როდესაც ლოცვას ვიწყებ, გადაულახავი წინააღმდეგობის განცდა მაქვს, რომელიც ღმერთს განმაშორებს. საკუთარ თავს ხორცად აღვიქვამ, ხორციელ ადამიანად, განვიცდი, რომ მე ვარ ხორცი, ის კი სული. ქრისტეს სიწმინდის, ბრწყინვალებისა და ტრანსცენდენტალურობასთან შედარებით ვაცნობიერებ საკუთარ უძლურებას და ვიწყებ საშინელ ბრძოლას, რომელიც ასე კარგადაა აღწერილი ძველ აღთქმაში. საუბარია იაკობის ბრძოლაზე ღმერთთან(დაბ.32:24-30). ვაცნობიერებ, რომ მე, უბადრუკმა არსებამ ზეცა უნდა დავიპყრო და უფლის კეთილგანწყობა მოვიპოვო.
ამ დროს ჩემი სული ყვირის, ღაღადებს, ვიბრძვი და ვერ ვიმარჯვებ. ღმერთი შორსაა, მე კი აქ ვარ. მე ხრწნილი ვარ, ის კი უხრწნელი. მე მიწა ვარ, ის კი – სული. ის ზეციურია, მე – მიწიერი. როგორ შევუერთდე და ვესაუბრო მას? არ შემიძლია უბრალოდ მივმართო და ამიტომაც ვღაღადებ სულის სიღრმეში.
სრულ წყვდიადსა და დავიწყებაში ვიმყოფებით იქამდე, სანამ იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ვერ ვხედავთ ღმერთს, არ გვესმის მისი და არ ვიცნობთ მას. არ ვიცნობ ღმერთს და სწორედ ამიტომ მოუკლებლად, სულის ტკივილით მოვუხმობ,(უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) რათა შემიწყალოს და მიპასუხოს. როდესაც მიპასუხებს, მაშინ შედგება ჩვენი დიალოგი. მაშინ იწყება ლოცვა!
უნდა გავაღვიძოთ ქრისტე, როგორც ეს მოციქულმა გააკეთა, რომელიც მივიდა მასთან და მიმართა:”უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით”.(მათ. 8:24-25) უფალი ადგა და უბრძანა ზღვას: ”დადუმენ და პირი დაიყავ!”(მკ.4:38-39) და მყისიერად შეწყდა შტორმი. ასევეა ლოცვისასაც – სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი სულის ღაღადისი. სწორედ ეს უნდა ჩვენგან ქრისტეს.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)