველას ესმოდა მისი აღსარება. ის ამბობდა: ‘’მაპატიე მამაო, რომ გაბრაზებდი!’’. მე ვუპასუხე: ‘’შენ არ გაგიბრაზებივარ, ალბათ უფრო მე გაწყენინე ჩემი სიმკაცრით’’. მანაც მიპასუხა: ‘’შენ ამას ჩემი გადარჩენისთვის აკეთებდი, მე კიდევ ჩემი ვნებების გამო მუდამ გაწუხებდი! შენ კიდევ ზუსტად ისე უნდა მოქცეულიყავი’’. ამ დროს მივუბრუნდი იმ ერის ადამიანებს, ვინც ამას ისმენდა და ვუთხარი: ‘’ ხედავთ როგორი სიმდაბლე აქვს მამა ეფრემს და რას ამბობს?!’’ მაშინ მამა ეფრემიც მიუბრუნდა მათ და უთხრა: ‘’ძმებო, აღსარებას გაბარებთ, არანაირი სათნოება არ მაქვს. ამდენი წელი გავატარე ათონზე და არაფერი გამიკეთებია! გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის!’’. ეს რომ მოისმინეს და ნახეს თუ როგორი სიმდაბლე  და მოთმინება ჰქონდა ამ მონაზონს, ყველა ლმობიერებამ მოიცვა და ტირილი დაიწყეს. ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც საავადმყოფოში მუშაობდა ჯვარი გამოისახა და თქვა: ‘’დიდება უფალს, რომ ათონი არსებობს!’’.

ასე რომ, საკუთარი გამოცდილებით ვარ მოწმე ათონელ მამათა ამ გასაოცარი სიმდაბლისა. ეს ყველაფერი არ იყო ხელოვნური სიმდაბლე. არა! ეს იყო ჭეშმარიტი სიმდაბლე. ისინი მართლაც ასე ფიქრობდნენ საკუთარ თავზე. მართლა ეგონათ, რომ არანაირი სათნოება არ ჰქონდათ და არც რამე ნაყოფი გამოეღოთ. ამასთან ერთად მათ გულში მუდმივად ქრისტესმიერი სიმშვიდე იყო გამეფებული და სიკვდილის არ ეშინოდათ, რადგანაც მათი სინდისი მოწმობდა, რომ მიუხედავად საკუთარი სულიერი სიგლახაკისა, ქრისტე მაინც მათთან იყო.

ათონელ მამებზე კიდევ ერთ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. იქ მცხოვრები მამები ყველანი ერთმანეთს არ ჰგვანან და ყველა მათგანს თავისი თვისება და ხასიათი გააჩნია. თითოეული მათგანის სათნოებები, მანერები და ღვაწლი, მათი პიროვნების ანარეკლია. ისინი გაურბიან თავიანთი სათნოებების გამომჟღავნებას.  აი, სწორედ ეს არის ათონელ მამათა ჭეშმარიტი სული.

კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე(პაპაკოსტასი) არქიმანდრიტ გიორგი კაფსანისის შესახებ

​სულთმოფენობის დიდი საუფლო დღესასწაულის დილას, ათონის წმინდა გრიგოლის სახელობის მონასტრის პროიღუმენი გიორგი უფალმა თავისთან იხმო. ის იყო ძვირფასი მარგალიტი, ალმასი და ათონური მონაზვნობის კეთილსურველოვანი ყვავილი!

ის აღიარებულია, როგორც თანამედროვე ათონური მონაზვნობის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ფიგურა. მის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას, მის საეკლესიო მსახურებას, მის მისიონერულ მოღვაწეობასა და ათონური მონაზვნობის წინაშე დამსახურებას აუცილებლად აღწერენ და სათანადოდაც დააფასებენ. სამართლიანად აღნიშნავს მრავალი, რომ ის იყო ჭეშმარიტი სულიერი მამა, გამოცდილი სულიერი მკურნალი. ის სულიერად კვებავდა არა მხოლოდ მის მრავალრიცხოვან საძმოს, არამედ რამდენიმე დედათა მონასტერს და იმ მრავალ ერის ადამიანს, რომლებიც მის დიდ და მოყვარულ გულს ეყრდნობოდნენ. ყველა დიდი პატივისცემით განისმჭვალება ამ მსოფლიო მართლმადიდებლური მასშტაბის მქონე პიროვნების, არქიმანდრიტ გიორგი კაფსანისის მიმართ.

მამა გიორგის შესახემ მამა აღათონიკესგან გავიდე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი. შემდეგ დიაკვნობისას, მღვდლობისას და ეპისკოპოსიბისას მქონდა მასთან ურთიერთობა და მინდა მის ერთ სათნოებას გავუსვა ხაზი. მის შესახებ ჩემს უბრალო სიტყვებს ყვავილებივით მივუწყობ მის წმინდა საფლავს, სადაც მისი პატიოსანი სხეული განისვენებს.

მამა გიორგის კეთილშობილების სათნოება ამშვენებდა. თავის მოსაუბრეს ეთანხმებოდა თუ არა, ის ყველა შემთხვევაში კეთილშობილურად იქცეოდა. მონასტერში ის ყველას მისთვის ჩვეული მანერით იღებდა და თავად კეთილშობილების განსახიერება გეგონებოდათ. მისთვის ჩვეული და მისი სულიდან გამომავალი ეს კეთილშობილება უბრალოდ კარგი მანერა, კლასიკური აღზრდის ნაყოფი ან არისტოკრატული წარმოშობის შედეგი კი არ იყო, არამედ სულიწმიდის ნაყოფი, ის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც მის გულში დამკვიდრებული ნუგეშინისმცემელი მადლი ქმნიდა.

ეკლესიის მამების სულით განსჭვალულმა მოძღვარმა იცოდა, რომ ქრისტიანს, მითუმეტეს მონაზონს და კიდევ უფრო მეტად კი სულიერ მამას, წმ. ბასილი დიდის სიტყვების თანახმად, მზრუნველობა მოეთხოვებოდა. მის ცნობიერებაში ჩაბეჭდილი იყო წმ. ისააკ ასურის სიტყვები: ‘’დაე, ეს მუდამ გქონდეს ეს ორი თვისება: მზრუნველობა და პატივისცემა ყველას მიმართ’’. ამ გზას მამა გიორგი თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მიჰყვებოდა.

ის პავლე მოციქულის მცნების თანახმად ცხოვრობდა: ‘’ ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით’’(რომ.12:10). როგორც მამები ამბობენ, კეთილშობილება განსჯის უდიდესი სათნოების ნაყოფი გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ სულისთვის კეთილშობილება ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ნათელი და თვალები ადამიანის სხეულისთვის. რამდენჯერაც წმ. გრიგოლის მონასტერში არ უნდა მივსულიყავი, მამა გიორგი მუდამ ცდილობდა, რომ ჩემს გულში განსვენება შემოეტანა და ათას გზას მონახავდა, რომ ჩემს საეპისკოპოსო მსახურებაში განვემტკიცებინე. მისი კეთილი ღიმილი და თბილი სიტყვები ჩემი განსაცდელების და სირთულეების შავ ღრუბელს ფანტავდა და მასთან თითოეულ შემხვედრს სიმშვიდესა და ნუგეშს აძლევდა.

კეთილშობილი ადამიანი მუდამ უბრალოებითა და გულწრფელობით ცხოვრობს. სხვაგვარად ამას უზაკველობა ეწოდება. ასეთი ადამიანი გაურბის უხეშობას და სითავხედეს და მაშინაც კი, როცა არ გეთანხმებათ თავის სულის მშვენიერებას ავლენს, რომელსაც კრისტალისებური სიწმინდე, პირდაპირობა და უბიწოება ახასიათებს. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ადგილი არ აქვს ანგარებას. მასში არ არის მზაკვრობა და ბოროტება. ასეთ ადამიანს ახასიათებს კადნიერება და არა სითავხედე. სითავხედე ძალის გამოვნილება კი არაა, არამედ უძლურების. ხოლო კადნიერება პირიქით, სულის სიმამაცისა და სულიწმიდის მყოფობის ნიშანია.

კეთილშობილია ის, ვინც სხვა ადამიანის პიროვნებას პატივს სცემს და უყვარს, რადგანაც მისი სახით ის ქრისტეს ხვდება. სწორედ ამას გვირჩევდა კიდევ ერთი წმინდა ბერი ამფილოქე პატმოსელი(მაკრისი). ასეთი პატივისცემა თვალთმაქცობისგან შორსაა და ნამდვილად ჭეშმარიტია. ამ ყველაფრის მოწმე ჩემს გარდა კიდევ ათასობით ადამიანია. რამდენჯერაც მასთან ურთიერთობა მომიხდებოდა, მუდამ ვგრძნობდი მის პატივისცემით განმსჭვალულ დამოკიდებულებას, რომელიც სიყალბისგან ძალიან შორს იდგა. მის გვერდით ნამდვილ არისტოკრატად იგრძნობდით თავს.

ის მუდამ მეუბნებოდა: ‘’ნუ გეშინია, შენს ცხოვრებაში მუდამ წინ, ღვთის ნების თანახმად იარე და იქ, სადაც შენი ძალები ამოიწურება, ქრისტე დაიწყებს მოქმედებას’’. ჩემმა მოძღვარმა მიტროპოლიტმა აღათონიკემ დიდი ხნის წინ ამოიცნო მასში ეს ჭეშმარიტი კეთილშობილება და ამიტომაც, მის მიმართ უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით აღივსო. ერთხელაც მითხრა: ‘’ვერც კი წარმოიდგენ, თუ როგორი საგანძურია მამა გიორგი ჩვენი ეკლესიისთვის და თუ როგორი მადლი აქვს მას!’’

ნეტარო მამაო, ილოცე ჩვენთვის. აკურთხე შენი სულიერი შვილები, ეპისკოპოსები, მონაზვნები და ერის ადამიანები. ახლა შეგიძლია, რომ კადნიერებით წარმოთქვა მოციქულებრივი სიტყვები: ‘’ ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.  ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.’’(2.ტიმ. 4:6-8)

წყარო: https://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისის პორტრეტი განთავსებული ათონის დარბაზში (მის. ფანასკერტელის ქ.14)