UTA 0508 03

პირველი სირთულეები და მადლისმიერი შეწევნა – თავი პირველი: ცხოვრება; წიგნი წმინდა იოსებ ისიქასტი

„ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა“.

გამოუცდელი სულისთვის, რომელიც საღმრთო სიყვარულით იწვის, ნებისმიერი ადგილი და საბაბი ენთუზიაზმსა და ინტერესს გამოიწვევს. ამგვარად, ვიგლას მიუვალმა და მყუდრო გარემომ, სადაც ვერანაირი ამქვეყნიური საზრუნავი თუ ხმაური ვერ აღწევს, სხვა ადგილებზე მეტად მიიზიდა ახალგაზრდა მოღვაწის ყურადღება. უმალ სენაკის ძიებას შეუდგა, რათა დიდი ხნით დარჩენა შესძლებოდა. იმდენად ღრმად ჰქონდა გონებაში აღბეჭდილი წმიდა მამების ცხოვრებები, რომ ვერც კი წარმოედგინა, რომ მის თანადროულადაც არ არსებობს იმნაირი მოღვაწეობა და მოღვაწეები. გამოუცდელობასა და მოშურნეობას ყველაფერი შესაძლებლად მიაჩნია. დარწმუნებული იყო, რომ არსებობდნენ მიუწვდომელი ბერები, შიშვლები, უზრუნველები, მხოლოდ ლოცვითა და ღმერთის ჭვრეტით დაკავებულები. ფანტაზია, რაც მხურვალე მოშურნეობის ნაყოფია, დიდი განსაცდელია ხოლმე გამოუცდელთათვის მანამ, სანამ სულიერად დაღვინდებიან. ფრანცისკოს მაშინ სჭირდებოდა შედარებითი დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ შესაბამის ძიებას მისცემოდა და უფრო აწონდაწონილი გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომაც არ ჩქარობდა უკვე ნაცნობ ბერებს დამორჩილებოდა და ამგვარად, გარკვეული დროის განმავლობაში თავისუფალი იყო.

ერთ-ერთ იქაურ ბერს სთხოვა, მცირე ხნით მასთან დარჩენის უფლება მიეცა, რათა სამომავლო გადაწყვეტილებები მიეღო. ასეც შეთანხმდნენ და ამიტომ ფრანცისკომ გასამრჯელოს სახით ბერს მგზავრობიდან დარჩენილი ფული მის- ცა. მაგრამ მოხუცმა პირობა დაარღვია და ახალგაზრდა მორჩილს თავისუფლებას უზღუდავდა, თითქოს მისი ჩვეულებრივი მოძღვარი ყოფილიყო. თანაც მას თავისებური ცხოვრების წესი ჰქონდა: უმეტესი დრო სენაკში არ იყო, მიდი-მოდიოდა სხვადასხვა მონასტრებში, განსაკუთრებით კი, შორიახლოს მდებარე მმართველ¹ ათანასეს ლავრაში. ამიტომ ახალგაზრდა მორჩილს, მეორე მხრივ, ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ისე ეღვაწა, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად. ხშირად მოინახულებდა ხოლმე წმიდა ათანასე ათონელის გამოქვაბულში მოღვაწე სულიერ მოძღვარს, მშვიდობისმოყვარე და წყნარ ადამიანს, რომელსაც დიდი მოთმინება და გამძლეობა ჰქონდა. მაგრამ ფრანცისკოსთან ერთად მცხოვრებ ბერს ეს არ მოსწონდა: როდესაც მიმოსვლებიდან ბრუნდებოდა ხოლმე და ხვდებოდა, რომ [მის არყოფნაში] მორჩილი სადღაც წასულიყო, იწყებდა მის შეზღუდვასა და მისდამი უხეშობას. ამგვარად, ჩვენი მოძღვარი იძულებული გახდა, სხვა ადგილზე ფიქრი დაეწყო. მოგვიანებით გვიამბობდა:

-ვცდილობდი, მაშინდელი ჩემი ცოდნის შესაბამისად, მდგომარეობისა და ბერის საქციელისთვის რამე ახსნა მომეძებნა, მაგრამ ნუგეშს ვერ ვპოულობდი და მხოლოდ საჩივარი მეძალებოდა: რატომ, როდესაც მთელი გულით მეწადა ღმერთის სათნოდ მეცხოვრა, არა მარტო ვერ ვპოულობდი იმას, რასაც ვეძებდი, არამედ ადამიანებიც ხელს მიშლიდნენ ამაში? წავედი, ჩვეულებისაებრ, ერთ მიუვალ ადგილას, რომელიც გამოქვაბულს წააგავდა, და გულისტკივილით დავიწყე ტირილი. ღმერთს ასე შევჩიოდი: „ყოვლადსახიერო, შენ ხომ ყველაფერი იცი და შენ მოიზიდე ჩემი არარაობა ერული ამაოებიდან, შენ მომეცი იმის ძალა, რომ გამოგყოლოდი. ახლა რატომ მიმატოვე? არ მინდა უკან დავიხიო, ან შეღავათები გავუკეთო ჩემს თავს, არამედ ვეძიებ, როგორც თავად უწყი, შენს წყალობასა და შენს მადლს, რათა გამოგყვე იმაში, რაც შენი წმიდანების ცხოვრებებით მასწავლე. დამეხმარე, ყოვლადსახიერო, ნუ მიმატოვებ შენს ქმნილებას. ხომ იცი, რომ შენი სახიერების გარდა არაფერი გამაჩნია ამქვეყნად – გავუგონე შენს ხმას და შემოგიდექი. მასწავე მე, რათა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაა გასაკვირი, თუ საწყის ეტაპზე გამოუცდელობა და უდიდესი მოშურნეობა ადამიანს უკიდურესობებისკენ უბიძგებს ან ზედმეტობაში ან დაკლებაში². ღმრთის განგებულების გამოუძიებელი და მაცხოვნებელი მსჯავრი არა მარტო არ უარყოფს ამგვარ უბიწო განწყობას, არამედ ადამიანის წინსვლასაც ბრძნულად წარმართავს.

ჩვენი მოძღვრის გამჭრიახმა და ენერგიულმა გონებამ თავიდანვე შეამჩნია, რომ ზოგადად ერთგვარი სულიერი ინდიფერენტულობა გამეფებულიყო, ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ გარეგნულ ფორმებს იცავდნენ, ხელსაც კი უშლიდნენ მათ, რომლებიც გულმოდგინებას იჩენდნენ. ასეთმა მდგომარეობამ გული მოუკლა – არ დახვდა ის, რასაც ფიქრობდა. ზოგად იმედგაცრუებას კიდევ რაღაც უსიამოვნება დაერთო თანამკვიდრი ბერის მხრიდან და ამიტომ ფრანცისკომ ისევ განმარტოებულ ადგილს მიაშურა, სადაც ცრემლებით დაიწყო ღმერთისადმი ვედრება. გვიამბობდა:

— იმ დღეს იმდენი ვიტირე, არასდროს რომ არ მიტირია. შევჩიოდი ღმერთს იმას, რომ არ დამეხმარა ისე, როგორც ველოდი. ვეუბნებოდი, რომ არ წავიდოდი იქიდან მანამ, სანამ თავის წყალობას არ მოიღებდა და არ გამამხნევებდა. აგრეთვე ჩვენი დედოფლის მიმართაც ვლოცულობდი. ვიდექი და ათონის მწვერვალს შევცქეროდი. იქიდან ღმრთისმშობლის ტაძარიც კარგად მოჩანდა. მოულოდნელად გულში სიხარული ვიგრძენი და იმავდროულად დავინახე, რომ ღმრთისმშობლის ეკვდერიდან ნათელი სხივი გამოვიდა. ცისარტყელასავით გადმოიჭიმა და მეორე წვერით მე შემეხო. იმწამსვე ჩემში ყველაფერი შეიცვალა და საკუთარი თავიც კი დამავიწყდა. ნათელმა მოიცვა ჩემი გული, ჩემი გარეგანი და შინაგანი სამყარო; ვერც კი ვგრძნობდი, მქონდა თუ არა სხეული. იმავდროულად იესოს ლოცვა ამოქმედდა ჩემში ისე რიტმულად, რომ თავადაც მიკვირდა – ლოცვა ჩემი მცდე- ლობის გარეშე, თავისით ითქმებოდა, ხოლო მე მხოლოდ თვალსაც ვადევნებდი და ვუსმენდი კიდეც ერთდროულად, თანაც – განცვიფრებული. მეჩვენებოდა, თითქოს ორი კაცი ვიყავი: რამეთუ ჩემი შინაგანი მდგომარეობა გახდა ერთი დიდი ნათელი, სულიერი კეთილსურნელება, სიხარული და მოუკლებელი იესოს ლოცვა. მთლიანადაც ნათლით ვიყავი მოცული, გაკვირვებული ღმერთის წყალობის დიდებულებით. ბუნდოვნად, ანუ რამდენადაც შეიძლება კაცმა ასეთ დროს აკონტროლოს თავისი აზრები, ვფიქრობდი, რომ ალბათ ეს იყო საღმრთო მადლი, რომელიც მოღვაწეებს საკუთარი ნების მიხედვით ანუგეშებს, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. არ ვიცი, რამდენი ხანი გასტანა მდგომარეობამ მანამ, სანამ ეს ქათქათა ნათელი ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც წამოვიდა. მაშინ ისევ იმ ადგილას ვიდექი, სადაც ლოცვა დამეწყო. დავასკვენი, რომ დიდი ხანი გასულიყო, რამეთუ მზე უკვე ჩავიდა. ამასობაში ჩემმა ბერმა დამიძახა და შენდობა მთხოვა წინანდელი ცუდი საქციელისთვის. ამგვარად, ჩვენს კალივაში³ დავბრუნდით. მას მერე ეს ლოცვითი მდგომარეობა არ მტოვებს, იესოს ლოცვა თავისით ითქმება ჩემს გული თუმცა ის გადამეტებული მოქმედება არ აქვს, როგორიც პირველ ჯერზე ჰქონდა. გავაცნობიერე ამ დღიდან მოყოლებული, ცდილობდა განუწყვეტლ ყოფილიყო მყუდრო, მოშორებულ და ლოცვისთვის შესაფერის ადგილებში. ვიგლა დატოვა და თავს სხვადასხვა გამოქვაბულებსა და სენაკებს აფარებდა, სადაც, გადმოცემის თანახმად, სულიერ ადამიანებს ეღვაწათ, და ცდილობდა იესოს ლოცვა არ დაეკარგა. ბუჩქის ტოტებისგან ცოცხ. ამზადებდა, როგორც ეს ათონის მთაზე სჩვევიათ, და წმიდა ათანასეს ლავრის კარიბჭესთან მიჰქონდა. იქ ორცხობილას ჩაუყრიდნენ ხოლმე დორვაში⁴, რომელიც მუდამ თან ჰქონდა. ამ საზრდოთი რამდენიმე კვირა იკვებებოდა, შემდეგ კი ისევ იმავეს იმეორებდა. მთელი ზაფხული ათონზე მიმოდიოდა, ყველაზე ხშირად კი ყოვლადწმიდა ღმრთამშობლის ტაძარში იმყოფებოდა, ათონის მწვერვალის მახლობლად, საიდანაც ის დიდი რამ შეემთხვა. სწორედ იქ მუშაობდა დიდი გულმოდგინებით იესოს ლოცვაზე. ერთხელ, მაცხოვრის ფერისცვალებაზე, სხვა მამებთან ერთად მწვერვალზე არსებულ ამ დღესასწაულის სახელობის ეკლესიაში ავიდა!⁵. იქ გაიცნო მამა არსენი, თავისი მომავალი განუყრელი მეგობარი და თანამოღვაწე.

მამა არსენი იმხანად უკვე დიდსქემოსანი მონაზონი იყო, ცხოვრობდა სტავრონიკიტას⁶ მონასტერში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ იდიორითმული⁷ იყო. ასეთი სავანე იმისთვის არჩია, რომ უკეთ მისცემოდა სხეულებრივ მოღვაწეობასა და სიღარიბის სათნოებას, რაც ყოველთვის მოსწონდა. წარმოშობით იგი პონტოდან⁸ იყო, მაგრამ თურქთა ველურობამ მისი ოჯახი აიძულა კავკასიონის ტერიტორიაზე გადასახლებულიყო⁹. ადრეულ ახალგაზრდობაში პალესტინა მოილოცა, სადაც მყუდრო და ღარიბულ ადგილს ეძებდა მოღვაწეობისთვის, მაგრამ საბოლოოდ ათონის მთაზე აღმოჩნდა.

იმ პერიოდში მამა არსენი, როგორც ვახსენეთ, ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო სანაპიროს შუა ადგილებში ცხოვრობდა და, თუმცა სურდა უფრო უხმაურო ადგილზე გადასულიყო, მარტოს ამის გაკეთება ვერ გაებედა. როდესაც შეიტყო, რომ ვიღაც ახალგაზრდა მონაზონი, მდუმარების ღვაწლის მოშურნე, დიდი ლავრის მიდამოებში ცხოვრობდა, გადაწყვიტა იგი გაეცნო. ამგვარად შეხვდნენ ისინი ეთმანეს ფერისცვალებას ათონის მწვერვალზე. შეათანხმეს პროგრამა და გადაწყვიტეს, რომ ერთად იმოღვაწევებნენ. პირველ რიგში, ბერ დანიელ კატუნაკელს მიაკითხეს რჩევის საკითხავად – საიდან და როგორ უნდა დაეწყოთ სულიერი მოღვაწეობა ისე, რომ არ შეცდომილიყვნენ. რჩევის გარდა, რა თქმა უნდა, სურდათ, მისი ლოცვა-კურთხევით აღჭურვილიყვნენ ბრძოლის ასპარეზზე შედგომის წინ.

მშვიდმა და მამობრივი სულით სავსე ბერმა ყურადღებით მოუსმინა ახალგაზრდებს და დარწმუნდა, რომ კეთილი განწყობა და საღმრთო მოშურნეობა ჰქონდათ. ამიტომ არ დააბრკოლა მათი შემართება, მაგრამ ურჩია, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყოთ მოღვაწეობა მანამ, სანამ მორჩილების სკოლას არ გაივლიდნენ. გონიერმა და ბრძენმა ბერმა ლაკონიურად ჰკითხა: 

-გყავთ მოძღვარი? მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერი წარემართება. ამ მამობრივი ლოცვა-კურთხევის გარეშე ჩვენს მონაზვნურ ცხოვრებაში არანაირი სულიერი საქმე არ წარემატება. ამიტომ დაჟინებით გთხოვთ გაიაროთ ეს კანონიერი გზა, რათა მთელი დანარჩენი ცხოვრება გამოგყვეთ საღმრთო მადლი. წადით და ვინმე მოხუც ბერს დაემორჩილეთ, რამდენად უბრალოც არ უნდა იყოს იგი, ხოლო როდესაც მას საფლავში ჩაასვენებთ, მაშინ, როგორც მემკვიდრეობა, გერგებათ მისი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ყოველი წარმატებისკენ გაგიძღვებათ. 

ცხადია, შეუძლებელი იყო არ დაეჯერებინათ მისთვის. ერთი მხრივ, საღმრთო მოშურნეობა, რომელიც უბიძგებდა უსაფრთხო გზა მოეძიათ, მეორე მხრივ კი, წმიდა ბერი გამოცდილებისეული რჩევა გახდა მიზეზი იმისა, რომ მისი სიტყვა დაუყოვნებლივ საქმედ აქციეს. მოგვიანებით გვეუბნებოდნენ, რომ წმიდა დანიელის სიტყვა მიიღეს, როგორც თვით უფლის სიტყვა, როგორც საღმრთო გამოცხადება.


წიგნიდან “წმინდა იოსებ ისიქასტი” – ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2022

Share